წმ. პეტრე აღმსარებელი (ხმალაძე, XIX)
წმ. პეტრე აღმსარებელი (ხმალაძე, XIX)
მღვდელი პეტრე ხმალაძე დაიბადა ახალქალაქის სანჯაყის სოფელ ბარალეთში [1775 წელს].

კლასიკური სასულიერო განათლება არ ჰქონდა მიღებული. მღვდლად ხელდასხმულ იქნა 1801 წელს და დაინიშნა ბარალეთის ფერისცვალების ეკლესიაში.

მამა პეტრე ხმალაძე ღრმად მოხუცებულობამდე აღასრულებდა მღვდელმსახურებას. ის მსახურობდა აგრეთვე ტოლოშის თეოდორე ტირონის ეკლესიაში, საიდანაც 1848 წელს პირადი განცხადებით, ჯანმრთელობის გაუარესების გამო განთავისუფლდა და გადაყვანილ იქნა იმავე ეკლესიაში მედავითნედ.
მღვდელი პეტრე ხმალაძე თავისი ცხოვრების წესით და მოღვაწეობით ქრისტეს ერთგული მოწაფის ჭეშმარიტი მაგალითია.

იგი მოღვაწეობდა იმ ძნელბედობის ჟამს, როდესაც ჯავახეთი ოსმალეთის იმპერიის გავლენის ქვეშ იყო. ახალქალაქი ახალციხის საფაშოს შემადგენლობაში შედიოდა და, ამ დროს, არა თუ ქადაგება, რჯულის შენარჩუნებაც მძიმე იყო. მიუხედავად იმ სიძნელეებისა, რომლებიც არსებობდა იმ პერიოდში, მამა პეტრე, როგორც მის საფლავის ქვაზე წერია: "ქ(რისტ)იანეთა ეკლესი[ი]ს… ერთგული წინამძღვარი", მუსულმანების გაქრისტიანებასაც კი ცდილობდა. 1847 წლის დოკუმენტი გავამცნობს, რომ ვაჟიშვილი ვასილის სანახავად გორის სასულიერო სემინარიაში წასული უკანა გზაზე გაძარცვეს.

საგამოძიებო მასალიდან ირკვევა, როგორ ცდილობდა იგი ერთ-ერთი მძარცველის მოქცევას.

მღვდელი პეტრე ხმალაძის საფლავის ქვის წარწერა ერთგვარი შესაკრებელია მისი, როგორც ქრისტიანობისთვის მებრძოლი, თავდადებული მოძღვრისა:
"ლოდსა ქუჱშე ამის მდებარე არს გვამი მღ(უდლ)ის პეტრე ხმალაძისა, რ(ომელი)ცა ჟამსა მახმედიანთაგან ქრ(ისტიან)ეთა დევნულებისა [ი]ყო შეძლებისამებრ შემვლელი, და რუსეთის მთავრობის მოს[ვ]ლ[ა]სა, ძველთა ქ(რისტ)იანეთა ეკლესი[ი]ს შეწყნარებისა ერთგული წინამძღვარი.
აღმ[ო]მკითხველთაგან შენდობისა არს მ[ო]ქენე, რათა თქ[ჳნ]ც დღესა განკითხვისას მიემთხვინეთ შენდობასა. გარდაიცვალა წლისა 90-სა. სახსოვარი ესე აღაგეს მისთა მმადლობელთა შვილთა".

მამა პეტრე ხმალაძე გარდაიცვალა ღრმად მოხუცებული, 80 წლის ასაკში, სიმსივნით, 1856 წლის 1 იანვარს.

მადლიერმა შთამომავლობამ მას უწოდა:

"ჟამსა მახმედიანთაგან ქრ(ისტიან)ეთა დევნულებისა... ქ(რისტ)იანეთა ეკლესი[ი]ს შეწყნარებისა ერთგული წინამძღვარი."
....................

სტატიამომზადებულია ფეისბუქის გვერდის კანკელი • kankeli მიერ გამოქვეყნებული პოსტის იხედვით

ბეჭდვა
1კ1