წმიდათა შორის მამაჲ ჩვენი ბასილი დიდი, კესარია - კაბადოკიის მთავარეპისკოპოსი (+379 წელი) - 01 ( 14) იანვარი
წმიდათა შორის მამაჲ ჩვენი ბასილი დიდი, კესარია - კაბადოკიის მთავარეპისკოპოსი  (+379 წელი) -  01 ( 14) იანვარი
ეკლესიის ეს უდიდესი მნათობი კაბადოკიის დედაქალაქ კესარიაში კონსტანტინე დიდის ზეობისას, დაახლოებით 330 წელს დაიბადა.
მის წმინდა ოჯახს ღვთის განსაკუთრებული სიყვარული გამოარჩევდა, - ბასილი დიდის მამის მშობლებს, რომელთაც საკუთარ თავზე გამოსცადეს დიოკლეტიანეს შავი დროების ყველა უბედობა, 7 წლის მანძილზე იმალებოდნენ ტყეში, დაკარგეს მშობელთაგან დანატოვარი მამული, რომელიც იმპერიამ თავისად მიითვალა.

თუმცა, მიწაც, ისევე, როგორც ყოველი ამსოფლიური საფასე, ამ ღვთისმოყვარე მეუღლეებს არად მიაჩნდათ და სიყვარულად და რწმენად ქცეული სიცოცხლე შეუბღალავად გადაულოცეს შთამომავალთ.

რაც შეეხება ბასილი დიდის დედას, ეკლესიის მიერ თავადაც წმინდანთა დასს შერთულ ემილიას, ისიც მოწამის შვილიშვილი გახლდათ, მამა კი, უფროსი ბასილი, - ნეოკესარიელი ადვოკატი და რიტორიკის ცნობილი მასწავლებელი.

ოჯახში ათი ბავშვი იზრდებოდა: – ხუთი ვაჟი და ხუთი ქალი. მათგან ხუთი შემდეგში წმიდანთა დასს შეერთვნენ: - ბასილი, მაკრინა (ხსენება 19 ივლისს), გრიგოლ ნოსელი (ხსენება 10 იანვარს), პეტრე სებასტიელი (ხსენება 9 იანვარს) და ღირსი თეოზვა – დიაკონისა (ხსენება 10 იანვარს).

სიყრმე ბასილიმ მამა-პაპისეულ მამულში გაატარა, ღვთისმოშიშ ბებია მაკრინესთან, წმინდა გრიგოლ ნეოკესარიელის ცხოვრება და შეგონებანი ჯერაც რომ ახსოვდა. ამგვარ ადამიანთან ცხოვრებამ, მისმა ცოცხალმა მაგალითმა, დარიგებებმა და სულისკვეთებამ ყრმის გულშიც განამტკიცა ღვთის სიყვარული და მისდამი მსახურების დიდი სურვილი.

* * * *

პირველდაწყებითი განათლება მამის ხელმძღვანელობით მიიღო, შემდეგ კი საუკეთესო მასწავლებლებთან სწავლობდა კაბადოკიის კესარიაში, სადაც ყველა განაკვირვა თავისი გონებრივი და სულიერი შესაძლებლობებით. აქვე გაიცნო გრიგოლ ნაზიანზელი, მასავით განათლების მისაღებად რომ წარმოეგზავნათ მშობლებს.

აი, რას წერდა წმინდა გრიგოლი ბასილის შესახებ:

- რიტორი იყო რიტორთა შორის უწინარეს საფილოსოფოსოჲსა სწავლისა. და, უზეშთაესიცა ვთქუ, მღვდელ იყო ქრისტიანეთაჲ.

კესარიიდან ბასილმა კონსტანტინეპოლს გადაინაცვლა და რიტორიკის სწავლა სახელგანთქმულ ლიბანიოსთან, წარმართ სწავლულთან განაგრძო.

უნდა ითქვას, რომ რიტორიკაში ლიბანიოსთანვე განისწავლა წმინდა იოანე ოქროპირიც, რომელიც გამორჩეულად უყვარდა ლიბანიოსს.

ოცი წლისამ სწავლა ტრადიციული ფილოსოფიური სკოლებით მდიდარ ქალაქ ათენში განაგრძო. აქ ღირსი ბასილი გრიგოლ ღვთისმეტყველს დაუახლოვდა და ეს მეგობრობა მათ აღსასრულამდე აღარ დარღვეულა.

ამ მეგობრობის შესახებ გრიგოლ ღვთისმეტყველი წერდა:

- ერთურთისათვის ყველაფერი ვიყავით, - მეგობრებიც, თანამეინახენიც და ახლობლებიც. ერთი მიზნისკენ მავალთ დროსთან ერთად ერთურთის სიყვარული გვიძლიერდებოდა. თითქოს ორივეს ერთი ინტერესი გვქონდა, - სათნოება და ერთი ძალისხმევა, - მიწიერს გავრიდებოდით და მომავალი სიკეთეებისათვის გვეცხოვრა.

მაშინდელი ათენი, ისევე, როგორც მოციქულ პავლეს დროს, კერპებით იყო სავსე, წარმართები ჯერაც მძლავრობდნენ, რასაც იქაური სკოლებიც უწყობდნენ ხელს და ცდილობდნენ, ქრისტიანობა გონებრივი პროგრესისთვის საზიანო სწავლებად გამოეცხადებინათ.

სამწუხაროდ, ათენის სკოლათა მასწავლებლების უმრავლესობას ანგარება და პატივმოყვარეობა უფრო ამოძრავებდა, ვიდრე - საკუთარი საქმე, ამიტომ ამ საწამლავით მოსწავლეთა სულებსაც სწყლავდნენ და ჭეშმარიტებასაც გესლიანად დასცინოდნენ.
ბასილი დიდმა და გრიგოლ ღვთისმეტყველმა სწორად შეაფასეს იქ მსუფევი სულისკვეთება, არც ათენის მაღალი საზოგადოებისათვის ჩვეული სიამეებით მოხიბლულან, არამედ დღემუდამ წვრთნიდნენ სულსა და გონებას.

