წმინდა ექვთიმე ღვთისკაცი (თაყაიშვილი) - 03 (16) იანვარი
წმინდა ექვთიმე ღვთისკაცი (თაყაიშვილი) - 03 (16) იანვარი
წმინდანობა და ერისკაცობა ისე არავის შეუდუღაბებია და შეუსისხლხორცებია, როგორც ექვთიმე თაყაიშვილს. სიცოცხლის განმავლობაში ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, ივანე ჯავახიშვილის გვერდით იდგა და მათთან ერთად დიდი წვლილი შეჰქონდა ქართველი ხალხის ეროვნული კულტურის ამაღლების, საქართველოს ისტორიული ცხოვრების წარმოჩენის, მისი განძეულის შეკრებისა და დაცვის დიდ მამულიშვილურ საქმეში.

იგი იყო საქართველოს ისტორიის ღრმა წყაროთმცოდნე და არქეოგრაფი, ქართული ეპიგრაფიკის მესაიდუმლე, პირველი არქეოლოგი, ძველი ქართული მწერლობის მაძიებელ-მკვლევარი, ხალხური სიტყვიერების დაუცხრომელი მაძიებელი, ფართო მაშტაბის ეთნოგრაფი, ცნობილი ნუმიზმატი, ისტორიული გეოგრაფიის მოამაგე, ერთი სიტყვით, ცოცხალი ენციკლოპედია, საქართველოს დიდი დიაპაზონის მკვლევარი-ანალიტიკოსი.

სხვებისათვის მიუწვდომელ ქარაფებზე ადიოდა და ძველი ციხეებისა და ეკლესიის ნანგრევებში ქართული ცივილიზაციის მარგალიტებს აგროვებდა. მხოლოდ უცხოეთში გადამალული ქართული განძი რომ დაეცვა და დაებრუნებინა სამშობლოში, ესეც ეყოფოდა საკუთარი სახელის უკვდავსაყოფად ექვთიმე თაყაიშვილს, მაგრამ თვით ამ საგანძურის უდიდესი ნაწილი მან ჯერ კიდევ საქართველოში ყოფნისას მოიპოვა, აღმოაჩინა და შეისყიდა.
ახლა კი ექვთიმე ღვთისკაცის ცხოვრების ნაკვალევს ფეხდაფეხ მივყვეთ.

ადრეული ბავშვობა

1863 წლის 5 იანვარს გურიის სოფელ ლიხაურში აზნაურ სვიმონ თაყაიშვილის ოჯახში მესამე ვაჟი დაიბადა. ვაჟის შეძენა, ისიც თავმომწონე აზნაურისთვის, დიდად საამაყო იყო და საგანგებო ზეიმითაც აღინიშნებოდა ხოლმე: ამაყი გურული კაცი ამ შემთხვევას თავისიანებს და სოფელს, პირველ რიგში, თოფის გასროლით აუწყებდა. მაგრამ ახალი წლის ამ საზეიმო დღეებში თაყაიშვილებთან თოფი არ გავარდნილა. ოჯახის თავკაცი ლოგინად იყო ჩავარდნილი. იგი რამდენიმე დღის შემდეგ გარდაიცვალა კიდეც და სოფელმა მაშინ გაიგო, რომ თაყაიშვილებთან ახალმა წელმა ერთდროულად მიიტანა სიხარულიც და უბედურებაც. ახალშობილს ექვთიმე დაარქვეს.

აზნაური სვიმონ თაყაიშვილი ჩინოსანი, კორდოს ოფიცერი - საზღვრის მცველი ყოფილა მაშინდელ გურია-ოსმალეთის ხაზზე. მას მამამისი შეუცვლია ამ თანამდებობაზე და სათანადო ჯილდოებიც დაუმსახურებია. სვიმონს სოფელში ჭკვიანი, დინჯი, სამართლიანი და ნასწავლი კაცის სახელი ჰქონდა მოხვეჭილი, კარგი პატრიოტიც ყოფილა.
დედა ნინო, თავად გიტული (გიტო) ნაკაშიძის ასული, სოფელ მაკვანეთიდან ყოფილა. ექვთიმეს ჰყავდა და ლისა და ძმები: ნიკო და ვარლამი.
ნაბოლარა ექვთიმე, ბედმა მამის ალერსი რომ არ არგუნა, დედას თითქოს მწუხარების გასანელებლად მოევლინა და განსაკუთრებით ანებივრებდა პატარას. თავს დასტრიალებდნენ უფროსი და, ძმები, მამიდები. მხოლოდ მკაცრი შინაბერა მამიდა ტუქსავდა ექვთიმეს გადაჭარბებული ცელქობის გამო, - ასე ნებაზე მიშვებული ბავშვი, ნახეთ, რა ყაჩაღი გამოვაო.
ექვთიმე დაუდეგარი ყმაწვილი ყოფილა. მთელი დღე დარბოდა, ღობე-ყორეს ედებოდა, საქონელს დასდევდა და აწიოკებდა. ბომბორა ძაღლი "ვარდია" მისი განუყრელი მეგობარი იყო. გადაჭარბებულმა ცელქობამ უბედურებაც შეამთხვია: სამი წლისამ ფეხი მოიტეხა.
ხეირიანი ექიმი სოფელში კი არა, მაზრაშიც არ მოიძებნებოდა. დამტვრეული ბავშვის ზედამხედველობა "მაკა მალაზონმა" იკისრა. მოტეხილი ფეხი არტაშანში ჩაუსვეს და სოფლური მალამოთი სწამლობდნენ. ძვლის შეზრდა დროზე ვერ მოხერხდა.
ბავშვმა წოლა ვერ აიტანა და არტაშნიანი ფეხით სიარული დაიწყო. ტკივილები განუახლდა, მონატეხი გაღიზიანდა და ძვალი დაუზიანდა - ზრდა შეფერხდა, ფეხი დაუმოკლდა და დაკოჭლდა. ამის გამო მას თანატოლები დასცინოდნენ და "კოჭლაბუხას" ეძახდნენ.
ხუთი წლის ექვთიმეს ახალი უბედურება დაატყდა თავს: დედა გარდაეცვალა. მოხუცებულობაშიც კი მკაფიოდ ახსოვდა ექვთიმეს დედასთან განშორების ტრაგიკული წუთები. "მასთან ვიწექი ლოგინში. ღამე გამაღვიძეს და ატირებული ძალათ მომაცილეს დედას. შემოდგომა თავდებოდა. ბუხარში ცეცხლი ენთო. ბუხრის წინ დამსვეს.
იქვე ჩემი ძმა ვარლამი იყო. აივანზე წივილ-კივილი ატყდა და მეზობლები მოგროვდნენ. მე არ მესმოდა, რა იყო სიკვდილი. ხანდახან მეზობლის ქალები შემოვიდოდნენ ჩვენთან და მოთქმით გვეუბნებოდნენ:
- "ვაი, უბედურებო, დედა აღარ გყავთ, ობლებად დარჩით, რა გეშველებათო!" თმაგაშლილი და სახედახოკილი ბებია, მოზლუქუნე უფროსი და-ძმები, ეზოში გაჭედილი ნათესავები, მეზობლები, ოთახში დასვენებული მშვიდად მძინარე დედა, რომელიც, ექვთიმე რომ გამოსათხოვრად მიიყვანეს, არ განძრეულა, არც კი იღიმოდა, ცივი და მიუკარებელი იყო.
ექვთიმეს შეეშინდა და ატირდა... ეს იყო და ეს. ამ მძიმე დღეებისა ექვთიმეს მეტი არაფერი დამახსოვრებია. მეორე დღეს ნათესავებს წაუყვანიათ და დედის გასვენებას არ დასწრებია. შემდეგ დედის ნათელი და ალერსიანი სახე თანდათან დავიწყების წყვდიადში ჩაიძირა. ობოლი ბიჭი ბებიის, ბიძების, მამიდების გარემოცვაში იზრდებოდა: ზოგმა მათგანმა ექვთიმეს ხასიათის ჩამოყალიბებაზე გადამწყვეტი გავლენა მოახდინა. ექვთიმე ბავშვობის წლებს რომ იგონებს, საგანგებოდ ჩერდება გარემოსა და გარემომცველ ადამიანებზე.
სამი ობოლი ძმის - ნიკოს, ვარლამისა და ექვთიმეს აღზრდა უკისრიათ ბებიას, დაქვრივებულ და შინ მობრუნებულ მამიდა მაკას, უფროს დას - ლისას და მის მეუღლეს სიმონ გოთუას, რომელიც ობოლი ცოლისძმების მეურვედ დაუნიშნავთ.
ოჯახში ყველაზე უფროსი და გავლენიანი მაკა ბებია იყო - საჯავახოელი შარაშიძის ქალი. მოხუცებულობაშიც კი წარმოსადეგი ყოფილა. ის იყო განმკარგულებელი, ყოველგვარი საქმის მოთავე, მეზობლების ჭირისა და ლხინის მოზიარე.
მისი მთავარი ხელობა მკურნალობა ყოფილა. მთელი ზაფხული აგროვებდა და ახმობდა მინდვრის ყვავილებს. ოზურგეთში, მეწვრილმანეთაგან "ბარგის წამლებსაც" ყიდულობდა, ყვავილების ძირებს ხარშავდა, აზავებდა, აბებს და ნაყენს აკეთებდა და ავადმყოფებს აძლევდა. საფასურს არ ითხოვდა, მაგრამ მადლიერ თანასოფლელებს მაინც მოჰქონდათ მოსაკითხი. ბუნებით მკაცრი ქალი დედურ სითბოს უმცროსი შვილიშვილისადმი ვერ მალავდა:
- "მე, ობოლს, უდედმამოს, უფრო მიბრალებდა და არავისაგან ისეთი მოფერება, ალერსი და მზრუნველობა არ მახსოვს, როგორც მისგან, - იგონებდა შემდეგ ექვთიმე, - იგი ოდა სახლში ვერ ჩრდებოდა, - აქ სული მეხუთებაო - და ღამეს ფაცხაში ათენებდა". უმცროს შვილიშვილსაც აქვე, თავის ლოგინში იწვენდა. "ბებია ზოგჯერ არ მაძინებდა, წიგნი იცოდა და ზღაპრებიცა. თხრობით მიქცევდა ხოლმე".
ექვთიმეს მეხსიერებაში ბოლომდე დარჩა კეთილი ხსოვნა მამიდებისა, რომლებიც ობოლს ხშირად დედის მაგივრობას უწევდნენ. განსაკუთრებით თბილად კი ის მაკა მამიდას იგონებდა.
მაკა მამიდა თაყაიშვილების ოჯახის ტონის მიმცემი და მთავარი დიასახლისი იყო. იცოდა დიდებული ხელსაქმე, სტუმრის საგანგებო მიღება და სანაქებო მასპინძლობა, სამეურნეო საქმეების გამგებლობის დიდებული ნიჭიც ჰქონდა. დიდი გონებაგახსნილი, შეგნებული ქალი ყოფილა მაკა.
თავდავიწყებამდე ჰყვარებია ქართული ლიტერატურა და განსაკუთრებით მისი გვირგვინი "ვეფხისტყაოსანი". ექვთიმე საგანგებოდ იგონებს მის არაჩვეულებრივ მახსოვრობას:
- "მამიდაჩემმა თავიდან ბოლომდე იცოდა ეს დიდებული ნაწარმოები ("ვეფხისტყაოსანი"). ანბანის რომელ ასოსაც დაუსახელებდი მას, იმ ასოთი დაწყებული ოთხი ტაეპი გაახსენდებოდა ხოლმე, თუ ვინმე შეცვლით, დამახინჯებით იტყოდა რუსთაველის ლექსსა, მამიდაჩემი დაუყოვნებლივ უსწორებდა. ყველამ იცოდა, რომ მაკას "ვეფხისტყაოსნის" ცოდნაში ბადალი არ ჰყავდა. ერთხელ ასეთი შემთხვევა მოხდა: მაკა ავად გახდა, დასუსტდა, ხმას ვერ იღებდა. იფიქრეს, დამუნჯდაო, მაგრამ როგორ შეემოწმებინათ! მე ვიცი მაგის წამალიო, - უთქვამს ვარდენ შარაშიძეს - დედით მაკას ბიძაშვილს, რომელიც იმ დროს სტუმრად ყოფილა თაყაიშვილების ოჯახში. "ვეფხისტყაოსანი" მომიტანეთო.
მიუტანეს. ვარდენი ავადმყოფის გვერდით დაჯდა და "ვეფხისტყაოსნის" ფურცვლას შეუდგა. ხან ერთ ადგილს კითხულობდა გამოთქმით, ხან მეორეს. მაკა თითქოს გაცოცხლდაო. ბიძაშვილისკენ გადმობრუნდა. ვარდენმა წაიკითხა: "მზე უშენოდ არ იქნების, რადგან შენ ხარ მისი წილი, განაღამცა მას ეახელ, მისი მოყმე, ართუ წბილი". ამის გაგონებაზე, - წერს ექვთიმე, - მაკამ ჩახლეჩილი ხმით, მაგრამ გარკვევით წარმოთქვა: "სტყუი, სტყუი! მისი ეტლი, ართუ წბილი" უნდაო. ჩვენ გაგვეცინა და გავმხიარულდით". ვარდენს თურმე განგებ შეეცვალა სიტყვა, - იცოდა, რომ ამას შეუსწორებელს არ დატოვებდა მაკა, თუკი ხმის ამოღებას შეძლებდა".
მაკა მორწმუნე ქალი იყო. სასულიერო ლიტერატურას კარგად იცნობდა და გაწაფული იყო საღვთო რჯულში. კარაბადინები ჰქონდა თავმოყრილი, ადრე დედას - მაკა ბებიას - წამლების დამზადებაშიც ეხმარებოდა, მაგრამ ექიმობას არ გაჰყოლია. ავადმყოფის არაჩვეულებრივი მოვლა იცოდა თურმე. ამასთან, ლექსების თხზვაც ეხერხებოდა. თავისუფალ დროს ჭრა-კერვას ანდომებდა და სოფელში ამ მხრივაც პირველი იყო. ამ კეთილშობილურმა თვისებებმა მაკას ლიხაურის მთელ საზოგადოებაში სახელი გაუთქვა. იგი ყველა გაჭირვებულის მოსარჩლე იყო. განსაკუთრებით ქალებს ექომაგებოდა და არავის დააჩაგვრინებდა სუსტსა და უუფლებოს.
ყოველივე ამის გამო თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის ნიჭი, შეუპოვარი შრომა და წრეები, რომლებშიც ე. თაყაიშვილი იზრდებოდა, ვითარდებოდა და ზნეობრივად ყალიბდებოდა, გახდა საფუძველი მისი გონებრივად და მორალურად ჩამოყალიბებისა, უმწიკვლობისა და სამშობლოსადმი თავდადებისა.
პატარა ექვთიმე უმეტესად შინ იყო ¬ - ლიხაურში, დადიოდა დასთან ძიმითში, ზოგჯერ დედის ნათესავებთან - მაკვანეთში, ან მამიდებს სტუმრობდა

გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე

წმინდა ექვთიმე თაყაიშვილთან დაკავშირებით ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ სხვა სტატიები - გადადით ლინკზე


ექვთიმე თაყაიშვილი - ოზურგეთისა და ფოთის სამაზრო სასწავლებლის მოწაფე


7-8 წლის ექვთიმე 1869 წელს ოზურგეთის სამაზრო სასწავლებლის მოსამზადებელ კლასში შეიყვანეს. მისი თქმით, "მხოლოდ მამიდა მაკამ შემიკერა ახალუხი და სკალატის ჩოხა. მიყიდა წუღები (მანამდე ფეხშიშველი დავდიოდი). ეს იყო ბავშვობაში პირველი და უკანასკნელი ხეირიანი ჩაცმა. შემდეგ ზამთარ-ზაფხულ პარუსინის ბლუზის მეტი არაფერი მცმია რა". ექვთიმეს ძალიან უჭირდა. მართალია, ნათესავები ნაწილობრივ ყურადღებას აქცევდნენ, მაგრამ მას მზრუნველობა მაინც აკლდა. თურმე სასწავლო წიგნებიც კი არ ჰქონია. "ჩემთვის სახელმძღვანელო წიგნი არასოდეს არავის არ უყიდნია. სამაზრო სასწავლებელში ყოფნისას ვიხსომებდი იმას, რასაც ზეპირად მოგვითხრობდა მასწავლებელი. რუსული ენის სახელმძღვანელო მხოლოდ ზოგიერთ მოწაფესა ჰქონდა - უფრო მეტად იმას, ვინც წლოვანებით დიდი იყო. მე ასეთებს ვეხმარებოდი გაკვეთილების სწავლაში და ამ სახით ვსარგებლობდი მათი წიგნებით", - წერს ექვთიმე.
"ოზურგეთის სამაზრო სასწავლებელში სწავლის დაწყების პირველი დღიდანვე თვალს არ მაშორებდნენ, - ამბობდა თურმე ექვთიმე, - მაგის ძმა, ნიკოია, ვერ დავაკავეთ სკოლაში და ეგეც არ გაგვექცესო. ჩემი სიძის, გოთუას, მიყვანილი ვიყავი და მას გაეფრთხილებინა მასწავლებელი, - ეს ყმაწვილი ფეხმტკივანი კია, მაგრამ სწრაფიაო..." ექვთიმე თავის ავტობიოგრაფიულ თხზულებაში შელამაზებით წერს: "სკოლაში გამეფებული სიმკაცრის გამო ნიკოია მართლაც იპარებოდა სკოლიდან, არც დატუქსვამ და არც დედის მოფერებამ მასზე არ იმოქმედა"...
იმ დროს ოზურგეთის სამაზრო სასწავლებელში მასწავლებლობდა დეკანოზი სიმონ ქიქოძე, ცნობილი ქართველი მოღვაწის, გაბრიელ ეპისკოპოსის ძმა, რომელიც საღმრთო რჯულს ასწავლიდა. მან წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა ექვთიმე თაყაიშვილზე. ოზურგეთში სწავლისას დაუახლოვდნენ ერთმანეთს ექვთიმე და ნიკო მარი, ისინი თანაკლასელები იყვნენ, მომავალში ეს ნაცნობობა დიდ მეგობრობაში გადაიზარდა.
ექვთიმეს ძალიან ჰყვარებია მასწავლებელი იოსებ თაყაიშვილი. იგი მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის კურსდამთავრებული გახლდათ. თუ რამეს მოსწავლეები რუსულად ვერ გაიგებდნენ, იოსები ქართულად უხსნიდა, ეს მაშინ აკრძალული იყო, ამას სხვა არავინ აკეთებდა. ექვთიმე ძალიან დაახლოებია მასწავლებელს. განსაკუთრებით დაამახსოვრდა მას ლხინი იოსებ თაყაიშვილის, გიორგი წერეთლისა და ლიხაურელი გონიერი გლეხკაცის, კაკაბაი ლომჯარიასი: როდესაც მასპინძელს სადღეგრძელოში მისთვის "საქართველოს პრეზიდენტობა" უსურვებია, ექვთიმეს ეჭვი გამოუთქვამს სამშობლოს ასე ადვილად გათავისუფლების შესაძლებლობაში და გიორგი წერეთელს ალერსიანად დაუტუქსავს ამგვარი ურწმუნოების გამო. იოსებს ექვთიმე დიდ პატივს სცემდა. კარგა ხნის შემდეგ, როდესაც იოსები გარდაიცვალა, ექვთიმე თბილისიდან ლიხაურში ჩასულა და გამოსამშვიდობებელი სიტყვა წარმოუთქვამს. "მიცვალებულზე სიტყვის თქმა, - წერს ექვთიმე, - ჯერ კიდევ არ იყო გურიაში მიღებული და ჩემმა სიტყვამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა დამსწრეებზე".
ოზურგეთის სამაზრო სასწავლებლის მოსამზადებელ კლასებში ორი წელი დაჰყვეს ნიკო მარმა და ექვთიმე თაყაიშვილმა. 1874 წელს სამაზრო სასწავლებელი საქალაქოდ გადაკეთდა, პროგრამაც გაკეთდა და თითო კლასში ორ-ორი განყოფილება იყო.…ამ დროს ექვთიმე მესამე კლასში გადადიოდა. ობოლს კვლავ ოთხი წელი რომ არ დასჭირვებოდა, მზრუნველმა სიძემ ფოთის სამაზრო სასწავლებელში ჩაარიცხვინა. ფოთში სასწავლებლად დროულად ვერ ჩასულა ექვთიმე, ვინაიდან სიძე-მეურვეს უნდა წაეყვანა იგი წყალ-წყალ, ეს უკანასკნელი კი ელოდა ნაგვიანევი კომბოსტოს ("ლახანას") შემოსვლას, რომ გასაყიდად წაეღო ფოთში. სუფსის შესართავთან ჭალადიდური დიდი ნავით ჩასულ ბავშვს პირველად დაუნახავს და გაჰკვირვებია შავი ზღვა, რომლითაც მას ნახევარი საუკუნის შემდეგ უცხოეთში გადახვეწა მოუხდა.
ფოთში სამიკიტნოს უკანა ოთახში ცხოვრობდა ოთხი მოწაფე. ექვთიმეს ხშირად ხელი ეშლებოდა მეცადინეობაში, მაგრამ აქ კვება უკეთესი იყო. "ოზურგეთში ერთხელ მაჭმევდნენ დღეში", ფოთში ბინაც გაიუმჯობესა, სწავლაშიც თანაკლასელებს დაეწია და გაუსწრო. მესამე კლასი წარმატებით დაამთავრა და კვლავ ლიხაურში დაბრუნდა.
1875-76 წლებში იგი ლიხაურშია. ექვთიმე უფრო ახლოს ეცნობა სოფელსა და მის ყოფას. ყმაწვილის ყურადღებას ჯერ კიდევ მაშინ იქცევდა სოფლის ისტორიული ძეგლები. 1873 წელს ისტორიკოსი დ. ბაქრაძე ჩასულა ლიხაურში და ღამე ექვთიმეს ბიძა ქაიხოსრო თაყაიშვილთან გაუთენებია. სტუმრის საქმიანობით ყმაწვილიც დაინტერესებულა. ესეც უნდა ყოფილიყო ერთ-ერთი საბაბი იმისა, რომ იგი არქეოლოგიამ გაიტაცა. მოხუცებულობაში იგი წერდა: "მე დავიბადე სოფელ ლეხაურში, რომელიც საუკეთესოდ ითვლება გურიაში - ჰავით, მდებარეობით, ძველი კარგად დაცული ციხით, ეკლესიებითა და მათში შემონახული სიძველით".
თაყაიშვილების ოჯახებში პატრიოტი ადამიანები იკრიბებოდნენ. ასევე ხდებოდა მისი დისა და მამიდების ოჯახებში. ცნობისმოყვარე მოსწავლე ყველგან ისმენდა საინტერესო საუბრებს პატრიოტიზმზე, ისტორიასა და ლიტერატურაზე. "თამამად შეიძლება ითქვას, - აღნიშნავს ექვთიმე, - რომ ის ოჯახები, რომლებთანაც ვიყავი დაკავშირებული, მრავალ მასალას იძლეოდნენ ჩემი განვითარების ზნეობრივ არეზე, ჩემი სულიერი ზრდისთვის".
ექვთიმე ახლოს იცნობდა აგრეთვე გურულების, ქუთაისელი წერეთლების, ლორთქიფანიძეების, წულუკიძეებისა და პეტერბურგელი მოწინავე ქართველების ოჯახებს. ყოველივე ამის გამო შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის გარემო, სადაც ექვთიმე იზრდებოდა, გახდა საფუძველი მისი გონებრივად და მორალურად ჩამოყალიბებისა და სამშობლოსადმი თავდადებისა.

