წმინდა მღვდელმთავარი კენტიგერნ (მუნგო) სტრატკლაიდელი, გლაზგოს ეპისკოპოსი - 13 (26) იანვარი
წმინდა მღვდელმთავარი კენტიგერნ (მუნგო) სტრატკლაიდელი, გლაზგოს ეპისკოპოსი - 13 (26) იანვარი
მრავალი საუკუნეა, წმინდა კენტიგერნს პატივს მიაგებენ, როგორც შოტლანდიის მოციქულსა და გლაზგოს მფარველს. შოტლანდიაში მას უფრო მუნგოს სახელით იცნობენ, რაც "ძვირფასს", "საყვარელს" ნიშნავს. წმინდა კენტიგერნი დაახლოებით 518 ან 528 წელს დაიბადა კარლოსში, შოტლანდიაში. დედამისი, წმინდა პრინცესა ტენევა, ასევე გლაზგოს მფარველად ითვლება. მისი დამრიგებელი, აღმზრდელი იყო წმინდა სერფი, უდიდესი მისიონერი, დასავლეთ ფაიფშირის მოციქული. სწორედ მან უწოდა კენტიგერნს მოფერებით "მუნგო". მომავალმა წმინდანმა სიყმაწვილიდანვე ასკეტური ცხოვრება დაიწყო და მისიონერობა გადაწყვიტა. მან ქრისტიანობის ქადაგება, მდინარე კლაიდის ნაპირას მდებარე კატურესის რაიონში დაიწყო, იქ სადაც დღეს გლაზგოა გაშენებული. მოსაგრე, ირლანდიური ასკეტური ტრადიციის დარად, დღედაღამ მხურვალედ ლოცულობდა, მკაცრი მარხვა ეპყრა და, თავის ციცქნა კელიაში ქვაზე ეძინა ხოლმე. რაღაც დროის მერე ის ბრიტების პირველ ეპისკოპოსად აკურთხეს, რომლებიც სტრატკლაიდის პატარა სამეფოში ცხოვრობდნენ. ეპისკოპოსმა კენტიგერნმა თავის ეპარქიაში მრავალი ეკლესია-მონასტერი ააშენა, საფუძველი ჩაუყარა გლაზგოს ცნობილ ტაძარსაც. მან თავისი ქადაგებებით და წმინდა ცხოვრებით მრავალი თანამოქალაქე მიიყვანა ქრისტესთან.

თუმცა, 565 წელს შოტლანდიის ამ ნაწილში წარმართების მიერ ატეხილი ანტიქრისტიანული მღელვარებისას, წმინდა კენტიგერნი ქვეყნიდან გააძევეს. გადმოცემით, სამშობლოდან გამოძევებული წმინდანი თავდაპირველად დღევანდელი ინგლისის ჩრდილო-დასავლეთში მდებარე კამბრიის მხარეში ცხოვრობდა, შემდეგ უელსში გადავიდა და იქ ერთხანს უელსის ზეციურ მფარველთან, წმინდა დავით მენებიელთან ერთად მსახურობდა. შემდეგ კი ჩრდილოეთ უელსში ლენელის ცნობილი მონასტერი დააარსა. წმინდა კენტიგერნის შემდეგ ამ მონასტრის იღუმენი წმინდა ასაფი გახდა, და სავანესაც მომავალში მის პატივსაცემად სენტ-ასაფის მონასტერი ეწოდა. გადმოცემით, წმინდა კენტიგერნის დაარსებულ მონასტერში ერთდროულად ათას ბერსაც უღვაწია.

როცა სტარტკლაიდის ტახტზე ქრისტიანობის მხარდამჭერი მეფე ავიდა, წმინდა კენტიგერნი სამშობლოში დაბრუნდა. მალე მან გლაზგო თავისი მისიონერული და საეპისკოპოსო მსახურების ცენტრად გადააქცია. მის გარშემო მონაზონთა და მოწაფეთა უზარმაზარი თემი შეიკრიბა. სადაც ეს მქადაგებელი მიდიოდა, ყველგან ჯვრებს აღმართავდა და ეკლესიებს აშენებდა. ნელ-ნელა ამ ეკლესიების გარშემო ხალხი დასახლდა და თანდათანობით დიდ ქალაქად გადაიქცა. XII საუკუნეში წმინდა კენტიგერნის აშენებულ ეკლესიის ადგილას დიდებული საკათედრო ტაძარი აშენდა. წმინდა კენტიგერნი ძალზე შეიყვარა ხალხმა თავისი წმინდა მოსაგრე ცხოვრების გამო. ღვთისგან ბოძებული სასწაულმოქმედების მადლით მრავალს განამტკიცებდა ჭეშმარიტი ღმერთის რწმენაში. წმინდა კენტიგერნი ღრმად მოხუცებული, 85 წლის ასაკში გარდაიცვალა 612 ან 614 წელს. მისი წმინდა ნაწილები გლაზგოს საკათედრო ტაძრის კრიპტში ინახება და მის თაყვანისაცემად მრავლად მიდიან როგორც კათოლიკე, ისე მართლმადიდებელი მორწმუნეები. იქვე, ახლოს მოედინება წმინდა წყარო, რომელიც წმინდა კენტიგერნის სახელთან არის დაკავშირებული. შოტლანდიაში თითქმის ყველა ტაძარი ოფიციალურად "წმინდა მუნგოს" სახელზეა ნაკურთხი, ბევრი მათგანი იმ ადგილას არის აშენებული, სადაც წმინდანი ქადაგებდა და ტაძარ-ეკვდრებს აგებდა.

ხატის წყარო

ბეჭდვა
1კ1