საიმდროოდ არც ერთი არ იყო ნათელღებული, რის გამოც წმინდა საიდუმლოებებში ვერ მონაწილეობდნენ (იმ დროისათვის ბევრი ზრდასრულ ასაკში ინათლებოდა), მაგრამ უფალმა მათი შრომა აკურთხა და საუკეთესო მოწაფეები გახდნენ, საკუთარზე მეტად ერთმანეთის წარმატება რომ ახარებდათ.

* * * *
ათენში ხუთწლიანი მოწაფეობის შემდგომ, დაახლოებით 357 წელს, წმიდა ბასილი კესარიაში დაბრუნდა. ქალაქის მცხოვრებთა დაჟინებული თხოვნით რამდენჯერმე გამოვიდა საჯაროდ და მსმენელნი ორატორული ხელოვნებით აღაფრთოვანა.
მალე ბასილის გარდაცვლილი მამის ადგილი შესთავაზეს, იუარა, რადგან ეგვიპტესა და პალესტინაში იმ მეუდაბნოეთა ხილვა სურდა, ვის შესახებაც ამდენი რამ გაეგონა...

ეგვიპტეში, არქიმანდრიტ პორფირის სახლში, საღვთისმეტყველო თხზულებათა უმდიდრეს ბიბლიოთეკას წააწყდა და მთელი წელი ღვთისმეტყველების შესწავლას მიუძღვნა, ამ მიწაზევე გაიცნო უდიდესი მამები, - მაკარი დიდი, მაკარი ალექსანდრიელი, პაფნუტი, პავლე და სხვანი...

წმინდა ადგილთა მოსალოცად ეგვიპტიდან პალესტინას გადაინაცვლა, თუმცა, გზად მოსანახულებლად და გასაქრისტიანებლად ათენს თავის მასწავლებელს, ევბულეს ეწვია.

მასწავლებელს ქალაქგარეთ გადაეყარა, სადაც სხვა ფილოსოფოსთ ესაუბრებოდა...

ბასილის ვინაობა არ გაუმხელია, კამათში ისე ჩაება... იქ მყოფნი გაოცდნენ, თუ როგორ გაბედა ვინმე უცნობმა სახელგანთქმულ სწავლულებთან გაპაექრება, რაზეც ევბულემ ბრძანა:

- ეს ან რომელიმე ღმერთია, ან - ბასილიო!

მაშინ კი გაამხილა ბასილიმ, თუ ვინ იყო, ევბულემ კი შინ მიიპატიჟა, სამი დღის მანძილზე ისაუბრეს, სანამ ბასილიმ მასწავლებელი არ დაარწმუნა, რომ ქრისტიანობა ერთადერთი ჭეშმარიტი რელიგიაა.

საბოლოოდ მასწავლებელმა მოწაფეყოფილთან გადაწყვიტა ცხოვრება, რაც ებადათ, გაყიდეს და იერუსალემს მიაშურეს.

წმინდა ადგილთა მოლოცვის შემდგომ იქაურ ეპისკოპოს მაქსიმეს შეხვდნენ და სთხოვეს, იორდანეში მოენათლათ. ნათლობამდე ბასილი უფალს ევედრა, რაღაც ნიშნით რწმენაში განემტკიცებინა, ხოლო ნათლობისას იქ მყოფებმა იხილეს, როგორ გარდამოვიდა ზეცით ცეცხლი, რომელიც ბასილის დაადგა, ცეცხლიდან ამოფრენილი მტრედი კი იორდანეს შთაიფლა.

ევბულესთან ერთად იერუსალემს ერთ წელიწადს დარჩა, შემდეგ კი ანტიოქიას გაემგზავრა, სადაც მთავარეპისკოპოსმა მელეტიმ ბასილი დიაკვნად აკურთხა.

მცირე ხნის შემდგომ ბასილი ევბულესთან ერთად კაპადოკიაში დაბრუნდა, კესარიას რომ მიუახლოვდნენ, მთავარეპისკოპოს ლეონტის ეჩვენა, რომ ქალაქს ის ადამიანი უახლოვდებოდა, რომელიც შემდგომ მისი მთავარეპისკოპოსი უნდა გამხდარიყო.
ლეონტიმ ეპისკოპოსნი, მთავარდიაკვანი და რამდენიმე მორწმუნე შეკრიბა და სთხოვა, ორ მგზავრს, რომელნიც ქალაქის აღმოსავლეთ კარიბჭეს უახლოვდებოდნენ, პატივით დახვედროდნენ.

როდესაც ბასილი და ევბულე მეუფეს წარუდგნენ, იგი განცვიფრდა, რადგან ორივე უკვე ეხილე სიზმრად, ხოლო როდესაც გაესაუბრა, მათმა სიბრძნემ კიდევ უფრო გააოცა...

* * * *
ეგვიპტელმა, სირიელმა და პალესტინელმა მეუდაბნოეებმა უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინეს ბასილის სულზე.

კაპადოკიაში დაბრუნებისთანავე ბასილიმ მთელი ქონება გლახაკთ უწყალობა და მდინარე ირისის მახლობლად დასახლდა, - იმ ადგილას, რომელიც დედამისის და დის საცხოვრისის სიახლოვეს მდებარეობდა, განმარტოვდა და ლოცვას მიეცა.

მოკლე ხანში მისმა სენაკმა ის ასკეტნი მოიზიდა, რომელთაც ნეტარი სიყვარულით და მზრუნველობით ეპყრობოდა.