ქუთაისის გიმნაზიაში

ფოთის სამაზრო სასწავლებლის დასრულების შემდეგ ექვთიმეს მეურვეს - სიძეს სურდა, იგი სოფლის მწერლად გაემწესებინა, რაც იმ დროისათვის რამდენადმე მაინც შემოსავლიანი საქმე იყო, მაგრამ ყმაწვილ ექვთიმეს ქუთაისის გიმნაზიაში სურდა სწავლის გაგრძელება. ექვთიმე აღნიშნავს: "მეთოთხმეტე წელში ვიყავი გადამდგარი. ჩემ მიერ სწავლის გაგრძელება ბიძაჩემსა და ჩემს სიძეს არ ეპიტნავებოდათ. ერჩივნათ სამსახურში მოვწყობილიყავი მწერლად. სიძემ დაიჩემა და ბიძამაც მითხრა: "ლეხაურელებმა მოციქული გამომიგზავნეს, ექვთიმე სოფლის მწერლად დაგვიდგესო". პრინციპულობა და სწავლისადმი დაუოკებელი გრძნობა ექვთიმეს ვერ შეუცვალა სოფლის კანცელარიის მოხელის შემოსავლიანი საქმის შეთავსებამ და ვერც უსახსრობამ.
სწავლის გაგრძელებას მოწყურებული ექვთიმე ქუთაისისკენ უფრო იმიტომ ილტვოდა, რომ იქ ოზურგეთელი თანაკლასელი ნიკო მარი ეგულებოდა. სურვილის განხორციელებას ხელი შეუწყო იმ გარემოებამ, რომ მაშინ ქუთაისის მახლობლად იდგა სამხედრო სასწავლო რაზმი - "უჩებნაია კომანდა", რომელშიც იმყოფებოდა ექვთიმეს უფროსი ძმა ნიკო. მას 1876 წელს შვებულება აუღია და ლიხაურში ჩასულა. უმცროსი ძმა ექვთიმე ატეხილა: ქუთაისში წამიყვანე, ლათინურ ენაში წავიმეცადინებ და გიმნაზიაში მოვეწყობიო. ნიკო თაყაიშვილი თავიდან უარზე ყოფილა: "ცოტა არ იყოს, რცხვენოდა კიდეც, კოჭლი ძმა რომ ვყავდი, როცა თვითონ მაღალ, კარგად მოსულ ლამაზ ვაჟკაცად მოვლენოდა ქვეყანას, მაგრამ იმით დავაინტერესე, რომ ჩემი წილიდან 100 მანეთი მივაცემინე ჩემს მეურვეს, ოღონდ კი წავეყვანე", - წერს ექვთიმე.
ნიკო თაყაიშვილმა უმცროსი ძმა ლიხაურიდან ქუთაისში წაიყვანა 1876 წლის ძლიერ ცივი ზამთრის დღეს. გულისტკივილით იგონებდა უკვე მოხუცი მეცნიერი:
- "არავის გახსენებია ჩემთვის საზამთრო ტანისამოსის დამზადება". ექვთიმეს მხოლოდ წამლებისა და პარუსინის ბლუზა სცმია. ორი დღის შემდეგ ჩაუღწევიათ "ტროიკით" ქუთაისში. პატარა ექვთიმეს ყაზარმაში მიუჩინეს ადგილი.
აქვე იკვებებოდა და სხვებს უკვირდათ, რომ მუდამ წიგნს კითხულობდა. ეს შეუმჩნევია "კომანდის" უფროსსაც. შესცოდებია ყმაწვილი და ყაზარმაში დარჩენის ნება დაურთავს. მაშინ ქუთაისში იმყოფებოდნენ იოსებ და კოწია თაყაიშვილები, მათი დახმარებით ექვთიმე ქუთაისის ერთ-ერთ შეძლებულ ოჯახს აუყვანია რეპეტიტორად.
ქუთაისში ექვთიმესთან დადიოდნენ ბიძაშვილი ერმილე ნაკაშიძე, რომელიც აგრეთვე ემზადებოდა გიმნაზიაში შესასვლელად და მისი ნათესავი, ლათინურში კარგი მოწაფე - მოსე კალანდარიშვილი.
ერმილეს შუამდგომლობით და ხარჯით ექვთიმე მოსესთან უნდა მომზადებულიყო იანვრიდან 15 ივნისამდე, მაგრამ მალე არდადეგები დაიწყო. მოსე და ერმილე მაკვანეთში წასულან.
ექვთიმეც იქ უნდა ჩასულიყო ლიხაურიდან, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო (მისი ძმა ვარლამი სტუმრობდათ, რომელსაც ქართული აღარ ახსოვდა, ხოლო მამიდა მაკასთან რუსული არავინ იცოდა, ექვთიმე მთარგმნელობდა) ვერ მოუხერხებია.
აგვისტოს დამლევს ვარლამი პეტერბურგს გაემგზავრა. ექვთიმემ გამოცდების წინა დღეებში წაიმეცადინა ლათინურში. ლათინურის არცოდნის გამო ექვთიმე მიიღეს პროგიმნაზიის II და არა III კლასში და ისევ წინააღმდეგობა: - სწავლის ნახევარი წლის საფასური, 6 მანეთი შეიქნა გადასახდელი - ექვთიმე ატირებული მისულა დიასახლისთან: "მესამე კლასში მწადდა შესვლა და ვერ შევედი, მეორეში მოვხვდი და იქიდანაც დამითხოვეს - სწავლის ფული ვერ შემაქვსო".
გულკეთილ დიასახლისს გაუხსნია დანაზოგების ყულაბა და შიგ 6 მანეთზე მეტი ძველი და ახალი ქართული და რუსული ლითონის ფული აღმოჩენილა. ექვთიმეს მიუტანია იგი ინსპექტორისთვის, რომელიც განცვიფრებულა - სად იშოვე ნუმიზმატიკის ეს კოლექციაო!
ასე, ნასესხები ფულის წყალობით დაიწყო ექვთიმემ პროგიმნაზიაში სიარული. შეეცოდა ინსპექტორს, ობლობისა და სიღარიბის ცნობა მიატანინა, სწავლის გადასახადიდან გაათავისუფლა და რადგან პანსიონში ადგილი აღარ იყო, სანაცვლოდ 8 მანეთი დაუნიშნა ყოველთვიურად.
პროგიმნაზიაში ექვთიმეს სახელი გაუთქვამს როგორც ბეჯით მოწაფეს. 35 მოწაფიდან IV კლასი მხოლოდ რვას დაუმთავრებია. 1879 წელს ე. თაყაიშვილი V კლასში ჩაირიცხა.
ქუთაისში ექვთიმე მოხვდა ოზურგეთელ თანაკლასელ ნიკო მართან, რომლის "უჩვეულო ნიჭიერებასა და დიდი მომავალს" მასწავლებლები ერთხმად აღიარებდნენ.
ახალ დირექტორს შეკითხვები მიუცია შეგირდისთვის. პასუხის მოსმენის შემდეგ ხმამაღლა განუცხადებია: "თაყაიშვილი კლასის მშვენებააო!"
ქუთაისში ეზიარა ექვთიმე მაშინდელ თანადროულობას. იგი იხსენებს:
- "აქაურმა თეატრმა თბილისიდან ჩამოსული მსახიობებით აიდგა ფეხი. ვასო აბაშიძე, კოტე მესხი, ლადო მესხიშვილი და სხვები აქ მართავდნენ სპექტაკლებს აკაკი წერეთლის რეჟისორობით და ჩვენ, გიმნაზიელები, დავდიოდით თეატრში".
ექვთიმე თაყაიშვილი და ნიკო მარი თანამოაზრენი იყვნენ. მათ გადაწყვეტილი ჰქონდათ, პეტერბურგში ისეთი ფაკულტეტი შეერჩიათ, რომელიც "უფრო იყო საჭირო საქართველოსთვის"...
ირკვევა, რომ ექვთიმე თაყაიშვილი არ კმაყოფილდებოდა მარტო საგიმნაზიო აკადემიური საგნების მომზადებით და თავის სახელოვან თანაგიმნაზიელთან ნიკო მართან თანამშრომლობდა ხელნაწერ ჟურნალ "ბედში", სადაც აიდგა მან ფეხი როგორც მომავალმა დიდმა მეცნიერმა და ეროვნული სიძველეების დაუღალავმა მოჭირნახულემ.
ამ ჟურნალში "ე. თ"-ს და "თ"-ს ფსევდონიმებით გამოქვეყნებულია ექვთიმე თაყაიშვილის ორი წერილი: "ქუთაისიდგან უწერამდე" და "ლეგენდა". პირველი ეხება 1880 წლის ზაფხულში გიმნაზიელი ექვთიმე თაყაიშვილის მოგზაურობას ქუთაისიდან უწერამდე, ხოლო "ლეგენდა" გადმოგვცემს მანამდე უცნობ თქმულებას მშობლიურ სოფელ ლიხაურთან ახლოს მდგარ XIIIს-ის აჭის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის შესახებ.

პეტერბურგში სწავლა

ექვთიმე თაყაიშვილი ამავე 1883 წლის სექტემბერში მოეწყო პეტერბურგის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიურ ფაკულტეტზე. მას გზის ფულად მისცეს 100 მანეთი, ჰქონდა რეპეტიტორობიდან დანაზოგი 300 მანეთიც და ოჯახის წილიდან 300 მანეთი მიუღია. ეს 700 მანეთი და სტიპენდია უნდა გამოეზოგა სტუდენტობის წლებში სამსახურის ჯამაგირამდე.
ექვთიმე პეტერბურგში გაემგზავრა თანაგიმნაზიელ ვანო გურულთან ერთად. პეტერბურგში წასასვლელად ექვთიმემ საქართველოს სამხედრო გზა აირჩია. ადვილი შესაძლებელია, ეს სურვილი მასში ილია ჭავჭავაძის "მგზავრის წერილებმა" აღძრა.
ექვთიმემ ვანოც აიყოლია. მცხეთიდან ვლადიკავკაზში "ტროიკით" გაემგზავრნენ. სამხედრო გზის განუმეორებელი სილამაზე მათ აღტაცებას იწვევდა. ღამის გათევა ლარსში მოუხდათ.
აგვისტოს მიწურული იყო და მთაში უკვე ციოდა, ასე რომ "ტროიკაში" ახალგაზრდებმა ლოგინი გაშალეს. მიუხედავად დაღლილობისა, შთაბეჭდილება დიდებული და მარად სამახსოვრო იყო.
მეორე დღეს საღამოთი ვლადიკავკავში იყვნენ, ერთი ღამის გათევა იქაც მოუხდათ .ვლადიკავკავიდან მატარებლით პეტერბურგისაკენ გაემგზავრნენ. პეტერბურგში ახალგაზრდებს ვანოს ბიძა ვასო გურიელი და მისი მოურავი დახვდათ.
დაბინავებისა და ქალაქის გაცნობის შემდეგ სანახაობათა სიდიადით განცვიფრებულმა ჭაბუკებმა ფეხი შედგეს აღთქმულ უნივერსიტეტში. ლიხაურელი ახალგაზრდა ექვთიმესთვის, რომელიც საქართველოს გარეთ არც ერთ ქალაქში ნამყოფი არ იყო, რუსეთის იმპერიის სატახტო ქალაქში ცხოვრება ძალიან ბევრს ნიშნავდა. ექვთიმე თვითონ წერს:
- "მე იმთავითვე უსათუოდ მინდოდა პეტერბურგის უნივერსიტეტში შესვლა, რადგან პეტერბურგი უფრო ევროპული ქალაქი იყო, ვიდრე, მაგალითად, მოსკოვი..." აქ გაუფართოვდა მას აზროვნებითი და მხედველობითი არეები, მიიღო აკადმიური განათლება და გაეცნო იმ მოწინავე ქართველებსაც, რომლებთანაც შემდეგში ურთიერთობა შეიძლებოდა ჰქონოდა. მაგალითად, აქ გაეცნო იგი ილია ჭავჭავაძეს, ვაჟა-ფშაველასა და ბევრ სხვას.
მეორე კურსზე იყო ექვთიმე, როცა 1884 წელს ნიკო მარი მოეწყო აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე.
სიყრმის მეგობრები კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს. მართალია, სხვადასხვა ფაკულტეტზე სწავლობენ, მაგრამ აქაც ახლოს არიან, წიგნზე დამოუკიდებელი მუშაობის გარდა, ერთადაც კითხულობენ, აღამებენ ბიბლიოთეკებში, კავშირს არც თბილისთან და ქუთაისთან წყვეტენ, პეტერბურგშივე იკრიბებიან ნ. მარის ბინაზე, სადაც იმეორებენ დადებულ პირობას - უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე დაბრუნდნენ საქართველოში და ემსახურონ მშობელ ხალხს.
ექვთიმე სიამაყის გრძნობით წერს: - ნიკო, მართლაც, მსოფლიო მნიშვნელობის მეცნიერად გამოიზარდა და გააცნო საზღვარგარეთს ქართველი ერის კულტურა, რასაც, რაღა თქმა უნდა, თბილისში მოღვაწეობით ნაკლებ შეძლებდაო.
პეტერბურგის სახელმწიფო ისტორიულ არქივში დაცულია სტუდენტ ექვთიმე თაყაიშვილის პირადი საქმე, რომელშიც დევს განცხადებები პეტერბურგში ცხოვრების ნებართვისა და საზაფხულო არდადეგებზე პავლოვსკში, ერთხელ თბილისში და ერთხელაც სხვაგან გასვლის შესახებ.
პავლოვსკის არდადეგებიდან პეტერბურგში დაბრუნებულ და მეორე კურსზე გადასულ სტუდენტ ექვთიმე თაყაიშვილს 1884 წელს უთხოვია სიღარიბის გამო ლექციების მოსმენისთვის საჭირო თანხის გადახდისგან განთავისუფლება...
არ ვიცით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებისა თუ სამშობლოს მონატრების გამო, მაგრამ ფაქტია, რომ მესამე კურსის სტუდენტ ექვთიმე თაყაიშვილს გადაუწყვეტია, 1886 წლის ზაფხულის არდადეგები საქართველოში გაეტარებინა.
დათქმული პირობის თანახმად, თაყაიშვილი 1 სექტემბრისთვის პეტერბურგს უნდა დაბრუნებულიყო, მაგრამ ავადმყოფობის გამო სამშობლოდან ვერ წამოსულა.
1887 წელს ექვთიმე თაყაიშვილმა წარმატებით ჩააბარა სახელმწიფო გამოცდები, იმავე წელს ზაფხულში იქვე დარჩა, იშრომა და კანდიდატის ხარისხი დაიმსახურა. ექვთიმე წერს: "კანდიდატის ხარისხი რომ მოეცათ, ყველა საგანში ხუთიანი უნდა მიგეღო სახელმწიფო გამოცდებზე". მან წარმატებით მიაღწია მიზანს.
არსებული წესის თანახმად, კავკასიის სტიპენდიატი უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ვალდებული იყო ხუთი წელი ემუშავა კავკასიის რომელიმე პროვინციულ სასწავლებელში (ოღონდ არა საქართველოში), მაგრამ ექვთიმეს თავი დაუხსნია ამ მძიმე ვალდებულებისგან იმ მიზეზით, რომ მთავრობამ კავკასიაში მას ვერსად აღმოუჩინა ადგილი.
ექვთიმე თბილისში დარჩა და 1887 წლის შემოდგომაზე ქართულ სათავადაზნაურო სკოლაში ლათინური ენის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა...
ასე დარჩა პეტერბურგის არქივში საუკუნეზე მეტხანს მტვერწაყრილი ექვთიმე თაყაიშვილის უცნობი საკანდიდატო დისერტაცია "Отношения Росცии к Грузии до конца смутного времени", რომელიც გურამ შარაძემ აღმოაჩინა და გამოქვეყნებულია მის წიგნში "...ასე იწყებოდა ექვთიმე თაყაიშვილი".
ნ. მარი პეტერბურგში დარჩა. მან ერთი წლის შემდეგ დაასრულა სწავლა, თბილისში გადმოსვლას რომ აპირებდა, თაყაიშვილმა მისწერა: "ფეხი არ მოიცვალო პეტერბურგიდან, შენი ადგილი მანდაა, აქ მე დამიპირეს გაფუჭება და შენ სიფიცხეს უფრო არ აიტანენ!.."
უმაღლესი განათლების დიპლომი ექვთიმე თაყაიშვილს ისტორიისა და კლასიკური ენების მასწავლებლობის უფლებას ანიჭებდა.

გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე

მოღვაწეობა საქართველოში (1887-1921)

1887-1894 წლებში ექვთიმე თაყაიშვილი თბილისის ქართულ სათავადაზნაურო სკოლასა და კლასიკურ გიმნაზიაში, დირექტორის, ალექსი ჭიჭინაძის მიწვევით, ბერძნულ და ლათინურ ენებს ასწავლიდა.
1888 წელს ი. გოგებაშვილის წინადადებით აირჩიეს "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" წევრად, საქართველოს მუზეუმის კომიტეტისა და ქართული დრამატული საზოგადოების წევრადაც; ექვთიმე პარალელურად აქვეყნებდა ძველ ხელნაწერთა აღწერილობებს გაზეთ "ივერიაში".
ექვთიმე თაყაიშვილის პირველ სამეცნიერო ნაბიჯებს მტკიცე ნიადაგი მოუმზადა ისტორიკოსმა დიმიტრი ბაქრაძემ, რომელსაც ექვთიმე შეხვდა გიმნაზიაში მასწავლებლობის დაწყებიდან ერთ წელიწადში. მათ დააარსეს "საქართველოს საეგზარქოსო მუზეუმი", რომელშიც თავს უყრიდნენ ხმარებიდან გამოსულ ძველ საეკლესიო წიგნებს, ხელნაწერებს, ნივთებს. იკვლევდნენ მათ, აწესრიგებდნენ.
ისინი ხშირად ერთად მოგზაურობდნენ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, ერთად ეძებდნენ, კრებდნენ ძველ ქართულ ხელნაწერებს, სწავლობდნენ და აბინავებდნენ მუზეუმში.
- "საზოგადოების წევრი რომ გავხდი, მივიხედ-მოვიხედე; შევიტყვე, რომ იმ ძვირფას ხელნაწერებს კაცი პატრონი არა ჰყავდა და ძალაუნებურად მოვკიდე ხელი, დავუწყე პატრონობა. მერე თანდათან გამიტაცა, შემიყვარდა და ვიწყე ზრუნვა დაღუპვისაგან მათ გადარჩენაზე. თან ახალ-ახალსაც ვაგროვებდი, შემოწირულით აღარ ვჯერდებოდი. საზოგადოების ხარჯზე შეძენაც დავიწყე. სხვადასხვა კუთხეში მიმოწერა გავაჩაღე, აგენტები გავიჩინე", - წერს ექვთიმე თაყაიშვილი.
1888 წელს ექვთიმემ შეისწავლა და გამოიკვლია "პარხლის სახარება". ამას მოჰყვა შატბერდული "მოქცევაი ქართლისაის" ახლებური წაკითხვა და დათარიღება.
1891 წელს ექვთიმე თაყაიშვილმა გამოსცა "ახალი ვარიანტი წმ. ნინოს ცხოვრებისა ანუ მეორე ნაწილი ქართლის მოქცევისა". საქართველოს ადრეული ისტორიისთვის უმნიშვნელვანესი იყო მის მიერ აღმოჩენილი "ხელმწიფის კარის გარიგების" ხელნაწერი.
ეს ხელნაწერი ექვთიმემ ქართლში მოგზაურობის დროს გაპარტახებულ სახლში იპოვა. 1920 წლის მაისში თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობამ "ხელმწიფის კარის გარიგება" მისი გამოკვლევით და წინასიტყვაობით გამოსცა. ასევე გამოკვლეული აქვს "აბდულმესიანის", "თამარიანის", "ვისრამიანის", "ამირანდარეჯანიანის", "როსტომიანის", "ქილილა და დამანას", "რუსუდანიანის", "ომაინიანის", თეიმურაზ I-ის თხზულებათა, თეიმურაზ ბატონიშვილის რუსთველოლოგიური შენიშვნებისა და სხვა მრავალი ხელნაწერი.
დიდი მნიშვნელობა ენიჭება ექვთიმე თაყაიშვილის მიერ აღმოჩენილ "ვეფხისტყაოსნის" ძველ ხელნაწერებს. მან თავი მოუყარა 17 ხელნაწერს, რომელთა შორის ზოგი მეტად საყურადღებო იყო როგორც ვარიანტებით, ისე მხატვრობით; საერთოდ კი, 24 ხელნაწერის შესახებ მოკრიბა ცნობები.
ექვთიმე თაყაიშვილის მიერ თავმოყრილ "ვეფხისტყაოსნის" ხელნაწერთა შორის უძველესი იყო 1646 წლის, რომელიც ვინმე კორინთელისგან შეიძინა, ასევე მეფე გიორგი XI-ისთვის 1680 წელს მისი მდივნის მიერ გადაწერილი "ვეფხისტყაოსანი".
ეს ხელნაწერი გამოირჩევა თავისი მოხატულობით.
ექვთიმე თაყაიშვილის დიდი დამსახურებაა გადარჩენა პელაგია წერეთლისეული "ვეფხისტყაოსნისა", რომელიც სიუჟეტური მინიატურებით იყო დასურათებული.
1892 წელს ექვთიმე თაყაიშვილი ილია ჭავჭავაძეს ნიკოლოზ ბარათაშვილის ნეშტის განჯიდან თბილისში გადმოსვენებაში ეხმარებოდა. მალე ექვთიმეს რედაქტორობით "წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ" გამოსცა ნიკოლოზ ბარათაშვილის თხზულებათა პირველი სრული კრებული.
1894 წელს ექვთიმე თაყაიშვილს შესთავაზეს თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიის ხელმძღვანელობა.
ექვთიმე ცივ უარზე დადგა, მაგრამ რაკი არ მოეშვნენ, თავისი პირობები წამოაყენა: - სასწავლებელს ყოველ წელს ერთი წელი მომატებოდა გიმნაზიის კურსის სისრულისთვის; თავადაზნაურობის კომიტეტში გიმნაზიის დირექტორი სასწავლო საკითხებზე დამოუკიდებელი ყოფილიყო; მასწავლებელთა ხელფასი გაზრდილიყო; სასწავლებელს ბუღალტერი დანიშვნოდა და საფინანსო-სამეურნეო საქმეები მოეგვარებინა.
ყველა ეს მოთხოვნა დაუკმაყოფილეს და ექვთიმე თაყაიშვილსაც ისღა დარჩენოდა, გიმნაზიის დირექტორობა მიეღო. პედაგოგი და ლიტერატურათმცოდნე იპოლიტე ვართაგავა იხსენებდა:
- "თაყაიშვილი რომ გიმნაზიას დირექტორობდა, სემინარიაში ვსწავლობდი. ლაპარაკობდნენ: გამგის ეტლი რომ გამოჩნდება, სკოლა ირინდება, ექვთიმეს კორიდორში გავლისას არა მხოლოდ მოწაფეები, მასწავლებლებიც კი კედლებს ეკვრიანო, სუფთად ჩაუცმელი და გაკვეთილებმოუმზადებელი, მოსწავლე კი არა, მასწავლებელიც ვერ ჩნდებოდა სკოლაში. ეს მკაცრი დირექტორი უაღრესად სამართლიანი და გულისხმიერიც იყო, ის ყველას ისე შეუყვარდა, ვისმეს თვალში რომ ჩავარდნოდა, ხელს არ მოისვამდა. მშობლები ამაყობდნენ, შვილი თაყაიშვილთან მყავსო. თაყაიშვილი ავტორიტეტულ და მისაბაძ პიროვნებად იყო აღიარებული".
- "ექვთიმე სპეციალობით არც არქეოლოგი იყო, არც ხელოვნებათა მეცნიერი, არც ისტორიკოსი, არც ქართული ფილოლოგიის სწავლული. მაგრამ იგი იმავე დროს ერთიც იყო, მეორეც, მესამეც და მეოთხეც. სიდიადე მისი სულისა სწორედ აქ არის - მან თავისი ერის სამსახურისთვის ეს მეცნიერებანი თვით შეისწავლა. იგი იყო "მოხალისე", "მოყვარული", მაგრამ ნამდვილი ბატონი საქართველოს წარსულის კვლევის ფართო ნიადაგზედ. იგი იყო განმგრძობი დიმიტრი ბაქრაძის, თავისი უფროსი თანამედროვის თ. ჟორდანიას და სხვათა ღვაწლისა, რომელთაც იგივე მიზანი ხელმძღვანელობდა მათი უანგარო, დაუღალავი და ხანგრძლივი შრომის დროს" (პროფესორი მიხაკო წერეთელი).
წარმატებული არქეოლოგიური საქმიანობისთვის ექვთიმე 1901 წლიდან მოსკოვის არქეოლოგიური საზოგადოების წევრ-კორესპონდენტი გახდა, იმავე წელს თაყაიშვილი რუსული გეოგრაფიული საზოგადოების კავკასიის განყოფილების ნამდვილ წევრად აირჩიეს.
1905-1918 წლებში იგი მოსკოვის არქეოლოგიური საზოგადოების კავკასიის განყოფილების მდივანი იყო.
1907 წელს, დ. ბაქრაძის გარდაცვალების შემდეგ, ექვთიმემ დააარსა "საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოება", რომლის მიზანი საქართველოს ისტორიის, მისი ხალხის ყოფა-ცხოვრების, ხელოვნების ძეგლების შესწავლა იყო. საზოგადოების თავმჯდომარე თავად ექვთიმე თაყაიშვილი იყო 1921 წლამდე.
საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებამ ფართო და ნაყოფიერი მუშაობა გაშალა. შეგროვება-შესყიდვით რამდენიმე წელიწადში მნიშვნელოვან მასალას მოუყარა თავი. მათ შორის იყო სხვადასხვა "საარქეოლოგიო და საეთნოგრაფიო ნივთი", ხელნაწერები... ცალკე კოლექციას შეადგენდა ეკლესია-მონასტრების კედლებიდან გადმოღებული ფრესკები - 73 ძველი ფრესკის პირი. ექვთიმეს რედაქტორობით გამოვიდა ამ საზოგადოების კრებული "ძველი საქართველო" და "საქართველოს სიძველენი".
- "საქართველო დავიარე და დავინახე, თუ რა უზარმაზარი მასალაა განწირული დავიწყებისა და ხშირად დაღუპვისთვისაც, პირდაპირ ამიტანა ფანატიკურმა მისწრაფებამ, რაც შეიძლება მეტი მომესწრო, მით უმეტეს, რომ ჩემ თანამედროვეთაგან აღარავინ მისდევდა ამ საქმეს... რამდენს ვცდილობდი, რას არ ვკიდებდი ხელს, მაგრამ რამდენი რამ მაინც ვერ მოვასწარი... არ იყო ხალხი, თითო-ოროლა კაცის მეტი არ ეკარებოდა ასეთ საქმეს; არ ესმოდათ ამის მნიშვნელობა და გემო!.. რუსთველის გამზირზე სეირნობასა და პოპულარული სტატია-წიგნების კითხვას ან ლიტერატურულ კამათს იქით აღარ მიდიოდა მათი მონდომება... თითქოს გვყავდა ინტელიგენცია, მაგრამ ნამდვილად და ღრმად ვერავინ ხვდებოდა კულტურული მემკვიდრეობის მოვლა-პატრონობისა და ადგილობრივ შესწავლის აუცილებლობას!" - წერს ექვთიმე თაყაიშვილი.

ექვთიმე თაყაიშვილის არქეოლოგიური მოგზაურობანი

ძალიან საინტერესოა ექვთიმე თაყაიშვილის მეცნიერული მემკვიდრეობის ერთი მნიშვნელოვანი მხარე - არქეოლოგიური მოგზაურობები, რომლებსაც აწყობდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში.
ექსკურსიების (როგორც თავად ექვთიმე უწოდებდა ამგვარ ღონისძიებებს) მიზანი მრავალმხრივი იყო: არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული ნივთების შეგროვება, ისტორიული ძეგლების შესწავლა - ანაზომების, გეგმა-ჭრილებისა და ჩანახატების გაკეთება, ფრესკების ასლების გადმოღება, ეპიგრაფიკული მასალის შეგროვება, ძეგლების ფოტოგრაფირება, ეკლესია-მონასტრებში დაცული ნივთების აღწერა და ადგილზე შესწავლა, ხოლო სადაც შესაძლებელი იყო, მათი შეძენა და მუზეუმებში დაბინავება...
მოგზაურობებთან დაკავშირებული ერთი საინტერესო დეტალი: 1907 წელს, კოლა-ოლთისში მოგზაურობისას, სოლომონისის მღვიმე-ეკლესიაზე ძნელი ასასვლელი ყოფილა და მესხებს ხელით აუყვანიათ კოჭლი მეცნიერი.

ექსკურსიათა ქრონოლოგია:

