ანტონ მრავალვნებული (II) საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი - 21 - (03.01) დეკემბერი
ანტონ მრავალვნებული (II) საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი - 21 - (03.01) დეკემბერი
2011 წლის 11 ივლისს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის განჩინებით, კათოლიკოს-პატრიარქი ანტონ II წმინდანთა დასში შეირაცხა, ეწოდა მრავალვნებული და მისი ხსენების დღედ ახ.სტ. 3 იანვარი (ძვ.სტ. 21 დეკემბერი) დადგინდა.

1764 წლის 8 იანვარს ერეკლე II-ს და მის მეუღლეს, დარეჯან დედოფალს,შეეძინათ ვაჟი, რომელსაც პაპის, კახეთის მეფის, თეიმურაზ II პატივსაცემად თეიმურაზი დაარქვეს. ის საზოგადოებისთვის ცნობილია, როგორც საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ანტონ II. მან საფუძვლიანი განათლება მიიღო ერეკლე II-ის კარზე. ჭაბუკ თეიმურზს არ იზიდავდა საერო ცხოვრება, ამიტომ, მშობლების თანხმობით, 17-18 წლისა ბერად აღიკვეცა და ეწოდა ანტონი. ერთი გადმოცემის მიხედვით, მცირე ხნით საბერძნეთში იმყოფებოდა. შემდეგ სწავლა თბილისის სასულიერო სემინარიაში გააგრძელა ანტონ I კათალიკოსის ზედამხედველობით. იოანე ბატონიშვილის გადმოცემით, მან თავისი დიდი წინამორბედისაგან შეისწავლა `თეორეტიკისა და პრაქტიკის ხელოვნება~ (ლიტურგია და მღვდელთმსახურება), ფილოსოფია, ღვთისმეტყველება, ისტორია.

1783 წელს რუსეთთან ტრაქტატის გაფორმებასთან დაკავშირებით ერეკლემ პეტერბურგში გააგზავნა ქართული დელეგაცია გარსევან ჭავჭავაძის მეთაურობით. დელეგაციაში შედიოდნენ მირიან ბატონიშვილი და 20 წლის ანტონი. მოლაპარაკებებზე იგი საქართველოს სამეფო ტახტსაც წარმოადგენდა და საეკლესიო ტახტსაც. 1784 წელს ერეკლე II–ის თხოვნით, იმპერატორის ოჯახის წევრებისა და რუსეთის უმაღლესი სამღვდელოების თანდასწრებით, ცარსკოე სელოს სასახლის კარის ეკლესიაში 20 წლის ჭაბუკს, ანტონს, ნინოწმინდელ ეპისკოპოსად ხელი დაასხეს. იმავე წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ანტონ I-ის მიერ დაუსწრებლად აღყვანილ იქნა ალავერდელი მიტროპოლიტის ხარისხში. რუსეთის იმპერატორმა ეკატერინე II-მ, ნიშნად ქართლ-კახეთის მეფისადმი გულმოწყალებისა, ანტონს აჩუქა 183 ბრილიანტის თვლით შემკული პანაგია (ეს პანაგია ანტონის გარდაცვალების შემდეგ რუსეთის სინოდმა დაიბრუნა).

ანტონი რუსეთში დარჩა სწავლის გასაგრძელებლად. 1789 წელს, ანტონ I-ის გარდაცვალების შემდეგ იგი საქართველოში ჩამოიყვანეს და კათალიკოსად აკურთხეს.

კათალიკოსი ანტონ II სრულიად ახალგაზრდა, 27 წლისა, ჩაუდგა ეკლესიას სათავეში და დიდი გულმოდგინებით შეუდგა ეკლესიის ორგანიზაციულ განმტკიცებას. ანტონს აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში გაუგზავნია მისიონერთა ჯგუფი მოსახლეობაში შერყეული ქრისტიანობის განსამტკიცებლად. კათალიკოსი დიდ ყურადღებას იჩენდა სასკოლო განათლებისადმი, ხანდახან თავადაც სტუმრობდა სასწავლებლებს (მაგ., კალოუბნის სასწავლებელი) და ქებას არ იშურებდა კარგი მოსწავლეების მიმართ. ანტონი მუდმივად ადევნებდა თვალყურს სტამბის გამართულად მუშაობას.

1792 წელს, ერეკლეს დავალებით, ანტონი იმერეთში ჩავიდა და შეარიგა დავით გიორგის ძე და დავით არჩილის ძე, ეს უკანასკნელი იმერეთის სამღვდელოებასთან ერთად აკურთხა იმერეთის ტახტზე სოლომონ II-ის სახელით.

აღა-მაჰმად-ხანის შემოსევის შემდეგ ანტონი სათავეში ჩაუდგა თბილისისის ეკლესიების აღდგენას.