თავისი ცხოვრებისეული მაგალითითა და ქადაგებებით ჰმოძღვრიდა ბასილი კაბადოკიელ და პონტოელ ქრისტიანები. მრავალი ისწრაფვოდა მისკენ, როგორც გამოცდილი და ღვთივსულიერი მოძღვრისაკენ. ასე დაარსდა ორი, – მამათა და დედათა მონასტერი, რომლებიც ბასილი დიდის ტიპიკონით ხელმძღვანელობდნენ.

გრიგოლი იშვიათად სტუმრობდა მეგობარს უდაბნოში და მათი შეხვედრა ერთურთისთვის მართლაც უდიდესი ნუგეში იყო, - ერთად ლოცულობდნენ, შრომობდნენ, ხეებს რგავდნენ, წმინდა წერილს სწავლობდნენ და მონაზვნური ცხოვრების წესს აყალიბებდნენ.

სწორედ მათ შეადგინეს ორიგენეს თხზულებათა მიხედვით კრებული "ფილოკალია" (სიკეთისმოყვარება).

მამათა თხოვნით, ნეტარმა მამამ იმ ხანებშივე შექმნა ზნეობრივი ცხოვრების წესთა სახელმძღვანელო.

მოგვიანებით ამ დღეებს ბასილი ასე იხსენებდა:

" - ვინ დამიბრუნებს ჩვენს ლოცვებსა და მღვიძარებას? ვინ დამიბრუნებს ძმობის სიმშვიდეს და ერთსულოვნებას, საღვთო წერილის შესწავლასა და ნათელს, რაც სულიწმინდის შეწევნით ვპოვეთ მასში?

ვინ აღმიდგენს ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობას, - ქვათა თლას, ხეების რგვასა და მორწყვას? იყავი ჩემთან სულიერად და შემეწიე სათნოებაში წარსამატებლად, შენი ლოცვებით განმამტკიცე სიკეთეში, ერთად რომ შევიძინეთ."

ამ ორ ადამიანს, უღრმესი სულიერი ერთობით შეკრულთ, წესად ექცათ ერთურთს შორის მიმოწერა და ამ ეპისტოლეთა ნაწილმა ჩვენამდეც მოაღწია...

მალე ბასილის საყვარელი უდაბნოს დატოვება მოუწია. ეს იმ პერიოდს დაემთხვა, როდესაც იმპერატორ კონსტანცის (337-361 წელი) ზეობისას მეტად გავრცელდა არიოზის ცრუსწავლება და ამ სექტის მიმდევარნი ძლიერ ვიწროებდნენ მართლმადიდებელთ.

* * * *
ეკლესიის სიწმიდის დაცვამ ორივე წმიდანის სამსახური მოითხოვა. ბასილი დიდი კესარიას დაუბრუნდა და 359 წელს სელევკიაში მოწვეულ კრებაზე პონტოელ და კაპადოკიელ ეპისკოპოსთ ჭეშმარიტების დასაცავად მედავითნის ხარისხით შეუერთდა, თუმცა, ამჯერად, სამწუხაროდ, მისი მცდელობა ამაო გამოდგა: - ზემოთ ნახსენებ ეპისკოპოსთა უმრავლესობა, ცალკე - არიანელთა მუქარით შეშინებულებმა, ცალკე კი - მათი ცბიერებით მოტყუებულებმა არამართლმადიდებლურ სიმბოლოს მოაწერა ხელი, რომელთა შორის იყვნენ კესარიის ეპისკოპოსი დიანიოსი და გრიგოლის მამა, ნაზიანზის ეპისკოპოსი, უფროსი გრიგოლი, რამაც ძალზე იმოქმედა ორივე მეგობარზე.

ამ ამბების შემდგომ ორივე უდაბნოს დაუბრუნდა და წერილობით იცავდნენ ჭეშმარიტ სწავლებას.

ბასილიმ გადმოსცა ეკლესიის სწავლება ძე ღვთისას შესახებ, ჩამოაყალიბა წესები ეკლესიის მწყემსთათვის და ყოველგვარად ცდილობდა თავის მონაზონთა ცრუსწავლების შხამისაგან დაცვას.

უნდა აღინიშნოსს, რომ ზემოთ ნახსენებ ეპისკოპოს დიანიოსს ოდენ მისი გარდაცვალების წინ შეურიგდა, რამეთუ დარწმუნდა, რომ არიანელთაგან მწარედ მოტყუებულმა ეპისკოპოსმა თავისი მწარე ცთომილება გულწრფელად შეინანა...

ბასილიმ უდაბნოში რამოდენიმე წელი გაატარა, ამასობაში კი მის მეგობარს, გრიგოლს, პრესვიტერად დაასხეს ხელი, მის მხცოვან მამას კი, ასე რომ აღაშფოთა მრევლი არიანელებთან მისმა თანხმობამ, უფროდაუფრო გაუჭირდა ეკლესიის მართვა...
გრიგოლმა მამა დაარწმუნა, შეცდომა საჯაროდ ეღიარებინა, რითიც თავის სამწყსოს შემოურიგა...

* * * *
გამოხდა ხანი და ეპისკოპოსმა ევსებიმ ბასილის კესარიას უხმო და 364 წელს მღვდლად დაასხა ხელი. ბასილიმ მალევე გაითქვა სახელი სიბრძნითა და სიწმიდით. მას პატივს სცემდნენ და ფრიად აქებდნენ, რამაც, ადამიანური სისუსტის გამო, ევსევის სულში შური დათესა და ღირსი მამის შევიწროება დაიწყო.

ბერები ბასილის დასაცავად აღდგნენ. საეკლესიო განხეთქილების საფრთხე რომ მოესპო, წმინდანი კვლავაც უდაბნოს დაუბრუნდა და მონასტრების კეთილმოწყობას შეუდგა. როცა ხელისუფლების სათავეში არიანელი იმპერატორი ვალენტი (364-378 წლები) მოვიდა, მართლმადიდებლობას მძიმე ხანა დაუდგა.

