ღირსი მამაჲ ჩვენი თეოდოსი დიდი - (†529) – 11 (24) იანვარი
ღირსი მამაჲ ჩვენი თეოდოსი დიდი - (†529) – 11 (24) იანვარი
წმინდა თეოდოსი დიდი 424 წელს დაიბადა კაპადოკიის სოფელ მოგარიონში, ღვთისმოშიში ქრისტიანების - პროერესის და ევლოგიას ოჯახში.

მშობლებმა "განსწავლეს იგი სწავლითა სულიერითა" და როცა წამოიზარდა, ეკლესიაში მედავითნედ დაადგინეს. იგი ტკბილად მოსასმენად და დიდი ხელოვნებით უკითხავდა მრევლს საღვთისმსახურო წიგნებიდან საკითხავებს.

თეოდოსის ადრევე შთავარდნოდა "სიყუარული ღმრთისაჲ" და ამ სოფლის საქმეთაგან განშორებაზე ფიქრობდა. მხურვალე ლოცვით განმტკიცებულმა და სახარებისეული შეგონებებით გამხნევებულმა აღასრულა კიდეც განზრახვა, უფალს მიენდო, დატოვა მშობლიური ქალაქი და იერუსალიმის სიწმინდეთა მოსალოცად გაეშურა. ეს იყო მარკიანეს მეფობისას (450-457), იმ დროს, როცა ქალკედონში IV მსოფლიო კრება უნდა მოწვეულიყო.
გზად ყმაწვილმა ანტიოქიაში გამოიარა და სვიმეონ მესვეტისაგან კურთხევა აიღო. როცა სვეტს მიუახლოვდა, წმინდა მამამ ზემოდან ჩამოსძახა:
- კეთილად მოხუედ, კაცო ღმრთისაო, თეოდოსი.

თეოდოსის გაუკვირდა სახელით რომ მიმართეს, რადგან მანამდე არა ჰყავდა ნანახი წმინდა სვიმეონი, დაემხო და თაყვანი სცა ღირს მამას. მან ახალგაზრდა თავისთან იხმო, წმინდა თეოდოსი ავიდა და მუხლებში ჩაუვარდა წმინდა სვიმეონს, ისიც მოეხვია ყმაწვილს, ამბორს-უყო მას და სიტყვიერ ცხოვართა მწყემსობა უწინასწარმეტყველა. ბევრი სხვა რამეც წინასწარ უთხრა, ბოლოს, დალოცა. ღირსი სვიმეონის კურთხევით გაძლიერებულმა იერუსალიმამდე მიაღწია; ეს პატრიარქ იუბენალის დროს მოხდა. მოიარა ყველა წმინდა ადგილი, აღდგომის ტაძარში უფლის საფლავთან ილოცა. ამ დროს ის მომავალ ღვაწლზე ფიქრობდა. ბოლოს, დაასკვნა, რომ ვიდრე არ განისწავლებოდა ბოროტი სულების წინააღმდეგ ბრძოლაში, განმარტოებით ცხოვრება არ შეიძლებოდა: თუ ახალწვეულ მეომარს არავინ ურჩევს შუა ბრძოლაში შესვლას, რათა თავისი გამოუცდელობით არ დაიღუპოს, მაშ, მე როგორ გავკადნიერდები სრულიად გამოუცდელი დაყუდებულ ცხოვრებას შევუდგეო, - ფიქრობდა.

იმ პერიოდში იერუსალიმელ მამათა შორის ყველაზე გამორჩეული ბერდიდი, მამა ლონგინოზი იყო, რომელიც იერუსალიმის ციხესიმაგრეში, დავითის გოდოლად წოდებულ სვეტზე ცხოვრობდა და მოსაგრეობდა. წმინდა თეოდოსიც სწორედ ასეთ ღირს მამასთან მივიდა, დაემორჩილა და მთელი სულით მიეჯაჭვა მოძღვარს და სწავლობდა მისგან ყველანაირ სათნოებას, რამეთუ მამა ლონგინოზი დიდი იყო საქმითა და სიტყვით. გამოხდა საკმაოდ დიდი ხანი, და ღირსი თეოდოსი თავისი მოძღვრის რჩევით "ძველ დასაჯდომელად" წოდებულ ადგილას გადასახლდა. ეს კი შემდეგი მიზეზით მოხდა: ერთმა ღვთისმოშიშმა ქვრივმა ქალმა, სახელად გლიკერიამ, ხსენებულ ადგილას ღვთიმშობლის ტაძარი ააშენა და მამა ლონგინოზს დაჟინებით სთხოვა, რომ თეოდოსის ამ ტაძარში ემსახურა და იქვე ეცხოვრა. ღირსი თეოდოსი დაჰყვა მოძღვრის ნებას, თუმცა იქ დიდხანს ვერ გაჩერდა, რადგან ხმა გაუვარდა, როგორც მოსაგრე ბერს და მრავალმა ადამიანმა იწყო მასთან მისვლა. ამიტომ კაცთა დიდებას გაერიდა და პალესტინის უდაბნოს იმ გამოქვაბულში დაეყუდა, სადაც, გადმოცემით, იესოს თაყვანისცემის შემდეგ ბეთლემიდან გამობრუნებულ მოგვებს გაუთევიათ ღამე.

