ღირსი თადეოზ აღმსარებელი (+818) - 29 (11.01) დეკემბერი
ღირსი თადეოზ აღმსარებელი (+818) - 29 (11.01) დეკემბერი
ღირსი თადეოზ აღმსარებელი წარმოშობით სკვითი იყო. ბიზანტიაში ტყვე ბულგარელებთან ერთად მოხვდა და დიდი ხანი მონობაში გაატარა. როდესაც თავისუფლება უბოძეს, ბერად აღიკვეცა და სტუდიელთა მონასტერს მიაშურა. მონასტერში თადეოზი წმინდა თეოდორე სტუდიელს დაემოწაფა და მისი უშუალო ხელმძღვანელობით წარმართავდა თავის სულიერ ცხოვრებას. წმ. თეოდორე სტუდიელი თავის ერთ-ერთ ქადაგებაში განსაკუთრებით აქებს თადეოზს, როგორც მართლმადიდებელი სარწმუნოების საფუძვლიანად შესწავლის მოშურნეს. ღირსი თადეოზი იმპერატორს ლეონ V სომეხის (813-820 წწ.) ზეობისას ეწამა ხატთა თაყვანისცემისთვის. ლეონი ყველა ღონისძიებას მიმართავდა ხატმბრძოლობის აღსადგენად, მოიწვია თავის მომხრეთა კრება, 814 წელს გააუქმა მსოფლიო კრების განჩინებანი და ისევ შეავიწროვა ხატთა თაყვანისმცემლები. წმინდა თეოდორე სტუდიელი უშიშრად მიმართავდა: "მეფეო, ნუ დაარღვევ ეკლესიაში მშვიდობას! მოციქულმა ბრძანა, რომ უფალმა ეკლესიას მისცა "რომელნიმე მოციქულნი, რომელნიმე წინაჲსწარმეტყველნი, რომელნიმე მახარებელნი, რომელნიმე მწყემსნი და მოძღუარნი"(ეფეს. 4,11), მაგრამ მას მეფეები არ უხსენებია. დაუთმე ეკლესია მწყემსებსა და მოძღვრებს. თუ არა და, დაიჯერე, თავად ზეციურმა ანგელოზმაც რომ მოგვთხოვოს ჩვენი სარწმუნოებისათვის მიუღებელი რამ, არც მას მოვუსმენთ!"

თეოდორეს შეგონებანი სულით ყრუ იმპერატორს არ ესმოდა. დევნა ძლიერდებოდა. ერთხელ, დღესასწაულის დროს, თეოდორემ მონასტრის ირგვლივ მოაწყო საზეიმო მსვლელობა ხატებით, რასაც თან ახლდა იოანე დამასკელის საგალობელი: "უხრწნელსა ხატსა შენსა თაყვანის-ვცემთ, ქველის-მოქმედ...~ როდესაც ეს იმპერატორმა შეიტყო, წმინდანის გვემა ბრძანა, შემდეგ კი გადაასახლა შორეულ ქალაქში, სადაც ნესტიან და ბნელ საპყრობილეში დაამწყვდიეს. ღირსი თადეოზი სხვა სტუდიელ ბერებთან ერთად შეიპყრეს და სამსჯავროზე წარადგინეს. მწვალებლებმა, რომლებიც აბუჩად იგდებდნენ ნეტარს, მაცხოვრის ხატი მიწაზე დადეს, შემდეგ კი მისცვივდნენ უფლის რჩეულს და ძალადობით ხატზე ფეხი დაადგმევინეს. ამის შემდეგ მსაჯულმა თქვა: "შენ ქრისტეს ხატი გათელე, ახლა - შე¬მოგვიერთდი". მაგრამ წმინდა თადეოზმა ახოვნად უპასუხა, თაყვანს ვსცემ და სიყვარულით ვემთხვევი მაცხოვრის წმინდა ხატს, ჩემი ნების საწინააღმდეგოდ მასზე ფეხის დადგმა კი ცოდვად არ შემერაცხებაო და შეაჩვენა ხატმბრძოლთა უსჯულოება. ამის შემდეგ ურჯულოებმა ღირსი მამა შოლტით სცემეს. თადეოზი, რომელიც უმკაცრეს ასკეტურ ცხოვრებას ეწეოდა, ფიზიკურად დაუძლურებული იყო. მან ვერ გაუძლო სასტიკ ცემას და სამ დღეში გარდაიცვალა.
........................
ხატის წყარო.


ბეჭდვა
1კ1