როგორც ცნობილია, ზემოთ ხსენებული მელეტი არიანელმა ეპისკოპოსმა, ევდოქსიმ მონათლა და სიტყვა ჩამოართვა, არიანელთა ინტერესები დაეცვა.

ფაქტია, რომ ვალენტიმ სიტყვა შეასრულა და აღსაყდრებისთანავე ჩაუდგა სული კონსტანციუსისჟამინდელ არიანულ პარპაშს.

მოსალოდნელი დიდი ბრძოლის წინ, ეპისკოპოს ევსევის თხოვნით, ბასილი სასწრაფოდ დაბრუნდა კესარიაში, სადაც ყოველდღიურად წარმოთქვამდა ქადაგებებს, ხშირად - დღეში ორჯერაც, - დილით და საღამოს. ამ ხანებშივე შექმნა საღვთო ლიტურღიის ტიპიკონი, აგრეთვე საუბრები "ექუსთა დღეთათვის", ისაიას წინასწარმეტყველების 16 თავის და ფსალმუნთა განმარტებანი, მონაზვნური ცხოვრების წესების მეორე კრებული - "ასკეტიკონი" (ეფრემ მცირის თარგმანით - "სამოღვაწეო წიგნი") და 3 წიგნი არიანელი მოძღვრის, ევნომიურსის წინააღმდეგ.

იმპერატორ ვალენტის ბრძანებით, მართლმადიდებელი ეპისკოპოსნი არიანელებმა შეცვალეს, უმალ დაიხურა ან არიანელთ გადაეცა ტაძრები და, იმპერატორისავე ბრძანებით, კონსტანციუსის მიერ განდევნილ და იულიანესაგან დაბრუნებულ მღვდელმთავართ კვლავ მოუწიათ კათედრათა დატოვება, რის გამოც იმპერატორს მიმართეს:

- ვიდრე ჩვენზე შენს ბრძანებას აღასრულებდე, გთხოვ, ბასილი დიდს ნება მისცე, არიანელებთან სარწმუნოებრივ კამათში ჩაებას და თუ ბასილი დამარცხდება, უსიტყვოდ დაგემორჩილებითო!

ხელმწიფე დათანხმდა და ბასილი ნიკეას მიიწვია. ნეტარმა მამამ აუწყა, რომ არიანელებთან დაპირისპირებაში მათ თვით უფალი განსჯიდა, ტაძრის კარის ჩარაზვა ბრძანა და არიანელთ მიმართა:

- თუ წინააღმდეგნი არ იქნებით, ამ კარის მეოხებით შემიძლია, დაგარწმუნოთ, თუ ვისი რწმენაა ჭეშმარიტი... თუ კარი თქვენი ლოცვით განიღო, გვეუწყება, რომ სიმართლე თქვენს მხარესაა, ხოლო თუ იგი ჩვენმა ლოცვამ განხსნა, უნდა აღიაროთ, რომ თქვენ კი არა, მართლად ჩვენ ვადიდებთ უფალსო!

არიანელნი დათანხმდნენ და ლოცვა იწყეს: - დილიდან საღამომდე არ შეუწყვეტიათ ვედრება, მაგრამ დახშული კარი ოდნავაც კი არ შერხეულა...

როდესაც მართლმადიდებელთა ჯერი დადგა, წმინდა ბასილი სამღვდელო დასით და მრევლითურთ მიბრძანდა ტაძართან, მუხლი მოიყარა და როგორც კი ლოცვა იწყო, იქუხა და ტაძრის კარი მყისვე გაიხსნა.

ამ ამბავმა იქ მყოფნი შეაძრწუნა და ყველამ ადიდა უფალი, ხელმწიფემ კი, დაპირებისამებრ, ბრძანა, ტაძრები კვლავ მართლმადიდებელთათვის დაებრუნებინათ, თავად ბასილი ძვირფასი საბოძვრით დაასაჩუქრა და პატივით გაისტუმრა...

* * * *
ამ უდიდესი მამის უმთავრესი და უსაყვარლესი საქმე ღვთის სიტყვის ქადაგება გახლდათ. მუდამ გაურბოდა მსმენელთათვის გაუგებარ, რთულ მსჯელობას და ქრისტიანობის არსს და წმინდა წერილს ყველასთვის გასაგებად განმარტავდა. მისი მადლმოსილი, მძლავრი და მადლმოსილი სიტყვა გულისგულამდე აღწევდა და ძლიერად ზემოქმედებდა, საკუთარი ცხოვრებით კი იმასვე ქადაგებდა, რასაც - სიტყვით, - რაც გააჩნდა, გასცემდა და ქრისტიანთაც და სხვა რჯულისებსაც ერთნაირი გულისხმიერებით ეპყრობოდა.

თავად ძალზე მოკრძალებულად ცხოვრობდა, უფრო მეტიც, - ღარიბულად, სნეულთ პატრონობდა, გლახაკთ აპურებდა, მწირთ და უსახლკაროთ იფარებდა და ქალწულებზე ზრუნავდა.

სწორედ მისი ძალისხმევით მოეწყო კესარიასა და მის შემოგარენში დიდი ქსენონები და მოგზაურთა თავშესაფრები...

ნეტარი დროს იმისთვისაც პოულობდა, საერთო საცხოვრისის ტიპის სავანეები დაეფუძნებინა და მონაზონთათვის კანონები, ბავშვთათვის კი - აღზრდის წესები შეედგინა.

თავის თხზულებებში ამხელდა ცრუსწავლებებს, კავშირი ჰქონდა სხვა ქალაქთა მკვიდრ ქრისტიანებთან, ჩაგრულთ და უპოვართ კი მუდამ და ყველგან ესარჩლებოდა.

