ღირსი თეოდულე (V) - 14 (27) იანვარი
ღირსი თეოდულე (V) - 14 (27) იანვარი
ღირსი თეოდულე იყო ხორციელი ძე ნილოს მმარხველისა (ხს. 12 ნოემბერს), რომელმაც აღწერა რაითელ მამათა მოწყვეტა V საუკუნეში. ღირსი ნილოსი კონსტანტინოპოლის პრეფექტი იყო, მაგრამ ერთხელაც გადაწყვიტა დაეტოვებინა ცოლი, სახელი, დიდება, ამქვეყნიური სიმდიდრე და სინას მთაზე ასკეტურ ღვაწლს მისცემოდა. თან თავისი ვაჟი თეოდულეც წაიყვანა. ისინი მშვიდად ცხოვრობდნენ სულიერი თვალებით ზეცასა სჭვრეტდნენ. ერთხელ ბერებს თავს ბედუინების რაზმი დაესხა. მათ მოკლეს მღვდელი, რომელსაც ასევე თეოდულე ერქვა და სხვა მამები. შემდეგ ახალგაზრდები, მათ შორის თეოდულეც ტყვედ წაიყვვანეს, ხოლო წმინდა ნილოსი და სხვა მოხუცებული მამები დედიშობილა მთებში გაუშვეს. ავაზაკებმა სხვა ადგილებიც მოარბიეს და ბანაკში გვიან დაბრუნდნენ. გადაწყვიტეს განთიადისას, ცისკრის ვარსკვლავის ამოსვლისას, ქალღმერთ ვენერასთვის მსხვერპლად შეეწირათ თეოდულე და სხვა ტყვე. ავაზაკები ორგიას მიეცნენ, თეოდულესთან ერთად დატყვევებულმა კაცმა დრო იხელთა და გაიქცა. ღირსი თეოდულე კი ღმერთს მიენდო და მთელი ღამე ლოცვაში გაატარა. შეისმინა ღმერთმა მისი და მამა ნილოსის ლოცვა - მთვრალ ავაზაკებს ჩაეძინათ და მხოლოდ მზე რომ კარგად ამოვიდა, მაშინღა გამოეღვიძათ, მსხვერპლად ვეღარ შეწირავდნენ, ამიტომაც ავაზაკებმა თეოდულე მონად გაყიდეს. რამდენიმე წარმართი ბატონის გამოცვლის შემდეგ იგი ქალაქ ულუზაში ადგილობრივმა მღვდელმთავარმა გამოისყიდა უსჯულოთა ხელიდან.

როცა მისი სათნოება იხილა, ეპისკოპოსმა თეოდულე მეკარედ დაადგინა და ეკლესიაზე ზრუნვა დაავალა. მრავალი თავგადასავლების შემდეგ წმინდა ნილოსმა სწორედ მის სახლში იპოვა მონატრებული ვაჟი. ეპისკოპოსმა მღვდლად აკურთხა მამაც და შვილიც, რის შემდეგაც ისინი სინას მთას დაუბრუნდნენ. წმინდანთა უხრწნელი ნაწილები, იუსტინე უმცროსის (565-578) დროს, კონსტანტინოპოლში წმინდა მოციქულთა სახელობის ტაძარში გადაასვენეს.

ბეჭდვა
1კ1