ღირსი დომენტიანე – მელიტინელი ეპისკოპოსი (+601) - 10 (23) იანვარი
ღირსი დომენტიანე – მელიტინელი ეპისკოპოსი (+601) - 10 (23) იანვარი
წმინდა დომეტიანე შეძლებულ, ღვთისმოსავ ოჯახში, იუსტინე მეორის მეფობის (565 - 578 წლები) ზეობისას დაიბადა. კარგი განათლების მიღების შემდეგ დაქორწინდა. მეუღლე მალევე გარდაეცვალა და სულიერი სიბრძნითა და ღვთისადმი სიყვარულით დაჯილდოებულმა დომეტიანემ ერისკაცობაზე უარი თქვა და მხურვალე ლოცვასა და მარხვას მიეცა.

უფლის ნებით, ოცდაათი წლისას მელიტინის ეპისკოპოსად დაესხა ხელი.

წმინდა მამა თავისი სამწყსოს კეთილი მწყემსი კი არ იყო მხოლოდ, არამედ უდიდესი განმანათლებელი - მთელ ქვეყანაში.

იმპერატორი მავრიკიოსი წმინდანს ხშირად გზავნიდა სპარსეთში მეფე ხოსროთან ბიზანტიასა და სპარსეთს შორის ურთიერთობების მოსაგვარებლად. ის ხოსრო მეორეს (590-628 წლები) მის წინააღმდეგ აჯანყებული თავადის, ვარამის დამორჩილებაშიც კი დაეხმარა.

ამის გამო იმპერატორის საუკეთესო მეგობარიც გახდა და მისგან აუწონავი ოქრო-ვერცხლი მიიღო ძღვნად. ღირსმა მამამ ძვირფასეულობა ეკლესია-მონასტრებს შესწირა და გლახაკთა თავშესაფრებს მოახმარა. კონსტანტინოპოლში ჩასვლის შემდეგ სული უფალს მალევე მიაბარა (601 წელი).
მისი წმინდა სხეული უდიდესი პატივით მიაბარეს მიწას მშობლიურ ქალაქ მელიტინში. დაკრძალვის ცერემონიალს თავად მეფე და დიდებულები ესწრებოდნენ.

წმინდა დომეტიანემ სიცოცხლეში და გარდაცვალების შემდეგაც უამრავი კურნება და სასწაული აღასრულა.

ბეჭდვა
1კ1