მთელი ეს დაუღალავი მოღვაწეობა კიდევ უფრო საოცარი იყო, თუ ამ ადამიანის სუსტ აღნაგობას და მუდმივ სხეულებრივ უძლურებას გავითვალისწინებთ. თვით უფალი განაძლიერებდა სასიკეთო მსახურებისთვის და სულიერად განმტკიცებული სძლევდა ხორციელ უძლურებას. ბასილიმ ზეშთაგონებით გადმოსცა საღვთო ლიტურგიის წესი და უამრავი ლოცვა შექმნა.

* * * *
ეპისკოპოს ევსების გარდაცვალების შემდგომ, 371 წელს, კესარიის მღვდელმთავრად ბასილის კურთხევა გადაწყვიტეს, რასაც არიანელნი დიდი გააფთრებით შეეწინააღმდეგნენ...

მაშინ ნაზიანზის მხცოვანმა ეპისკოპოსმა, გრიგოლ ღვთისმეტყველის მამამ, რომელსაც წელთა სიმრავლისა და სნეულების გამო გადაადგილება აღარ შეეძლო, ითხოვა, კესარიას საკაცით ჩაეყვანათ, - სურდა, ბასილი დაერწმუნებინა, ეს დიდი პატივი მიეღო, რომ წმინდა კათედრა არიანელთ არ ეგდოთ ხელთ...

სწორედ მისმა ჩარევამ…გადაწყვიტა ბასილის ხელდასხმა.

სამღვდელმთავრო პატივი ბასილს ერთობ ემძიმა, თუმცა, ამან უფრო დიდი მოშურნეობისკენ აღანთო: - როგორც კესარიელ ეპისკოპოსს, მას 11 პროვინციის 50 ეპისკოპოსი ემორჩილებოდა, - გარდა კაპადოკიისა, გალატიის, პონტოსა და სომხეთის ეპარქიებს წინამძღვრობდა...

წმიდა ათანასე დიდი, ალექსანდრიელი მთავარეპისკოპოსი (ხსენება 2 მაისს) ჰმადლობდა უფალს, რომ კაბადოკიის ეკლესიას ამაგვარი ეპისკოპოსი მიჰმადლა.

ახლადდადგენილი მღვდელმთავარი მუდმივად ზრუნავდა თავის სამწყსოზე, წერდა ეპისტოლეებს, რაშიც დიდად შეეწეოდნენ ძმები, - გრიგოლ ნოსელი და პეტრე სებასტიელი, აგრეთვე, როგორც უწინ, გრიგოლ ღვთისმეტყველი და ეკლესიის სხვა მსახურნი.

სწორედ ამ დროს გავიდა ამქვეყნიდან ბასილი დიდის დედა, 90 წელს გადაცილებული ნეტარი ემილია.

* * * *
უფალმა მრავალგზის დაამოწმა ბასილის სიწმინდე. ერთხელ, როდესაც წირვას აღასრულებდა, ტაძარში ვინემ ებრაელი შემოვიდა, რომ საკუთარი თვალით ეხილე, ქრისტიანნი მართლა უფლის სისხლსა და ხორცს ეზიარებოდნენ თუ არა, დანარჩენ მლოცველთ შეერია და ვითომდა, ქრისტიანი ვარო, ტაძარში შევიდა...

იქ კი, ღვთის დაშვებით, ისეთი რამ იხილა, რამაც მის ცხოვრებას ფერი უცვალა: - საკუთარი თვალით იხილა, როგორ ეპყრა ხელთ ბასილს ჩვილი, რომელიც ნაწილ - ნაწილ დაჭრა...

როდესაც წმინდა ზიარება დაიწყო, ებრაელიც მიუახლოვდა ბარძიმს და იხილა, რომ პური - მართლაც მაცხოვრის ხორცი იყო, ღვინო კი - სისხლი, ძღვენის ნაწილი ფარულად წაიღო სახლში, მეუღლეს აჩვენა და უამბო, რაც იხილა. ორივე დარწმუნდა, რომ ქრისტიანთა საიდუმლო უდიდესი და საშიშია, დილითვე მიაკითხა ნეტარს და სთხოვა, ყოველივე გაუმხილა და სთხოვა, დაუყოვნებლივ მოენათლა.

ნეტარმა ადიდა უფალი და ებრაელი და მთელი მისი სახლეული მონათლა.

* * * *
ბასილი დიდის სახელი მთელ მაშინდელ ქრისტიანულ სამყაროში გახმაურდა. ამ ხმამ ეფრემ ასურამდეც მიაღწია, რომელიც უდაბნოში მოსაგრეობდა. ეფრემი ევედრა უფალს, რათა გამოეცხადებინა, თუ ვინ იყო ბასილი დიდი ღმრთის წინაში. მაშინ ეფრემმა იხილა ნათლის სვეტი, რომლის წვერი ცამდე აღწევდა და ესმა:

- ეფრემ, ეფრემ! იცოდე, ამ ცეცხლოვანი სვეტის მსგავსია ბასილი!

ეფრემი მაშინვე კესარიისკენ გაემგზავრა და თან წაიყვანა თარჯიმანი, რადგან ბერძნული არ იცოდა.

კესარიაში მათი ჩასვლა ნათლისღების დღესასწაულს დაემთხვა. ბასილი ბრწყინვალე შესამოსელში გამოწყობილი, ეკლესიისკენ მიდიოდა ამალის თანხლებით. ეფრემმა თარჯიმანს უთხრა:

- ვგონებ, ამაოდ დავშვერით, ძმაო. მე ასეთ მაღალ პატივში მყოფი კაცი არ გამომცხადებიაო!

