ღირსი მარკიანე პრესვიტერი (V საუკუნე) წელი) - 10 (23) იანვარი
ღირსი მარკიანე პრესვიტერი (V საუკუნე) წელი) - 10 (23) იანვარი
ღირსი მარკიანე მეხუთე საუკუნეში ცხოვრობდა და წარჩინებული და მდიდარი მშობლების შვილი იყო. სათნოებებით ყრმობითგანვე გამორჩეულს მუდამ სწყუროდა, წმინდა იოანე ნათლისმცემლისათვის მიებაძა, ამიტომ ხორცი მკაცრი მარხვით მოაუძლურა, ლოცვას მიეცა და გონება საღმრთო სიტყვთ განიწვრთნა.

მშობელთა გარდაცვალების შემდგომ მარკიანემ ღატაკნი დატოვებული ქონების თანამემკვიდრეებად აქცია, ყოველივე დაუთვლელად გასცა და კეთილგონიერი მონის მსგავსად, ზეცად იმგვარი განძი დაიუნჯა, რომელსაც მატლი ვერაფერს ვნებს.

მისი მართალი ცხოვრების ამბავი ყველამ შეიტყო. პატრიარქ ანატოლის (449 - 458 წლები) დიდი ძალისხმევა დასჭირდა, მარკიანე პრესვიტერად კურთხევაზე დაეყოლიებინა, შემდგომ კი მომდევნო პატრიარქმა გენადიმ (458 - 471 წლები) კონსტანტინოპოლის ყველაზე დიდი ტაძრის იკონომოსად დაადგინა.

წმინდა მამას მოწამენი ძლიერ უყვარდა და მათ სახელთა განსადიდებლად დიდად დაშვრა. მისი წყალობით წმინდა ანასტასიას ასხელობის დიდი ტაძარი. მისი კურთხევის დღეს მარკიანესთან მოწყალების სათხოვნელად უღატაკესი კაცი მისულა, ნეტარ მამას თანხა თან არ ჰქონია, უპოვარი მყუდრო ადგილას გაუყვანია, ერთადერთი სამოსი გაუხდია და მიუცია. შემდეგ, შიშველ სხეულზე სამღვდელო ანაფორაგადაცმული საკურთხეველში შესულა.

Lლიტურგიისას მის თანამწირველთ მოეჩვენათ, თითქოს ანაფორის ქვეშ მარკიანეს ბრწყინვალე, ძვირფასქვებიანი კაბა ემოსა, ყოველივე მაშინვე პატრიარქს შეატყობინეს, რომელმაც მეტისმეტი ფუფუნების გამო მკაცრად უსაყვედურა, მაგრამ როდესაც შეიტყო, მარკიანეს სამოსი საერთოდ არ გააჩნდა, გაოცდა და დადუმდა.
მისმა უბიწო ცხოვრებამ და უამრავმა სასწაულმა მრავალი ერეტკოსი მოაქცია.

ერთხელ მარკიანეს ლოცვით ხანძარი ჩაქრა, სხვა დროს კი აივნიდან გადმოვარდნილი, გარდაცვლილი ორსული მკვდრეთით აღდგა.

პატრიარქ გენადის წმინდა ირინეს სახელობის მცირე ტაძრის გაფართოება ეწადა და ეს საქმე იკონომოსს მიანდო. დაიძინა მარკიანემ და უფალი იხილა, რომელმაც, ვითარცა მოსეს და არა მხოლოდ ტაძრის ადგილი მიუთითა, ისიც, თუ რა ზომის და ფორმის უნდა ყოფილიყო.

ღირსი მამა მისი შენებისას სხვა მუშაკთა მსგავსად ირჯებოდა, თუმცა, მის დასრულებას ვეღარ მოესწრო.

ამ ტაძრის გარდა მის ხელთაგან კიდევ მრავალი ღვთის სახლი აიგო, იმათ კი, ვისაც ხარჯთა სიდიდე აშინებდა, ეტყოდა:

- საყვარელი ქალიშვილის გათხოვებისას რომელი მამა დაიშურებდა სახსარს მის შესამკობად? და განა ტაძარი, - ქრისტეს სასძლო, - მეტ მზრუნველობას არ იმსახურებს?

მის მართალ გულს არასოდეს დაჰვიწყნია უპოვარნი, კვლავინდებურად უანგარიშოდ გასცემდა, რაც გააჩნდა, ღამღამობით კი ქალაქის ყველაზე ღატაკ კვარტლებს ჩამოივლიდა და იმათ შეეწეოდა, ვინც დღისით მოწყალების თხოვნას ვერ ბედავდა.

არც იმათ ივიწყებდა, ვინც წუთისოფელი დაუტევა, აპატიოსნებდა და წესისამებრ მარხავდა, ხოლო საკუთარი სხეულით მოვაჭრეებს ხშირად იმდენ ფულს აძლევდა, ძველ ცხოვრებას აღარ მიბრუნებოდნენ, მათგან მრავალი კი, მისი მადლმოსილი სიტყვით შემონაზვნდა კიდეც.
მარკიანეს იმპერიის ყველაზე გამოჩინებული კაცნი მიაგებდნენ პატივს, თავისი ლოცვით შორეული მხარეებიდან მოსულ მომლოცველთ ხორცსაც უმრთელებდა და სულსაც.

ღირსი მამა 471 წელს აღესრულა.

სურათის წყარო
ბეჭდვა
1კ1