საცხოვრებელი ადგილის შეცვლასთან ერთად წმინდანმა ცხოვრების წესიც შეიცვალა და მძიმე ღვაწლს შეუდგა. ოცდაათი წელი ცხოვრობდა ამ მღვიმეში და ფიცხელი შრომითა და მარხვით ცდილობდა ხორციელი გულისთქმების დაოკებას: ამ ხნის მანძილზე მას პური არ უჭამია და მხოლოდ ინდის ხურმას, მარცვლეულის ან ბოსტნეულის ნახარშს და ბალახის ფესვებს იღებდა, თანაც იმდენს, რომ შიმშილით არ მომკვდარიყო. ხოლო როცა ზამთარში ესეც გამოელეოდა, მაშინ წყალში დამბალი ინდის ხურმის კურკებით იკვებებოდა, ისიც მხოლოდ კვირა დღეს; დღე და ღამე ლოცვად იდგა, ტირილითა და გლოვით განიწმინდავდა თავს. მისი სათნო ცხოვრება მთელი პალესტინისთვის გახდა ცნობილი, რამეთუ "ვერ ხელეწიფების დაფარვად ქალაქსა, მთასა ზედა დაშენებულსა" (მათე 5,14). უწყვეტ ნაკადად მოემართებოდნენ მისკენ სულიერი დამოძღვრის მსურველები. რამდენიმე მათგანს წმინდანმა თავისთან დარჩენის ნებაც დართო.

თავდაპირველად ღირს თეოდოსის შვიდი მოწაფე ჰყავდა. მან იცოდა, რომ მათ, ვინც ახლა იწყებდა საღმრთო საქმის კეთებას, სიკვდილის ხსოვნა უნდა ჰქონოდა. ამიტომ ღირსმა თეოდოსიმ "ინება საფლავის აღშენებაჲ, რათა ძმანი იგი ჰხედვიდენ მას და ყოველთა დღეთა სიკუდილსა მოიჴსენიებდნენ და სარგებელ ეყოფოდის". როცა საფლავი მზად იყო, ღირსი თეოდოსი სამარის პირას მივიდა და ბერებს მიმართა:

- აი შვილებო, საფლავი მზადაა, თუ მოიძებნება თქვენ შორის ისეთი, ვინც მზადაა სიკვდილისათვის, რათა საკუთარი თავით განაახლოს ეს საფლავი?

იქვე იდგა მღვდელ-მონაზონი ბასილი, რომელიც დაემხო მოძღვრის წინაშე და სთხოვა სიკვდილისთვის ეკურთხებინა, რათა ამ საფლავში დაკრძალულიყო. ბერდიდმა შეისმინა მისი თხოვნა, და ბრძანა, ცოცხალი ბასილისთვის, როგორც გარდაცვლილისთვის, ელოცათ, მე-3, მე-9 და მე-40 დღეს. როცა მოხსენიება მორჩა, ბასილიც გარდაიცვალა. დაკრძალვიდან მეორმოცე დღეს, კანონის შესრულებისას ღირს თეოდოსის მამა ბასილი გამოეცხადა, რომელიც ძმებთან ერთად გალობდა, წმინდა თეოდოსიმ ილოცა და სხვა ბერებმაც დაინახეს იგი.

- ცხონდით, მამანო და ძმანო, ცხონდით. მე კი მეტად ვეღარ მიხილავთ!

