წმინდა პეტრე ეგვიპტელი (დაახლ. +400) - 27 (09.02) იანვარი
წმინდა პეტრე ეგვიპტელი (დაახლ. +400) - 27 (09.02) იანვარი
წმინდა პეტრე ეგვიპტელი აბბა ლოთის მოწაფე იყო. ძალიან დიდხანს ცხოვრობდა ეგვიტის უდაბნოში, განმარტოებულ ერთ პატარა კელიაში.

მნახველებს მუდმივად არიგებდა, შეენარჩუნებინათ სინანულის გრძნობა. მამა პეტრე ამბობდა: "როგორც შვილი ვერ ტოვებს მამას, ისე სინანული არ მიგვატოვებს, თუკი ის ჩვენი ჩვეული მდგომარეობა გახდება".

ერთხელ ღირს მამას ჰკითხეს:

-ვინ არის უფლის მსახური?

-ვიდრე რაიმე ვნების ზემოქმედების ქვეშ ვიქნებით, ვერ გავხდებით ღვთის მსახურნი. ამ ვნების მსახურნი ვართ, რომელიც გვმართავს და რომელსაც განვიცდითო, უპასუხა წმინდა მამამ.

აბბა პეტრე ჰყვებოდა: ერთხელ აბბა აღათონის სენაკში ვიყავი. მასთან ერთი ძმა მოვიდა და უთხრა: ძმებთან ერთად ცხოვრება მსურს; მითხარი, როგორ ვიცხოვრო მათთან?

ბერმა უპასუხა: როგორც მისვლის პირველ დღეს, ასევე შენი ცხოვრების ყველა დანარჩენ დღეს მოიქეცი როგორც მწირი, ნუ გაკადნიერდები. აბბა მაკარიმ ჰკითხა, რა შედეგი მოჰყვება კადნიერებასო. ბერმა უპასუხა: - კადნიერება მძლავრ და მწველ ცეცხლს ჰგავს, რომელსაც ყველა გაურბის და რომელიც ხეზე ყველა ნაყოფს აფუჭებსო.

აბბა მაკარიმ უთხრა: - ნუთუ ასე მავნებელია კადნიერება?

აბბა აღათონმა უპასუხა: - არ არსებობს კადნიერებაზე მავნე ვნება; იგი ყველა ვნების დედაა. ამიტომაც მოღვაწე არ უნდა გაკადნიერდეს, თუნდაც სენაკში მარტო იყოს.

აბბა აღათონი ამბობდა: ბერი იქამდე არ უნდა მივიდეს, რომ რაიმე საკითხში სინდისი ამხელდეს. ასევე ამბობდა, რომ უფლის მცნებების შეუსრულებლად წარმატებას ერთ სათნოებაშიც ვერ მიაღწევ.

წმინდა პეტრემ დიდ ღვაწლში განვლო თავისი ხანგრძლივი ცხოვრება და ღრმად მოხუცებული გარდაიცვალა დაახლოებით 400 წელს.

....................

წმინდა პეტრეს ხატის წყარო

ბეჭდვა
1კ1