წმინდა ჰილარი პიკტაიველი (პუატელი, IV) - 13 (26) იანვარი
წმინდა ჰილარი პიკტაიველი (პუატელი, IV) - 13 (26) იანვარი
წმინდა ჰილარი პუატელი დიდებულების შვილი იყო. ის დაახლოებით 315 წელს დაიბადა და წარმართობაში გაიზარდა. თუმცა მრავალღმერთიანობაში შვებას ვერ პოვებდა და ის ფილოსოფიური სისტემები და იდეები აკმაყოფილებდა. ძიებამ და წიგნების კითხვამ წმინდა ჰილარი ქრისტემდე მიიყვანა. სიხარულით ავსებულმა წმინდა სამება ირწმუნა და წმინდა ნათლისღებით ახლად იშვა. ამის მერე აღფრთოვანებული დღედაღამ, დაუღალავად ქადაგებდა ქრისტეს, წარმართებს მოუწოდებდა ქრისტიანები გამხდარიყვნენ, ხოლო ქრისტიანებს შთააგონებდა წმინდანთა დასს შეერთებოდნენ. პირველ რიგში მან თავისი სახლეულნი მოაქცია და მკაცრად ქრისტიანულად ცხოვრებაში დაარწმუნა. დაახლოებით 350 წელს იგი ხალხმა ეპისკოპოსად გამოირჩია.

რაღაც დროის მერე, არიოზელების მომხრე იმპერატორმა კონსტანციმ დასავლეთშიც მოინდომა ამ ერესის გავრცელება. წმინდა ჰილარი მაშინვე ჭეშმარიტების დასაცავად დადგა. სხვა ეპიკოპოსებთა შეთანხმების შემდეგ მან ურთიერთობა შეწყვიტა ყველასთან, რომელთაც არიოზის მოძღვრება მიიღო. მან პირდაპირ იმპერატორს მიმართა და დაუდასტურა ნიკეის კრებისადმი გალიის ერთგულება. ბეზეს ადგილობრივ, საეკლესიო კრებაზე წმინდა ჰილარი იმდენად მხურვალედ იცავდა ჭეშმარიტებას, რომ ტირანმა ის კადნიერებისთვის დასაჯა და შორეულ ფრიგიაში გადაასახლა. მაშინ წმინდა ჰილარიმ წარმოთქვა შესანიშნავი სიტყვა: "ძნელი არ არის ეპისკოპოსის განდევნა, მაგრამ განა შესაძლებელია ჭეშმარიტების განდევნა?"

გადასახლებაში ის იღვწოდა როგორც იმპერიის დასავლეთში რწმენის განსამტკიცებლად, ასევე მან თავისი თხზულებებით და ეპისტოლეებით ბევრი რამ გააკეთა აღმოსავლეთის ეკლესიის დანაწევრებულ წევრთა შესაერთებლად.

359 წელს წმინდა ჰილარი სელევკიის კრებაზე მივიდა, რათა საჯაროდ შეკამათებოდა არიოზელ ეპისკოპოსებს. ერეტიკოსებს კი მისი ავტორიტეტის ეშინოდა და გაურბოდნენ საჯარო კამათს: მათი მოთხოვნით იმპერატორმა წმინდა ჰილარი გალიაში დააბრუნა.

აღმოსავლეთის ერეტიკოსების წყალობით, წმინდა ჰილარი კვლავ პუატეში აღმოჩნდა. ხალხი მას ზეიმით შეხვდა. ის მაშინვე შეუდგა იმ ზიანის აღმოფხვრას, რაც არიოზელებმა მიაყენეს მის ეპარქიას. მან დიდსულოვნებით და გულმოწყალებით ეკლესიას შეაერთა, შეარიგა ერესში ვინც იყო ჩავარდნილი. პუატეში მშვიდობამ დაისადგურა.

ერთხელ ეპისკოპოსთან ატირებული ქალი მოვიდა, მუხლებში ჩაუვარდა და თავის უნათლავად გარდაცვლილი ყრმა გაუწოდა. მღვდელმთავარს თვალები ცრემლით აევსო, მხურვალედ შეევედრა უფალს და ყრმა გაცოცხლდა.

გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე მისი ოთახი დამაბრმავებელი ნათლით აივსო, რომელიც თანდათანობით განელდა და გაქრა მისი გარდაცვალებისას. წმინდა ჰილარი სავარაუდოდ 367-368 წლებში გარდაიცვალა. ძველ ლათინურ კალენდარში 13 იანვარი წმინდა ჰილარის დაკრძალვის დღედაა აღნიშნული.

ხატის წყარო
ბეჭდვა
1კ1