ეს ამბავი, უპირველესად, ღირსი თეოდოსის სათნოებათა მოწმობა არის, რამეთუ მისი დამოძღვრილი მოწაფე მზად იყო ხორციელი სიკვდილისათვის.
ერთი ამბავიც გავიხსენოთ ღირსი თეოდოსის მადლმოსილებისა. უფლის აღდგომის დღესასწაული მოახლოვდა, თეოდოსის თორმეტი მოწაფე კი შეწუხებული იყო, რადგან არათუ საკვები, ღვინო და სეფისკვერიც არ ჰქონდათ სააღდგომო საღმრთო ლიტურგია რომ ჩაეტარებინათ. ღვთის იმედით აღვსებულმა წმინდა თეოდოსიმ საკურთხევლის გამშვენება უბრძანა. გაამხნევა, რომ მან, ვინც ძველად ისრაელის ერი უდაბნოში მანანით გამოკვება, ხოლო ახალი დროის ისრაელში ხუთი პურით ხუთი ათასი კაცი განაძღო, ჩვენთვისაც კეთილად განაგებს ყოველივესო. მზის ჩასვლისას მამა თეოდოსის მღვიმესთან ერთი ღვთისმოყვარე ერისკაცი მოვიდა, რომელმაც ორი საპალნე ცხენით სხვადასხვაგვარ საკვებთან ერთად სეფისკვერი და ღვინო მოიტანა საღმრთო ლიტურგიისთვის. გაიხარეს მისმა მოწაფეებმა, ღვთისადმი სასოებით აივსნენ, საკუთარი გამოცდილებით შეიტყვეს, თუ რამხელა მადლი ჰქონდა მოპოვებული ღვთის წინაშე ღირს თეოდოსის. მათ ეს საკვები სულთმოფენობამდე ეყოთ. მაგრამ... გამოელიათ საკვები და ძმებმა ისევ სულმოკლეობა დაიწყეს. იმ დროს ერთი მდიდარი კაცი პალესტინის ყველა სავანეს ეხმარებოდა, ღირსი თეოდოსის მონასტრის გარდა, რადგან მათ შესახებ არაფერი იცოდა. ძმები დაჟინებით თხოვდნენ მოძღვარს, გავაგებინოთ ჩვენი გაჭირვებაო. ღირსი თეოდოსი კი ძმებს ანუგეშებდა, მოთმინებით დალოდებოდნენ ღვთის წყალობას. რომელმაც არ დააგვიანა. მათთან ერთი ერისკაცი მოვიდა და საკვებით დატვირთული ჯორი მოიყვანა. თურმე მას ამ საკვების სხვაგან წაღება სურდა, მაგრამ ჯორი მანამდე არ დაიძრა ადგილიდან, ვიდრე პატრონმა არ გაუშვა თავისუფლად და მანაც მხარი იცვალა, ღირსი თეოდოსის მღვიმეს მიადგა და ტვირთი მღვიმეში ჩამოიღო. ამის მერე წმინდა თეოდოსის მოწაფეებმა წუწუნი შეწყვიტეს.

თეოდოსის გარშემო შემოკრებილ ძმათა რიცხვი თანდათან იზრდებოდა, საჭირო იყო მათთვის საცხოვრებლების აშენება. "და შევარდა წმინდაჲ იგი ორთა გულისსიტყუათა შორის": დაყუდების სიყვარულის გამო შფოთს ერიდებოდა, მაგრამ შენებაც სურდა, "ცხოვრებისათჳს, რომელნი მისდა მოვიდოდეს". მან ღმერთს შესთხოვა, განეცხადებინა თავისი ნება. საცეცხლურში ნახშირი ჩაყარა, ზედ საკმეველი დაადო, ხელთ იპყრა იგი და ასე მოიარა სამონასტროდ საგონებელი ყველა ადგილი. "და ვითარ არარაჲ იხილა", უკანვე გაბრუნდა. როცა თავის მღვიმეს მიუახლოვდა, უე-ცრად ნახშირი ნაკვერჩხლად იქცა და საკმევლის საამო სუნი დაიფრქვა ირგვლივ. ასე გაცხადდა ღვთის ნება. მოწაფეებიც საქმეს შეუდგნენ: ააშენეს ეკლესია, კელიები, გალავანი და ღვთის შეწევნით საკმაოდ ვრცელი სავანე ააგეს. ღირსი თეოდოსის ლავრა ყველასთვის ცნობილი გახდა და მასში მონაზვნებს კინოვიური (საერთო საცხოვრებლის) ტიპიკონი ჰქონდათ.