ანტონ კათალიკოსი თავისი მეფური წარმომავლობის, ფართო განათლების, მრევლისადმი განსაკუთრებული ყურადღებისა და გულმოწყალების გამო უდიდესი სიყვარულით და პატივისცემით სარგებლობდა იმდროინდელ ქართულ საზოგადოებაში. თვით მთავარმართებელი ტორმასოვი, რომელიც ძალიან ჩქარობდა საქართველოს ეკლესიის გაუქმებას, აღიარებდა: სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ კათალიკოსი ანტონ მეორე იშვიათი თვისების ადამიანია და წესრიგის მოყვარული პიროვნებაა, რომელსაც საყოველთაო პატივისცემა აქვს მოპოვებული.

ანტონ კათალიკოსი რუსული ორიენტაციის მომხრე იყო, მაგრამ 1783 წლის ტრაქტატის ფარგლებში. ხოლო ის, რაც 1801 წელს მოხდა და რაც რეალურად რუსული იმპერიული რეჟიმის დამყარებას მოჰყვა, ანტონს ისევე აგდებდა საგონებელში, როგორც დანარჩენ იმედგაცრუებულ ქართველებს. ანტონს წილად ხვდა მძიმე ხვედრი - 1801 წლის მანიფესტის ეკლესიაში წაკითხვის შემდეგ პირველს გადაეხადა პარაკლისი და დაეფიცებინა მრევლი რუსეთის ერთგულებაზე.

გიორგი XII-ის გარდაცვალების შემდეგ ანტონი, მართალია, არა ღიად, მაგრამ ფარულად მხარს უჭერდა იულონ ბატონიშვილის გამეფებას და არ უკრძალავდა სამღვდელოებას, წირვის დროს იულონის, როგორც მეფის, დალოცვას. ამან, ერთი მხრივ, დავით ბატონიშვილის მომხრეთა ბანაკი გაანაწყენა, მეორე მხრივ, მთავარმართებელი კნორინგი, რომელსაც დავალებული ჰქონდა ქართლ-კახეთში მეფობის გაუქმება. ამასთანავე, რუსული ხელისუფლება ამზადებდა საქართველოს ავტოკეფალური ეკლესიის გაუქმებსაც და მის მოქცევას რუსეთის სინოდის განკარგულებაში. ამ გეგმის განხოეციელებას ხელს უშლიდა ანტონ კათალიკოსის მაღალი ავტორიტეტი. როგორც კნორინგი, ისე მისი მომდევნო მთავარმართებლები (ციციანოვი, გუდოვიჩი, ტორმასოვი) ეკლესიის საშინაო საქმეებში ერეოდნენ, კათალიკოსისაგან მოიხოვდნენ თანამდებობებზე მათთან შეთანხმებით დაენიშნა სამღვდელო პირები, ცდილობდნენ, კონტროლი დაეწესებინათ საკათალიკოსო შემოსავლებზე. ყოველივე ამას, რასაკვირველია, კათალიკოსი ღიად თუ ფარულად ეწინააღმდგებოდა. რუსული მმართველობა მიზანმიმართულად შეუდგა ანტონის დისკრედიტაციას, ამისთვის იყენებდნენ მოქრთამვას, დაპირებებს და სხვ. 1808 წელს საართველოში ჩამოვიდა რუსეთში განსწავლული ეპისკოპოსი, სინოდის წევრი, ქსნის ერითავთა შთამომავალი ვარლამი. იგი კარგად ერკვეოდა რუსეთის ეკლესიის სტრუქტურაში, რისგამოც რუსეთის მთავრობა მას ამზადებდა ქართული ეკლესიის წინამძღოლად.
Aნტონს ბატონიშვილების რუსეთში გადასახლების (გადაასახლეს ანტონის დედაც, დედოფალი დარეჯანი), მეტისმეტად შეუმცირდა თანამზრახველნი. დედის გარდაცვალება (1808 წ.) მან იონა ხელაშვილის სამძიმრის წერილით შეიტყო.
ანტონის გავლენის შესამცირებლად გუდოვიჩმა (1806-1809 წწ.) სოფლის დაბალის სამღვდელოება თავადაზნაურთა ყმობისაგან გაათავისუფლა და სახაზინო უწყებაში გადაიყვანა. Eს, თავითავად პროგრესული მოვლენა, იმ ვითარებაში კათალიკოსის უფლებების შემცირებას ისახავდა მიზნად. 1809 წელს ტორმასოვი შეეცადა, ანტონი `იმპერატორის მიწვევით~ პეტერბურგში გაეგზავნა. Aნტონმა, ავადმყოფობის მომიზეზებით, ეს მოწვევა თავიდან აიცილა.

ამ პერიოდში, ანტონის თანხმობით, ქაშვეთის ეკლესიაში კვირაობით და საზეიმო დღეებში წირვა-ლოცვა რუსულად მიმდინარეობდა. მთავარმართებელმა ტორმასოვმა ანტონს მოსთხოვა, გაეუქმებინა ქაშვეთში ქართული წირვა-ლოცვა და მღვდლები დაეთხოვა. კათალიკოსმა უარი შეუთვალა. ეს კიდევ ერთი დამატებითი საბაბი გახდა ანტონის თავიდან მოცილებისა. ამავე დროს, ანტონს ბრალად წაუყენეს მიწისმფლობელობის წესის თვითნებურად დარღვევა, საეკლესიო მიწების უკანონოდ დარიგება. ეკლესიაში დაუპირისპირეს ყოვლად უღირსი მიტროპოლიტი არსენი, რომელმაც ანტონზე შეთითხნილი ცილისწამებებით სავსე წერილი რუსეთის იმპერატორთან გაგზავნა. იმპერატორმა კვლავ `მიიწვია~ ანტონი პეტერბურგში. ამჯერად კათალიკოსს აღარ შეეძლო უარის თქმა. 1810 წლის 3 ნოემბერს ანტონმა უკანასკნელი წირვა გადაიხადა სვეტიცხოველში და სამუდამოდ გამოეთხოვა თავის სამშობლოს.

