ღირსი მაქსიმე კავსოკალიველი (XIV) - 13 (26) იანვარი
ღირსი მაქსიმე კავსოკალიველი (XIV) - 13 (26) იანვარი
ღირსი მაქსიმე ლამფსაკოას მთებში დაიბადა დაახლოებით 1270 წელს და ღვთისმოშიშებით აღიზარდა. მას განსაკუთრებით უყვარდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი და იქაურ მონაზვნებს ხშირად სტუმრობდა. 17 წლისამ მშობლიური სახლი დატოვა, მონაზვნად აღიკვეცა და მონაზონ მარკოზს დაემოწაფა, რომელიც სახელგანთქმული იყო. თავისი დიდსულიერებით. ბერდიდი მალე გარდაიცვალა და ღირსი მაქსიმე ახალი სულიერი მამის ძებნას შეუდგა, ერთხანს პაპიკიას მთებში მოსაგრე მამებთან ცხოვრობდა, შემდეგ კი 1305 წელს კონსტანტინოპოლში ჩავიდა. წმინდა მაქსიმემ კარგი შთაბეჭდილება მოახდინა პატრიარქ ათანასეზე. აი, სწორედ მაშინ, თავისი სათნოებების დასაფარად თავი მოისულელა, მთელ დღეებს ვლაქერნის ღვთისმშობლის ტაძართან ატარებდა და ბრბოს დაცინვას დაითმენდა, ღამე კი აცრემლებული ღვთისმშობელს ევედრებოდა და გზის ჩვენებას სთხოვდა. კონსტანტინოპოლიდან ის ათონზე წავიდა წმინდა ათანასეს ლავრაში მონაზვნად შედგა (1310).

სრული მორჩილებით და საკუთარი ნების მოკვეთით წმინდა მაქსიმე ამ სავანის წმინდა მამებს ჰბაძავდა. მუდმივად ლოცვაში ჩაღრმავებულს, მუდმივად ცრემლით ჰქონდა ავსებული თვალები.

ერთხელაც მას ღვთისმშობელი გამოეცხადა და ათონის მწვერვალზე ასვლა უბრძანა, რათა მოსეს მსგავსად სულიერი სჯულის კანონები მიეღო. სამი დღე და სამი ღამე ლოცულობდა წმინდანი და დაითმენდა ბოროტის შემოტევებს. ბოლოს ზეციური დიდებით შემოსილი ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გამოეცხადა და ანუგეშა და საკვირველი პური მისცა, ასევე ეშმაკებზე ხელმწიფება უბოძა. ღვთისმშობელმა მაქსიმეს უბრძანა, ამიერიდან ათონის კალთაზე განმარტოებით ეცხოვრა, რათა სხვათა სულებისთვის გზის მაჩვენებელ შუქურად ქცეულიყო. ამის მერე უფლის დედა უჩინო შეიქნა და წმინდა მაქსიმე სამი დღე ტკბებოდა სამოთხის სურნელებითა და ბრწყინვალებით, რაც მას ხილვას ახსენებდა.

