წმინდა დანიელ II, სერბეთის მთავარეპისკოპოსი - 20 (02.01) დეკემბერი
წმინდა დანიელ II, სერბეთის მთავარეპისკოპოსი - 20 (02.01) დეკემბერი
წმინდა დანიელი დაახლოებით 1270 წელს დაიბადა მდიდარ და ღვთისმოსავ ოჯახში და სერბეთის მეფის, მილუტინის (ხს. 30 ოქტ) კარზე მსახურობდა. ისწრაფოდა რა ბერობისკენ, მოსაგრეობისკენ, დაუტევა სამეფო კარი და 1304 წელს მონაზვნად აღიკვეცა კონჩულის მონასტერში. შემდგომში ის ათონზე ქილანდარის სერბული მონასტრის იღუმენი გახდა. წმინდა დანიელი დიდად განიცდიდა ძმათამკვლელ ომებს ბიზანტიასა და თვთითონ სერბეთში, ამას დაემატა კათოლიკეების სისხლიანი თავდასხმა, როცა გაძარცვეს ათონის მთა და უამრაავი მონაზონი მოწყვიტეს. მაშინ წმინდა დანიელის ორგანიზებით სერბებმა დაიცვეს თავისი მონასტერი და თავდასხმა მოიგერიეს. ამ ამბებიდან მალევე მან დატოვა თანამდებობა და კარეესთან ახლოს წმინდა საბას დაარსებულ კელიაში განმარტოვდა, რომელსაც ტიპიკარიონს ეძახდნენ. თუმცა იქ მცირე ხანს იცხოვრა. მეფე მილუტინმა სერბეთში მოიხმო და ბანის ეპისკოპოსად დაადგინა.

ხელი შეუწყო რა ძმების მილუტინის და დრაგუტინის შერიგებას, წმინდა დანიელი ხელმწიფის ნებართვით კვლავ ქილანდარში დასახლდა და დღეებს ლოცვასა და ბიბლიის შესწავლაში ატარებდა. სწორედ ამ დროს დაწერა მან თავისი სახელგანთქმული თხუზულება: "სერბი მეფეების და მთავარეპისკოპოსების ცხოვრება", რომელიც 1234 წლიდან მის თანამედროვე პერიოდს მოიცავს. ამ ნაშრომმა, შევსებულმა და გაგრძელებულმა, გადამწყვეტი გავლენა მოხდინა სერბი ხალხის ეროვნულ და რელიგიურ თვითშეგნებაზე.

წმინდა დანიელი წმინდა მიწის მოლოცვას აპირებდა, მაგრამ სამშობლოში დაბრუნება მოუწია, რათა პეჩის ახალი მთავარეპისკოპოსის არჩევაში მონაწილეობა მიეღო. სწორედ ამ დროს ის ხუმის ეპისკოპოსად დაადგინეს. ამ ეპარქიაში ლათინები დიდ ზეწოლას ახდენდნენ და ამასთან შფოთი შემოჰქოდა ბოგომილების ერეტიკულ მოძრაობას.

მეფე სტეფანე დეჩანელის კორონაციის შემდეგ, რომელში წმინდა დანიელიც მონაწილეობდა (11 ნოემბ), მღვდელმთავარი ქილანდარში დაბრუნდა და მონაზვნური ცხოვრების გაგრძელებას აპირებდა. მაგრამ მთავარეპისკოპოს ნიკოდიმოსის გარდაცვალების შემდეგ სერბეთის ეკლესიის ხელმძღვანელობა მოუწია. მისი ინტრონიზაცია მოხდა 1324 წლის 14 სექტემბერს.

მოშურნე ასკეტმა, მოსაგრეობის ღვაწლით ღვთისაგან ცრემლთა დენის ნიჭი მოიპოვა და შესძლო ოსტატურად წარემართა ეკლესიის ხომალდი მყუდრო სავანისკენ. მან ერთმანეთს შეარიგა მილუტინი და მისი ძე სტეფანე დეჩანელი, ებრძოდა ერეტიკოსებს, დაარსა მონასტრები ბანსა და დეჩანში და უამრავი ეკლესია ააგო. წმინდა დანიელი მშვიდობით აღესრულა 1337 (ან 1338 ) წლის 20 დეკემბერს.

ბეჭდვა
1კ1