1889 წელი - ექვთიმე თაყაიშვილის პირველი აქეოლოგიური მოგზაურობა. თებერვალში იგი დიმიტრი ბაქრაძესთან ერთად მცხეთას გაემგზავრა. მათ სვეტიცხოველში ბევრი საინტერესო ხელნაწერი უნახავთ და თან წამოუღიათ. შემდეგ, ზაფხულში, თაყაიშვილი პედაგოგიური მივლინებით იმყოფებოდა სურამში. თავისუფალ დროს სიძველეთა ძებნასა და დათვალიერებაში ატარებდა. აქ, ერთ-ერთი სოფლის ეკლესიაში, მიაგნო სახარებას, რომელიც სამეცნიერო ლიტერატურაში პარხლის ოთხთავის სახელწოდებითაა ცნობილი.
1902 წელი - თაყაიშვილის პირველი მოგზაურობა სამხრეთ საქართველოში. მას თან ახლდნენ ხუროთმოძღვარი სიმონ კლდიაშვილი და ფოტოგრაფი ალექსანდრე მამუჩაიშვილი. გამოკვლეულ იქნა ახალციხე-ახალქალაქისა და არტაან-ოლთისის ზოგიერთი ძეგლი.
1907 წელი - მეორე ექსპედიცია სამხრეთ საქართველოში. ექვთიმესთან ერთად ექსპედიციის შემადგენლობაში იყვნენ ხუროთმოძღვარი ანატოლი კალგინი და ფოტოგრაფი ედუარდ ლიოზენი.
თაყაიშვილმა შეისწავლა კოლას რაიონის ძეგლები და დაამთავრა ოლთისის ოლქის ძეგლებზე მუშაობა. შეისწავლა ბანას ტაძარი, ქ. ოლთისი, ტაოსკარი, მოინახულა ფანასკერტი (თუმცა აქ მან ვერაფერს მიაკვლია).
მუშაობის შედეგები ექ. თაყაიშვილმა გამოაქვეყნა პარიზში 1938 წელს - "არქეოლოგიური ექსპედიცია კოლა-ოლთისში და ჩანგლში 1907 წელს" (სოფ. ჩანგლში აღმოჩნდა ჯვრის ტიპის ეკლესია, რომელსაც მეტად საინტერესო ქართული წარწერები ჰქონდა).
1908 წელი - ახალდაარსებული საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოება აწყობს თავის პირველ არქეოლოგიურ მოგზაურობას. ექსპედიციის წევრები ექ. თაყაიშვილი და არისტო ქუთათელაძე მიემგზავრებიან სოფ. ატენში და ეცნობიან ადგილობრივ სიძველეებს.
1909 წელი - "საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების თავმჯდომარე ექვთიმე თაყაიშვილი და საზოგადოების ხაზინადარი ალექსანდრე სარაჯიშვილი ესტუმრნენ გორსა და ქართლის შემდეგ სოფლებს: - ახალქალაქს, დოესს, ოთარაშენს, მეჯვრისხევს, იკორთას, ხელთუბანს, კასპს, ლამისყანას, ოძისს, ქსოვრისს, მუხრანს. შეკრიბეს მრავალი სიგელ-გუჯარი და რამდენიმე ხელნაწერი. აღნიშნული ექსპედიცია იმით იყო მნიშვნელოვანი, რომ მან ქართულ სოფლებში სხვადასხვა სიძველის დიდძალი რაოდენობით არსებობა დაადასტურა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოება დააყენა ფართომასშტაბიან ექსპედიციათა მოწყობის აუცილებლობის წინაშე: - საჭიროა მთელი საქართველოს მოვლა და ამ ძვირფასი საუნჯის პატრონობა, დღევანდელ პირობებში ადვილად შესაძლოა ეს დაუფასებელი საუნჯე სამუდამოთ დაიღუპოს" (ამონაწერი საზოგადოების ოქმიდან, "ძველი საქართველო", III, 1913-14).
1910 წელი - საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების ექსპედიცია ლეჩხუმსა და სვანეთში. ხელმძღვანელი ექვთიმე თაყაიშვილი, წევრები: სიმონ კლდიაშვილი (ხუროთმოძღვარი), დიმიტრი ერმაკოვი (ფოტოგრაფი) და ივანე ნიჟარაძე. მოგზაურობა დააფინანსა საზოგადოების წევრმა და მისმა მეცენატმა პეტრე თუმანიშვილმა.
ექსპედიციამ შეისწავლა სვანეთისა და ლეჩხუმის ქრისტიანული კულტურის ძეგლების დიდი ნაწილი, ფოტოგრაფიულად გადაიღო სოფლების საერთო ხედები, ისტორიული ძეგლები, ხელოვნების ნიმუშები, შეგროვილ იქნა დიდძალი სამუზეუმო მასალა.
ექსპედიციის დროს შეკრებილი მასალა წარწერათა და სიძველეთა მოკლე აღწერილობის სახით გამოიცა პარიზში 1937 წელს - "არქეოლოგიური ექსპედიცია ლეჩხუმ-სვანეთში 1910 წელს".
სვანეთის სიძველეთა შესწავლას ექვთიმე თაყაიშვილი მიჰყავს ორ მნიშვნელოვან დასკვნამდე: 1) "წინათ ფიქრობდნენ, სიმრავლე ჯვარ-ხატებისა და ხელნაწერებისა, რომელნიც სვანეთში იყო, აიხსნებოდა იმით, რომ სვანეთში ეზიდებოდენ ამ ნივთებს შესანახად და გადასარჩენად განადგურებისაგან მტერთა შემოსევის დროს.
ეჭვი არ არის, ამასაც ადგილი ჰქონდა, მაგრამ ჩვენის დაკვირვებით, ცხრა მეათედი ჯვარ-ხატებისა თვით სვანეთშია დამზადებული. ამას მოწმობს სვანიზმები წარწერებისა, გვარები შემკვეთელებისა და ოქრომჭედელთა"; 2) ძველი სასაფლაოებიდან ამოღებული და სოფლის ეკლესიებში დაცული მრავალი არქეოლოგიური ნივთი ნათლად მოწმობს, რომ "არქეოლოგიურმა გათხრამ სვანეთში დიდი შედეგები უნდა მოგვცეს".
1913 წელი - მოგზაურობა გურია-სამეგრელოსა და იმერეთში. ამ ექსპედიციაში ექვთიმე თაყაიშვილს თან ახლდა ფოტოგრაფი თეოდორ კიუნე. გურიაში მათ შეისწავლეს შემოქმედის მონასტერი, ხოლო იმერეთში - ხონი და ვანი. ექსპედიციას მიზნად ჰქონდა, ფოტოგრაფიულად გადაეღო ისტორიული ძეგლები და ხელოვნების ნიმუშები, გასცნობოდა ეკლესიათა მოხატულობას.
ექსპედიცია აგროვებდა სხვადასხვა სამუზეუმო ნივთს, არქეოლოგიურ და ეპიგრაფიკულ მასალას, ხატების, ჯვრებისა და სხვა საეკლესიო ნივთების წარწერებს, სიგელ-გუჯრებსა და ხელნაწეთა მინაწერებს. ამ ღონისძიებას დიდი დახმარება აღმოუჩინა ყოვლად სამღვდელო გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა ლეონიდმა. ექვთიმე თაყაიშვილი გაეცნო სამეგრელოს ძირითად ეკლესიებსა და მონასტრებს. ექსპედიციის შედეგებს მან თავი მოუყარა ნაშრომში - "არქეოლოგიური მოგზაურობიდან სამეგრელოში".
ამ წელსვე ექვთიმე თაყაიშვილი, თეოდორ კიუნე და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების მდივანი სერგი გორგაძე შიომღვიმის მონასტერს ეწვივნენ. ექსპედიციამ გადაიღო მნიშვნელოვან სიძველეთა ფოტოები და შეადგინა შიო მღვიმელის საფლავზე აგებული ტაძრის გეგმა.
ამავე წელს ექვთიმე თაყაიშვილმა საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების წევრთან - არქიმანდრიტ ლაზარისთან (ლეჟავა) ერთად მოინახულა დავითგარეჯის მონასტერი. წლის დასასრულს ექვთიმე გაემგზავრა ქუთაისს, საიდანაც მდიდარი არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული მასალა ჩამოიტანა.
1917 წელი - მესამე ექსპედიცია სამხრეთ საქართველოში, ყველაზე ნაყოფიერი და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე არქეოლოგიური მოგზაურობა ექვთიმე თაყაიშვილის ექსკურსიათა შორის. ექსპედიცია ყველა წინამორბედზე მრავალრიცხოვანი იყო: - ხელმძღვანელი - ექვთიმე თაყაიშვილი, ხუროთმოძღვრები - ანატოლი კალგინი და ილია ზდანევიჩი, მხატვრები - დიმიტრი შევარდნაძე, მიხეილ ჭიაურელი და ლადო გუდიაშვილი. 1917 წლის არქეოლოგიური ექსპედიციის მოგზაურობის შესახებ ექვთიმე თაყაიშვილი წერს: "ხელ-ფეხს მიკოცნიდა კოლა-ოლთის-ჩინგლის ქართველობა, მშვიდათ ბრძანდებოდეთ, მამა-პაპათა ნაამგარს არავის დავანგრევინებთ და დავიცავთო, ბევრ მათგანს ქართული ენა დავიწყებოდა, მაგრამ შეგნება, რომ ისინი ქართველი ერია, თითქოს ყველას ჰქონდა".
ექსპედიციამ შეისწავლა ხახულის მონასტერი, თორთუმის ციხე, ექექისა და სოხთოროთის ტაძრები, ქართული ხუროთმოძღვრების უმნიშვნელოვანესი ძეგლები - ოშკი, იშხანი, პარხალი, ოთხთა ეკლესია და სხვა.
ექსპედიციის მიერ ჩამოტანილი მასალები საფუძვლად დაედო ძველი ქართული ხუროთმოძღვრების გამოფენას 1920 წელს. ამ ექსპედიციის მნიშვნელობა მარტოოდენ მისი შედეგებით როდი განისაზღვრება.
რამდენიმე თვის შემდეგ ეს მხარე კვლავ თურქეთმა ჩაიგდო ხელთ და ქართველი სპეციალიტებისთვის იგი მრავალი წლის მანძილზე მიუწვდომელი გახდა. საინტერესოა ერთი დეტალიც: - ექვთიმე თაყაიშვილმა ექსპედიციიდან დაბრუნების შემდეგ სთხოვა ქართულ ეკლესიას, გაეგზავნათ სასულიერო პირები ტაოს ქართული მონასტრების სამეთვალყურეოდ. ეკლესიამ დააკმაყოფილა ეს თხოვნა და იქ საკუთარი სახსრებით 1 ბერი და 2 მორჩილი გაგზავნა.
1919-1920 წლები - არქეოლოგიური ექსპედიცია რაჭაში. ექვთიმე თაყაიშვილს თან ახლდა ფოტოგრაფი თეოდორ კიუნე.
1919 წლის ზაფხულში აღწერა რაჭის ერთი ნაწილი: ნიკორწმინდა, ბეთლევი, ჭელიშის მონასტერი, აგარა, ხოტევი, ამბროლაური, ბარაკონის ეკლესია, სორი. მომდევნო წლის ზაფხულში ექვთიმემ მოინახულა რაჭის თითქმის ყველა სოფელი, სადაც კი ძველი ეკლესია და საეკლესიო ნივთები ეგულებოდა. ეს სოფლებია: ბუგეული, მიქაწმინდა, ქედისუბანი, ხონჭიორი, ონი, გლოლა, ღები, ჭიორა, მრავალძალი, სხვავა. აღწერეს ისტორიული ძეგლები, ხელოვნების ცალკეული ნიმუშები, წარწერები. გაკეთდა სიძველეთა ფოტოფიქსაცია. შეკრებილი მასალის კვლევითი ანგარიში გამოქვეყნდა ექ. თაყაიშვილის გარდაცვალების შემდეგ, მისი დაბადების 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით.

***
ექვთიმე თაყაიშვილი უნივერსიტეტის დამფუძნებელი საზოგადოების, ხოლო შემდგომ უკვე თავად უნივერსიტეტის დაარსების ერთ-ერთი აქტიური ორგანიზატორი იყო. პირველი ქართული უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭოს პირველი სხდომაც ექვთიმე თაყაიშვილის ბინაში გაიმართა. უნივერსიტეტის დაარსებიდანვე იგი სამ სალექციო კურსს უძღვებოდა. ერთი პირველკურსელთათვის იყო და მოიცავდა საქართველოს სიძველეთმცოდნეობის შესავალს. ამასთან ერთად მეცნიერი კითხულობდა ეპიგრაფიკას და საქართველოს საეკლესიო ისტორიას.
უნივერსიტეტის დაარსების შემდეგ მან გიმნაზიაში მასწავლებლობა მიატოვა. 1918 წლის 21 მაისს, ივ. ჯავახიშვილის წინადადებით, უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭომ ქართული არქეოლოგიის წინაშე დიდი ღვაწლისათვის ექვთიმე თაყაიშვილს ქართული არქეოლოგიის დოქტორის ხარისხი მიანიჭა.
ექვთიმე თაყაიშვილი იყო ერთ-ერთი აქტიური მებრძოლი საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის.

გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე

ქორწინება


პეტერბურგიდან დაბრუნებულ ექვთიმეს ბინა არ ჰქონდა, ამიტომ იაკობ გოგებაშვილთან ცხოვრობდა ქირით. ერთხელაც ილიას იაკობისთვის უთხოვია, ხუთშაბათს ექვთიმეც მომიყვანე სადილადო. ილია ჭავჭავაძე დიდ პატივს სცემდა განათლებულ და შრომისმოყვარე ახალგაზრდას, რომელიც მაშინ თბილისის სათავადაზნაურო სასწავლებელს ედგა სათავეში, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების აქტიური წევრი იყო და უკვე დაეარსებინა საქართველოს საეგზარქოსო მუზეუმი - ერთ-ერთი პირველი სიძველეთსაცავი ჩვენს ქვეყანაში. ხუთშაბათობით ილიასთან ჟურფიქსი იმართებოდა - იკრიბებოდნენ ნაცნობ-მეგობრები და მწერლობასა თუ ქვეყნის ბედ-იღბალზე მსჯელობდენ, ყველაფერს კი კარგი ქართული პურობა აგვირგვინებდა.
იმ ხუთშაბათს, როცა იაკობ გოგებაშვილმა ჟურფიქსზე ექვთიმეც მიიყვანა, ილია ტრადიციულად თამადა ყოფილა და ექვთიმეს სადღეგრძელოში ასეთი რამ უთქვამს: "როდემდე უნდა იდგეს ბატონი ექვთიმე ბატონ იაკობთან ბინად? ახლა ის დროა, ნინო პოლტორაცკაია შევრთათ ცოლადო".
უცნობია, რატომ იკისრა ილიამ მაშვლობა, მით უმეტეს, რომ პოლტორაცკები დიდი სიხარულით არ შეხვედრიან ამ ამბავს. ივანეს ერთმა ნათესავმა ექვთიმეს შემოუთვალა, - ამ საქმეზე ჩვენთან მოსვლა არ გაბედო, თორემ იმ მეორე ფეხსაც მოგტეხთო.
ექვთიმესაც არ მიაჩნდა თავი ნინო პოლტორაცკაიას ღირსად. პირმშვენიერი ნინო მასზე 6 წლით უმცროსი იყო, მშობლიურ ქართულთან ერთად კარგად ფლობდა ფრანგულ და რუსულ ენებს, პარიზში მიეღო მუსიკალური განათლება და ღირსეული თაყვანისმცემლებიც არ აკლდა. ერთი მათგანი, შემდგომში ცნობილი ადვოკატი ლუარსაბ ანდრონიკაშვილი, მოგვიანებით იხსენებდა, როგორ აჯობა მას ექვთიმემ. ჩანს, ილიას ინიციატივა პოლტორაცკების მთელ ოჯახთან თუ არა, ნინოსთან მაინც იყო შეთანხმებული.
ექვთიმემ კი, რომელიც მანამდე საკმაოდ ხშირად დადიოდა პოლტორაცკებთან, იმ მუქარის შემდეგ მათი ოჯახიდან ერთბაშად მოიკვეთა ფეხი.
მათ დაქორწინება მხოლოდ ივანე პოლტორაცკის გარდაცვალების შემდეგ შეძლეს, 1895 წელს. ჯვარი სამების ეკლესიაში დაიწერეს. მათი მეჯვარეები ილია წინამძღვრიშვილი და ილია ჭავჭავაძის მეუღლე, ოლღა გურამიშვილი იყვნენ. თავად ილია იმხანად პარიზში იყო და საფრანგეთიდან ძვირფასი საქორწინო საჩუქარი გამოაგზავნა.
ქორწილში დანთებული კელაპტრები ნინოს შეუნახავს და თბილისის დატოვებისას, ამ კელაპტრების გარდა, თან არც არაფერი წაუღია. ერთი ამ კელაპტართაგანი ექვთიმემ ნინოს საფლავში ჩაატანა, მეორის ბედი კი უცნობია.
ექვთიმე ანდერძში ითხოვდა, რომ ის მეორე კელაპტარი მისთვის ჩაეტანებინათ, მაგრამ ანდერძის შედგენისას ვერ წარმოიდგენდა, რომ საქართველოში მოუწევდა დაბრუნება, ხოლო მისი ანდერძის აღმსრულებლები საფრანგეთში დარჩებოდნენ.
ახალდაქორწინებულებმა ბინა თავდაპირველად ეკატერინე გაბაშვილის სახლში დაიდეს, შემდეგ კი - ოლღას ქუჩაზე, ნინოს მზითვად მოყოლილ ახალაშენებულ სახლში გადავიდნენ და მთელი სართული დაიკავეს. ხშირად დადიოდნენ თეატრსა თუ ოპერაში. ნინოს ამის გარეშე არ შეეძლო. ექვთიმე ათას საქვეყნო საქმეში იყო გაბმული.
მალე მათ გვერდით დასახლდნენ ნინოს და, ანა პოლტორაცკაია და მისი მეუღლე, ივანე ნიჟარაძე.
მეუღლე - არაერთ ღირსეულ მანდილოსანს შეეფერება ეს სიტყვა მთელი თავისი შინაარსითა და სისავსით. ექვთიმე თაყაიშვილის მეუღლე - ნინო პოლტორაცკაია ერთ-ერთი უპირველესია მათ შორის. 36 წელი იგი მხარში ედგა სახელოვან მეუღლეს, ცდილობდა გაეთავისუფლებინა იგი ყოველდღიური საოჯახო საზრუნავისგან, მიეცა მისთვის საშუალება, მთელი დრო და ენერგია სამეცნიერო და საზოგადო საქმიანობისთვის დაეხარჯა.
ნინოს და ექვთიმეს საკუთარი შვილი არ ჰყავდათ.
ამიტომ პანსიონიდან უკვე მოზრდილი გოგონა, ლიდა გამოუყვანიათ და აღუზრდიათ. წლების შემდეგ ლიდა ალექსანდრე პოლტორაცკის (ნინოს ძმა) მეუღლე გახდა.
საზოგადოებისათვის ნაკლებადაა ცნობილი, რომ ექვთიმეს ხელნაწერების დიდი ნაწილი სწორედ ლიდას დამსახურებით გადარჩა. ლიდა ფიცხი ქალი ყოფილა, ანტისაბჭოურად განწყობილი და ხმამაღლა, მგზნებარე ტემპერამენტით, ლაზათიანად შეუკურთხებდა ხოლმე სოციალიზმის "წითელ ნაშიერთ". ამიტომაც იყო, რომ სიცოცხლის დიდი ნაწილი ავლაბრის ციხეში რომ გაატარა. არც ლიდას და ალექსანდრეს დარჩათ მემკვიდრე.
მძიმე ცხოვრებამ ლიდასაც დაასვა დაღი. ბოლოს მეხსიერება დაუქვეითდა და სვავებივით დაიტაცეს პოლტორაცკების ოჯახში არსებული ანტიკვარული ნივთები.

ემიგრაციაში

1921 წელს ახალი ხანა დაიწყო საქართველოს ისტორიაში. საბჭოთა ხელისუფლების დამყარების უმალ ყოფილმა მენშევიკურმა მთავრობამ ბათუმს მიაშურა, რათა აქედან ზღვით უცხოეთში გამგზავრებულიყვნენ. ამასთან, განკარგულება გაიცა, მთელი სამუზეუმო ქონება ყუთებში ჩაეწყოთ და უცხოეთში გაეტანათ.
სამუზეუმო განძის მეთვალყურედ დამფუძნებელმა კრებამ ექვთიმე თაყაიშვილი დანიშნა. მძიმე იყო მეცნიერისთვის სამშობლოდან წასვლა, მაგრამ საქართველოს ძვირფასეულობას მეთვალყურე სჭირდებოდა.
1921 წლის 11 მარტს ექვთიმემ დატოვა სამშობლო და იძულებით კარგა ხანს მოუხდა ემიგრაციაში ყოფნა. "ძალაუნებურად მომიხდა ემიგრანტობა, რათა არ მოვშორებოდი ჩვენი ერის სასიქადულო კულტურის საგანძურს, დამეცვა იგი ყოველგვარი საფრთხისაგან", - წერდა ის.
.........................
განძეულის გუშაგი

(ელიზბარ უბილავას მოთხრობის მიხედვით)

მოულოდნელი გადაწყვეტილება

1921 წელი. მენშევიკებმა ბრძოლა წააგეს და ერთადერთი გამოსავალი ხელისუფლების დათმობა იყო. ჟორდანიამ მოუწოდა დამფუძნებელ კრებას, დაუყოვნებლივ შესდგომოდნენ ევაკუაციას და მიეღოთ ზომები სამუზეუმო და საეკლესიო განძეულის თან წასაღებად.
პროფესორმა ექვთიმე თაყაიშვილმა, რომელიც სხდომას ესწრებოდა, როგორც დამფუძნებელი კრების წევრი, სამუზეუმო განძეულის ხსენებაზე ყური დაცქვიტა, თუმცა მას ამ საკითხზე არც არაფერი ჰკითხეს და არც არაფერი დაავალეს.
სხდომის დამთავრებისას თაყაიშვილმა სთხოვა ჟორდანიას, აუცილებელი და გადაუდებელი საქმის გამო მეორე დღეს შემდგარიყო მათი ოფიციალური შეხვედრა. ჟორდანია დათანხმდა.
მეორე დღეს მთავრობის თავჯდომარის კაბინეტში შემოვიდა მაღალ-მაღალი, ჭაღარა კაცი და იქ მყოფთ მდაბლად მიესალმა. თებერვლის თოვლჭყაპს მისი გახუნებული პალტო დაესველებინა.
ჟორდანიამ პროფესორი ექვთიმე თაყაიშვილი საფრანგეთის ელჩს, შევალიეს წარუდგინა, შემდეგ მთავრობის თავჯდომარემ პროფესორს მოუსმინა.
- წუხელ, დამფუძნებელი კრების საგანგებო სხდომაზე, თქვენ საუბარი გქონდათ სამუზეუმო და საეკლესიო განძეულის ევაკუაციის თაობაზე. დამდვილად გადაწყვეტილი გაქვთ აღასრულოთ თქვენი ეს განცხადება?
- ნამდვილად. მე უკვე მივეცი დავალება ფინანსთა მინისტრის მოადგილეს ელიგულაშვილს, მიხედოს ამ საქმეს.
- რა იცის ელიგულაშვილმა სამუზეუმო განძეულისა?! რომელი ისტორიკოს-არქეოლოგი ისა მყავს, რომ თავი გაართვას ჩვენს უმდიდრეს განძეულობის ავან-ჩავანს? გარდა ამისა, სად მივდივართ ან განძეული სად მიგაქვს?!
- ჯანდაბაში, ჩვენც არ ვიცით კარგად, სად მივდივართ, მაგრამ ნუ გაიქცევი, თუ ბიჭი ხარ! ხომ გესმით სროლის ხმა. ეს ჩვენს სახალხო გვარდიელებს უშენენ ბოლშევიკი პარტიზანები ქალაქის გარეუბნებზე, ახლა ამათ ჩრდილოეთ კავკასიიდან დაძრული წითელი ლაშქარი რომ მიემატება, ქვას ქვაზე არ დატოვებენ!
- რა გარანტიაა, უცხოეთში წაღებული განძი ქართველ ხალხს ოდესმე დაუბრუნდება? ეს მთელი ერის კუთვნილებაა და ჩვენ არც მორალური, არც იურიდიული უფლება არა გვაქვს წავართვათ ხალხს სწორედ ის, რითაც მას თავი მოაქვს.
- ჩვენ არავის არაფერს ვართმევთ, არც სამუდამოდ ვაპირებთ ემიგრაციაში ყოფნას. როგორც კი ჩვენი მთავრობის დროებითი კრიზისი გაივლის, კვლავ სამშობლოში დავბრუნდებით.
- მე არ მაქვს უფლება მთავრობის მეთაურს ვეკამათო, მაგრამ მაფიქრებს ის, თუ როგორ შეხედავს ჩვენს ამ საქციელს ისტორია, მომავალი თაობა...
- ახლა დისკუსიის დრო არ არის. ზეგ დილით ჩვენი ხაზინის ქონება ქუთაისში იგზავნება. საჭიროა მუზეუმების უძვირფასესი ნივთები გავხიზნოთ.
- მე აზრად არ მომსვლია ჩემი საფიცარი საქართველოს დატოვება და ემიგრაციაში წასვლა, მაგრამ თუ ის სამუზეუმო განძეული, რომელთა მოპოვებას, შეგროვებას და დაცვას მთელი ჩემი ცხოვრების ნახევარზე მეტი მოვანდომე, საზღვარგარეთ იგზავნება, ჩემს აქ დარჩენას აზრი არა აქვს, სწორედ იქ უნდა ვიყო, სადაც ჩვენი ერის ეს ავლა-დიდება იქნება.
- მე ვითვალისწინებდი თქვენს ფიზიკურ მდგომარეობას და მართალი გითხრათ, გერიდებოდით, ამიტომაც ვერ შემოგთავაზეთ განძეულის მეგზურობა, მაგრამ რაკი სურვილს აცხადებთ, თანახმა ვარ.
- მე, - უპასუხა თაყაიშვილმა, - იმ პირობით ვიკისრებ განძეულის გუშაგობას, თუ მთავრობისაგან ვიქნები აღჭურვილი ამ სიმდიდრის დაცვა-შენახვის ყველა უფლებით.
- ელიგულაშვილთან ერთად.
- თუნდაც ელიგულაშვილთან ერთად, ოღონდ პასუხისმგებელი ვიქნები მე.
- ამაზედაც თანახმა ვარ. რაკი შევთანხმდით, ახლა უნდა შეატყობინოთ ჩვენი ეს გადაწყვეტილება ყველა მუზეუმის გამგეს და ექსპონატები ზეგისათვის გასაგზავნად მოამზადოთ!

