მღვდელმთავარი პეტრე, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის მიტროპოლიტი, საკვირველთმოქმედი (+1326) - 21 - (03.01) დეკემბერი
მღვდელმთავარი პეტრე, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის მიტროპოლიტი, საკვირველთმოქმედი (+1326) - 21 - (03.01) დეკემბერი
მღვდელმთავარი პეტრე, მოსკოვის მიტროპოლიტი ვოლინში დაიბადა. მისი მშობლები კეთილშობილი ქრისტიანები იყვნენ. წმინდანი დაბადებამდე, დედის საშოშივე კურთხეული იყო უფლის მიერ. დედამისს შვილის შობამდე კარგა ხნით ადრე სიზმრისეული ჩვენებით ძის დაბადებამდე ეუწყა მისი ღვთივრჩეულობა. პეტრე გულისხმიერი ყმაწვილი გამოდგა: წარმატებით ითვისებდა მწიგნობრულ სიბრძნეს, თორმეტი წლისამ, ღვთის სიყვარულით აღძრულმა, მონასტერს მიაშურა. ნეტარი გულმოდგინედ აღასრულებდა ყოველგვარ მორჩილებას, დიდ დროს უთმობდა წმინდა წერილის შესწავლას და ხატწერასაც ეუფლებოდა. პეტრეს შექმნილ ხატებს სავანის ძმებსა და მის მოსალოცად ჩასულ ქრისტიანებს ურიგებდნენ. ღვთივსათნო მოსაგრე ცხოვრებისათვის იღუმენმა წმინდანს მღვდელ-მონაზვნად დაასხა ხელი. მრავალწლიანი დაუცხრომელი ღვაწლის შემდეგ უფლის რჩეულმა განმარტოებულ მოღვაწეობაზე აიღო კურთხევა, სავანე დატოვა, მცირე სენაკი მოიწყო და შიგ დამკვიდრდა. შემდგომში აქ თანდათან მომრავლებული ბერებისთვის მან დააარსა სავანე და მაცხოვრის სახელობის ტაძარიც ააგო. იღუმენად დადგენილი პეტრე ბრძნულად მოძღვრავდა სულიერ შვილებს, წმინდა მამას მალე შორს გაუვარდა სახელი.

1308 წელს, ღვთის ნებით, პეტრე კიევისა და სრულიად რუსეთის მიტროპოლიტად იქნა დადგენილი. მღვდელმთავრობის პირველ წლებში მას ძალიან გაუჭირდა: თათართაგან დაპყრობილ ქვეყანაში მყარი წესრიგი არ არსებობდა, რის გამოც ხშირად უხდებოდა ადგილსამყოფლის ცვლა. ამ პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო წმინდანის ღვაწლი სახელმწიფოში ჭეშმარიტი სარწმუნოებისა და ზნეობის განსამტკიცებლად.

1325 წელს მღვდელმთავარმა სამიტროპოლიტო კათედრა ვლადიმირიდან მოსკოვში გადაიტანა. უფლის რჩეულის კურთხევით მოსკოვის კრემლში საფუძველი ჩაეყარა ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის მშენებლობას. ნეტარმა თავისი აღსასრულის მოახლოება წინასწარ განჭვრიტა, საკუთარი ხელით გაითხარა სამარე და 1326 წელს მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს. სიცოცხლეშივე საკვირველთქმედების ნიჭმიმადლებული წმინდა მღვდელმთავარი მიცვალების შემდეგაც ურიცხვ სასწაულს აღასრულებდა. 1339 წელს აღესრულა მისი უხრწნელი ნაწილების აღმოყვანება.

ბეჭდვა
1კ1