შემდეგ ტაძრის კუთხეში განმარტოვდა და ფიქრობდა:
" -
ჩვენ, რომელთა ვიტვირთეთ სიმძიმე დღისა და სიცხე" (მათ. 20,12), ვერაფერს ვაღწევთ, ეს კაცი კი, რომელსაც ხალხი ასეთ პატივს და დიდებას მიაგებს, ცეცხლოვანი სვეტით ბრწინავს, საოცარია!"

ამ დროს ბასილის სულიწმიდამ ამცნო ეფრემის მოსვლა და მთავარდიაკვანი გაუგზავნა, რომელმაც უთხრა:

- მამაო, მთავარეპისკოპოსი გიხმობს, საკურთხეველში შემობრძანდიო!

ეფრემმა თარჯიმნის პირით უპასუხა:

- ცდები, ძმაო! ჩვენ აქ უცხონი ვართ და მთავარეპისკოპოსი არ გვიცნობს!

მთავარდიაკვანმა ბასილის ეფრემის პასუხი გადასცა. ბასილიმ კვლავ გაუგზავნა ეფრემს შუამავალი და დააბარა:

- მამაო ეფრემ! გთხოვ, შემობრძანდი საკურთხეველში, მთავარეპისკოპოსი გიხმობს!

მაშინ კი გაოცდა ეფრემი, დიდება აღუვლინა ღმერთს და წარმოთქვა:

- ჭეშმარიტად დიდია ბასილი, ჭეშმარიტად ცეცხლოვანი სვეტია და სული წმიდა მეტყველებს მისი ბაგეებით.

შემდეგ სთხოვა მთავარდიაკვანს, წირვის შემდეგ სადმე განმარტოებულ ადგილას შეეხვედრებინა . მართლაც, ბასილი და ეფრემი შეხვდნენ ერთმანეთს და თარჯიმნის დახმარებით ისაუბრეს. ბასილის ლოცვით ღმერთმა ეფრემ ასურს ბერძნულის ცოდნა მიანიჭა. სტუმრებმა სამი დღე დაჰყვეს მღვდელმთავართან, რომელმაც წმიდა ეფრემი დიაკვნად აკურთხა, მისი თანამგზავრი კი - მღვდლად და მშვიდობით განუტევა.

* * *
ვალენტიმ უწყოდა, თუ რა მადლსა და ძალას ფლობდა ბასილი, ამიტომ ცდას არ აკლებდა, როგორმე გადმოებირებინა. სანამ კესარიას გაემგზავრებოდა, პრეფექტ მოდესტს დაუბარა, - ბასილი როგორმე არიანელებთან შესარიგებლად განაწყეო.
- რატომ ეურჩები იმპერატორს? - ჰკითხა პრეფექტმა, 

ნეტარმა განუმარტა, თუ რატომ არ შეიწყნარებდა არიანელთა ცთომილებას, მაშინ მოდესტი განდევნით, ქონების ჩამორთმევით და სიკვდილით დაემუქრა,

" - შენი მუქარა მე არ მაშინებს, - უპასუხა წმიდანმა, - ქონებას ვერ დაკარგავს ის, ვისაც არაფერი გააჩნია ძველი, გაცრეცილი სამოსისა და რამოდენიმე წიგნის გარდა, გადასახლების საფრთხე ჩემთვის არ არსებობს, რადგან არც ერთ ადგილას არ ვარ მიჯაჭვული... ადგილი, სადაც ახლა ვცხოვრობ, ჩემი არ არის და არც ის ადგილი იქნება ჩემი, სადაც განმდევნიან. უკეთ რომ ვთქვათ, ყველა ადგილი უფლისაა. წამებითაც რას დამაკლებენ: - ისე სუსტი ვარ, მხოლოდ პირველ დარტყმას ვიგრძნობ... სიკვდილი კი წყალობაა ჩემთვის, რადგან უფალთან მიმაახლებს, რომლისთვისაც ვცოცხლობ და ვიღწვი და რომლისკენაც დიდი ხანია ვისწრაფვი!"