ევაკუაციის თადარიგი

მუზეუმის თანამშრომლებში დიდი არევ-დარევა გამოიწვია განძეულის ევაკუაციის თადარიგის დაწყებამ. არც ერთი იქ მყოფი მხარს არ უჭერდა მენშევიკური მთვრობის გადაწყვეტილებას. დიდი განგაში ატეხა სიძველეთა დაცვის ვეტერანმა იონა თომაშვილმა. მისი თქმით, დადგა საქართველოს აღსასრული.
მუზეუმის თანამშრომელთა განწყობილება ელიგულაშვილმა მათივე თვალებიდან ამოიკითხა, მაგრამ თანაგრძნობის ნაცვლად უმკაცრესი ტონით განაცხადა:
- ვისაც ჩვენი ერის განძეულობაზე გული შესტკივა, ყოველივე უნდა იღონოს იმისათვის, რომ ეს სიმდიდრე ეკლესია-მონასტრების მოძულე ბოლშევიკებს არ ჩაუვარდეთ ხელში. ეს არის ერთადერთი გამოსავალი ამ ავლა-დიდების გადასარჩენად...

ძვირფასი ყუთები

პანიკით მოცული ქალაქის მუზეუმები ყუთებში ალაგებდნენ საქართველოს მთელ ავლა-დიდებას და უცხოეთში გასაგზავნად ამზადებდნენ.
გამთენიის ხანს, როცა ექვთიმე თაყაიშვილი გაფითრებული, დაღლილ-დაქანცული და წელში გატეხილი მივიდა საქართველოს მუზეუმში, მას დაახვედრეს ყუთებში ჩალაგებული განძეულობა.
ექვთიმემ ჯერ ის ყუთები დაათვალიერა, სადაც ძველი ქართული ხელნაწერები ეწყო. პირველად ხელში მოხვდა ქსნის, ურბნისისა და ქათახევის ოთხთავები ეტრატის ფურცლებზე ლამაზი კალიგრაფიით გადაწერილი და მინანქრითა და ძვირფასი თავლ-მარგალიტით შემკული; მერე თვალი მოავლო ყანჩაეთის, ქვეშის და ალავერდის ოთხთავებს ასომთავრულით, მრგლოვანით და ნუსხურით რომ იყო ჩაგვირისტებული. კარგა ხანს ათვალიერებდა ვერცხლისა და ოქროს ყდებში ჩასმულ ამ ძვირფას მატიანეებს.
მერე მოდიოდა მეთექვსმეტე საუკუნით დათარიღებული "ვეფხისტყაოსნის" რამდენიმე ხელნაწერი, ჩასმული ოქროთი ტვიფრულ ყდებში, მიქაელ მოდრეკილის საგალობელთა კრებული, მეთერთმეტე საუკუნის დამდეგს კონსტანტინოპოლში ეტრატზე გადაწერილი; ქართული სვინაქსარი, შემკული სამოცდათვრამეტი მინიატურით, "კავშირი ღვთისმეტყველებითნი" პროკლე დიადოხოსისა, ეფრემ მცირეს თარგმანთა კრებული, მეექვსე მსოფლიო კრების სჯულის კანონი, თარგმნილი ექვთიმე მთაწმინდელისა, "თეთროსანული" დავითნი, ნუსხურით გადაწერილი აკათისტო ორმოცდატორმეტი მინიატურით, ილუსტრირებული ჟამნ-გულანი, დიდი სჯულის კანონი, ვახტანგ მეექვსის კანონთა კრებული, სახარების საკითხავები მთავარ საეკლესიო დღესასწაულებზე, ჩასმული ქვებით მოჭედილ ოქროცურვილ ვერცხლის ყდაში, ეტრატის ფურცლებზე გადაწერილი ჟამისწირვების გრაგნილი...
ყველა ამ ხელნაწერს ისე ათვალიერებდა ექვთიმე, თითქოს პირველად და უკანასკნელად ხედავდა მას.
მერე ნოე ყიფიანმა და იონა თომაშვილმა არქეოლოგიური კოლექციების ყუთები უჩვენეს, სადაც ეწყო ოქროს სამაჯურები, დიდი ოქროს უზალთუნები, გრეხილი ოქროს გვერგვები, ოქროს მძივები და ყელსაბამის საკიდები, ოქროს ბეჭდები და საყურეები გრიფონისა და სფინქსის გამოსახულებით, ოქროს ბალთები ურჩხულის გამოსახულებით, ოქროს ქამრები, კილიტები და ზანზალაკები, ვერცხლის თასები და ფიალები, ბრინჯაოს ბუნიკები ჯიხვისთავის გამოსახულებით, ქარვის ასხმულები, სარდიონის მძივის ყელსაბამები, რკინის ისრისპირები, ოქროს მედალიონები, ზღვის ნიჟარებით შემკული მძივები...
მომდევნო ყუთი გაჭედილი იყო ქართული, სპარსული, ბიზანტიური, სელჯუკური, კილიკიური, რომაული, ჩინური, ელინური, სასანური, პართული, ჰულაგუიდური ოქროსა და ვერცხლის მინეტებით, არაბული ვერცხლის დირჰემით და კოლხური დიდრაქმით...
საეკლესიო მუზეუმიდან მოტანილ ყუთებში ეწყო ოქროს ჯვრები, მინანქრით და ძვირფასი თვალ-მარგალიტით მოოჭვილი ღვთისმშობლის ხატები, ოქროცურვილ ვერცხლის ბარძიმები, მღვდელმთავრის კვერთხის ოქროს ბუნიკები, ვერცხლის ფეშხუმები, ვერცხლის შანდლები, საცეცხლურები და ოლარები. მერე მოდიოდა მარგალიტებით მორთული კოლექცია მიტრებისა, ფარჩის სადიაკვნო კვართებისა, ხატის მანდილებისა, ეპიტრაქილებისა, ენქერებისა...
ყველაფერ ამას აგვირგვინებდა მემორიალური ნივთებისა და სურათების ყუთები, სადაც ეწყო ერეკლეს ხმალი, სოლომონ იმერთა მეფის თოფი, აკაკი წერეთლის ჯოხი, ეკატერინე დადიანის ოქროს დიადემა, ოქროს აზარფეშები, ფილები და ლარნაკები, ვერცხლის სირჩები, რემბრანდტის, კრანახის, პრუდონის ფერწერული პორტრეტები და ვინ მოთვლის რამდენი რამ ეწყო საევაკუაციოდ გამზადებულ ყუთებში...
ექვთიმემ ყველა ყუთი სათითაოდ შეამოწმა. მერე თითოეულ მათგანს საგულდაგულოდ თავები მოუჭედეს, დალუქეს და როგორც კი სატვირთო ავტომანქანამ ჩამოიარა, ქუთაისის ხაზინაში გააგზავნეს. თან გააყოლეს იონა თომაშვილი და რამდენიმე მცველი.
თბილისში დარჩა გამოცარიელებული მუზეუმები და ეკლესია-მონასტრები. მრევლს უხმობდა ქაშვეთისა და სიონის ზარები, ოღონდ იქ აღარ ესვენა ღვთისმშობლის მინანქრიანი ხატები ჯვარცმის გამოსახულებით. უკვე მოესწროთ წაღება საკულტო და საეკლესიო დანიშნულების უძვირფასესი ნივთებისა.

ქუთაისიდან ბათუმისაკენ

ქუთაისში ჩასვლისთანავე ექვთიმე თაყაიშვილი და იოსებ ელიგულაშვილი სახელმწიფო ხაზინაში მივიდნენ, სადაც ეგულებოდათ თბილისიდან გამოგზავნილი განძეული. ექვთიმემ გულდაგულ დაათვალიერა ყველა სამუზეუმო ყუთი, ხოლო ელიგულაშვილმა სახაზინო ქონება მოიკითხა.
ბათუმისაკენ მიმავალ ექვთიმეს დარდად მიჰყვებოდა ქუთაისში დაკარგული ერთი ყუთი. "რა უნდა მოსვლოდა, ვინ უხიმანდრა, ხაზინაში ვინ იყო ისეთი ნამუსზე ხელაღებული, რომ ასეთი სისაძაგლე ჩაიდინა, ან რა გამართლება აქვს ამ სიშორეზე ჩემს წამოსვლას, თუ ყოველ სადგურზე თითო ყუთთი ვკარგე?" - ფიქრობდა ექვთიმე. მას ხან მეუღლე, ხანაც თანმხლები პირები ამშვიდებდნენ, ადრე თუ გვიან მოინახება ის ნივთებიო, მაგრამ ექვთიმეს არავისი არ სჯეროდა.
ღრმად დაფიქრებული ექვთიმე კაეშნიანი თვალებით გაჰყურებდა გურიის მთებს. სადღაც შორს, თოვლიანი მთაგორების გადაღმა, ილანდებოდა მისი მშობლიური სოფელი ლიხაური. მშობლიური მიდამოების ხილვამ დროებით დაავიწყა დაკარგული ყუთი და ბავშვობის მოგონებები აღუძრა... ეღირსებოდა თუ არა კიდევ თავისი სოფლის ხილვა?..

ბათუმში

როგორც იქნა, ჩააღწიეს ბათუმში. ოთხი დღე ვაგონში ცხოვრობდნენ და განძეულს იცავდნენ. მხოლოდ მეხუთე დღეს მიეცათ საშუალება მთელი ეს ნივთები ბორჯომიდან სულ ბოლო დროს ჩამოტანილ ნივთებთან ერთად სამხედრო კრეისერ "ერნესტ რენანში" გადაეტანათ. კრეისერზე თაყაიშვილი და ელიგულაშვილი არ აუშვეს, რადგან, კაპიტნის თქმით, გემს შავი ზღვის რაიონში უხდებოდა სამხედრო ოპერაციები და იქ სამოქალაქო პირების ყოფნა არ შეიძლებოდა.
ექვთიმემ ჟორდანიას მიმართა. მან თავის მხრივ შევალიეს სთხოვა, მოეგვარებინა ეს საქმე. შევალიე დაჰპირდა განძეულის მეგზურებს - კონსტანტინოპოლის მიმართულებით გასვლის წინ უსათუოდ მოგათავსებთ კრეისერშიო.
ექვთიმე და იოსები დაიმედებულნი დაბრუნდნენ სასტუმროში, მთელი ამ ხნის განმავლობაში პირველად მოისვენეს ადამიანურად.

გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე

განძეულის მდევრები


გამთენიის ხანს მენშევიკური მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელები იტალიის ფირმის გემ "ფერენც ჟოზეფ-მარილში" გადასხდნენ და საფრანგეთში გაიქცნენ...
საქართველოს განძეულით დატვირთული სამხედრო კრეისერი "ერნესტ რენანი" უფრო მოგვიანებით უნდა გასულიყო. შევალიეს პირობის თანახმად, კრეისერის ეკიპაჟი თითქოს დათანხმდა თაყაიშვილისა და ელიგულაშვილის მათთან ერთად მგზავრობას, მაგრამ ეს თვალთმაქცობა აღმოჩნდა.
განძეულის მეგზურები დათქმულ დროზე ერთი საათით ადრე გამოცხადდნენ რეიდზე. კრეისერი კი კარგა ხანია გასულიყო და ზღვის ჰორიზონზე წერტილივით მოჩანდა.
უსაზღვრო იყო ექვთიმესა და მისი თანმხლები პირების აღშფოთება. მათ ერთხანს ნავსადგურის ხელმძღვანელობასთან იდავეს, მაგრამ რაკი არაფერი გამოუვიდათ, სცადეს კერძო გემის დაქირავება, რათა განძეულს უკან გამოსდგომოდნენ. გემი მართლაც დაიქირავეს, რომელმაც კონსტანტინოპოლისკენ აიღო კურსი.

განსაცდელებით აღსავსე გზა

პატარა იუგოსლავიური გემი, რომელშიც ექვთიმე თავისი მეუღლით და იოსებ ელიგულაშვილი იმყოფებოდნენ, ბათუმიდან გასვლისთანავე ძლიერ ღელვაში მოჰყვა. ბათუმისათვის ჩვეული წვიმიანი ამინდი იდგა. ზღვის ღელვა ხუთ ბალს აღწევდა. ერთი საათის მოგზაურობის შემდეგ გადარჩენის იმედდაკარგულმა კაპიტანმა მეგზურებს გამოუცხადა, მაშველი ფრთები წამოესხათ.
გემის მთელი ეკიპაჟი პანიკამ მოიცვა, მაგრამ, საბედნიეროდ, მალე გამოიდარა და როგორც იქნა, სტამბულში ჩააღწიეს, სადაც წინა დღით ჩასულიყო კრეისერი "ერნესტ რენანი".
ექვთიმეს იმედი ჰქონდა, სტამბულში მაინც გადასვამდნენ კრეისერზე, მაგრამ აქაც ბედმა უმტყუნა. მას გამოუხადეს საზღვაო ხელისუფლების გადაწყვეტილება - განძეულის სამხედრო სატრანსპორტო ხომალდ "ბიენ ჰოაზე" გადატანის შესახებ.
სტამბოლში ყოფნის დროს ექვთიმეს ჩაუსწრო ბორჯომიდან, დიდი მთავრების სასახლიდან წამოღებულმა ნივთებმა, ფერწერულმა სურათებმა და ირმის რქებმა. დიდი იყო ექვთიმეს სიხარული, როცა დაკარგული ყუთის პოვნის ამბავიც შეატყობინეს.
სტამბოლიდან 20 მარტს გასულმა გემმა 5 აპრილს ჩააღწია ტუნისში. აქ გემის კაპიტანს ტელეფონით გადასცეს ბრძანება დაუყოვნებლივ წასულიყო კორსიკის კუნძულზე ერთ-ერთი გემის გადასარჩენად.
აი, ბედის დაცინვა, ერთი პატარა ხიფათის შემთხვევაში მათთან ერთად იღუპებოდა საქართველოს მთელი განძეულობა. რას იტყოდა მათზე ისტორია! ამ მძიმე გრძნობით გაუდგნენ სახიფათო გზას ექვთიმე და მისი თანმხლებნი.
საბედნიეროდ, ნახევარ საათში კაპიტანს აცნობეს, კორსიკის გემი უკვე გადარჩაო და "ბიენ ჰოაც" თავისი ეკიპაჟით ტუნისიდან პირდაპირ მარსელისკენ გაემართა.
ამრიგად, თერთმეტ მარტს ბათუმიდან გასულებმა ერთი თვის შემდეგ, ათ აპრილს ჩააღწიეს მარსელში. მგზავრობის ასე გაჭიანურება იმან გამოიწვია, რომ მათი გემი ზოგიერთ ნავსადგურში მთელი ერთი კვირა იდგა რეიდზე. მარტო კონსტანტინოპოლში შეჩერდნენ ექვსი დღე-ღამე.

მარსელში

მარსელში გემს დაუხვდა სენეგალის პოლკი, რომელმაც საქართველოს ნივთები ალყაშემორტყმულად გადაიტანა გემიდან ბანკში და მაშინვე დაიწყო კომისიამ მუშაობა (ექვთიმე თაყაიშვილის, იოსებ ელიგულაშვილის, ზურაბ ავალიშვილისა და ანდრია დეკანოზიშვილის შემადგენლობით), რომელმაც ერთი თვე გასტანა. ყველაფერი, რაც საქართველოდან იქნა გატანილი, უდანაკარგოდ ჩაბარდა მარსელის ბანკს ოცდაცხრამეტი ყუთის ოდენობით.
განძეულის შენახვის საფასურად ბანკმა წელიწადში ორი ათას ხუთასი ფრანკი მოითხოვა.
ერთი წლის ქირა უკვე გადაიხადეს და პარიზში გაემგზავრნენ. დანარჩენი ყუთები ზურაბ ავალიშვილმა მიაბარა პარიზის "გარდე მებელში".
ექვთიმე თავისი ოჯახით დაბინავდა მისთვის განკუთვნილ სასტუმროში, ვიქტორ ჰიუგოს პროსპექტზე, სადაც უკვე ცხოვრობდა საქართველოს ყოფილი მენშევიკური მთავრობის მთელი შემადგენლობა ნოე ჟორდანიას მეთაურობით...

სად არის გამოსავალი?

ქართველ ემიგრანტებს პარიზში უჭირთ არსებობა, არა აქვთ მოხერხებული თავშესაფარი, განძეულის შენახვის ხარჯები. არადა ხაზინაში განძეულის შესანახი ფულის სისტემატურად შეუტანლობის გამო, შესაძლოა, მისი მფლობელის უფლებები სამუდამოდ დაკარგონ.
ეს ყველაზე მეტად აღელვებს და აფიქრებს ექვთიმე თაყაიშვილს. მაგრამ რა ქნას, სად არის გამოსავალი?
ჟორდანიას დავალებით ავალიშვილმა და ელიგულაშვილმა "გარდე მებლიდან" გამოიტანეს არასამუზეუმო განძეული. გადაადნეს მთავრობის ვერცხლეული და გაყიდეს მილიონ ორასი ათას მანეთად. ამ თანხით კიდევ ერთხელ შეიტანეს ხაზინაში განძეულის შენახვის ყოველწლიური გამოსაღები - ორი ათას ხუთასი ფრანკი და იყიდეს ლევილის მამული - მათი მომავალი რეზიდენცია.