ანტონის წასვლისთანავე რუსეთის ხელისუფლებამ საქართველოს ავტოკეფალური ეკლესია რუსეთის სინოდის საეგზარქოსოდ აქცია, ჩაატარა შიდა ადმინისტრაციული ცვლილებები - საეპისკოპოსები გაამსხვილა, ქართული ეკლესიის ქონება რუსეთის ხაზინას გადასცა და წირვა-ლოცვა რუსულ ენაზე დააწესა.

კათალიკოსი ანტონ II-ის დასახვედრად (მას 22-კაციანი ამალა ახლდა), პეტერბურგში საგანგებოდ მოემზადნენ: დაუქირავეს კეთილმოწყობილი დიდი ბინა, მოუწყვეს ხაზგასმულად საზეიმო მიღება.

`უხვად~ დაასაჩუქრეს. უბოძეს ხავერდის მანტია, წმ. ანდრია პირველწოდებულის ორდენი, იმპერატორ ელისაბედის ნაქონი ექვსცხენიანი ეტლი, რუსეთის სინოდის წევრობა და 54 ათასი მანეთი ყოველწლიური პენსია.

კათალიკოსი თავდაპირველად იმედოვნებდა, რომ მას საქაღთველოში დააბრუნებდნენ, რაზედაც 1811 წლის 21 მაისს თხოვნით მიმართა კიდეც იმპერატორს, რომელშიც შეახსენებდა საქართველოს ავტოკეფალური ეკლესიის ისტორიას. 1811 წლის 10 ივნისს გამოქვეყნდა იმპერატორის რესკრიპტი, რომელშიც გარკვევით იყო ჩამოყალიბებული აზრი, რომ რადგან საქართველო შეუერთდა რუსეთის იმპერიას, საქართველოს ეკლესიაც უნდა შეერთებოდა რუსეთის უწმინდეს სინოდს. ანტონს საკომპენსაციოდ შესთავაზეს უწმინდესი სინოდის წევრობა, ბერძნულ-რუსულ საეკლესიო იერარქიაში `უნეტარესის~ ეპითეტით მოხსენიება მეხუთე ადგილზე. ამავე დროს ანტონი დააჯილდოვეს ანდრია პირველწოდებულის ორდენით, იმპერატორ ანას ნაქონი ოქროს ეტლით, ძვირფასი მანტიით და სხვ. ანტონ კათალიკოსოი 1811 წლის ზაფხულში მისივე თხოვნის საფუძველზე მოსკოვში გადაიყვანეს, მაგრამ აქ მას დიდხანს არ მოუწია ყოფნამ, რადგან ნაპოლეონის რუსეთში შემოჭრის დროს მოსკოვი დაიცალა. ანტონი ტამბოვში გადაიყვანეს, სადაც მძიმე პირობებში ხუთ წელიწადს მოუწია დარჩენა. 1819-20 წელს კვლავ პეტრებურგშია, მაგრამ უკვე ჯანმრთელობაშერყეული. ანტონი ხელისუფლებისაგან ამაოდ ითხოვდა საქართველოში დაბრუნებას, მაგრამ, რასაკვირველია, ასეთი ნებართვა არ მიუციათ. შაბოლოოდ, ანტონმა ნიჟნი-ნოვგოროდში ცხოვრება აირჩია, სადაც ვახტანგ VI-ის შთამომავლები ცხოვრობდნენ. აქ იგი ახლობელთა გარემოცვაში აღმოჩნდა და თავს უკეთ გრძნობდა. ანტონი ქართულად წირავდა პოკროვის საყდარში, რომლის ძირითადი მრევლი ადგილობრივი ქართველობა იყო, მაგრამ მისი მაღალი სულიერებით შთაგონებულ წირვა-ლოცვას, როგორც წყაროები იუწყებიან, რუსებიც სიამოვნებით ესწრებოდნენ. 1825 წელს დასნეულებულმა ანტონმა შეადგინა ანდერძი, რომლითაც მთელი თავისი ქონება თავის ერთგულ თანამგზავრს და დისწულს, ესტატე ციციშვილს დაუტოვა.

კათალიკოს-პატრიარქი ანტონ II, ძე სახელოვანი ერეკლე II-ისა, უცხოობაში გარდაიცვალა 1827 წელს. დაკრძალეს ნიჟნი-ნოვგოროდის ხარების ტაძარში, იქიდან კი 1841 წელს ფერისცვალების მონასტერში გადაასვენეს.
...................

წმინდა ანტონის პორტრეტის წყარო.

ბეჭდვა
1კ1