მმართველი გაოგნებული უსმენდა,

" - ალბათ არასდროს შეხვედიხარ ეპისკოპოსს, - განაგრძობდა წმიდანი, - თორემ მისგან უთუოდ ამგვარ სიტყვებს გაიგონებდი. ჩვენ უწყინარნი და ყოველგვარი ხელისუფლების ყველაზე მორჩილი მსახურნი ვართ, მაგრამ, როდესაც საქმე უფალს ეხება და მის წინააღმდეგ კადნიერად აღსდგებიან, ოდენ ღმერთს ვემორჩილებით. მაშინ ცეცხლი, მახვილი, გააფთრებული მხეცები და საწამებელი იარაღი ჩვენთვის ნეტარებაა და ამით ვერავინ შეგვაშინებს!"
რა დარწმუნდა, მუქარით ვერას გააწყობდა, ბასილს იმაზე უწყო საუბარი, თუ რა სარგებელს მოუტანდა არიანელებთან შერიგება ეკლესიას.
- დაფიქრდი, თუ რა სარგებელს მიიღებს შენი სამწყსო ამით, ოდენ ის მოგეთხოვება, სარწმუნოების სიმბოლოდან ერთადერთი სიტყვა, - "ერთარსი" ამოიღო!
¬- რაღა თქმა უნდა, ხელმწიფისათვის მნიშვნელოვანია ეკლესიასთან ურთიერთობა, რადგანაც სულის გადარჩენა სურს, მაგრამ სიმბოლოდან ერთი სიტყვის ამოღება, ან მასში რაიმეს შეცვლა დაუშვებელია და ამას არასოდეს დავთანხმდები!
- ხვალამდე იფიქრე,
- არ ღირს, რადგან არც ხვალ შეიცვლება რამე!
მოდესტმა ბასილი გაუშვა, თუმცა, როდესაც იმპერატორი კესარიას ეწვია, აუწყა:
" - დაგვამარცხა, მეფევ, ეკლესიის წინამძღვარმა"!
ამგვარივე სიმტკიცე გამოიჩინა ნეტარმა თავად იმპერატორის წინაშეც და მასზე იმხელა შთაბეჭდილება მოახდინა, რომ მხარი აღარ დაუჭირა არიანელთ, ეპისკოპოსის გადასახლებას რომ ითხოვდნენ.
უფლის ფერისცვალების დღესასწაულზე, როდესაც ტაძარში უამრავ ხალხს ვალენტიც შეერია, რათა ეკლესიასთან თავისი ერთობა ეჩვენებინა, ფსალმუნგალობა მეხისტეხასავით ჩაესმა იმპერატორს. მან იხილა მშვენივრად შემკული ამბიონი და საკურთხეველი, შიშითა და კრძალვით გარინდული სამღვდელოება და ტრაპეზთან მდგომი ბასილი დიდი, რომელიც ანგელოზებრივი სიწმიდით აღასრულებდა ღვთისმსახურებას.
იმპერატორი ნეტარს საკურთხეველში გაესაუბრა და საბოლოოდ გადაიფიქრა მისი გადმობირება, თუმცა, გარკვეული ხნის შემდგომ არიანელებმა მაინც თავისი გაიტანეს და ვალენტი ბასილის განდევნაზე დაითანხმეს...
თუმცა, სწორედ იმ დროს ვალენტის ვაჟი უეცრად მძიმედ დასნეულდა, რაც ხელმწიფემ ღვთისაგან მოვლენილ სასჯელად მიიღო, განაჩენი სასწრაფოდ დააუქმა და ნეტარს შვილისთვის ლოცვა სთხოვა.
ყმაწვილი მალევე გამოჯანმრთელდა, რის შემდეგაც ვალენტის აღარ შეუწუხებია ბასილი და სხვა ოლქთაგან განსხვავებით, კაპადოკიას დევნა ასცდა.
ვალენტის გარდაცვალების შემდგომ დევნა ჩაცხრა, მაგრამ იმ წელთა სიავემ ბასილის ჯანმრთელობა საბედისწეროდ შეარყია: - მრავალი ღვთისმოყვარე განიდევნა, მათ შორის, მისი ძმა გრიგოლ ნოსელი და მისი უახლოესი მეგობარი, ევსები სამოსელი... იყვნენ ისეთნი, რომელთაც დევნას ვერ გაუძლეს, მათ შორის, სამწუხაროდ, მღვდელმთავარნიც, ნეტარი თავის უდიდეს მეგობარ გრიგოლთანაც განიცდიდა დაშორებას, მცირე ქალაქ სასიმის ეპისკოპოსობა რომ შესთავაზეს, თუმცა, ამ უკანასკნელმა ამ პატივზე უარი თქვა, - ქალაქში არიანელნი ბატონობდნენ, მამის გარდაცვალების შემდგომ კი სელევკიის მახლობლად მდებარე წმინდა თეკლას მონასტერში განმარტოვდა.
შფოთს ბოლო არც ანტიოქიის ეკლესიაში უჩანდა, საიდანაც განდევნეს მელეტი... ნეტარ ბასილის დროსთან ერთად უჭირდა მომძლავრებულ ბოროტებასთან გამკლავება, ოდენ დასავლეთის ეკლესიის კეთილდღეობის შესახებ მოღწეული ამბებიღა ანუგეშებდა, სადაც წმინდა ამბროსი მედიოლანელი იღვწოდა არიანელთა წინააღმდეგ, იერონიმე სტრიდონელი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენდა რომზე, მარტინ ტურელი კი გალიაში ქადაგებდა...
ღირსი ბასილი მკაცრად ადევნებდა თვალყურს საეკლესიო კანონის დაცვას. მის დროს სამღვდელოებაში უღირსი ვერ გაერეოდა, დაუზარლად მოიხილავდა ტაძრებს, მიუკერძოებლად სჯიდა საეკლესიო დისციპლინის დამრღვევთ.
კესარიაში ორი, – მამათა და დედათა მონასტერი ააგო 40 მოწამის სახელობის ტაძართან, სადაც მათი წმიდა ნაწილები ინახებოდა. მღვდელმთავარს დაქვემდებარებული მიტროპოლიის მღვდელმსახურები, ბერ-მონაზონთა მიბაძვით, მეტად ღარიბულად, წმიდად და კეთილმსახურებით ცხოვრობდნენ. სწორედ ბასილი დიდის ძალისხმევით გათავისუფლდა სამღვდელოება გადასახადებისაგან. მთელ თავის სახსრებს და ეპარქიის შემოსავალს გლახაკთ ახმარდა, დააარსა დავრდომილთა თავშესაფრები, კესარიაში ააგო სასტუმრო მწირთათვის.
სნეულებებმა, სიყმაწვილითგანვე თან რომ სდევდა წმიდანს, მკაცრმა და თავშეკავებულმა ცხოვრებამ, სამწყსოზე ზრუნვამ და წინააღმდეგობებთან ბრძოლამ წმიდა ფიზიკური ძალები გამოაცალა.
აქ უნდა გიამბოთ ის საკვირველი ამბავი, რომელიც ნეტარი მამის გარდაცვალებამდე მცირე ხნით ადრე აღსრულდა:
ამქვეყნიური ცხოვრების მიწურულს წმიდა ბასილი დიდი რამდენიმე დღე სასიკვდილო სარეცელს იყო მიჯაჭვული და ძლივსღა სუნთქავდა. ამ დროს იგი ერთმა ებრაელმა ექიმმა ინახულა, რომელთანაც მეგობრობა აკავშირებდა.
წინათმცნობელობის ძალით უწყოდა, რომ ეს იუდეველი ბოლოს ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოექცეოდა, ამიტომ ყოველთვის სიხარულით იღებდა და შეაგონებდა, - ქრისტეს ნათელი შეიმოსეო. იუდეველი კი პასუხობდა, - ჩემს მამა-პაპას რა რჯულიც ჰქონდა, მეც ის მინდა მქონდესო.
და აი, ეწვია ბასილის სიკვდილის წინ ეს დახელოვნებული ებრაელი მკურნალი, გასინჯა და უთხრა, - ორიოდ საათში აღესრულებიო!
- მეტი რომ ვიცოცხლო, ვთქვათ კიდევ ერთი დღე? ჰკითხა ბასილიმ.
– ეს შეუძლებელია! – მიუგო იუდეველმა, – მრავალი წლის სამკურნალო გამოცდილება უტყუარად მკარნახობს, რომ არათუ შენი სიცოცხლის საათები, წუთებიც კი დათვლილია!
– მე უფალ იესოს შევევედრები და იგი მაცოცხლებს, რათა შენ მოიქცე! – უთხრა წმიდანმა,
– თუ ასე მოხდა, უმალვე ქრისტიანად მოვინათლები! – თქვა ებრაელმა და შინ წავიდა.
მართლაც, წმიდა მღვდელმთავარს უფალმა სიცოცხლე გაუხანგრძლივა და როდესაც მეორე დილით იუდეველმა კვლავ მიაკითხა, რათა, თავისი ვარაუდით, უკვე გარდაცვლილ მეგობარს გამომშვიდობებოდა, წმიდა ბასილი ფეხზე დახვდა.
გაოგნებულმა იუდეველმა აღმოთქვა:
– დიდება უფალს, რომ სიცოცხლე გაგიხანგრძლივა! მჯერა, რამდენსაც სთხოვ შენს ღმერთს, იმდენს გაცოცხლებს!
– მაშ, მოინათლები თუ არა? – ჰკითხა ბასილიმ,
– ახლავე მზად ვარ! – მიუგო იუდეველმა.
მაშინ წმიდა მღვდელმთავარმა უთხრა, რომ თავად მონათლავდა, საყდარში შებრძანდა, საღმრთო ლიტურგია აღასრულა და ებრაელი მეგობარი მთელი სახლეულიანად მონათლა, ბოლოს კი ყველას გამოეთხოვა, – ჩემი აღსასრულის ჟამმა მოაწიაო.
ახლადმოქცეულმა ებრაელმა უთხრა:
– ვიცი, წმიდაო მამაო, რომ ძალგიძს სთხოვო ღმერთს, წლების მანძილზე დარჩე ჩვენს გვერდით, მაგრამ რაკი არ ევედრები, ალბათ, ასეა საჭირო და ასე გსურს! გმადლობ ყოველივესთვის, რაც ჩემს მიმართ მოიმოქმედე: - მე და ჩემი სახლეული ყოვლადწმიდა სამების, – მამის, ძის და სულიწმიდის განმადიდებელნი ვიქნებით შენი წყალობითო!
წმიდა ბასილიმ მადლობა შესწირა უფალს იუდეველის საკვირველი მოქცევისათვის და იმავე დღეს მშვიდობით აღესრულა.