უცხოეთის ცის ქვეშ

1922 წლის დამდეგს ექვთიმე ზედიზედ აირჩიეს ჯერ ფრანგ ნუმიზმატთა საზოგადოების, ხოლო მოგვიანებით სააზიო საზოგადოების წევრად. ნოსტალგიაში ჩავარდნილ მოხუც მეცნიერს კვლავ გაუძლიერდა სამეცნიერო მუშაობის სურვილი. ეს სურვილი ასულდგმულებდა მას ლევილში, სადაც ეკლიანი მავთულით შემოღობილი ბაღის განაპირას, ქართველი ემიგრანტებისათვის განკუთვნილი ორსართულიანი თეთრი სახლის მეორე სართულზე ბინადრობდა.
ექვთიმეს მეუღლე ნინო პოლტორაცკაია, რომელიც მშვენივრად ფლობდა ფრანგულს და ზედმიწევნით განათლებული ქალი იყო, ყოველმხრივ უწყობდა ხელს თავის მეუღლეს სამეცნიერო მუშაობაში. საოჯახო საქმეებსაც ჩინებულად ართმევდა თავს. წიგნებით და ფერწერული ტილოებით გაჭედილ ოროთახიან ბინაში ჩუმად და უხმაუროდ ფუსფუსებდა ერთმანეთის მოყვარული ცოლ-ქმარი.
ექვთიმემ და მისმა მეუღლემ ხელი გამოიღეს, მშვენიერი ბაღ-ვენახი გააშენეს. მწვანილის საყიდლად ბაზარში არ დადიოდნენ. მთელი პარიზელი ქართველობა ლევილში იყრიდა თავს. მალე მუშაობა დაიწყო ქართველების ეკლესიამ, რომლის პირველი მოძღვარი იყო გრიგოლ ფერაძე.
შაბათ-კვირას ეკლესიაში უამრავი ქართველი მლოცველი გროვდებოდა. ლევილის სული და გული იყო ექვთიმე. აქ იგი მოუსვენარ ცხოვრებას ეწეოდა: კითხულობდა ლექციებს, ატარებდა საუბრებს, სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილ თანამემამულეებს ქართული წიგნით და გაზეთით ამარაგებდა, რომელსაც თბილისიდან უგზავნიდნენ.
პარიზის ნაციონალურ ბიბლიოთეკაში ექვთიმემ მიაგნო არაერთ ძველ ქართულ ხელნაწერს, გაშიფრა ისინი, აღწერა და დაინტერესებულ პირებს გააცნო. მოგვიანებით პარიზში გამოქვეყნდა ექვთიმეს ახალი შრომები: "პარიზის ნაციონალური ბიბლიოთეკის ქართული ხელნაწერები და ოცი ქართული საიდუმლო დამწერლობის ნიშანი", "ქართული სიძველენი ევროპულ ანტიკვარებთან".

***
ექვთიმე ემიგრაციაში უაღრესად გაჭირვებულად ცხოვრობდა. "მეხათრება შეწუხება, - მიმართავს ექვთიმე მეზობელს, - იქნებ დამდოთ პატივი და მცირე საკვები გვიბოძოთ თქვენი ულუფიდანო". ნინო პოლტორაცკაიას დღიურებში ნათლად ჩანს, თუ რა მძიმე მდგომარეობაში იყო ჩავარდნილი მათი ოჯახი.
- "დილით - 50 გ პური, ერთი ჭიქა ყავა. სადილი - ერთი კვერცხი, ერთი ჭიქა რძე, 50 გრამი პური. ვახშამი არ გვქონდა", - წერს ნინო. ამ გაჭირვების მიუხედავად ნინო ბოლომდე ერთგულ დარაჯად ედგა ექვთიმესთან ერთად ქართულ განძს და მუსიკის გაკვეთილებში აღებული ფულით, ფაქტიურად, მშიერი ოჯახის დიასახლისი უნიკალურ ქართულ ნივთებს იძენდა.
ექვთიმეს ზოგჯერ პარიზში ჩასვლის საშუალებაც კი არ ჰქონდა. ხშირად უსადილოდაც რჩებოდა. 1934 წლის თებერვალში 6 დღე არ უსადილია, მარტში კი - 13. მხოლოდ ნახევარი ლიტრი რძით იკვებებოდა. ცნობილია, რომ მათ ერთი მარჩენალი თხა ჰყავდათ.
სიდუხჭირეში ცხოვრობდა ლტოლვილი კაცი, რომელსაც ერთ დღეში შეეძლო გამხდარიყო უმდიდრესი ადამიანი. იმ დროს საფრანგეთის ნუმიზმატთა საზოგადოების დიპლომირებულ წევრს უძვირფასესი ნუმიზმატიკური კოლექცია ჰქონდა, რაც მის პირად საკუთრებას შეადგენდა.
საკმარისი იყო სულ რამდენიმე ისტორიულ მონეტას შელეოდა ექვთიმე, ერთბაშად გახდებოდა დიდი თანხის მფლობელი. დაიწყებოდა უზრუნველი ყოფა და მისი მშვენიერი ნინოც ღირსეულად ეზიარებოდა გაფაქიზებულ ცხოვრებას. ვინ გაამტყუნებდა? მაგრამ მას წმინდანობის მოწამებრივი გზიდან გადახვევა არ შეეძლო.

სარფიანი შემოთავაზებები

ამერიკიდან ფილადელფიის საერთაშორისო გამოფენამ თხოვნით მიმართა ემიგრანტულ მთავრობას, რომ ნება დაერთოთ ექვსი თვით გამოეფინათ ამერიკაში ქართული სიძველეები.
ალბათ ამერიკელებისთვის მოულოდნელი იყო ქართველების უარი ასეთ თითქოსდა სახარბიელო წინადადებაზე. ქართული განძის გამოფენის უფლებას ითხოვდა ლუვრიც. დიდად საამაყო იქნებოდა მსოფლიო მუზეუმთა შორის უპირველეს მუზეუმში ქართული ხელოვნების ნიმუშების საერთაშორისო გამომზეურება, მაგრამ ამით შეიძლებოდა საქართველოს საბოლოოდ დაჰკარგვოდა თავისი საუნჯე და ლუვრმაც საბოლოოდ უარი მიიღო ქართველებისგან.
ჟორდანიასა და "მთავრობის" სხვა წევრებთან ერთად დიდხანს ბჭობდა ნიუ-იორკის მუზეუმის დირექტორი ჰერბერტ ჯონსონი. მას მინანქრის განძეულის ყიდვა უნდოდა...
ექვთიმეს ნერვიულობისაგან ხელები უკანკალებდა, სახე გაფითრებოდა, ცოტათი რომ დამშვიდდა, მოურიდებლად თქვა: სანამ ცოცხალი ვარ და პირში სული მიდგას, უსიკვდილოდ არავის დავანებებ ამ განძეულობას. ეს მარტო განძეულობა კი არ არის, ჩვენი სინდის-ნამუსია, იმედია და ნუგეში, ასე იოლად არ დაითმობა ჩვენი მამა-პაპათა შარავანდედი!
მუზეუმის დირექტორმა, რაკი სასურველ მიზანს ვერ მიაღწია, ახლა ასეთი ვარიანტი შესთავაზა:
- თუ მომცემთ პირობას, რომ გაყიდვის შემთხვევაში ამ ნივთებს სხვას არ დაუთმობთ, წინასწარ გასესხებთ დიდ თანხას.
- "მთავრობის წევრებმა ერთმანეთს გადახედეს. როგორც ჩანდა, მათ მოეწონათ დირექტორის წინადადება და მზად იყვნენ შეთანხმებოდნენ, მაგრამ სანამ რაიმე სახის გადაწყვეტილებას მიიღებდნენ, ექვთიმემ დაასწრო:
- რა პირობა უნდა მოგცეთ?! ყოველ პატიოსან კაცს მოეთხოვება ელემენტარული სინდისიერება, რომ მიბარებული ნივთი ხელუხლებლად შეინახოს. თქვენ კი... ვალის აღება ადვილია, გადახდა კი ძნელი. ვინც მაგისთანა პირობას გთავაზობთ, მან კარგად იცის, რომ თქვენ ფულის გადახდა არ შეგიძლიათ და ბოლოს და ბოლოს ამ ვალს არ შეგარჩენენ!
რაკი ექვთიმე წინააღმდეგი წავიდა, ეს კომბინაციაც, რა თქმა უნდა, ჩაიშალა.
შემდეგ ბრიტანეთის მუზეუმმა პარიზში გამოგზავნა ცნობილი ქართველოლოგი უილიამ ალენი. მუზეუმის თხოვნა თითქოს მოკრძალებული იყო და მაცდუნებელიც. მუზეუმს სურდა ახალგორის განძიდან ერთი რომელიმე ნივთის შესყიდვა, სანაცვლოდ პირობას იძლეოდნენ, რომ უსასყიდლოდ დასტამბავდნენ მთელი ჩვენი საუნჯის ფერად კატალოგებს და გარდა ამისა, ბანკში მიბარებული განძის შესანახ თანხასაც თავად გადაიხდიდნენ. ბრიტანეთის მუზეუმის დესპანი ალენიც უარით იქნა ლონდონში გასტუმრებული. ახალგორის განძი - ჩვენს წელთაღრიცხვამდე შექმნილი საოცრება ჩვენი საუნჯის მშვენებად ითვლება დღესაც.
ეს განძიც, ჯერ კიდევ საქართველოში, ექვთიმე თაყაიშვილმა გადაარჩინა. ის შემთხვევით აღმოაჩინეს გლეხებმა ქსნის ხეობაში, ერთმანეთში დაინაწილეს და ზოგი რამ გაყიდეს სხვადასხვა მხარეში. პირადად ექვთიმეს დაუღალავი ძიების წყალობით მოხერხდა ამ განძის თავიდან მიკვლევა, შეგროვება, გამოსყიდვა და კავკასიის მუზეუმისთვის გადაცემა.
ამრიგად, კვლავ ჩაიშალა სამუზეუმო განძეულის გაყიდვის ცდუნება.

დაუპატიჟებელი სტუმარი

პარიზის არქეოლოგიური საზოგადოებიდან დაბრუნებულ ექვთიმეს, რომელმაც ის-ის იყო წაიკითხა საჯარო ლექცია კოლა-ოლთისისა და ჩანგლის არქეოლოგიური ექსპედიციის შესახებ, თვის "აპარტამენტში", ეზოს ჭიშკართან, მდიდრულად მორთული ეტლი დაუხვდა.
ექვთიმე კოჭლობით აუყვა კიბეს, კარი შეაღო და სტუმრებს მიესალმა, მეუღლემ სათითაოდ წარმოუდგინა სავარძელში მსხდომი ქალები:
- ქალბატონი სალომე ობოლენსკაია, ასული ნიკო მინგრელსკისა, შვილიშვილი სამეგრელოს დედოფლის ეკატერინე ჭავჭავაძისა: ეს ქალბატონი კი, - ნინომ ხანდაზმულ ქალზე მიუთითა, - ნაპოლეონ ბონაპარტეს შორეული შთამომავალი, ქალბატონ ობოლენსკაიას ახლო ნათესავი - ჟოზეფინა მიურატისა გახლავთ.
- დიდი ხანია, მინდოდა, ბატონო ექვთიმე, თქვენი ნახვა, - წამოიწყო სალომემ, - პირადად თქვენთან და საქართველოს ყოფილ მთავრობასთან დიდი მოსალაპარაკებელი საქმე მაქვს. მაგრამ სანამ მთავრობის წარმომადგენლებს ოფიციალურად მოველაპარაკებოდე, თქვენთან რჩევის მისაღებად ვარ მოსული და ვიმედოვნებ დამეხმარებით.
- ბრძანეთ, ქალბატონო, თუ რამ შემიძლია, მზად ვარ, გემსახუროთ!
- როგორც გადმომცეს, საქართველოდან თქვენ ჩამოიტანეთ დიდძალი განძეული - ოქრო და ვერცხლი. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, ამ განძეულის დიდი ნაწილი მამაჩემის სასახლიდან, ზუგდიდიდან არის წამოღებული.
ნუთუ მე, მამაჩემის კანონიერ მემკვიდრეს, რომელმაც დავკარგე მშობლები, ძმა, ქმარი, მამულ-დედული, სამშობლო, აქ შორეულ ქვეყანაში გადმოხვეწილს, არა მაქვს უფლება, ახლა მაინც მოვითხოვო ის, რაც აქამდე უნდა მიმეღო?
ექვთიმემ ყურადღებით, მაგრამ გაოცებით მოისმინა ქვრივის ნათქვამი და სახემოღუშულმა, ცოტა არ იყოს უხეშად ჰკითხა:
- რომელ მემკვიდრეობაზე ბრძანებთ თქვენ, ქალბატონო? ნუთუ დღემდე არ იცით, რომ სამეგრელოს სამთავრო ქონების მემკვიდრეობის უფლება დიდი ხანია დაკარგული გაქვთ?
- ვის აქვს უფლება მამის ქონება შვილს წაართვას? თუ ძალით მართმევთ, ესეც მინდა ვიცოდე.
- მე არავის არაფერს ვართმევ. დავალებული მაქვს განძეულის დაცვა და ვიცავ კიდეც. რაც შეეხება თქვენი მამის ოჯახიდან ნივთების წამოღებას, ეს მთავრობის გადაწყვეტილებით მოხდა. არსებობს დეკრეტი, რომლითაც სამეგრელოს მთავრის ქონება სახელმწიფო კუთვნილებადაა გამოცხადებული. ეს არის ქართველი ხალხის კუთვნილება და ადრე თუ გვიან მასვე უნდა დაუბრუნდეს.
- რა ძალა აქვს მენშევიკური მთავრობის დეკრეტს, როცა თვითონ ეს მთავრობა აღარ არსებობს? მე ბატონ ჟორდანიას მოველაპარაკები და თუ ისიც ასეთ პასუხს გამცემს, სხვა რა გზა მაქვს, სასამართლოს მივმართავ, არ დავუშვებ, რომ ეს განძეული კერძო პირების გამდიდრების წყარო გახდეს!
- თქვენ რომ კარგად მიცნობდეთ, ასეთ სიტყვებს არ მაკადრებდით! ჩემს სახლში რომ არ ბრძანდებოდეთ, ღირსეულ პასუხს გაგცემდით, მაგრამ რაკი სტუმარი ბრძანდებით, რა გაეწყობა, თავი უნდა შევიკავო.
ამ სიტყვებით სტუმარ-მასპინძელი ერთმანეთს დაშორდა.

გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე

ყველაზე მძიმე დღეები


1931 წელს ექვთიმეს თავისი სიცოცხლის ყველაზე მძიმე დღე დაუდგა - გარდაეცვალა ერთგული მეუღლე ნინო პოლტორაცკაია. მისი გარდაცვალება ერთ ბრმა შემთხვევას მოჰყვა.
ექვთიმე თაყაიშვილი ასე უამბობდა იმ ამბავს თავის უმცროს მეგობარს იროდიონ სონღულაშვილს:
- "რა მოგწერო, ჩემო კარგო, ქვა აღმართში მოგვეწია. ნინო ერთ ბნელ საღამოს დაეცა. ჯოჯოხეთური ღამე გავატარეთ.
მეორე დღეს ექიმის თანხლებით, სპეციალური კარეტით ჩავიყვანეთ პარიზში და საავადმყოფოში მოვათავსეთ. მორჩენის პროცესი ხანგრძლივი იქნება. სულ უკანასკნელი 100 დღე მაინც უნდაო.
ეს უფრო აწუხებს, რომ ვეღარ მივლის. ვცდილობთ, ეს ბედისწერაც გადავიტანოთ", - სწერდა ექვთიმე თაყაიშვილი პარიზიდან თბილისში მეგობარს.
ვერ გადაიტანეს. ოცი თვის მანძილზე ექვთიმე ერთი საათითაც არ მოშორებია მომაკვდავი მეუღლის საწოლს. იმავე იროდიონ სონღულაშვილს იგი დაზაფრული სწერს:
- "ჩემო ძვირფასო, რაღა მოგწერო! გონებით მინდა დავმშვიდდე, მაგრამ გული არ მემორჩილება. ნინო აღარ მყავს! ეს ალბათ საკმარისია, რომ ჩემი სიობლე, ჩემი მარტოობა და უმწეო მდგომარეობა უსიტყვოდაც კარგად გაიგო. უბედური შემთხვევა საბედისწერო შეიქმნა, ოცი თვე იცოცხლა, მე ერთი საათითაც არ მოვცილებივარ მის საწოლს. საოცარი სიმშვიდით შეხვდა აღსასრულს. ორი დღით ადრე მითხრა, იქნებ მეც დედაჩემივით მალე გონება დავკარგო და ახლა მინდა ყველაფერი გითხრაო.
ისე მომიალერსა და დამატკბო, რომ ვეღარ მოვითმინე, გული ამომესკვნა და ცრემლები მომერია. გაუკვირდა, უფრო მაგარი ნერვების პატრონი მეგონეო. მეც ღონე მოვიკრიბე და ჩემი ვუთხარი, გავუხსენე მისი ამაგი, მისი სათნოება, მისი ჩემდამი სამსახური და სიყვარული.
ამით თითქმის გამოვეთხოვეთ ერთმანეთს. მე ისე აღელვებული ვიყავი, რომ უკანასკნელი განკარგულება სხვებს დაავალა, მანდილოსნებს: - დღეს ექვთიმემ იმდენი კარგი სიტყვა მითხრა, რომ სრულიად დამშვიდებით ვკვდებიო. კუბოში ჩემი და ექვთიმეს ჯვრისწერის სანთელი ჩამაყოლეთო. ის სანთელი საქართველოდან ჰქონია წამოღებული. ათი წუთის შემდეგ უმტკივნეულოდ შეწყდა მაჯისცემა და სამუდამოდ მიიძინა.
დაკრძალვას მთელი ქართველობა დაესწრო. ნინოს სათნოებას, ადამიანობას და კაცთმოყვარეობას აქ დიდი სახელი ჰქონდა".
12 ივლისს ნინო პოლტორაცკაიას დაკრძალვას პარიზსა და ახლომახლო ადგილებში დამკვიდრებული მთელი ქართული ემიგრაცია დაესწრო.
მეუღლის გარდაცვალებით დადარდიანებულ ექვთიმეს ფოსტის მოხელემ სასამართლოს უწყება მოუტანა. სენის დეპარტამენტის სამოქალაქო სასამართლო იტყობინებოდა, რომ ორი კვირის შემდეგ გაირჩეოდა სალომე ობოლენსკაიას სარჩელი მისი მამის, ნიკო დადიანის ზუგდიდისეული სასახლიდან წამოღებული ნივთების შესახებ და ექვთიმეს, როგორც მოპასუხეს, სთხოვდნენ დასწრებას.
ნინო პოლტორაცკაიას პანაშვიდზე, დაკრძალვის დღესა და დაკრძალვის შემდეგ მთელი ქართველობა ობოლენსკაიას ქვრივის უგვანო საქციელს არჩევდა.
საზოგადოება ორად გაიყო. ბევრი კიცხავდა ქვრივის საქციელს, ზოგი კი ამართლებდა.
ობოლენსკაიას ბევრი დამხმარე აღმოუჩნდა საფრანგეთის არისტოკრატიაში. მისი საჩივრის ირგვლივ წარმოუდგენელი სპეკულაცია გაჩაღდა.
მომჩივანმა ხელოვნურად გაბერა დადიანების სასახლიდან წამოღებული ნივთების სია და ისე გამოდიოდა, თითქოს საქართველოდან გატანილი განძეულის ნახევარი სამეგრელოს მთავრის ქონება ყოფილიყო.
საჩივრის მთავარი მოტივი ის იყო, რომ საქართველოს მენშევიკურ მთავრობას უფლება არ ჰქონდა დეკრეტის ძალით ჩამოერთმია ის ქონება, ვინაიდან სამეგრელოს მთავარი უშუალოდ რუსეთის ქვეშევრდომი იყო და არა საქართველოსი.
რა თქმა უნდა, სასამართლომ ეს მოტივი არ მიიღო. კომბინატორებმა დიდი ფული დახარჯეს იმ იმედით, რომ მოგების შემთხვევაში ასმაგად აინაზღაურებდნენ ხარჯებს.
სასამართლომ ობოლენსკაიას ქვრივს კი უთხრა უარი, მაგრამ განძეული უპატრონოდ გამოაცხადა და შესანახად გადასცა მუსიე პიერ დოჟონს, საფრანგეთის საარბიტრაჟო სასამართლოების მუდმივ წევრს, რომელიც იმ დროს უპატრონოდ დარჩენილი რუსეთის ქონების გამგებელი იყო. დოჟონმა ყადაღა დაადო საქართველოს განძეულს.
ახლაღა მიხვდნენ ქართველი ემიგრანტები, რომ განძეული საბოლოოდ დაკარგეს და გამოსავლის ძებნა დაიწყეს.

