ღირსი თეოდოსი ანტიოქიელი (+დაახლ. 412) – 11 (24) იანვარი
ღირსი თეოდოსი ანტიოქიელი (+დაახლ. 412) – 11 (24) იანვარი
წმინდა თეოდოსი ასურეთის ანტიოქიაში დაიბადა. მისი მშობლები ღვთისმოსავი ადამიანები იყვნენ და შვილიც უფლისადმი სიყვარულით გაზარდეს.

ღირსმა თეოდოსიმ სიჭაბუკეშივე დატოვა სიმდიდრე, ოჯახი, ახლობლები და მოსაგრე ცხოვრების ვიწრო და მწუხარე გზას დაადგა. იგი კილიკიაში, როსის სიახლოვეს, სკოპელის მთის ზღვისპირა რაიონში ერთ მცირე სენაკში დასახლდა. ღირსმა მამამ დიდ ღვაწლს მისცა თავი. შიშველ მიწაზე ეძინა, ფიჩვის სამოსელი ეცვა და თან რკინის მძიმე ბორკილებსაც ატარებდა. თმა ისე გაეზარდა, რომ კოჭებამდე სცემდა. მარხვის და ლოცვის დაუსრულებელი ღვაწლით ღირსმა თეოდოსიმ დათრგუნა ხორციელი ვნებები, მრისხანება დააცხრო და გონება არაწმინდა ფიქრებისაგან განიწმინდა. იგი ბევრს შრომობდა: ამუშავებდა ბოსტანს, გრეხდა თოკებს, რომლითაც თავი გაჰქონდა და მასთან მისულებსაც ეხმარებოდა. სახელი გაუვარდა, ბევრმა სტუმარმა მის გვერდით დასახლება გადაწყვიტა. წმინდა თეოდოსიც მათ სიყვარულით შეიწყნარებდა და ნელ-ნელა უდაბნო ზეციურ სავანეს მიემსგავსა. ასე დააარსა მან მონასტერი და სავანის ძმებში ფიზიკური შრომისა და სულიერი ღვაწლის სიყვარულს აღვივებდა. იგი განსაკუთრებულად ზრუნავდა მწირებისა და უსახლკაროთა მიმართ. წმინდა თეოდოსი არა მარტო პირადი მაგალითით და დარიგებებით განამხნევებდა მონაზვნებს, არამედ სასწაულების ძალასაც აჩვენებდა. ერთხელ მან კვერთხი დაჰკრა მონასტრის თავზე გადმოშვერილ კლდეს და იქიდან წყარო წარმოდინდა.

წმინდანმა შორს გაითქვა სახელი, მას ქრისტიანებიც იცნობდნენ და პატივს სცემდნენ და წარმართებიც. ზღვაზე მოგზაურნი განსაცდელის ჟამს შემწედ "თეოდოსის ღმერთს" მოუხმობდნენ. ზოგჯერ მისი სახელის უბრალო ხსენებაც კი აცხრობდა აბობოქრებულ ტალღებს. წმინდანისა ყაჩაღებსაც ეშინოდათ და მას პატივს სცემდნენ. ერთხელ ისავრიელმა ბარბაროსებმა მონასტრის შემოგარენი დაარბიეს, სავანეშიც შემოვიდნენ, მაგრამ არც წმინდა თეოდოსის და არც მის მონაზვნებს ხელი არ ახლეს, ლოცვა სთხოვეს და მშვიდობიანად გასცილდნენ.

წმინდანი ამ ამბავმა დაარწმუნა, რომ საკუთარი ნება უნდა მოეკვეთა და თავი განსაცდელში არ უნდა ჩაეგდო. ამიტომ უსმინა ანტიოქიის ეპისკოპოსის თხოვნას და მშობლიურ ქალაქში დაბრუნდა. იქ მან მცირე სენაკი ააგო და თავის რამდენიმე მოწაფესთან ერთად უფლისთვის ღვაწლი გააგრძელა. თუმცა დიდხანს აღარ უცხოვრია და დაახლოებით 412 წელს მშვიდობით მიიცვალა. დაკრძალვისას, ჯაჭვებით, როგორც ოქროს გვირგვინებით შემკობილი, მისი სხეული მთელ ქალაქში გაატარეს და წმინდა აფრაატის (ხსენება 29 იანვარს) წმინდა ნაწილებთან ერთად წმინდა მოწამე იულიანეს აკლდამაში დაასვენეს.

ხატის წყარო

ბეჭდვა
1კ1