თეოდოსის სავანეში სიხარულით ღებულობდნენ და ნუგეშს სცემდნენ უცხოებს, გლახაკებს და "ყოველთა, რომელნი მისა მიივლტოდიან", მაგრამ ერთხელ, შიმშილობის დროს, უამრავი დამშეული ხალხი მოგროვდა და "შეეშინდა მსახურთა, ნუუკუე პური ვერ ეყოს სიმრავლეს მას ერისასა". ღმერთს მინდობილმა იღუმენმა ბრძანა, გაეღოთ კარი. დამშეული ხალხი ტაბლების ირგვლივ დასხეს. "ჭამეს ყოველთა. და განძღეს და წარვიდეს და ადიდებდეს ღმერთსა", მონასტრის ბეღელს კი არაფერი დაჰკლებია.

წმინდა მამა ზრუნავდა სნეულებზე, იგი გულმოდგინე მსახური იყო მათი, სნეულებს წყლულებს თვითონვე სწმენდდა, ჩირქს ჩამოჰბანდა, თავისი ხელით აჭმევდა და ყველანაირად ემსახურებოდა. მან ააშენა დავრდომილთა თავშესაფარი. მაგრამ თვითონ ღირსი თეოდოსი იყო ყველასთვის სულიერი ნავსაყუდელი, თავშესაფარი, სადაც ყველა მისი სიყვარულისგან ნუგეშს იღებდა.

ღირსმა თეოდოსიმ ააგო მრავალი სახლი მწირთა თავშესაფრად, აგრეთვე სასნეულო სახლები ცალკე მონაზვნებისთვის, ცალკე - ერისკაცებისთვის, იგი უკაცრიელ მთებსა და მღვიმეებში მოღვაწე მამებსაც მოინახულებდა და ზრუნავდა მათზე.

რადგანაც წმინდა თეოდოსის სავანეში სხვადასხვა ეროვნების ძმები შეიკრიბნენ, ამიტომ მისი ბრძანებით სხვა ეკლესიებიც ააგეს, სადაც ბერძნები ცალკე, ცალკე ივერიელები და ცალკე სომხები თავიანთ ენაზე შვიდჯერ ადიდებდნენ უფალს. ხოლო დიდ საკრებულო ტაძარში ყველა ერთად ატარებდა ლიტურგიას და ეზიარებოდა. ყველანი ისინი ექვსასოთხმოცდაცამეტმა ღირსმა მამამ სულიერად აღზარდა და სათნოებათა გზაზე დააყენა. წმინდანის ბევრი მოწაფე უდაბნოს გარეთაც მოსაგრეობდა: ზოგმა მეუდაბნოეობის ღვაწლი იტვირთა, ზოგიც ეპისკოპოსად და სხვადასხვა სავანის იღუმენად დაადგინეს.

"და ვინმცა შეუძლო მოთხრობად ყოვლისა, რავდენსა წმინდაჲ იგი იქმოდა ფერად-ფერადთა სათნოებათა და გარდარეულსა ლოცვასა და წიგნთა კითხვასა დღე და ღამე?" ყოველ კვირას, შაბათის მწუხრიდან გათენებამდე, იგი ძმებს მღვიძარებაში ამყოფებდა, ლოცვის შემდეგ კი მოციქულთა და ეკლესიის მამათა გამონათქვამებით მოძღვრავდა. მაგრამ თავად მისი წმინდა ცხოვრება იყო უპირველესი მაგალითი.

იმპერატორ ანასტასის (491-518) ზეობისას იმპერიაში გავრცელდა ევტიქიოსისა და სევერიოსის მწვალებლობა, რომლებიც "უთავოებად" (ბერძნულად აკაფალებად) იწოდებოდნენ საღმრთო საიდუმლოებებისა და სამღვდლო მადლის უარყოფის გამო. ანასტასი მიემხრო ერეტიკოსებს და ქრისტიანთა სასტიკი დევნა დაიწყო და წმინდა თეოდოსის მოსყიდვა სცადა, ოცდაათი ლიტრა ოქრო გაუგზავნა, თითქოსდა გლახაკთა თავშესაფრებისთვის. წმინდა თეოდოსიმ მიიღო ოქრო, რათა იმპერატორისთვის განრისხების საბაბი არ მიეცა, თან იმედი ჰქონდა, მოწყალების გაცემამ იქნებ მის სულიერ მდგომარეობაზე იმოქმედოსო. მაგრამ, ამაოდ, მეფემ თავისი წარგზავნილების მეშვეობით ევტიქისა და სევეროსის სწავლების მიღება მოსთხოვა. თეოდოსი აღდგა მართლმადიდებლობის დასაცავად: ყველა მონასტრის წინამძღვარი შეყარა, მათთან ერთად მეფეს მისწერა წერილი, რომელშიც დაგმო მსოფლიო კრებებზე ანათემას გადაცემული ყველა ერესი და განაცხადა: ბერები "არ მიერჩდებიან შეწყნარებასა სევეროსისასა და არცა სხჳსა ვის მწვალებელთაგანისა, ვიდრემდის ყოველთა სისხლი დაითხიოს".

