წმინდა მაქსიმე და დომეტიანე სკიტელები - 10 (23) იანვარი
წმინდა მაქსიმე და დომეტიანე სკიტელები - 10 (23) იანვარი
ერთხელ მაკარი დიდთან (ხსენება 19 იანვარს) ორი ახალგაზრდა უცხოტომელი მივიდა და დარჩენა სთხოვეს.

ღირსმა მამამ აუხსნა, რომ მათი სხეულები უდაბნოს ხორშაკ ჰავას და სიმკაცრეს ვერ აიტანდა, თუმცა, ახალგაზრდები აზრს არ იცვლიდნენ.

მაშინ ხუცესმა ნაჯახი და კალათი მისცა და სენაკის ასაშენებლად კლდიდან ლოდების ჩამოტეხა უბრძანა.

სტუმრები საქმეს უსიტყვოდ შეუდგნენ და უკან მობრუნებულებმა ახალ დავალებას უწყეს ლოდინი.

მაშინ ღირსმა მამამ კალათების წვნა ასწავლა, რომ თავი გაეტანათ.

სამ წელიწადს იცხოვრეს ასე ახალგაზრდებმა, ყოველ მორჩილებას უყოყმანოდ და გულმოდგინედ აღასრულებდნენ, კვირის ბოლოს ტაძარში მოდიოდნენ, წმინდა ძღვენს ეზიარებოდნენ და უკან ისე ბრუნდებოდნენ, წმინდა მამა ერთხელაც არ შეუწუხებიათ.

მაშინ მაკარიმ თავად გადაწყვიტა მათი მონახულება, ახალგაზრდებმა მდუმარედ მიიღეს და ლოცვის შემდგომ უფროსმა, სახელად მაქსიმემ უმცროსს, დომეტიანეს ანიშნა, მარტო დაეტოვებინა და კვლავ მდუმარედ განაგრძო კალათების წვნა.

ცხრა საათი რომ შესრულდა, თანამოძმეს უხმო, რომელმაც სატრაპეზოდ პური, მარილი და წყალი მოიტანა. მაშინ დიდმა მაკარიმ მათთან ღამის გათევა ინება.
მასპინძლებმა ხუცესს თავიანთი ლოგინი დაუთმეს, თავად კი მოპირდაპირე კუთხეში მოთავსდნენ.

წმინდა მამამ თავი მოიმძინარა, ახალგაზრდები კი კვლავ წამოდგნენ და მთელი ღამე ლოცვაში გაატარეს, იქაურობა კი საკვირველმა ნათელმა აღავსო.

ეშმაკნი, რომელთაც უფროსის შიში ჰქონდათ, უმცროსის დაუფლებას ცდილობდნენ და ფსალმუნთგალობაში ხელს უშლიდნენ.

გამთენიისას ფსალმუნის თორმეტივე თავი წაიკითხეს, რომლის დროსაც დომეტიანეს პირიდან ცეცხლის ალი აღმოსდიოდა, ხოლო როდესაც ლოცვაში მაქსიმე შეენაცვლა, მის ბაგეთაგან ზეცად აღმავალი ცეცხლოვანი სვეტი აღიმართა.

ამის მხილველმა მაკარი დიდმა გულდამშვიდებულმა დაუტევა ორივე და დარწმუნდა, რომ მაქსიმე სულით სრულ იქმნა, დომეტიანეს კი კვლავ სჭირდებოდა წვრთნა.

რამდენიმე დღეში მაქსიმემ სული უფალს მიაბარა, სამი დღის შემდგომ კი - დომეტიანემაც..

ხოლო როდესაც ღირს მაკარი დიდს ვინმე ეწვეოდა, წმინდა მაქსიმესა და დომეტიანეს სენაკში ამ სიტყვებით მიჰყავდა:

- წარვედით და იხილეთ უცხო ჭაბუკთა ღვაწლის მოწმე ეს კედლებიო!

ბეჭდვა
1კ1