წმინდა პროხორე პშინელი - 15 (28) იანვარი
წმინდა პროხორე პშინელი - 15 (28) იანვარი
ღირსი პროხორე დაიბადა X საუკუნის ბოლოს სკოპეს სიახლოვეს, შტიპის მთის მიდამოებში. ის მშობლების სახლიდან გაიქცა და ჩრდილოეთ მაკედონიაში, სოფელ კუმანოვოს ახლოს, სტარო-ნაგორიჩინოს მღვიმეში დასახლდა, სადაც ოცდათორმეტი წელი დიდ ღვაწლში გაატარა. მან იმდენად განიწმინდა გული, რომ გარეულ მხეცებთან საუბარიც კი შეეძლო. გადმოცემით, ის ერთხელ მომავალ იმპერატორ რომან დიოგენს (1068-1071) შეხვედრია და მისთვის სამეფო ტახტზე ასვლა უწინასწარმეტყველებია.

როცა ღირს პროხორეს სახელი გაუვარდა, ის უფრო ღრმად შევიდა ტყეში და ბრანიაში, მდინარე პშინას პირას დასახლდა და აქ მან ვიდრე ნეტარ აღსასრულამდე, კიდევ ოცდაათი წელი იცხოვრა.

გარდაცვალებისთანავე იგი გამოეცხადა იმპერატორ რომან დიოგენს, რომელიც ხალხთან ერთად ხსენებულ ადგილას მივიდა, წმინდა პროხორე ღირსეულად დაკრძალა და მის საფლავზე ეკლესია ააშენა. წმინდანის საფლავიდან კეთილსურნელოვანი ზეთი წარმოდინდა, რომლისაგანაც მრავალი სასწაული აღესრულებოდა. ამ წმინდა ადგილას მრავალი ქრისტიანი მოდიოდა, რომელთაც წმინდა პროხორესადმი მიბაძვა სურდათ. შემდგომში აქ დიდი მონასტერი აშენდა, რომელთაც დიდი როლი შეასრულეს სამხრეთის სლავების საეკლესიო კულტურის ჩამოყალიბებაში. XIV საუკუნეში სერბმა მეფემ მილუტინმა ეს წმინდა სავანე აღადგინა, და ის უფრო გამშვენდა და გაძლიერდა.
.............................

ხატის წყარო

ბეჭდვა
1კ1