ღირსი მარკელე, მღვიძარეთა მონასტრის წინამძღვარი (+485) - 29 (11.01) დეკემბერი
ღირსი მარკელე, მღვიძარეთა მონასტრის წინამძღვარი (+485) - 29 (11.01) დეკემბერი
ძველი სტილოთ 29 დეკემბერს (ახალი სტილით 11 იანვარს) მართლმადიდებელი ეკლესია VI საუკუნის წმინდა მამას, ღირს მარკელეს იხსენიებს. ღირსი მარკელე სირიის ქალაქ აპამეაში დაიბადა, ქრისტიანულ ოჯახში. იგი ნაადრევად დაობლდა, ორივე მშობელი გარდაეცვალა. ობოლმა მარკელემ მაინც მოახერხა კარგი განათლება მიეღო. ის სასწავლებლად ჯერ ეფესოში, შემდეგ კი ანტიოქიაში წავიდა. მარკელეს ასკეტური ცხოვრება იზიდავდა, ამიტომ მემკვიდრეობით მიღებული მთელი ქონება გლახაკებს დაურიგა. ეფესოში მოღვაწე გამოცდილ ბერს დაემოწაფა და მისი ხელძღვანელობით მოსაგრე ცხოვრება დაიწყო. გარკვეული დროის შემდეგ მარკელე ბიზანტიაში წავიდა და მღვიძარეთა მონასტრის იღუმენ ალექსანდრეს შეუდგა. აქ ის ბერად აღიკვეცა. ის მკაცრი ასკეტური ცხოვრებით გამოირჩეოდა. გამორჩეული მოღვაწეობისთვის ყოვლადწმინდა სამებამ ღირსი მამა წინასწარ განჭვრეტის ნიჭით დააჯილდოვა. ერთხელ ღირს ბერს წინასწარ ეუწყა უფლისგან მონასტრის იღუმენის ღირსი ალექსანდრეს ამ სოფლიდან გასვლის ჟამი. ღირსმა მარკელემ ისიც შეიტყო, რომ თავად გახდებოდა მღვიძარეთა მონასტრის იღუმენი. მარკელეს ამ პატივისთვის თავი უღირსად მიაჩნდა, ის ხომ ასაკით სრულიად ახალგაზრდა იყო. თავმდაბალმა ბერმა დროებით დატოვა სავანე. იგი სხვადასხვა მონასტრებში მიმოდიოდა და ბერებისგან სულიერ რჩევა-დარიგებებს იღებდა.

წმინდა ალექსანდრეს მიცვალების შემდეგ მღვიძარეთა მონასტრის წინამძღვრად აბბა იოანე აირჩიეს. ეს რომ შეიტყო, მარკელე დაუბრუნდა მონასტერს, რითაც მთელი საძმო ძალიან გაახარა. ახალმა წინამძღვარმა წმინდა მამა უახლოეს თანაშემწედ გაიხადა. როცა იოანე გარდაიცვალა, მარკელე, საკუთარი ნების წინააღმდეგ, მის ნაცვლად დაადგინეს. ლოცვა-კურთხევისა და რჩევა-დარიგებების მისაღებად იღუმენ მარკელესთან ხშირად შორეული ადგილებიდანაც მოდიოდა ხალხი. ღირს მარკელეს უფალი შეეწეოდა სავანის აღმშენებლობასა და კეთილმოწყობაში. მორწმუნეთაგან შემოწირული თანხებით მან ააგო დიდი ტაძარი, საავადმყოფო და დავრდომილთა თავშესაფარი.

უფალმა ღირს მამას კურნების ნიჭიც მიმადლა. ის ლოცვით კურნავდა სნეულებს, ერთხელ მიცვალებულიც აღადგინა მკვდრეთით. ერთხელ მარკელეს მიერ ანკარაში გაგზავნილი ერთ-ერთი ბერი მოულოდნელად მძიმედ დასნეულდა. სულთმობრძავმა გონებით მოძღვარს მოუხმო შემწედ. ამ უკანასკნელმაც სულით გაიგო ბერის გოდება, ლოცვად დადგა და სნეული განკურნა. ნეტარის ლოცვამ აბობოქრებული ზღვა დააცხრო. ერთხელ უფლის რჩეულს აცნობეს, რომ კონსტანტინოპოლში საშინელი ხანძარი მძვინვარებდა. მან კვლავ ცრემლებით ჰხადა უფალს და ქალაქს მოდებული ცეცხლი იმავ წამს ჩაქრა.

იღუმენი მარკელე მოწყალებას ხშირად გასცემდა. ის მონასტრის მარაგიდან შეეწეოდა გლახაკებს. ერთხელ, საშინელი შიმშილობის ჟამს, შეშფოთებული მეკუჭნავე მივიდა მასთან და უთხრა:

- სულ რამდენიმე დღის საკმარი ხორბლის მარაგია დარჩენილი. როგორ მოვიქცეთ?

იღუმენმა უპასუხა:

- ნუ სწუხარ, უფალი მოწყალეა, ძველებურად გაეცით მოწყალება.

მეკუჭნავემ შეასრულა იღუმენის კურთხევა. ძმებსაც ყოველდღიურად აძლევდა კუთვნილ ულუფას და მშივრებსაც აპურებდა. ბოლოს, როცა სათავსოები სრულიად დაცარიელდა, მეკუჭნავემ კვლავ მიაკითხა ნეტარ მარკელეს, ისინი ერთად წავიდნენ ბეღლისკენ და აღმოაჩინეს, რომ იგი კვლავ პირთამდე გავსებულიყო. ამ დღიდან მოყოლებული შიმშილობის დამთავრებამდე სავანეში პური არ გამოლეულა. მონასტრის ძმები ხშირად ცხადად ხედავდნენ ანგელოზებს, რომლებიც მუდამ თან ახლდნენ და იცავდნენ ღირს მამას. ის სამოცი წელი წინამძღვრობდა მღვიძარეთა მონასტერს. ღირსმა მარკელემ 485 წელს მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.

ბეჭდვა
1კ1