ღირსი აქილა სკიტელი - 17 (30) იანვარი
ღირსი აქილა სკიტელი - 17 (30) იანვარი
ღირსი აქილა ცხოვრობდა IV საუკუნის ბოლოს, ეგვიპტეში, სკიტის უდაბნოში. ის ძალზე მკაცრად მოსაგრეობდა და ამბობდა: "იყავი ნადირივით, რათა ვერცა გხედავდნენ და არც შენი ხმა ესმოდეთ" . ერთხელ იღუმენ ესაიას სანახავად მივიდა და დაინახა, რომ ის წყალში ჩამბალ პურსა ჭამდა, ზედ მარილმოყრილს. მაშინ მამა აქილამ მას უსაყვედურა: "თუ გემრიელი საჭმელი გინდა, ეგვიპტეში წადი. ეს სკიტში საჭმელი არ არისო".

ერთხელ მამა ამო და მამა ბიტიმი მამა აქილასთან მივიდნენ. კართან მდგართ შიგნიდან მოესმათ ხმა. მამა აქილა ერთსა და იმავე სიტყვებს იმეორებდა: "ნუ გეშინინ, იაკობ, შთასვლად ეგვიპტედ" კარზე დააკაკუნეს. მამა აქილამ კარი გააღო, ბერებს ვინაობა ჰკითხა. უპასუხეს, ნიტრიის მთიდან გახლავართო. მამა აქილამ ისინი მიიღო. სტუმრებმა სთხოვეს, რაიმე გვითხარით სულის სასარგებლოდო. მამა აქილამ უჩვენა მათ ჭილოფი და უთხრა: "მწუხრიდან ამ ჟამამდე მოვქსოვე ეს ჭილოფი. განა იმიტომ, რომ მჭირდებოდა, არამედ იმიტომ, რომ არ განმირისხდეს ღმერთი, არ დამბრალდეს უსაქმურობა და არ გა¬მასამართლოს - შეგეძლო რამე საქმე გაგეკეთებინა და არ გაისარჯეო. სწორედ ამიტომაც ვშრომობ და ჩემს ძალ-ღონეს უქმად არ ვხარჯავო".

ერთი სკიტელი ბერი მამა აქილას ესტუმრა და დაინახა, რომ მან პირიდან სისხლის კოშტი წამოაგდო. "რა არის ეგ, მამაო?" - ჰკითხა გაკვირვებულმა. "ეს გულისსიტყვაა ჩემი შემაწუხებელი ძმის მიმართ, - მიუგო ბერმა, - ვცდილობდი, ცუდი არაფერი მეთქვა მისთვის, უფალს ვევედრებოდი, ჩემი გულიდან აღმოეფხვრა იგი. მექცა ეს სიტყვა სისხლად, წარმოვაგდე იგი, შვება ვიგრძენი და მწუხარება დამავიწყდაო".
.........................

სურათის წყარო
ბეჭდვა
1კ1