"დახვანჯული საქმე"

სამწუხაროდ, ექვთიმეს არანაირი არგუმენტი არ გააჩნდა განძეულის უკან დასაბრუნებლად. კოლოსალურ თანხას მიაღწია მისი შენახვის ქირის დავალიანებამ, გადამხდელი კი არავინ იყო.
ექვთიმეს განცხადებები ერთი პრემიერის ხელიდან მეორეში გადადიოდა. მარტოობისა და უიმედობის საშინელმა სევდამ შეიპყრო. ნინოს გარდაცვალების შემდეგ ერთხანს უძილობა დასჩემდა.
იწვა გამოყრუებულ ბინაში მარტოდმარტო და ფიქრობდა, რით უნდა შემოევლო ამ უსაშველო საქმისთვის, რა უნდა ეღონა, რომ მშობლიური ხალხის წინაშე სამუდამოდ არ შერცხვენილიყო. იმედად და გზის გამკვლევად მხოლოდ ორი ფრანგი ესახებოდა: - ერთი - სათნო მოხუცი პიერ დოჟონი, რომელსაც ამჟამად ებარა მისი სანუკვარი განძეული, მეორე კი - შარლ პომარე, საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატის დეპუტატი.
- "თუ რამე გამოვიდა ამ დახვანჯული საქმიდან, მხოლოდ ამ ორი კაცის მეშვეობით, თუ არადა არსაით საშველი არა ჩანს", - ფიქრობდა ექვთიმე. თან განაგრძობდა მეცნიერულ მუშაობას და თავის ქართველ მეგობრებთანაც წერილობით კავშირს არ წყვეტდა, ფიქრით და ოცნებით მუდამ საქართველოს დასტრიალებდა.

ექვთიმე თაყაიშვილი - მიმართვა ქართველი ემიგრაციისადმი

"იყო დრო და ეს არც ისე დიდი ხანია, რაც ჩვენი ინტელიგენცია ერთობ გულგრილად უცქეროდა ქართულ საკულტურო ნაშთებს და თავს არ იწუხებდა მათი შეგროვებისა და გამოცემისათვის.
ამ გულგრილობამ დიდძალი პირველხარისხოვანი ძეგლები დაგვიკარგა. რაც მამებს თავიანთ ძველ ოჯახებში დაგროვილი ჰქონდათ, შვილებმა დაკარგეს... ქართული სულიერი, გონებრივი და მატერიალური კულტურა რთულია, მრავალმხრივია და ბევრ რამეში მეტად თავისებურია.
იშვიათია პატარა ერი, რომელსაც ასეთი მდიდარი ძველი კულტურა ჰქონდეს. ამ კულტურამ გადაარჩინა ქართველი ერი მოსპობას ჟამთა ვითარების აბობოქრებული ქარტეხილისაგან, მისცა უნარი სიმტკიცისა, გამძლეობისა და ყოველი ჭირის გადატანისა.
ვინც ამ კულტურას, ასე თუ ისე, არ იცნობს, ის არასოდეს არ იქნება ნამდვილი ქართველი, ჭეშმარიტად ქართული სულის მატარებელი, მას გადაგვარება მოელის, თუ უკვე გადაგვარებული არ არის.
ამიტომ მოვალე ვართ, ხელი შევუწყოთ ჩვენი კულტურის საფუძვლიანად შესწავლას, რაც უნდა გამოიხატოს საკულტურო მასალების შეკრებაში და უკვე შეკრებილის გამოქვეყნებაში.
უამისოდ ჩვენ ვერ აღვადგენთ ჩვენი კულტურის ნამდვილ სახეს და ვერ შევიგნებთ მის ცხოველმყოფელ ძალას, რომელიც იხატებოდა, პირველ ყოვლისა, მდიდარი ქართული ენის განვითარებაში.
ქართველთა მიერ ქართული ძეგლების შეკრება იწყება მხოლოდ წერა-კითხვის საზოგადოების დაარსებიდან, ამას ხელი შეუწყო კიდევ საეკლესიო მუზეუმისა და განსაკუთრებით განაცხოველა საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების დაარსებამ.
ხლა მას აგვირგვინებს ჩვენს დროს დაარსებული ქართული უნივერსიტეტი და ხელს უწყობენ ჩვენი მუზეუმები.
კვეხნაში ნურვინ ჩამომართმევს, თუ ვიტყვით, რომ წილად მხვდა, სხვებთან ერთად, ჩემი სუსტი ღონე და მცირე თავისუფალი დრო, სპეციალური საპედაგოგო მოღვაწეობიდან გადარჩენილი, მთლად შემეწირა ქართული საისტორიო და საკულტურო საგნების და მასალების შეგროვებისათვის, ცნობაში მოყვანისათვის, აღწერისა და გამოცემისათვის. ამ მიზნით ხშირად მიხდებოდა მოგზაურობა და ექსპედიციების მოწყობა საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში.
შეგროვილი დიდძალი მასალა დაცულია ჩვენს მუზეუმებში. მცირე ნაწილი გამოცემულია და ვინც ჩვენს ლიტერატურას თვალს ადევნებდა, დაინახავდა, თუ როგორ შეუწყვეს ხელი ამ გამოცემებმა ჩვენი ისტორიის, ლიტერატურის და ხელოვნების შესწავლას. ხოლო ერთი ნაწილი მასალებისა თან მაქვს და გამოუცემელი რჩება, საქმე კი საშურია: - დრო მიდის, მე მივიწურე აღსასრულისაკენ: "ადამის ტომთა წესითა" და ჩემს შემდეგ ამ მასალას თავს ვერავინ გაართმევს.
თანა მაქვს, სხვათა შორის, შესანიშნავი სახუროთმოძღვრო ძეგლების გეგმები სამუსულმანო საქართველოსი და მრავალი ფოტოგრაფიული სურათი. მათ შორის ისეთი პირველხარისხოვანი ძეგლების სურათებიც, რომელნიც დღეს სამუდამოდ მოსპობილია და მხოლოდ ჩემი აღწერილობა და გადმოღებული სურათებია დარჩენილი.
ამათ გამოცემას მპირდებოდნენ ექვს დიდ ალბომად, მაგრამ ეს იმედი ეხლა გაქრა, ვინაიდან ამას, სულ ცოტა, დასჭირდება ნახევარ მილიონ ფრანკზე მეტი. ისიც დიდი საქმე იქნება, თუ აღწერილობათა ტექსტები გამოვეცით.
ეს შეადგენს დაახლოებით 2000 გვერდს შუა ფორმატის წიგნისას, რასაკვირველია, ეს რამდენიმე წიგნად უნდა გამოვიდეს. ამიტომ გავკადნიერდები, ვინაიდან ეს საზოგადო ქართული საკულტურო საქმეა და მივმართავ ყველა საზღვარს გარეთ მყოფ ქართველ ორგანიზაციებს და თვითეულ საზღვარს გარეთ მყოფ ქართველს, განურჩევლად პარტიისა.
კეთილი ინებონ და ვისაც რა შეუძლია, რამდენიც შეუძლია, დაგვეხმარონ ამ საქმეში. ვისაც ეხერხება, ერთდროული თანხა მოგვაწოდოს; ვისაც ეს არ ეხერხება, თვიურად ერთი წლის განმავლობაში ათ-ათი ფრანკი შემოიტანოს. უფრო ხელმოკლეთ შეუძლიათ თვიურად ხუთ-ხუთი ფრანკი გადადვან. ვინც უმუშევარია, მათ ეს მიმართვა არ ეხება. კერძოდ იმ ორგანიზაციებისათვის, რომელნიც გაზეთებს სცემენ, ჩემი წინადადებაა, ერთი-ორი ნომერის გამოცემა შეაჩერონ და მათი ფასი ამ საქმისათვის გადადვან, ამით მგონია, არაფერი დაშავდება.
მე მოწმე ვარ იმ საოცარი ევოლუციისა, რომელიც ჩვენში მოხდა ამ საკითხში. თუ პირველ ხანებში ამ დარგში მუშაობის დროს მე სასაცილოდ მიგდებდნენ, თავს მესხმოდენ, განსაქიქებელ წერილებს მიძღვნიდნენ, საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების დაარსების შემდეგ მტრული განწყობილება სიმპატიად შეიცვალა.
ყველამ დიდი პატივი დამდვა, ძვირად თუ ვისმეს გაუწბილებივარ საყურადღებო ხელნაწერების და ნივთების შემოწირვაში. რაშიაც ფულს ვაძლევდით, იმასაც სულ იაფად დაგვითმობდნენ. ათი წლის განმავლობაში დიდი მუზეუმი შევქმენით და მილიონი მანეთის უძრავი მამულები შევიძინეთ.
ის ანდერძები, რომელნიც დაგვიტოვეს აკაკი წერეთელმა, დავით სარაჯიშვილმა, ნესტორ პეტრიაშვილმა, ღუდუშაურებმა და ბევრმა სხვებმა (ხოლო ჩვენ რევოლუციის და ფულის დაცემის გამო ნაკლებად ვისარგებლეთ), მოწმობენ ძირითად გარდატეხას და მტკიცე შეგნებას ჩვენი ძველი კულტურის შესწავლის აუცილებელ საჭიროებისა.
მთელმა საქართველომ პატივი დაგვდვა და ხელი შეგვიწყო. თუ ასეთი სიმპატია გამოყვა ემიგრაციასაც, მაშინ ჩემი წინადადება პატივით იქნება მიღებული. სამწუხაროდ, ჩვენი ემიგრაცია დაქსაქსულია პოლიტიკური მიმართულების თვალსაზრისით.
ამ საქმეში მაინც შევერთდეთ. იქნება ამ შეერთებამ სხვა დიდ საქმეშიც შეერთება გამოიწვიოსო. ღმერთმა ქნას!
ახლო ხანში 50 წელი შესრულდება, რაც მე საპედაგოგო დარგში დავიწყე მუშაობა. ჩემმა ყოფილმა შეგირდებმა მომმართეს წინადადებით იუბილეს მოწყობისა, რაზედაც, უარი განვაცხადე, პირველად მიტომ, რომ საიუბილეო არაფერი გამიკეთებია.
მხოლოდ ჩემ ქართულ მოვალეობას ვასრულებდი. მეორედ მიტომ, რომ კიდევაც ღირსი ვიყო იუბილესი, ჩვენს პირობებში, ემიგრაციაში, იუბილე ვის გაუგონია! არ ეგების! იუბილეზედ მეტად ჩავთვლი და უფრო სასარგებლოც იქნება, თუ ამ გამოცემათა საშუალებას მომიხერხებენ.
ნურვინ დამწამებს, თითქო მე ჩვენი ემიგრაციის სიღარიბე არ ვიცოდე. მაგრამ ისიც კარგად ვიცი, ჩვენში საზოგადო საქმე, თუ რამე გაკეთებულია, ისევ ღარიბი ქართველის ჯიბით და მისი ინტელიგენციის წყალობით, მდიდრები ცოტა გვყვანდენ და ვინც გვყავდა, ბევრი საიმისო არაფერი გაუკეთებიათ.
თუ გული გულობს და ყველანი შევერთდებით, საერთო წვლილითაც ამ საქმეს ეშველება. ეს არის პირველი და უკანასკნელი ჩემი თხოვნა ქართველი ემიგრაციისადმი. ვინც პატივს დაგვდებს და დაგვეხმარება ამ საქმეში, მათ ვთხოვ წინდაწინვე მიიღონ ჩემი უღრმესი მადლობა.

25 ნოემბერი, 1936, პარიზი"

დასასრული იხილეთ შემდეგ გვერდზე

უნიკალური ნაშრომის გამოცემა პარიზში


საორგანიზაციო კომიტეტმა ორიოდ კვირაში მოზრდილი თანხა შეაგროვა, არ დარჩენილა პარიზსა და ლევილში მცხოვრები ქართველი, რომ ამ კეთილშობილურ წამოწყებას არ გამოხმაურებოდეს.
შემდეგ და შემდეგ წამოვიდა ასიგნაციების ნაკადი ამერიკაში, ინგლისში, გერმანიაში, ბელგიაში და მსოფლიოს სავადასხვა კონტინენტზე მცხოვრები ქართველებისგან.
და აი, ასრულდა ექვთიმეს ოცნება. პარიზში დიდი ტირაჟით გამოიცა მისი უნიკალური ნაშრომი: "ექსპედიცია კოლა-ოლთისში და ჩანგალში" და რამდენიმე ბროშურა.
ერთ დროს სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილი მოხუცი უფრო გამხნევდა. დასძლია მარტოობის სიმძიმილი, ღონე მოიკრიბა და კვლავ ახალი ძალით დაიწყო ზრუნვა უპატრონო განძეულის ცხრაკლიტულიდან გამოსახსნელად.

ახალი საფრთხე

იმ დროს, როდესაც ექვთიმემ პიერ დოჟონისა და შარლ პომარეს დახმარებით განძეულის თაობაზე ხელახალი საკასაციო საჩივარი შეიტანა პარიზის საარბიტრაჟო სასამართლოში, მთელი საფრანგეთი შეძრა მრისხანე სიტყვამ "ომი".
საფრანგეთის გული - პარიზი გერმანელების ხელში გადავიდა.
ომში საფრანგეთის ჩაბმისთანავე ჰიტლერელებმა მოითხოვეს ქართული განძის გერმანიაში გატანა. ჟოდონი არწმუნებდა მათ, რომ არ იცოდა განძის ადგილსამყოფელი. გერმანელები დახვრეტით ემუქრებოდნენ ჟოდონს. ქართველებთან უკვე დამეგობრებული შესანიშნავი ფრანგი მოქალაქე პიერ ჟოდონის სახელით საიდუმლოდ დაუკავშირდა ექვთიმე თაყაიშვილს და შეატყობინა საუნჯეზე თავსდატეხილი ახალი საშიშროების შესახებ.
პროფესორი ზურაბ ავალიშვილიც თავგამოდებით არწმუნებდა გერმანელებს, ის ნივთები მხოლოდ საქართველოსთვის შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი და ისინი სხვათათვის არავითარ ფასეულობას არ წარმოადგენენო. დაბოლოს ჟოდონისა და ქართველების მიერ დიდად სარისკო გადაწყვეტილება იქნა მიღებული: ოკუპირებულ პარიზში ბანკიდან ჩუმად გამოიტანონ ქართული საუნჯე და საბარგო ეტლით წაიღონ ვერსალში.
საკმარისი იყო გზად გერმანელთა პატრულები დაინტერესებულიყვნენ საბარგო ეტლის ტვირთით, საქართველოს სამუდამოდ დაეკარგებოდა მისი საგანძური და ჟოდონსაც დახვრეტა არ ასცდებოდა.
ვერსალის ნაციონალური ბიბლიოთეკის სარდაფში ჩაზიდეს ყუთები და ქვაღორღიანი ნაგავი მიაყარეს.
პარიზის დაპყრობის მეორე თუ მესამე დღეს გერმანელებმა ლევილში ექვთიმეს ბინა გაჩხრიკეს. ისინი სამნი იყვნენ: პოლკოვნიკი, გამომძიებელი და ჯარისკაცი.
მოითხოვეს ყუთების გახსნა. გახსნეს ორი ყუთი, ერთი - საუკეთესო ნივთებისა და მეორე - არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოგროვილი მასალა. ამ მასალების თავზე ნაპოლეონ ბონაპარტეს პატარა ბიუსტი იდგა, რა თქმა უნდა, კონსპირაციის მიზნით.
- "ჩვენ ეს არ გვაინტერესებს, მოგვეცით ოქროულობა, მინანქრიანი ხატებიო". მოხუცმა პასუხი გასცა, ძვირფასეულობა ამერიკაში არის წაღებულიო.
გერმანელები ამჯერად წავიდნენ და კარგა ხანს არავის შეუწუხებია მოხუცი. ეს მოჩვენებითი სიმშვიდე ქარიშხლის მომასწავებელი აღმოჩნდა. ნაცისტებმა საფრანგეთში ფეხი მოიკიდეს თუ არა, მწვავედ დაისვა საკითხი ქართველი ემიგრანტების ბერლინში გადაყვანისა და განძეულის იქ გადატანისა.

ოცნება ფრთებს ისხამს

1944 წლის 2 ივლისი. საფრანგეთის ნაციონალურმა განმათავისუფლებელმა კომიტეტმა დე გოლის მეთაურობით თავი გამოაცხადა საფრანგეთის დროებით მთავრობად.
საბჭოთა კავშირის მთავრობა ოფიციალურად მიესალმა დე გოლის მთავრობას და თავის მხრივ დახმარება აღუთქვა.
საბჭოთა კავშირის სრულუფლებიან ელჩად საქართველოში დაინიშნა ალექსანდრე ბოგომოლოვი, რომელმაც დახმარება აღუთქვა ექვთიმეს განძეულის დაბრუნების საქმეში.
ბოგომოლოვმა სამუზეუმო განძეულის საქართველოსთვის გადაცემის საკითხზე ექვთიმე თაყაიშვილის მოხსენება სწორედ ისეთ დროს წარუდგინა დე გოლს, როცა ორივენი მოსკოვში მიფრინავდნენ სტალინთან მოსალაპარაკებლად.
ომი ჯერაც გრძელდებოდა და საფრანგეთის საბოლოო ხსნა დიდად იყო დამოკიდებული საბჭოთა კავშირზე, რასაკვირველია, დე გოლს უარის თქმა არ შეეძლო და მაშინვე გასცა განკარგულება: "დაუყოვნებლივ დაბრუნებოდა საქართველოს თავისი განძეულობა".