ეს 379 წლის 1 იანვარს აღსრულდა, როდესაც წმინდა მამა 49 წლის გახლდათ, გარდაცვალებამდე მცირე ხნით ადრე კი გრიგოლ ღვთისმეტყველი აკურთხა, კონსტანტინეპოლის კათედრა დაეკავებინა. იგი დიდი პატივით დაკრძალეს, - მასთან გამოსათხოვებლად არა მხოლოდ ქრისტიანები, იუდეველნი და წარმართნიც კი მივიდნენ.

სად განისვენებს მისი წმინდა ნაწილები, არავინ უწყის, - მისი პატიოსანი თავი ათონის წმინდა მთაზე, ათანასე დიდის ლავრაში ბრძანდება, სხეული კი ჯვაროსნებმა ფლანდრიას წაასვენეს, თუმცა, დღემდე მისი ადგილსამყოფელი გაურკვეველია.
ეკლესიის ეს უდიდესი მამა მიცვალებისთანავე წმიდანად შერაცხეს.

ხატის წყარო


ტროპარი:

ყოველსა ქვეყანასა განხდა ხმა შენი, რომელმანცა შეიწყნარა სიტყვა შენი, რომლითა ღმრთივშუენიერად ჰქადაგე სარწმუნოება, ბუნებანი დაბადებულთანი გამოაცხადენ, წესნი კაცთანი განაბრწყინვენ და სამეფო იგი მღუდელობა განაშუენე, წმიდაო მღუდელ-მთავარო ბასილი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.

კონდაკი:

გამოსჩნდი შეუძრველად სიმტკიცედ ქრისტეს ეკლესიისა, და მიანიჭებ ყოველთა კაცთა მადლთა საღმრთოთა, რამეთუ განფინენ სწავლანი საღმრთონი ყოველსა ქუეყანასა ზედა, და ბრწყინავ ზეცათა შინ ყოვლად პატიოსანო მნათობო სოფლისაო ღირსო ბასილი.
...................................
აქვე ნახეთ:

სოფლის თვალი და მნათობი

ოჯახში ათი ბავშვი იზრდებოდა. ამათგან ხუთი წმინდანად იქნა შერაცხული

განკურნების დროს ნუ იქნები მწუხარე, რადგან ბოროტებაა, როდესაც არ გიხარია სულის სიმრთელე და სიჯანსაღე

მივბაძოთ ზეცით მოსულ უფალს, რათა ჩვენც სიმდაბლით აღვმაღლდეთ


ღირსი მამა ნავკრატიოსი, ძმა წმინდა ბასილი დიდისა (+358) - 08 ივნისი (21 ივნისი)
ბეჭდვა
1კ1