წმინდა ფულგენტი, რუსპიელი ეპისკოპოსი - 01 (14) იანვარი
წმინდა ფულგენტი, რუსპიელი ეპისკოპოსი - 01 (14) იანვარი
კლავდიუს გორდიან ფულგენტი 467 წელს, სენატორის ოჯახში დაიბადა, წინ უზრუნველი ცხოვრება, ბრწყინვალე მომავალი და პატივი ელოდა, თუმცა, ნეტარი ავგუსტინეს ნაწერთა გავლენით, ყოველივე დაუტევა, რაც წუთისოფელთან აკავშირებდა, შემონაზვნდა და უახლოეს სავანეში განმარტოვდა.

სავანეს არიანელთაგან საკუთარი ეპარქიიდან განდევნილი ეპისკოპოსი ფავსტო თავკაცობდა. მეუფე თავიდან ყოყმანობდა, მიეღო თუ არა ეს დახვეწილი არისტოკრატი სავანეში, თუმცა, ოდეს იხილა მისი მოშურნეობა, სიხარულით დათანხმდა.

მოკლე ხანში არიანელთა დევნა გაძლიერდა, სავანის ძმობა გაიფანტა, ფულგენტი კი მეზობელ მონასტერში გადავიდა და მალე მის წინამძღვრადაც იკურთხა, თუმცა, ნუმიდიელთა თავდასხმების გამო იძულებული შეიქმნა, იქაურობა დაეტოვებინა.

მამა ფულგენტის მადლიანმა ქადაგებებმა ძალზე გააღიზიანა არიანელნი, რომელთაც შეიპყრეს და საშინლად აწამეს. თუმცა, არიანელთა ეპისკოპოსი, რომელიც ძალზე განაკვირვა მართლმადიდებელთა სიმტკიცემ, ფულგენტის გათავისუფლება ინება, რის შემდგომაც ნეტარმა და სხვა მამებმა მავრიტანიის მახლობლად გარკვეული ხნით ჰპოვეს მშვიდობა.

წმინდა ფულგენტს ეგვიპტელ მეუდაბნოეთა ცხოვრება იზიდავდა და იქით გაემართა, თუმცა, სირაკუზაში შეიტყო, რომ ეგვიპტე ერეტიკოსებით იყო სავსე, ამიტომ რომს გაემგზავრა, იქიდან კი - აფრიკაში გადავიდა.

იქ ერთმა წარჩინებულმა ქრისტიანმა მონასტრის დაფუძნება სთხოვა. ნეტარმა ყოველივე აღასრულა, იქაურობა ფარულად დატოვა და განმარტოებას, ლოცვას, წმინდა წიგნთა კითხვას და უბრალო შრომას მიეცა.

თუმცა, გარკვეული ხნის შემდგომ ეპისკოპოსმა ფავსტმა დაბრუნება უბრძანა და სამღვდელო პატივით შემოსა.

508 წელს, მეუფე ფავსტისვე კურთხევით, რუსპიის (დღევანდელი ტუნისის ტერიტორიაზე) სამღვდელმთავრო ტახტზე აღსაყდრდა, თუმცა, უდაბნოში შეძენილი ცხოვრება არ დაუგდია და კვლავ უკიდურესად მკაცრად მარხულობდა და ღამეებს ლოცვაში განლევდა.

ვანდალთა ხელმწიფემ, ტრამაზუნდმა, არიანელთა მხურვალე გულშემატკივარმა და მართლმადიდებელ ეპისკოპოსთა გაუტეხლობით დაღლილმა და განრისხებულმა, სამოცი მათგანი სარდინიას გადაასახლა. წმინდა ფულგენტი, თუმც კი მათ შორის ყველაზე ახალგაზრდა გახლდათ, განამტკიცებდა და ანუგეშებდა თანამოძმეთ და მალე ყველამ ისე გაიცნო, როგორც უებრო ღვთისმეტყველი და ორატორი.

ტრამაზუნდმა მალევე შეიტყო მის შესახებ და თავისთან უხმო. წმინდა მამასთან საუბარმა უძლიერესი შთაბეჭდილება მოახდინა ხელმწიფეზე, დაფიქრდა და ნეტარს მართლმადიდებლური სწავლების ვრცელი გადმოცემის დაწერა სთხოვა არიანელთა საწინააღმდეგო არგუმენტებითურთ.
იხილეს რა ერეტიკოსებმა საკუთარი უძლურება, საშიში მოწინააღმდეგის, - წმინდა ფულგენტის უკან, სარდინიას გაგზავნა მოინდომეს. ნეტარმა იქ მონასტერი დააარსა და მრავალრიცხოვან საძმოსთან ერთად იღწვოდა.

მალე, - 523 წელს, ტრამაზუნდი გარდაიცვალა და მისმა მემკვიდრემ, ჰილდერიკმა მართლმადიდებელთა დევნა შეწყვიტა.

თავიანთ ეპარქიებს დაუბრუნდნენ დევნილი მღვდელმთავრები... იმ დროიდან წმინდა ფულგენტი მთელ აფრიკაში შეუვალი ავტორიტეტით სარგებლობდა.

ქვეყნის ყოველი კუთხიდან ისწრაფვოდნენ ამ წმინდა კაცის მადლიანი სიტყვის მოსასმენად, ყველაზე გასასტიკებულ გულებსაც რომ ცრემლად ალხობდა.

წმინდა ფულგენტიმ რუსპიის მიტროპოლიის ასაღორძნებლად ძალა არ დაზოგა, მოხუცებული კი კუნძულ კერკენაზე განმარტოვდა, სადაც მდუმარებაში, ლოცვასა და ცრემლთა ღვრაში მოელოდა ამქვეყნიდან განსვლას.

გარკვეული ხნის შემდგომ ნეტარმა მრევლის ვედრებას ანგარიში გაუწია და რუსპიის საეპისკოპოსოს დაუბრუნდა, მღვდელთ და მონაზონთ მდაბლად გამოსთხოვა შენდობა, რწმენაში განამტკიცა, სიყვარულით ცხოვრება დაუბარა და 533 წლის 1 იანვარს მშვიდობით მიიცვალა.

წმინდა ფულგენტის იმ დროის ყველაზე განსწავლულ და მართალ მღვდელმთავრად მიიჩნევდნენ.

შეგვეწიოს მისი მადლიანი ლოცვა!
............

ხატის წყარო

ბეჭდვა
1კ1