წმინდა ატიკა, მთავარეპისკოპოსი კონსტანტინოპოლისა - 08 (21) იანვარი
წმინდა ატიკა, მთავარეპისკოპოსი კონსტანტინოპოლისა - 08 (21) იანვარი
წმინდა ატიკა 4 - 5 საუკუნეთა მიჯნაზე ცხოვრობდა, სომხეთის სებასტიაში დაიბადა და მაკედონური ერესით მოწამლულმა ბერებმა აღზარდეს.

სრული ასაკი რომ შეუსრულდა, ატიკემ მათი ცრუმოძღვრება დაგმო, სულიწმინდას მკრეხელურად რომ შეურაცხყოფდა, მართლმადიდებლობას მოშურნედ შეუდგა და ასკეტური ღვაწლი იტვირთა.

იმპერატორ თეოდოსი დიდის ზეობისას კონსტანტინოპოლს გადავიდა, სადაც მღვდლად დაასხეს ხელი და წმინდა სოფიას უდიდებულეს ტაძარში იწყო მსახურება.

ღირსი მამა ბრწყინვალე მეხსიერებასა და მხურვალე რწმენას ფლობდა და მცირე განათლების მიუხედავად, სიტყვით და ქადაგებით ადამიანთა გულებზე ზემოქმედება შეეძლო.

მისი წმინდა ღვაწლისა და მადლიანი სიტყვის გამო მამა ატიკა, იმპერატორ არკადის ხელმწიფებისას, 406 წელს მთავარეპისკოპოსად იქნა არჩეული.
Nნეტარი მამა წმინდა ეკლესიას 20 წლის მანძილზე სიბრძნით განაგებდა და მტკიცედ ითხოვდა რწმენის სიწმინდისა და ზნეობის დაცვას, ერეტიკოსთ და განხეთქილებაში მყოფთ კი ძალზე ფრთხილად და სიყვარულით ეპყრობოდა, რამაც მრავალი მათგანი მიიზიდა და კვლავ შერთო წმინდა ეკლესიას.

სწორედ მისი წყალობით მოხვდა 422 წელს დიპტიქებში წმინდა იოანე ოქროპირის სახელი, მანამდე უსამართლოდ რომ ამოიშალა. სწორედ ამ წმინდა მამამ მონათლა იმპერატორ თეოდოსი უმცროსის (421 წელი) თანამეცხედრე, დედოფალი ევდოკია, ხელახლა აკურთხა წმინდა სოფიას ტაძარი, წმინდა იოანე ოქროპირის განდევნის (404 წელს) დღეს რომ დაიწვა.

წმინდა მამა 425 წელს მიიცვალა. მეოხ გვეყოს მისი ლოცვა ღვთის წინაშე!

.........................

წმინდა ატიკას ხატის წყარო
ბეჭდვა
1კ1