დაბრუნება

1945 წლის დამდეგს ორი ქართველი მეცნიერი დიპლომატიური მისიით თბილისიდან პარიზს გაფრინდა. მათ დავალებული ჰქონდათ საქართველოს განძეულისა და სამშობლოში მომავალი ქართველი ემიგრანტების მეგზურობა.
თეირანი-ქაირო-ბაღდადი-მარსელი-დიჟონი-პარიზი! - ასეთი იყო საქართველოდან წარგზავნილი ორი მეცნიერის - შარიასა და ამირანაშვილის ავიამარშრუტი.
ექვთიმე მაშინ 82 წლის მოხუცი იყო, ჯანმრთელობას უჩიოდა, ხშირად ავადმყოფობდა. უკანასკნელად ის გაცივდა ვერსალის ბიბლიოთეკაში საქართველოს განძეულის აღწერის დროს.
მაშინ ბიბლიოთეკა არ თბებოდა. მძიმედ ავად გახდა. ფილტვების ანთების ნიშნები აღმოაჩნდა. შალვა ამირანაშვილი მოხუცს სათუთად უვლიდა. ექვთიმე შესთხოვდა - ოღონდ სამშობლოში ცოცხალი ჩამიყვანეთ და მერე, დაე, მოვკვდე, დიდად ბედნიერი ვიქნებიო.
ექვთიმემ კოლექციების მხოლოდ ნაწილის აღწერა მოასწრო, შემდეგ კი ამირანაშვილმა განაგრძო მისი დაწყებული საქმე.
სიების შედგენისა და შეჯერების შემდეგ ყველა ნივთი საგანგებოდ შეფუთეს და ყუთებში ჩაალაგეს.
თებერვლის ბოლო რიცხვებისათვის ექვთიმე გამოკეთდა. ამ დროისათვის მისი სამშობლოში დაბრუნების საკითხიც მოგვარდა. ეს ცნობა რომ მიუტანეს ექვთიმეს, მის სიხარულს საზღვარი არ ჰქონია.
15 თებერვლისათვის მოსალოდნელი იყო გამგზავრება. მის სამშობლოში დაბრუნებას კარგად შეესაბამება შოთა რუსთაველის სიტყვები: "მე გარდასრულვარ, სიბერე მჭირს, ჭირთა უფრო ძნელია".
დაიწყო გამგზავრების თადარიგი, მაგრამ პანიკამაც იმატა. არავითარი გარანტია არ არსებობდა იმისა, რომ განძეული და მისი მეგზურები თბილისში მშვიდობიანად ჩააღწევდნენ. ჯერ ხომ ისევ მძვინვარებდა მეორე მსოფლიო ომი! ცის მეკობრეებს დაუსჯელად შეეძლოთ განძეულით დატვირთული თვითმფრინავების მოტაცება.
ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ მოსკოვიდან მოფრინდა სამი თვითმფრინავი. ერთი მათგანი დაიტვირთა საბჭოთა საელჩოს საარქივო მასალებით და მოსკოვში გაიგზავნა. როგორც კი პარიზში ცნობილი გახდა, რომ თვითმფრინავი მშვიდობით ჩაფრინდა მოსკოვში, მაშინვე ერთი დღის განმავლობაში დაიტვირთა დანარჩენი ორი თვითმფრინავი განძეულით.
ექვთიმემ ლევილში მეუღლის სასაფლაო მოინახულა. სინანულით დაემშვიდობა მოხუცი თავისი ცხოვრების ერთგულ თანამგზავრს. საფლავთან მუხლმოყრილმა პატიება სთხოვა, რომ ვერ უსრულებდა ანდერძს და მის ძვლებს სამუდამოდ ტოვებდა უცხოეთის მიწაში...
საქართველოში გამომგზავრების წინ, 1945 წლის აპრილში გამოსათხოვარ საღამოზე, ექვთიმეს უთქვამს: - მე ვიცი, რომ დიდი პატივით მიმიღებენ, მაგრამ ისიც ვიცი, რომ მათ მუდმივ "დამაშნი არესტში" ვეყოლები. მსხვერპლად ვეწირები ჩემს თავზე აღებულ მოვალეობასო.
მაგრამ მოულოდნელად ექვთიმემ უარი თქვა სამშობლოში გამგზავრებაზე. ასეთი საქციელი ზოგმა მოხუცის ახირებად მიიჩნია, ზოგმაც ცოლთან სამუდამო განშორების სიმძიმილად, მაგრამ არც ერთი აღმოჩნდა მართალი და არც მეორე. ექვთიმეს თურმე სულ სხვა სატკივარი უღრღნიდა გულს, - როგორ გამოჩენილიყო თანამემამულეებში, როცა მას ერთი ხეირიანი კოსტიუმიც არ ჰქონდა. ერთადერთი სათხოვარი ჰქონდა საბჭოთა ხელისუფლებასთან: "შილიფად ვარ და გთხოვთ, სამოსი გამომიგზავნეთო".
გვიან გაიგეს საბჭოთა საელჩოში, რომ განძეულის გუშაგი ყველაზე ბოგანო კაცი ყოფილა მთელ პარიზში. გაიგეს და მაშინვე დატრიალდნენ, თანხაც სწრაფად გააჩინეს, მაგრამ ნაცისტების ნაბატონარ პარიზში კოსტიუმი არ მოიპოვებოდა.
მეგზურებმა ითავეს - ქაიროში ან თეირანში შეემოსათ მოხუცი...
1945 წლის აპრილის დამდეგს ორი თვითმფრინავი აფრინდა პარიზის ბურჟეს აეროდრომიდან. ექვთიმე თაყაიშვილი სამშობლოში მოფრინავდა საქართველოს დელეგაციასთან ერთად, თან მოჰქონდა მეოთხედი საუკუნის წინათ გატანილი და ერთ დროს უპატრონოდ დარჩენილი განძეული.
პარიზი-მარსელი-რომი-ბენგაზი-ქაირო-თეირანი-თბილისი! - ასეთი იყო ავიამარშრუტი.
პარიზიდან ხუთ აპრილს აფრენილები მეშვიდე დღეს, თერთმეტ აპრილს, თბილისის აეროდრომზე დაეშვნენ.
ღრმად მოხუცი, თეთრი წვერ-ულვაშით შემოსილი ექვთიმე, რომელსაც თბილისის აეროდრომზე უამრავი თანამემამულე ელოდებოდა, კოჭლობით ჩამოვიდა თვითმფრინავის ტრაპიდან. როგორც კი საქართველოს ცას და მიწას შეხედა, მის შესახვედრად მოსულ მოზღვავებულ ხალხს თვალი შეავლო, სიხარულით ცრემლმორეული, ხელების ქნევით შორიდან მიესალმა მათ...

* * *
ისევ საქართველოშია ექვთიმე თაყაიშვილი; კვლავ მშობლიურ მიწას დაადგა ფეხი. ბევრი ნაცნობი და ახლობელი შემოჰფანტვოდა. ჟამთა ვითარებით ზოგი სადღაც მიკარგულიყო, ზოგი კი ულმობელ სიკვდილს გაეტაცა ამ ქვეყნით. ცოცხლებს შორის აღარ იყო ივანე ჯავახიშვილი.
სამშობლოში დიდი პატივით, მოწიწებითა და მადლიერებით მიიღეს ეროვნული განძის მცველი. აღადგინეს თბილისის უნივერსტეტში პროფესორად, აირჩიეს აკადემიის წევრად. სამშობლოში დაბრუნებამ ოთხმოც წელს გადაცილებულ მეცნიერს ენერგია გაუორკეცა. საქართველოში გატარებული რვა წლის განმავლობაში ექვთიმემ იმდენი საქმის გაკეთება მოასწრო, რომ ერთი სოლიდური მეცნიერის სიცოცხლეს ეყოფოდა. ვერც ერთი ქართველოლოგი ვერ აუვლის გვერდს მის ნაშრომებს საქართველოს ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიის, ეპიგრაფიკის, ნუმიზმატიკის, ფილოლოგიის, რუსთველოლოგიის, ფოლკლორისტიკისა და ლინგვისტიკის სფეროში.
- "უცხოობაში, - უთქვამს სამშობლოში დაბრუნებულ ექვთიმეს, - ძალიან შემიფერხდა საკვლევაძიებო საქმიანობა. მე იქ მხოლოდ მცირე ნაწილი გამოვაქვეყნე თან წაღებული მასალისა და ჩანაწერებისა... იმედი მაქვს, რომ ორიოდე წლის სიცოცხლეს, რომელიც დამრჩენია... მოვახმარ ჩემზე დარჩენილი ვალის ბოლომდე მოხდას, - ვეცდები, აღარც ერთი ჩემ ხელთ მყოფი თუ ჩემ მიერ დათვალიერებული ძეგლი აღარ დამრჩეს გამოუცემელი; მით უმეტეს, რომ ბევრი მათგანი უკვე იმსხვერპლა ბუნების ძალებმა, დრომა თუ არევ-დარევამ".
ექვთიმემ უნივერსიტეტიდან ოფიციალურად გამოითხოვა თანამშრომლები, რომელთაც მუშაობაში იხმარდა - ცდილობდა, რაც შეიძლება მეტი მოესწრო; კითხულობდა საჯარო ლექციებს, რჩევა-დარიგებებით ეხმარებოდა მეცნიერებს თუ ნიჭიერ მოწაფეებს.
1946 წელს ექვთიმე თაყაიშვილი საჯაროდ წარდგა თბილისის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა წინაშე მოხსენებით "ევროპაში ნახული ქართული ძეგლები და იქვე შეკრებილი ცნობები ქართული ძეგლების შესახებ". მეტად მნიშვნელოვანია მის მიერ 1949 წელს სრული სამეცნიერო აპარატის თანხლებით გამოცემული სუმბატ დავითის ძის ქრონიკა ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონთა შესახებ.
მაგრამ დიდხანს არ გასტანა ექვთიმეს სიხარულმა. სამწუხაროდ, საბჭოთა ხელისუფლება მაინც ეჭვით უყურებდა ექვთიმეს. მოგვიანებით იგი მოხსნეს პროფესორობიდან, დაუნიშნეს პენსია, რომელიც არ მიუღია, დაუპატიმრეს ქალიშვილი, ბოლოს კი თვითონაც დაიბარეს უშიშროების სამსახურში. ღრმად მოხუცებულს სახლში მიაკითხა უშიშროების თანამშრომელმა და მოხუცი, რომელიც ფეხით ძლივს დადიოდა, წაიყვანეს დაკითხვაზე. ცკ-ის მდივნის ა. მგელაძისადმი გაგზავნილ წერილში (1952 წ. 12 სექტემბერი) ექვთიმე აღნიშნავს, რომ ბოლშევიკური მთავრობისაგან პატივცემული იყო უშიშროების სამსხურის ხელმძღვანელად რუხაძის დანიშვნამდე, რომელმაც იგი უბრალო ემიგრანტად ჩათვალა და განიზრახა მისი მოსპობა. ლიდას დაპატიმრებაც ექვთიმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი იყო.
მასთან მისვლისა ყველას ეშინოდა. მომვლელი ქალი ლია დოლაბერიძეც რუხაძის მოთხოვნით გაეცალა მოხუცს. ფაქტობრივად იგი შინაპატიმრობაში იმყოფებოდა.
ასეთმა დევნა-შევიწროებამ ძლიერ იმოქმედა ისედაც დასნეულებულ ექვთიმეზე. ახლობლისთვის უთქვამს: "მე ფეხი მტკიოდა, თორემ შინაგანი ორგანიზმი ძალიან ჯანმრთელი მქონდა... ახლა იმ გულმაც დამიწყო ტკივილი, რომელსაც უწინ არც კი ვგრძნობდი, სად მქონდა..."
სასოწარკვეთილი მოხუცი, რომელსაც სიარული ძალიან უჭირდა, ერთ დღეს ესტუმრა ნატო ვაჩნაძეს და გააფრთხილა იმ საშიშროების შესახებ, რომელიც მას ელოდა.
თურმე დაკითხვის დროს 90 წლის მოხუცს ეკითხებოდნენ იმასაც, რის შესახებ საუბრობდა საფრანგეთში ჩასული ნატო ვაჩნაძე ემიგრანტ ქართველებთან შეხვედრის დროს. ეს მართლაც იყო ზნეობრივი მაგალითი. კაცს, რომელიც თავად იყო შინაპატიმრობასა და უმძიმეს მდგომარეობაში, სხვის ბედზე წუხდა და აფრთხილებდა მოსალოდნელი საფრთხის შესახებ. სხვათა შორის, მოხუცს ხელისუფლებამ დაუნიშნა ე. წ. მომვლელი ქალი, რომელიც უშიშროების ოფიცერი იყო.
1948 წლის იანვარში ა. შანიძეს, გ. წერეთელს, ვ. დონდუას, ი. მეგრელიძეს გადაუწყვეტიათ ექვთიმეს 85 წლის იუბილეს აღნიშვნა. ექვთიმე სასტიკი წინააღმდეგი წავიდა - სამაგისო არაფერი გამიკეთებიაო. იუბილეს გადახდას ემიგრაციის დროსაც უპირებდნენ, მაგრამ იქაც წინ აღუდგა ამ გადაწყვეტილებას - ვის გაუგონია იუბილე ემიგრაციაშიო.

გარდაცვალება

1953 წლის 21 თებერვალს ექვთიმე თაყაიშვილი გარდაიცვალა. სიკვდილის მიზეზი იყო გულის დამბლა.

იოსებ მეგრელიძის მოგონებები ექვთიმეს სიცოცხლის ბოლო დღეების შესახებ:

20.12.1952. ექვთიმე უფრო ხმით მცნობს, ვიდრე შეხედვით, ისიც - ხმამაღლა უნდა ჩავძახო. თვალები მინაბული აქვს, ზოგჯერ გამოიხედავს ხოლმე, გადაბრუნება უჭირს.
დღეს მითხრა: - "მე ფეხი მტკიოდა, თორემ შინაგანი ორგანიზმი ძალიან ჯანმრთელი მქონია. არასოდეს მასში ტკივილები არ მიგრძნია, გარდა იმისა, რომ ფილტვების ანთების დროს გვერდი მეწვოდა და სუნთქვა მიჭირდა. ახლა იმ გულმაც დამიწყო ტკივილი, რომელსაც უწინ არც კი ვგრძნობდი, სად მქონდა; ღამე სული მეხუთება, საწყალი ჩემი მეუღლე მესიზმრება, მისი ხმა მესმის. გაბრიელი მეძახის, - აღარაა დრო, თუ?!. ზეციერი რომ მიმიღებს, ექთანს დაუძახეთ, პროტეზი ჩამიდოს პირში!..." ცოტა ხნის შემდეგ ჩაილუღლუღა: "ცა - ფირუზ, ხმელეთ - ზურმუხტო!.."
1.01.1953. ივანე ნიჟარაძე და მე ვიყავით ექვთიმესთან, მხოლოდ ოდნავ მოძრაობს, გონება ნათელი აქვს, - არ მიმატოვოთო, - იხვეწება.
16.02.1953. ექვთიმე ვეღარ ბრუნდება, ხელის აწევაც უჭირს. განსაკუთრებით ცუდადაა კალისტრატე ცინცაძის გარდაცვალების შემდეგ.
22.02.1953. ცხინვალიდან მხოლოდ დღეს მოვახერხე ჩამოსვლა, საღამოს ექვთიმესაკენ გავეშურე. იგი გუშინ 6 საათზე გარდაცვლილიყო...
ერთ-ერთი საუბრის დროს ექვთიმეს გამოუხატავს დიდუბეში იაკობ გოგებაშვილის გვერდით დასაფლავების სურვილი. იაკობი მთაწმინდაზე გადავასვენეთო, - უთქვამთ მისთვის. მთაწმინდაზე მე ილიასთან რა ღირსი ვარ, ჩემს აშენებულ უნივერსიტეტის ეზოში რომ დამმარხავდნენ - ვანოს მახლობლად კი ვისურვებდიო. მიცვალებული გამოასვენეს 16 საათსა და 15 წუთზე.
კუბო აკაკი შანიძეს, ალ. ბარამიძეს, ვახტანგ ბერიძეს და იოსებ მეგრელიძეს მიჰქონდათ. მათ ენაცვლებოდნენ ალ. ჯანელიძე, კ. კეკელიძე და ს. ყაუხჩიშვილი. ცხედარს სულ 48 კაცი მიაცილებდა. სხვებმა ვერ გაბედეს ექვთიმესთან გამოთხოვება. ნაბრძანები იყო, პროცესია არ შეეჩერებინათ უნივერსიტეტთან, მაგრამ მძღოლი მოისყიდეს, გადაუხადეს სამი თუმანი.
უნივერსიტეტთან თითქოს მანქანა "გაფუჭდა" და 6 წუთით შეჩერდნენ. ვაკის სასაფლაოზე სიტყვები ალ. ბარამიძემ და ქრ. შარაშიძემ წარმოთქვეს.
1963 წლის 10 თებერვალს ექვთიმე თაყაიშვილის ნეშტი დიდუბის პანთეონში გადაასვენეს. ყველაფერი შენარჩუნებული დახვდათ. კუბოც კი არ აღმოჩნდა გამოსაცვლელი. კუბოში ჩაიხედა ა. შანიძემ. ტანსაცმელი და ფეხსაცმელიც კი დაცული იყო. 1987 წლის 22 თებერვალს ლევილიდან თბილისში ჩამოასვენეს და მეუღლის გვერდით დაკრძალეს ნინო პოლტორაცკაია-თაყაიშვილის ნეშტი. 2000 წელს ექვთიმე თაყაიშვილის ნეშტი მთაწმინდის მიწას მიაბარეს.
კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატე ცინცაძეს ექვთიმეს სიცოცხლეშივე უთქვამს, იგი წმინდანებში ჩასარიცხი კაციაო. ლადო გუდიაშვილსაც აღუნიშნავს: "ამნაირ ადამიანებს ძველად ხატავდნენ ტაძრის კედლებზე".
2002 წლის 17 ოქტომბერს წმინდა სინოდმა ღვთისა და ერის ნება გამოხატა, როცა დაადგინა, რომ წმინდანთა დასში შეერაცხა ექვთიმე თაყაიშვილი და ეწოდებინა მისთვის ღვთისკაცი. 2003 წლის მაისში თბილისში ვაშლოვანის ქუჩის 7 ნომერში, მის უკანასკნელ საცხოვრებელ ადგილას, მისი სახლ-მუზეუმი და სამლოცველო გაიხსნა. ექვთიმე ღვთისკაცის ხსენების დღედ დაწესდა 3 იანვარი.
თაყაიშვილის მშობლიურ სოფელში, ლიხაურში, ყოველი წლის 16 იანვარს "ექვთიმეობას" აღნიშნავენ. ექვთიმე თაყაიშვილის სახელს ატარებს გურიანთა-ვაშნარის მუზეუმ-ნაკრძალი გურიაში. 2008 წელს თბილისში გაიხსნა წმინდა ექვთიმე ღვთისკაცის სახელობის ტაძარი. 2013 წელი იუნესკოს ეგიდით ექვთიმე თაყაიშვილის საიუბილეო წლად გამოცხადდა.
ექვთიმე თაყაიშვილი მიჩნეულია ქართული კულტურის საგანძურის უანგარო მცველად და ჭეშმარიტ ქართველ მამულიშვილად, რომელმაც სამშობლოს შესწირა თავისი მოღვაწეობა და სიცოცხლე.

ტროპარი


საუნჯენი ერისა შენისანი ხელთაგან მტერთაისა განარინენ, და ექსორიობასა შინა ჭირნი მრავალნი დაითმინე, მამულისა სალმობათა მკურნალო, ღმრთისა კაცო ექვთიმე, ევედრე ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.

წმინდა ექვთიმეს ხატის  წყარო


წმინდა ექვთიმე თაყაიშვილთან დაკავშირებით ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ სხვა სტატიები - გადადით შემდეგ გვერდზე

აქვე შეგიძლიათ წაიკითხოთ:

წმინდა ექვთიმეს დაბრუნება

სიყვარულის წერილები

მაინც არ გატეხილა, მაინც არ გაუცია განძი, სამშობლომ რომ ჩააბარა

დაბა კიკეთში წმინდა ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ტაძარი აშენდა

წმინდა ექვთიმე თაყაიშვილი იკორთის ტაძარზე ბრძანებს: ასეთი მშვენიერი ნაგებობა თამარის დროისა, ჩვენ მეტი არა გვაქვს...

წმინდა ექვთიმე (თაყაიშვილი) ღვთისკაცი თურქეთის მიერ მიტაცებულ ჩვენს მიწაზე:



ხილეთ დასაწყისი





ბეჭდვა
1კ1