ღირსი პავლე - ნეოკესარიელი ეპისკოპოსი (IV) - 23 (05.01) დეკემბერი
ღირსი პავლე - ნეოკესარიელი ეპისკოპოსი (IV) - 23 (05.01) დეკემბერი
ღირსი პავლე - ნეოკესარიელი ეპისკოპოსი კონსტანტინე დიდის თანამმართველ იმპერატორ ლიცინიუსის (307- 324) ზეობის ჟამს ეწამა. ლიცინიუსს, რომელიც მაქსიმიანეს შემდეგ აღმოსავლეთ რომის იმპერიის ერთპიროვნული მმართველი გახდა, სულის სიღრმეში ქრისტიანები სძულდა და ყოველ ხელსაყრელ შემთხვევაში მათ დევნასა და შევიწროებას ცდილობდა. მაგალითად, მან იმ ქრისტიანებისგან, რომელნიც სამეფო კარზე და ჯარში მსახურობდნენ, წარმართული ფიცი მოითხოვა, ეპისკოპოსებს კრებებზე თავშეყრა აუკრძალა, ქრისტიანებს ქონებას იმ საბაბით ართმევდა, თითქოს ეკლესიებში იმპერატორ კონსტანტინესათვის ლოცულობდნენ. მან ეკლესიების დაკეტვისა და დანგრევის, ხოლო ეპისკოპოსების შეპყრობისა და დასჯის ბრძანება გასცა. ნეოკესარიის ეპისკოპოსი შეიპყრეს. მან სამსჯავროზე ახოვნად აღიარა ქრისტე, რისთვისაც სასტიკად გვემეს, ხელები გახურებული რკინით დაუწვეს და ევფრატის ნაპირას მდებარე საპყრობილეში გამოკეტეს.

ბუნებრივია, რომ ქრისტიანთა მოძულე ლიცინიუსს კონსტანტინე დიდიც სძულდა, თუმცა ამის დაფარვას გულმოდგინედ ცდილობდა და გარეგნულად მეგობრობას ეფიცებოდა. მათ რამდენჯერმე შებრძოლებაც მოუხდათ. ყოველთვის კონსტანტინე იმარჯვებდა, მაგრამ ლიცინიუსი ფარისევლური მტკიცებებით ახერხებდა მის დაჯერებას, რომ ეს ყოველივე მტრებისა და გაუგებრობის ბრალი იყო და ისიც დამარცხებულთან სამშვიდობო ზავს დებდა. ბოლოს თავად ლიცინიუსი აღარ ჰფარავდა თავის ავ ზრახვებს კონსტანტინეს წინააღმდეგ და 323 წელს მათ შორის გაჩაღდა სასტიკი ბრძოლა. ორივემ მნიშვნელოვან ძალებს მოუყარა თავი. კონსტანტინე ლოცვით ემზადებოდა ბრძოლისთვის, მის ლეგიონებს წინ უძღოდა გადამრჩენი ნიშანი - ჯვარი. ლიცინიუსმა კი შემოიკრიბა ბედის მჩხრეკელები და ქურუმები, ასრულებდა მსხვერპლშეწირვას და ღმერთებს ეკითხებოდა - გაიმარჯვებდა თუ არა. ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, რომ ქრისტიანობა და წარმართობა ერკინებოდა ერთმანეთს. ბრძოლის წინადღით ლიცინიუსმა რჩეული და ერთგული მეგობრები შეკრიბა დაბურულ ტყეში, სადაც კერპები იყო აღმართული და აღასრულა წარმართული საზეიმო რიტუალი, იქ მყოფთ კი მიმართა:

-მეგობარნო ჩემნო, აი, მამა-პაპათა ღმერთები, რომელთა წინაშეც გვმართებს კრძალვა, როგორც ამას წინაპრები გვასწავლიდნენ. ჩვენდამი მტრულად განწყობილი ლაშქრის სარდალმა უკუაგდო ტრადიციები, შეიწყნარა ცრუ აზრები და ადიდებს რომელიღაც უცხო და უცნობ ღმერთს. სამარცხვინო ნიშნით სახელს უტეხს მთელ თავის ლაშქარს. მთლიანად მას მინდობილმა იარაღი აისხა არა იმდენად ჩვენი, რამდენადაც ჩვენი ღმერთების წინააღმდეგ. თავად საქმე გამოავლენს, თუ ვინ არის მართალი და ვინ ცდება! თუ ჩვენ გავიმარჯვებთ, ცხადი გახდება ჩვენი ღმერთების ჭეშმარიტება; თუ გვძლევს ჩვენგან შეურაცხყოფილი, უცხოტომელთა ღმერთი კონსტანტინესი, დაე, პატივი მიეგოს მას - მაშინ ჩვენც გვმართებს მისი აღიარება. თუ ჩვენი ღმერთები გაიმარჯვებენ, რაც უეჭველია, მაშინ გავილაშქრებთ უღმერთოებზე!

ბრძოლის წინ, თავის კარავში განმარტოებული კონსტანტინე ლოცულობდა და მარხულობდა. მას სასოება ჰქონდა წმინდა დროშისა, რომელიც ყველაზე ცხარე ბრძოლებშიც კი ხელშეუხებელი რჩებოდა და რომელსაც მტრები შიშით უყურებდნენ. ლიცინიუსი თავის მეომრებს აფრთხილებდა, თვალი მოერიდებინათ მისთვის, რადგან იგი საშინელი იყო თავისი ძალით და მტრული წარმართების მიმართ. ბრძოლაში გამარჯვება კონსტანტინეს დარჩა. ლიცინიუსმა თავს გაქცევით უშველა, შემდეგ კი ვითომ მოინანია და ზავი ითხოვა, ფარულად კი ახალ ძალებს იკრებდა, დახმარებისთვის ბარბაროსებს უხმობდა. ბოლოს ბრძოლამ ადრიანოპოლისთან და კონსტანტინეს საზღვაო გამარჯვებამ ჰელესპონტთან საბოლოოდ გადაწყვიტა ომის წარმატება. ლიცინიუსი დანებდა. იგი თესალონიკში გადაასახლეს, რამდენიმე ხნის შემდგომ კი სიკვდილით დასაჯეს ხელისუფლის წინააღმდეგ შეთქმულებისთვის. კონსტანტინე რომის იმპერიის ერთპიროვნული მმართველი გახდა.

კონსტანტინემ პყრობილ ქრისტიანებს თავისუფლება მიანიჭა, წმინდა პავლე ეპისკოპოსიც სამწყსოს დაუბრუნდა. იგი მონაწილეობდა 325 წელს ნიკეაში გამართულ მსოფლიო საეკლესიო კრებაზე, რომელზეც ამხილეს არიანელთა ერესი და სარწმუნოების სიმბოლო დაამტკიცეს. კრების დამთავრების შემდეგ იმპერატორმა პატივით ისტუმრა მისი მონაწილეები და მღვდელმთავარ პავლეს დამწვარ ხელებზე ემთხვია. წმინდა მეუფე დიდხანს ბრძნულად განაგებდა სამწყსოს, ბოლოს კი მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.

ბეჭდვა
1კ1