გრიგოლ საკვირველთმოქმედი, კიევო - პეჩორის სავანის განდეგილი (+1093 წელი) - 08 (21) იანვარი
გრიგოლ საკვირველთმოქმედი, კიევო - პეჩორის სავანის განდეგილი (+1093 წელი) - 08 (21) იანვარი
ღირსი გრიგოლი, კიევის მღვიმევის განდეგილი, XI საუკუნეში ცხოვრობდა, ნეტარი მამა მთელი ცხოვრების მანძილზე ბალახით საზრდოობდა. ამ ბალახს აძლევდა იგი შემწეობის სათხოვნელად მოსულ სნეულთაც, რომელნიც სასწაულებრივად იკურნებოდნენ.

ღირსი გრიგოლი ამ სავანეში ბერად ღირსი თეოდოსის (+1074, ხსენება 3 მაისს) სიცოცხლეში აღიკვეცა. წმიდანი ძალიან ბევრს კითხულობდა, – მისი ერთადერთი ქონება - წიგნები იყო.

წმინდა მამას ქურდების გონზე მოყვანის საოცარი უნარი ჰქონდა. მძარცველები ხშირად შეიპარებოდნენ ხოლმე მის სენაკსა და ბაღში, მაგრამ, წმიდა მამისაგან შეგონებულნი, სინანულში ჩავარდნილნი და უსჯულო ცხოვრებას დააგდებდნენ და მოიქცეოდნენ.

ერთხელ წმიდანი დნეპრზე წყლისთვის ჩავიდა. სალაშქროდ მიმავალმა მთავარ როსტისლავის ჭაბუკმა მეომრებმა სიცილი დააყარეს. ბერმა კი უთხრა: - ყმაწვილნო, ყოველ შემხვედრს ლოცვას უნდა სთხოვდეთ, რადგან უფალს განაჩენი უკვე გამოტანილი აქვს: - თქვენი მთავრიანად ყველას წყალი გშთანთქავთო!

განრისხებული სარდლის ბრძანებით ღირს გრიგოლს ხელ - ფეხი შეუკრეს, კისერზე ქვა გამოაბეს და დნეპრს მისცეს, მაგრამ მისი სიტყვა არ გაცუდებულა: - როსტისლავი ბრძოლიდან ვეღარ დაბრუნდა, – პოლონელებისგან უკუქცეული 20 წლის ჭაბუკი მდინარემ მოინელა.

მონასტრის ძმობამ ორი დღე ეძება მამა გრიგოლი, მესამე დღეს კი, როდესაც მისი სენაკის კარი გახსნეს, ხელფეხშეკრული და კისერზე ლოდგამობმული, სველი გრიგოლი იქ იხილეს...

ღირს მამას სახე უბრწყინავდა და სხეული ისეთი რბილი ჰქონდა, როგორც ცოცხალს... მამები ძლიერ განკვირდნენ, თუ ვის შეეძლო დახშული კარიდან გარდაცვლილი მონაზვნის შეყვანა, შემდეგ ადიდეს უფალი და წმინდა გრიგოლის სასწაულთმოქმედი ნაწილები იმ მღვიმეში დაფლეს, სადაც დღემდე უხრწნელად განისვენებენ...

წმინდა გრიგოლის ხატის წყარო

* * *
ამავე დღეს არის ხსენება სხვა გრიგოლ საკვირველთმოქმედისა, კიევის მღვიმევის სავანის განდეგილისა

ბეჭდვა
1კ1