წმინდა მაქსიმე მთიდან ჩამოვიდა ხილვის შესახებ კარმელის მთაზე მოღვაწე ბერს მოუთხრო. მაგრამ მას განკითხვის ნიჭი არ ჰქონდა და ამიტომაც ვერ მიხვდა ხილვის სინამდვილეს და ღირსი მაქსიმე ეშმაკისაგან ცდუნებულად მიიჩნია. წმინდა მაქსიმემ თავის მართლება არ დაიწყო, არამედ ეს ღვთაებრივ ნიშნად მიიჩნია და მას მერე სხვების თვალწინ სულელივით, ეშმაკეულივით იქცეოდა. ყოველივე ამქვეყნიურ სიკეთეს მოკლებული ფეხშიშველი დადიოდა და დაითმენდა სიცხესა და ყინვას. ერთი ადგილიდან მეორეზე გადადიოდა და თავისთვის ტოტებისაგან პატარა ქოხს, კალივას იშენებდა. სადაც დიდხანს არ ჩერდებოდა და წასვლის წინ თავის კალივას სწვავდა, ამიტომაც დაარქვეს მას კავსოკალიველი. წმინდა მთის მკვიდრნი, მიუხედავად იმისა, რომ კარგად უწყოდნენ წმინდა მაქსიმეს ღვაწლის შესახებ, მაინც ათვალისწუნებით ეპყრობოდნენ მას. ასეთი დამოკიდებულება წმინდანის მიმართ მას მერეც გრძელდებოდა, რაც მან სულიერი ცხოვრებისა და განმჭვრეტელობის სულიერ სიმაღლეებს მიაღწია. როდესაც ათონის მთაზე წმინდა გრიგოლ სინელი ჩამოვიდა (დაახლოებით 1310 წელს, ხს.8 აგვისტო), რომელიც გონებისმიერ ლოცვაში ატარებდა ცხოვრებას, საუბრისას შეიტყო წმინდა მაქსიმეს ცხოვრების შესახებ, ძებნა დაუწყო. ხოლო როცა იპოვა, შეევედრა ქრისტეს სიყვარულისა და სულიერი სარგებელისთვის, მისთვის თავისი ცხოვრების შესახებ მოეთხრო. წმინდა მაქსიმემ უხალისოდ მოუთხრო, თავის სიყრმეზე, და შემდგომ წლებზე, ასევე მოჰყვა მის ცხოვრებაში მომხდარ ღვთის სასწაულებზე. წმინდა გრიგოლმა ჰკითხა, მუდმივად თუ გიპყრია სულიერი ლოცვაო. რაზეც წმინდა მაქსიმემ უპასუხა, რომ ერთხელ ადრიან ახალგაზრდობისას, ცრემლიანი თვალებით ლოცულობდა ღვთისმშობლის ხატის წინაშე და ლოცვის ნიჭს სთხოვდა. როცა ხატს ეამბორებოდა, მკერდი სითბოთი აევსო, თითქოს დაენამაო, გული კი ძალზე შეემუსრა. მას მერე გულში ჩასული მისი გონება არა სწყვეტს იესოს და მისი წმინდა დედის სახელის მოხმობას.
- როცა ლოცულობ, გონებით თუ აღიტაცები ზეცისკენ? - ჰკითხა წმინდა გრიგოლმა.

- იმიტომ მოვისურვე უდაბნოში განმარტოება, რომ უხვად მოვიპოვო ლოცვის ნაყოფი - ღვთის წმინდა სიყვარული და გონების ღვთისკენ აღტაცება.

- რას შვრება გონება? თუ კიდევ წარმოთქვამს გულში ლოცვას?

- არავითარ შემთხვევაში, - უპასუხა ღირსმა მამამ, - როცა სულიწმიდა მოიხილავს, ლოცვაში მყოფ ადამიანს, მაშინ ლოცვა წყდება, რამეთუ გონება მთლიანად ჩაეფლობა ღვთის სულში, და შეწყვეტს რაიმე მოქმედებას. ის ნებას აძლევს ღვთის სულს, წაიყვანოს საითკენაც უნდა: ღვთაებრივი ნათლიის არამატერიალური ზეცისკენ, ანდა სხვა საგნების ჭვრეტისკენ, ანდა ღმერთთან გამოუთქმელი ურთიერთობისკენ. როგორც ბუნებით მკვრივი ცვილი დნება, ცეცხლად და სინათლედ იქცევა, ცეცხლის მიკარებისას, ამასთან ცეცხლისგან სრულიად განსხვავებულ საგნად რჩება, ასე გონებაც ინახავს თავის განცალკევებულ ბუნებას, იღებს მხოლოდ იმას, რაც დაკავშირებულია მის ბუნებასთან და მის ხელქვეითაა. მაგრამ როცა ღვთაებრივი ცეცხლი, სულიწმიდა მიუახლოვდება მას, მაშინ გონება სულიწმიდის ძალით აღმაღლდება და იწვის ღვთაებრივი ცეცხლით, ალღობს ყოველგვარ ფიქრსა და წარმოდგენას, ჩაეფლობა ღვთაებრივ ნათელში და მთლიანად გადაიქცევა ღვთებრივ მბრწყინვალე სინათლედ.

