ღირსი ამონი, ნიტრიელი - 10 (23) იანვარი
ღირსი ამონი, ნიტრიელი - 10 (23) იანვარი
ეს ჭეშმარიტი ღვთისკაცი მეოთხე საუკუნეში ცხოვრობდა. ნეტარი ამონი დიდი პამბოს მოწაფე იყო. ის ორ ძმასა და სამ დასთან ერთად მოღვაწეობდა, რომლებიც, ერთდროულად საღვთო სურვილით აღნთებულნი, უდაბნოში მივიდნენ და უფლის მსახურებაში წარემატნენ. მათ ერთმანეთისგან მოშორებით ორი მონასტერი ააშენეს – მამებისა და დედებისა.

პამბო მონაზონთა შორის თავისი სულიერებითა და საღვთო სიბრძნით გამოირჩეოდა, ამიტომ ერთ - ერთი ქალაქის მცხოვრებლებმა გადაწყვიტეს, რომ ის მათი ეპისკოპოსი გამხდარიყო.

ეს სურვილი მთავარეპისკოპოს ტიმოთეს გაანდეს, რომელმაც ხალხს უბრძანა, ამონი მასთან მიეყვანათ. ისინი წმინდა მამასთან მივიდნენ და აიძულებდნენ, მათ ნებას დაჰყოლოდა. ამონი ხალხს შევედრა, გაეშვათ და უდაბნოში წასვლის ნება მიეცათ. ისინი კი ჯიუტობდნენ

- უდაბნოში წასვლის ნებას არ მოგცემთო!

როდესაც წმინდა მამა ვერაფერს გახდა, გარშემო მყოფთა თვალწინ დუქარდი აიღო, მარცხენა ყური მოიჭრა და თქვა:

- ახლა დამშვიდდით, რადგან ჩემი გამღვდელმთავრება აღარ შეიძლებაო!ხოლო ოდეს არ მოეშვნენ, ასე მიმართა:

- სჯულის კანონის თანახმად, სხეულის რომელიმე ნაწილის უქონელი ადამიანის მღვდლად კურთხევა არ შეიძლებაო!

ეს ამბავი ხალხმა მთავარეპისკოპოსს შეატყობინა, მან კი მოახსენა:

- ეგ კანონი იერუსალიმელებმა დაიცვან, მე კი შესაწყნარებლად მიმაჩნია ნებისმიერი ასოდაკვეთილის ეპისკოპოსად ხელდასხმა, თუკი ის ამის ღირსი იქნებაო!

ნეტარი მამა კი კვლავ უარობდა, ამიტომ ხალხმა ხელები შეუკრეს და ასე დაუპირეს ეპისკოპოსთან წაყვანა. მაშინ ამონი დაჰპირდათ:

- თუ ისევ ეპისკოპოსად კურთხევას მაიძულებთ, ენასაც მოვიკვეთო!

ხალხი მიხვდა, რომ ვეღარაფერს გახდებოდა და დამწუხრებული უკან დაბრუნდა.
ნეტარ ამონზე ბევრ საინტერესო და საკვირველ ამბავს ჰყვებოდნენ. მას არასოდეს აღძვრია ხორცი ბილწი გულისთქმით, ახალგაზრდობიდან სიკვდილამდე საზრდოს სხვებთან ერთად არ იხმევდა, ცეცხლზე მომზადებული არაფერი ეჭამა, გარდა პურისა, ძველი და ახალი აღთქმის წიგნები ზეპირად დაესწავლა, წაკითხული ჰქონდა ისეთ მოღვაწეთა წიგნები, როგორნიც იყვნენ ორიგენე, დიდიმე, პიორი, სტეფანე და სხვანი.

დიდი მეუდაბნოენი ირწმუნებოდნენ, ამბობდნენ, რომ ამონი წინასწარმეტყველების ნიჭით იყო დაჯილდოებული და ამ გზით ანუგეშებდა. ნეტარ ძმათა შორის ერთი სათნოებით სრული კაცი ამოწმებდა, რომ არავის მიეღწია ისეთი უვნებლობისათვის, როგორსაც ამონმა მიაღწია.

ერთხელ უდაბნოში მცხოვრებმა მამებმა ამონს სთხოვეს, კონსტანტინოპოლს წასულიყო და მონასტრებისათვის საჭირო სახმარი მიეტანა.

მთავარეპისკოპოსმა მას ეკლესიისათვის აუცილებელი სხვა ნივთების წაღებაც დაავალა. ნეტარი ამონი დაემორჩილა და სამეუფო ქალაქისკენ გასწია. როგორც კი მიუახლოვდა, კონსტანტინოპოლის ეპარტოზმა რუფინუსმა სთხოვა, მის სამლოცველოში დარჩენილიყო, რომელიც წმინდანთა განსასვენებლად აღეშენებინა. სწორედ ამ ტაძარში მონათლა წმინდა მამა ეპისკოპოსმა. რუფინუსის თხოვნით, ამონი აქ დარჩა და სულიერი ცხოვრების სწორად წარმართვაში შეეწეოდა.

გამოხდა მცირე ხანი. წმინდა მამა აღესრულა და აქვე დაიკრძალა. ამბობდნენ, ამონის საძვალე ყველას კურნავდა, ვისაც ციება ტანჯავდა.

სურათის წყარო


ბეჭდვა
1კ1