ღირსი გრიგოლ აკრიტელი (+დაახლოებით 820 წელი) - 05 (18) იანვარი
ღირსი გრიგოლ აკრიტელი (+დაახლოებით 820 წელი) - 05 (18) იანვარი
ღირსი გრიგოლ აკრიტელი კუნძულ კრეტაზე დაახლოებით 755 წელს (ზოგი წყაროს ცნობით კი - 760 წელს) დაიბადა. დიდგვაროვანმა მშობლებმა, თეოფანემ და იულიანიამ, ღვთივსათნოდ აღზარდეს და თავიანთი ფარის მწყემსობა ჩააბარეს. თუმცა, დროსთან ერთად მისი გული ღვთის სიყვარულით აღივსო, ამიტომ სამშობლო დატოვა და სელევკიის მახლობლად, ისავრიაში დასახლდა.

თავის ახალ სამყოფელში უმკაცრეს მარხვასა და ლოცვას მიეცა, - ოდენ პურით და წყლით საზრდოობდა და სულს უფლის ჭურჭლად განიმზადებდა.

26 წლის იყო, ხატმებრძოლთა აგრესია რომ შესუსტდა და გრიგოლსაც მიეცა წმინდა მიწის მოლოცვის შესაძლებლობა. არაბთაგან და ებრაელთაგან საშინლად შევიწროებულმა აქ 12 წელი დაჰყო, საიდანაც რომში გადასახლდა და ბერადაც იქვე აღიკვეცა.

რომს ღირსი მამა წმიდა მიქაელს, სვინადელ ეპისკოპოსს (ხსენება 23 მაისს) დაუახლოვდა, რომელმაც დაარწმუნა, კონსტანტინოპოლს გაჰყოლოდა და ქალკედონის სიახლოვეს, აკრიტზე (მარმარილოს ზღვა) მდებარე სავანეში დაამკვიდრა.

ღირსი გრიგოლი ნებისმიერ ამინდში ფეხშიშველი, ერთადერთი პერანგის ამარა იარებოდა, ხმელ ლოგინზე ჩამოსთვლემდა და საზრდელსაც ორ - სამ დღეში ერთხელ იხმევდა. ღრმა მღვიმეში დიდი ხნით განმარტოებული დღედაღამ ცრემლით გამოითხოვდა უფლისგან წმინდა ეკლესიის მშვიდობას, იმხანად კვლავ რომ აამღვრია ხატმებრძოლთა ახალმა ტალღამ.

820 წელს მღვიმე დაუტევა და ვიწრო სენაკში დაეყუდა.

ღამღამობით გარეთ გამოდიოდა და ყინულოვანი წყლით სავსე კასრში შთაიფლებოდა, თან მთელ ფსალმუნს ერთიანად იგალობდა...

ამგვარი ღვაწლი გარდაცვალებამდე არ შეუწყვეტია, დაახლოებით 820 წელს კი მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.

....................................

* * *
ამავე დღეს არის ხსენება: წმინდა მოწამე თეოდიასი; ღირსი დომნინასი; ხსენება ღირსი ტატიანასი. ეს ღირსი დედა თავისი წმინდა, ასკეტური ღვაწლით სულიერად სრულ იქმნა, ღვთივსათნო ღვაწლით განდიდდა და უფლის წმინდანთა დასს შეერთო.


ბეჭდვა
1კ1