- რა არის ის ნიშნები, რომლითაც მადლს ხიბლისგან გავარჩევთ? - ჰკითხა კიდევ ღირსმა გრიგოლმა.

- ეშმაკისაგან ცდუნების ნიშნებია, გასასტიკებული გული, შიში, არეული გულისთქმები, საშინელი ფანტაზიები და ხილვა გრძნობადი ცეცხლის მსგავსი ნათლისა, მედიდურობა და მრისხანება. როცა სულიწმიდა მოიხილავს ჩვენს სულს, მას შემოკრებს, გახდის ბრძენს, თავმდაბალს, მშვიდს. შთაგვაგონებს სიკვდილისა და საუკუნო სასჯელის ხსოვნას, გვაიძულებს ცრემლი დავღვაროთ ღვთისმოწყალების გახსენებაზე. ის აღიტაცებს გონებას ამაღლებულ ჭვრეტისკენ და განანათლებს (განსწავლის) ღვთაებრივ ნათელში შთაფვლით. ის აძლევს გულს სიმშვიდეს, გამოუთქმელ სიხარულს და მხიარულებას, უბოძებს მადლს ყველა თავის თვისებით. როგორც გვასწავლის მოციქული: "ნაყოფი სულისაჲ არს: სიყუარული, სიხარული, მშჳდობაჲ, სულგრძელებაჲ, სიტკბოებაჲ, სახიერებაჲ, სარწმუნოებაჲ, მყუდროებაჲ, მარხვაჲ, მოთმინებაჲ" (გალატელთა მიმართ: 5,22-23).

გაოცებული უსმენდა წმინდა გრიგოლი ღირს მაქსიმეს, ამის შემდეგ იგი მას ყოველთვის მიწიერ ანგელოზს უწოდებდა. მან წმინდანს სთხოვა ხეტიალისა და სალოსობისთვის თავი დაენებებინა და ერთ ადგილას დასახლებულიყო, რათა სოფელი თავისი გამოცდილების ნათლით გაებრწინებინა. წმინდა მაქსიმე დამორჩილდა და საცხოვრებლად ერთი გამოქვაბული აირჩია, ცნობილი ბერდიდის მამა ისაიას სამყოფლის გვერდით. ამის შემდეგ წმინდანს შორს გაუვარდა სახელი თვით ბიზანტიის იმპერატორები იოანე პალეოლოგოსი და იოანე კანტაკუზელი მიდიოდნენ მასთან, რომელთაც გაეგოთ მისი წინასწარმეტყველების მადლის შესახებ. ვათოპედის მონასტრის პროიღუმენი თეოფანე წერდა წმინდა მაქსიმეს შესახებ: "ღმერთია მოწამე, რომ მე თვით ვიყავ მის მიერ აღსრულებული სასწაულების მხილველი; ერთხელ, მაგალითად, მან ჩემ თვალწინ გაიელვა ჰაერში უხორცო ძალთა მსგავსად და ერთ წამში დიდი მანძილი განვლო; სხვა დროს მიწინასწარმეტყველა - ჯერ იღუმენი იქნები და შემდეგ ოხრიდის მიტროპოლიტიო, ასევე ისიც წინასწარ მითხრა, თუ როგორ ვევნებოდი ეკლესიისთვის".

წმინდა მაქსიმემ ამ გამოქვაბულში თოთხმეტი წელი იცხოვრა და შემდეგ დიდი ლავრის სიახლოვეს ერთ კელიაში დასახლდა, რომელიც მერე თავის სულიერ შვილსა და ბიოგრაფს ღირს ნიფონტს უანდერძა. ღირსი მაქსიმე 95 წლისა გარდაიცვალა 1365 წელს. მთელმა ათონმა დაიტირა თავისი მამა და მოძღვარი და მაშინათვე პატივი მიაგეს როგორც წმინდანს.

ხატის წყარო

ბეჭდვა
1კ1