ღირსი მაკარი მაკრისი, კონსტანტინეპოლის ქრისტე პანტოკრატორის მონასტრის იღუმენი - 08 (21) იანვარი
ღირსი მაკარი მაკრისი, კონსტანტინეპოლის ქრისტე პანტოკრატორის მონასტრის იღუმენი - 08 (21) იანვარი
წმინდა მაკარი 1383 წელს თესალონიკში დაიბადა და ბრწყინვალე განათლებაც იქ მიიღო. დედის გარდაცვალების შემდგომ, რამდენადაც ანგელოსებრივი ცხოვრება დიდად სწყუროდა, შემონაზვნდა, ათონს მიაშურა და ვატოპედის მონასტერში დაფუძნდა. მაშინ 27 წლის იყო.

ათი წლის მანძილზე წინამძღვრობდა მაკარის ღვთივგანბრძნობილი ხუცესი, სახელად არმენოპულოსი, რომლის წყალობითაც გონებრივადაც განიბრძნობოდა და სულიერადაც და ღვთისგან არაერთგზის იქნა აღტაცებული ზეცად.

სწორედ მაკარიმ შეადგინა ქებათაქება მაქსიმე კავსოკალიველისა (ხსენება 13 იანვარს) და მთელი არსებით ცდილობდა ამ ანგელოსთასწორი ადამიანის მიბაძვას.

მოძღვრის გარდაცვალების შემდგომ, 1410 წელს, მაკარი წმინდა დავით სოლუნელს დაემოწაფა.

მღვდლად კურთხევის შემდგომ იგრძნო, რომ მდუმარების ღვაწლი უნდა ეტვირთა, თუმცა, სურვილი ვერ აისრულა, რადგან იმპერატორმა მანუელ მეორე პალეოლოგმა თავის წინამძღვართან ერთად კონსტანტინოპოლს უხმო სულიერ მოძღვრად და მრჩევლად. მაგრამ გარკვეული ხნის შემდგომ ორივე მამა კვლავ წმინდა მთას დაუბრუნდა, 1422 წელს კი ღირსი დავით სოლუნელმა ღვთივ განისვენა.

დიდხანს არ გაგრძელებულა წმინდა მაკარის განმარტოება, იმპერატორმა მალე კვლავ სთხოვა კონსტანტინოპოლს დაბრუნება, ღირსმა მამამ სტუდიის მონასტრის წინამძღვრობაზე უარი თქვა და პანტოკრატორის ნახევრად მიტოვებული მონასტრის იღუმენობა იტვირთა.

წმინდანი სერბეთსა და რუსეთშიც ჩავიდა და სერბეთის მეფის, სტეფანეს და მოსკოვის მიტროპოლიტის, ფოტის შემწეობით პანტოკრატორის სავანე აღადგინა და მრევლიც შემოიკრიბა.

1429 წელს რომის პაპმა, მარტინ მეხუთემ იგი რომში იმ ელჩობის ხელმძღვანელად დაადგინა, რომელსაც უნიის შესახებ უნდა მიეღო გადაწყვეტილება.
რომს გამგზავრებამდე, წინა დღეს იგი ჭირით დასნეულდა და 1431 წელს მიიცვალა.

ნეტარი მაკარის ხელთაგან შეიქმნა მრავალი წმინდანის ცხოვრება, ჰომილია და დოგმატური თხზულება მართლმადიდებელთა და ლათინთა შორის სხვაობების თაობაზე.

ბეჭდვა
1კ1