წმინდა არსენი კერკირელი მთავარეპისკოპოსი (VIII) - 19 (01.02) იანვარი
წმინდა არსენი კერკირელი მთავარეპისკოპოსი (VIII) - 19 (01.02) იანვარი
წმინდა არსენი იმპერატორ ბასილი მაკედონელის (867-868) მეფობის დროს დაიბადა პალესტინაში ღვთისმოშიში ქრისტიანების ოჯახში. მამა იერუსალიმელი ჰყავდა, დედა - ბეთანიელი. დიდი ხანი მათ შვილი არ ეძლეოდათ, როცა დიდი ხნის ლოცვის შემდეგ არსენი შეეძინათ, გადაწყვიტეს იგი ღვთისთვის მიეძღვნათ. არსენი მონასტერში მიიყვანეს, სადაც მონაზვნური ცხოვრება ასწავლეს და კარგი განათლება მისცეს. 12 წლისა მონაზვნად აღიკვეცა. შემდეგ ის სელევკიაში (ასურეთში) გაემგზავრა, თავისი ცოდნა გაიუმჯობესა და აქ ის მღვდლად აკურთხეს. გემი რომლითაც წმინდა არსენი იერუსალიმში ბრუნდებოდა, მეკობრეებმა ჩაიგდეს ხელთ. წმინდანმა მათ ბრძნულად და მშვიდად მიმართა და სინანულში მოიყვანა. წმინდა ადგილების მოლოცვის შემ¬დეგ წმინდა არსენი კონსტანტინოპოლში ჩავიდა. პატრიარქმა ტრიფონმა (928-931) მას ქალაქის ყველა ეკლესიაზე ზრუნვა დაავალა. ტრიფონის შემდეგ პატრიარქი გახდა თეოფილაქტე (933-956), რომელმაც წმინდა არსენი კუნძულ კორფუს (კერკირა) მთავარეპისკოპოსად დაადგინა. წმინდა არსენი ჭეშმარიტი მწყემსი იყო თავის სამწყსოსი. დღეებს მრევლზე ზრუნვაში ატარებდა, ეხმარებოდა მათ სულიერი, თუ ხორციელი შეჭირვებისას, ღამე კი ჩაიკეტებოდა რეზიდენციის სიახლოვეს მდებარე მღვიმეში და მოუკლებელად ლოცულობდა.

ერთხელ ის სკვითების რაზმმა დაატყვევა. როგორც კი ამის შესახებ კუნძულის მცხოვრებლებმა შეიტყვეს, მღვდელმთავრის გამოსახსნელად გაეშურნენ. ბრძოლის შემდეგ მღვდელმთავარი გაათავისუფლეს. წმინდა არსენმა ლოცვით მიწიდან წყარო ამოადინა, რათა ყველას შეძლებოდა წყურვილის დაცხრობა.

მარტოოდენ ლოცვით წმინდანმა მრავალი სასწაული მოიმოქმედა და მრავალი სნეული განკურნა. სიცოცხლის ბოლოს ის კონსტანტინოპოლს ეწვია, რათა იმპერატორ პორფიროგენეტის წინაშე ცნობილი კერკირელებისთვის ეშუამდგომლა, რომელთაც უსამართლოდ ცილი დასწამეს. როცა დედაქალაქიდან კორფუზე სახლში ბრუნდებოდა წმინდა არსენი, ზეციურ სამშობლოში გადასახლდა.

მისი სხეული კორფუში (კერკირა) წმინდა მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს ტაძარში დაასვენეს. წმინდანმა როგორც სიცოცხლეში, ასევე გარდაცვალების შემდეგ მრავალი სასწაული მოახდინა. დღევანდელ დღეს წმინდა არსენის წმინდა ნაწილები დასვენებულია კერკირის მიტროპოლიის საეპისკოპოსო ეკვდერში. კერკირის მიტროპოლიტმა ტიმოთემ (ტრივიზასმა) 1986 წელს წმინდა არსენის წმინდა ნაწილებს ძვირფასი ლუსკუმა შესწირა.

ხატის წყარო


ბეჭდვა
1კ1