იმპერატორი ცოტა ხნით დაცხრა, მაგრამ შემდეგ კვლავ განაახლა დევნა. თვით წმინდა ქალაქ იერუსალიმში გამოაკრეს მეფის დადგენილება, რომელიც წმინდა კრებებს უარყოფდა. და მაშინ როცა ყველა შიშისგან დუმდა, საღვთო შურით აღძრული წმინდა მამა იერუსალიმში ჩავიდა და დიდი ტაძრის ამბიონიდან საჯაროდ გამოაცხადა:

- შეჩვენებულ იყავნ ყოველი, ვინც არ აღიარებს და პატივს არ სცემს ოთხ მსოფლიო საეკლესიო კრებას!

ამ გაბედული ნაბიჯისთვის ღირსი თეოდოსი გადაასახლეს. მალე იმპერატორი ანასტასი მოკვდა და წმინდა მამა დაუბრუნდა თავის სამწყსოს.
წმინდა თეოდოსის ღმერთმა მრავალი ნიჭი მიჰმადლა, მისი ლოცვით უამრავი სასწაული აღესრულებოდა: გვალვის დროს წვიმა გარდმოდიოდა ზეციდან, უშვილო დედებს შვი¬ლები ეძლეოდათ, სნეულებათაგან იკურნებოდნენ, განსაცდელებიდან უვნებლად გამოდიოდნენ; მისი სამოსის შეხებითაც კი იკურნებოდა სნეული და რაღა ვთქვათ მის წმინდა ლოცვაზე. იმპერატორ ანასტასის სიკვდილის შემდეგ, როცა ღირსი თეოდოსი გადასახლებიდან დაბრუნდა, მან წესად დაიდო ბეთლემის მოლოცვა. ერთხელ ბეთლემისკენ მიმავალმა გზად ღირსი მარკიანეს სავანეში შეიარა. იქ სიყვარულით მიიღეს ძვირფასი სტუმარი, მაგრამ პური არ ჰქონდათ რომ გამასპინძლებოდნენ. ღირსმა მამებმა დიდხანს ისაუბრეს, მერე კი მარკიანემ მოწაფეს უბრძანა, რისამე ნახარში მოემზადებინა. როცა ტრაპეზის სიმწირე იხილა, წმინდა თეოდოსიმ თავის მოწაფეებს საგზლად წამოღებული პური მოატანინა. ღირსმა მარკიანემ უთხრა:

- ნუ განმსჯით, მამაო, რომ ასე ძუნწად გაგიმასპინძლდით და ნუ გაგვკიცხავ, რომ პური არ შემოგთავაზეთ. რადგან ბოლო ჟამს ძალიან გავღარიბდით - ხორბალი სულ არ გვაქვსო.

წმინდა თეოდოსიმ მარკიანეს წვერში საიდანღაც იქ მოხვედრილი ხორბლის ერთი მარცვალი დაინახა. ფრთხილად გამოიღო და მარკიანეს ღიმილით გაუწოდა:

- აი ხორბალი, თქვენ კი გაიძახით, ხორბალი არა გვაქვსო!

ნეტარმა მარკიანემ სიხარულით გამოართვა მარცვალი და ძმებს ბეღელში შეანახინა. თეოდოსის წასვლის შემდეგ, მეორე დღეს, როცა მარკიანეს მორჩილები ბეღელთან მივიდნენ, ხორბლით სავსე დახვდათ - ბეღლის კარი არ იღებოდა. მარკიანემ მოწაფე გააგზავნა თეოდოსისთან და სასწაულის შესახებ აუწყა და მადლობაც გადაუხადა ხორბლის გამრავლებისთვის.

