წმინდა მღვდელმთავარი გერასიმე II (პალადასი) პატრიარქი ალექსანდრიისა
წმინდა მღვდელმთავარი გერასიმე II (პალადასი) პატრიარქი ალექსანდრიისა
წმინდა გერასიმე XVII საუკუნეში დაიბადა კუნძულ კრეტაზე, ხანდაკში. მომავალი პატრიარქის პირველი მასწავლებელი მამამისი, დეკანოზი თეოდორე იყო. ოჯახში მიღებული განათლების შემდეგ მშობლებმა ის უმაღლესი განათლების მისაღებად ვენეციის ფლანგიალურ კოლეგიაში გააგზავნეს. იქ მან რამდენიმე წელში საფუძვლიანი ცოდნა შეიძინა და შეისწავლა ბერძნული, ლათინური და ებრაული ენები.

მისი ევროპაში ყოფნისას თურქებმა ხანდაკი დაიპყრეს. გერასიმემ როცა შეიტყო სამშობლოს თავს დამტყდარი უბედურება და მამის გარდაცვალება, პელოპონესში წავიდა, სადაც შეხვდა თურქებს გამოქცეულ მრავალ თანამემამულეს და მათთან ერთად კასტორიაში გადასახლდა.

აქაურ მიტროპოლიაში, რომელიც მაშინ ოჰრიდის მთავარეპისკოპოსს ეკუთვნოდა, ის მოძღვრად და მქადაგებლად დაადგინეს. ღვთისმოსავობისა და მქადაგებლობის ნიჭის გამო ადგილობრივმა ქრისტიანებმა ის ეპისკოპოსად აკურთხეს და კასტორიის დაქვრივებულ კათედრაზე აიყვანეს. რაღაც დროის მანძილზე ის ადრიანოპოლის კათედრასაც ხელმძღვანელობდა.

ალექსანდრიის პატრიარქის პართენის სიკვდილის შემდეგ, 1688 წელს, წმინდა გერასიმე ახალ პატრიარქად აირჩიეს. პატრიარქი მოშურნეობით და წმინდა ცხოვრებით გამოირჩეოდა და ერთგვარად ქრისტესთვის სალოსობდა კიდეც.

მართლმადიდებელ ეკლესიას ეგვიპტეში ის 22 წელი ხელმძღვანელობდა. თურქების მხრიდან შევიწროებისა და თვითონ ქრისტიანების ურჩობის გამო მან უარი თქვა პატრიარქობაზე, მემკვიდრედ აირჩია ლიბიის მიტროპოლიტი სამუელი, რომელიც წარმოშობით ქიოსელი იყო, დაუტევა კათედრა 1710 წლის 20 იანვარს და ათონზე, ვათოპედის მონასტერში დასახლდა, სადაც ის 1714 წლის 15 იანვარს გარდაიცვალა და იქვე დაკრძალეს. 2003 წლის 7 მაისს ალექსანდრიის მართლმადიდებელმა ეკლესიის წმინდა სინოდმა პატრიარქი გერასიმე წმინდანად შერაცხა.

ხატის წყარო

* * *
ამავე დღეს არის ხსენება 6-თა ღირსთა მამათა, მეუდაბნოეთა

* * *
წმინდა მოწამე მეფე არჩილი

ამავე დღეს იოანე-ზოსიმესეული კალენდრით ხსენებაა წმინდისა დიდებულისა მოწამისა არჩილ მეფისა.

* * *
წმინდა მღვდელმოწამე მიქაელი

რუსეთის ეკლესია მოიხსენიებს წმინდა მღვდელმოწამე დეკანოზ მიქაელ სამსონოვს (1942).

ბეჭდვა
1კ1