ნეტარმა თეოდოსიმ შემოუთვალა:

- მე კი არა, შენ გაამრავლე ხორბალი, რამეთუ ხორბლის მარცვალი შენს წვერში აღმოჩნდა.

ერთხელ ერთი ალექსანდრიელი დედაკაცი მივიდა თეოდოსის სავანეში და თან თავისი ვაჟი მიიყვანა. ყრმამ შორიდან თვალი მოჰკრა თუ არა წმინდანს, სიხარულით უთხრა დედას:

- აი, ამან გადამარჩინა ჭაში დახრჩობას, ხელი ჩამავლო და ასე ვეჭირე, წყალში რომ არ ჩავძირულიყავი!

დედაკაცი ბერდიდს მუხლებში ჩაუვარდა და უთხრა:

- ჩემი შვილი თანატოლებთან თამაშის დროს ჭაში ჩავარდა და უკვე მკვდარი გვეგონა, როცა კაცი ჩავუშვით მისი გვამის ამოსატანად. მან კი ცოცხალი ბავშვი ამოგვიყვანა. როცა ვკითხეთ, როგორ გადარჩიო, გვითხრა, - ერთი მოხუცი ბერი მოვიდა, ხელი ჩამჭიდა და ასე ვეკავე წყლის ზედაპირზე, ვიდრე თქვენ არ ამომიყვანეთო. მას მერე ეს ბავშვი უდაბნოებსა და მთებში დამყავდა, ის ღვთის სათნო მამა მეპოვნა და აი, გიპოვეთ კიდეც. ბიჭმა თავის გადამრჩენელ ბერად შეგიცნოო.

ერთი დედაკაცი მშობიარობისას მკვდარს შობდა და უშვილო იყო ამიტომაც. მან წმინდა მამას ლოცვა სთხოვა, რომ მკვდარი აღარ ეშვა. მართლაც, წმინდანის ლოცვით ქალმა ბავშვი ცოცხალი დაბადა. როცა ის წამოიზარდა, წმინდა თეოდოსის სავანეში მიიყვანეს და ღმერთს მიუძღვნეს.
წმინდანის ლოცვით სხვა დედაკაცსაც შეუნარჩუნდა შვილი, ბავშვი გაიზარდა და შესანიშნავი ხუროთმოძღვარი გახდა.

ერთხელ პალესტინის ველებს კოღოები შემოესია. იმ დროს და სიარული აღარ შეეძლო. მან სულიერ შვილებს მაინც უბრძანა, მინდორზე გამიყვანეთო.
წმინდანმა ხელი აღაპყრო და წარმოთქვა:

- ჩვენი საერთო მეუფე გიბრძანებთ, არ დაუღუპოთ ადამიანთა ნაშრომი და აღარ შეჭამოთ ადამიანთა საზრდო.

იმ წამსვე კალიები ღრუბელივით გაიფანტნენ და მუხლუხოები დაიხოცნენ.

წმინდა თეოდოსის წინასწარმეტყველების მადლიც ჰქონდა ღვთისაგან მიღებული. ერთხელ მასთან ერთი ღვთის მოშიში კაცი მოვიდა, რომელიც სპარსელების წინააღმდეგ საბრძოლველად აპირებდა წასვლას. იგი გახლდათ ბერძნული ჯარის მთავარსარდალი, აღმოსავლეთის კომიტი კვირიკე. წმინდა თეოდოსიმ ის დაარიგა, მთავარსარდალს ბრძოლის დროს მხოლოდ ღმერთის იმედი ჰქონდა და არა ჯარის სიმრავლის. კომიტი კვირიკე სიყვარულით აივსო ღირსი მამის მიმართ და დამშვიდობებისას, ღირს თეოდოსის ტყაპუჭიც გამოსთხოვა. ბერძენთა და სპარსელთა ჯარები შეებნენ ერთმანეთს. წმინდანის ტყაპუჭით მოსილ კვირიკეს ვერც მტრის ისარი, ვერც მახვილი და ვერც შუბი ვერაფერს ვნებდა. ომის შემდეგ მთავარსარდალი წმინდა თეოდოსის ეწვია და უთხრა:

- ბრძოლაში შენ გხედავდი, მამაო, რომელიც შემეწეოდა და საშიშს მხდიდი მტერთათვის მანამდე, სანამ საბოლოოდ გავანადგურე მტრის ჯარიო.

არა მარტო კომიტს, მრავალ სხვასაც გამოსცხადებია წმინდა თეოდოსი და დაუხსნია ისინი განსაცდელისგან: ზღვის ღელვაში მოხვედრილი მეზღვაურები, უდაბნოში გზააბნეულნი, მხეცების კლანჭებში ჩავარდნილნი.

წმინდანი არა მარტო ადამიანებს, პირუტყვთაც შეეწეოდა. ერთხელ ერთი კაცი მიდიოდა თავისთვის და თან სახედარი მიჰყავდა, გზად ლომი შემოეფეთა, შეშინებულმა ტლინკები ყარა, ლომი მისკენ გაექანა და საცაა გაგლეჯდა, რომ კაცმა შესძახა:
- ღვთის კაცო თეოდოსი, შემეწიე!

წმინდანის სახელის ხსნებაზე ლომი შეჩერდა, და უდაბნოსკენ მიტრიალდა.

ერთხელ წმინდა თეოდოსიმ მონასტრის ძმები შეყარა და აცრემლებულმა უთხრა:

- ლოცვა გვიხმს, მამანო და ძმანო, მხურვალედ ლოცვა. რამეთუ ვხედავ ღვთის რისხვას, რომელიც უკვე უახლოვდება აღმოსავლეთის მხარეს.

ერთი კვირის შემდეგ ძმებმა შეიტყვეს ანტიოქიაში მომხდარი საშინელი მიწისძვრის შესახებ.

ამის შემდეგ ღირსი მამა დაუძლურებული მთელი წელი სარეცელზე იწვა და სიკვდილს ელოდა. მის ბაგეთაგან განუწყვეტელი ლოცვა ისმოდა. უკანასკნელად დამოძღვრიდა ძმებს, სათნოებასა და კეთილმსახურებაში. წმინდა მამამ წინასწარ განჭვრიტა თავისი გარდაცვალების დღე. 105 წლის ასაკში, "სალმობასა თანა სიბერე დიდით" დამძიმებულმა წმინდანმა, სიკვდილამდე სამი დღით ადრე უდაბნოს ყველა მამასახლისს სამ-სამი სეფისკვერი გაუგზავნა ევლოგიად და სამი დღის შემდეგ ყველანი თავისთან იხმო. როცა მამები შეგროვდნენ, წმინდა თეოდოსიმ მოიკითხა ისინი, დალოცა, შემდეგ ხელები აღაპყრო, ლოცვად აღევლინა: "ხელთა შენთა, უფალო, შეგვედრებ სულსა ჩემსა" - და წარვიდა უფალთან. წმინდა თეოდოსი 529 წელს გარდაიცვალა. უფალმა წმინდანი გარდაცვალების შემდეგაც განადიდა. ვინემ ალექსანდრიელი პეტრე, რომელიც ეშმაკს დიდი ხანია ჰყავდა შეპყრობილი, მოიყვანეს და რა წამს წმინდანის სარეცელს შეეხო, მისგან მაშინვე გავიდა ეშმაკი და განიკურნა.

წმინდა თეოდოსის გარდაცვალებამ, მთელი პალესტინა დაამწუხრა, მორწმუნე ერი თუ მონაზვნობა, ყველამ ღირსი თეოდოსის მღვიმესთან მოიყარა თავი. თვით იერუსალიმის პატრიარქი პეტრეც კი მოვიდა ეპისკოპოსებთან ერთად და ღირსი მამა დიდი პატივით დაკრძალეს იმ მღვიმეში, სადაც თავდაპირველად ცხოვრობდა.

ტროპარი ხმა VIII

ცრემლითა მდინარითა უდაბნო უქმი მოიმუშაკე, და სიღრმით სულისათ სულთქმითა ასეულად შრომანი ნაყოფიერ ჰყუენ, და იქმენ მნათობ და განმანათლებელ სოფლისა საკვირველებათა მიერ, მამაო წმინდაო თეოდოსი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა, შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.

კონდაკი, ხმა VIII
შენ, დანერგულმან ეზოთა შინა ღმრთისათა, სათნოებათა ღირსებაი აღაყვავილენ და განამრავლენ შვილნი შენნი უდაბნოსა შინა, წვიმათა მიერ ცრემლთა შენთასა მორწყულნი, ბაკოვანთა საღმრთოთა არვეთმთავარო;ამისთვისცა გიღაღადებთ: გიხაროდენ, მამაო თეოდოსი.

ბეჭდვა
1კ1