ნეტარი ბონიფანტე მოწყალე, ფერენტინუმის ეპისკოპოსის.) - 19 (01.01) დეკემბერი
ნეტარი ბონიფანტე მოწყალე, ფერენტინუმის ეპისკოპოსის.) - 19 (01.01) დეკემბერი
წმინდა ბონიფანტე (VIს.) წარმოშობით იტალიიდან, ტუსკიის ოლქიდან იყო. ბავშვობიდან გამოირჩეოდა მოყვასის სიყვარულით. თუ ვინმეს შიშველ-ტიტველს დაინახავდა, მაშინვე გაიხდიდა და უპოვარს ჩააცმევდა. ბევრჯერ თავად მისულა შინ სამოსის გარეშე. დედამისი, ღარიბი ქვრივი, უბრაზდებოდა და ეუბნებოდა:

- ასე რატომ იქცევი, შენ თავად ხარ უქონელი.

ერთხელაც ქალი ბეღელში შევიდა, სადაც ხორბლის მარაგი ჰქონდა გადანახული და ნახა, რომ მის შვილს ჩუმად ყველაფერი ღარიბებისთვის დაერიგებინა. ატირდა, თავში ხელების ცემით ამბობდა:

- რა უბედური ვარ, ახლა რითი ვარჩინო ოჯახი?

ბონიფანტე მის დამშვიდებას ცდილობდა, თუმცა, ამაოდ. მაშინ დედას სთხოვა, ცოტა ხნით ბეღლიდან გასულიყო. ქალი გარეთ გავიდა თუ არა, ვაჟი მიწაზე დაეცა და ლოცვა დაიწყო. მოულოდნელად იქაურობა ხორბლით აივსო. ბონიფანტემ უფალს მადლობა შესწირა და დედას დაუძახა. ქალმა დიდძალი ხორბალი რომ დაინახა, დამშვიდდა და ღმერთი ადიდა. იმ დღიდან შვილს აღარ უშლიდა მოწყალების გაღებას, რადგან იცოდა, რომ უფლის წყალობა არ მოაკლდებოდა. მას ქათმები ჰყავდა, რომელსაც მელა უჩანაგებდა. ერთხელაც ბონიფანტემ დაინახა, მელამ ქათამი მოიპარა და მთისკენ გაიქცა. იცოდა, დედამისი როგორ შეწუხდებოდა ამის გამო, ეკლესიაში შევიდა და უფალს მიმართა:

- ღმერთო, ნუთუ გსურს, რომ დედაჩემის ნაშრომით არ ვცხოვრობდე? ამ დროს კი მელას ჩვენი სარჩო მიაქვს.

შინ დაბრუნებულმა დაინახა, მელამ როგორ დააბრუნა ცოცხალი ქათამი, თავად კი სული ამოხდა.

მოგვიანებით წმინდა ბონიფანტე ქალაქ ფერენტინუმის ეპისკოპოსი გახდა. მის მიერ მოხდენილი სასწაულების მოწმე იყო წმინდანის თანაშემწე, ხუცესი გავდენცი. თავად ეპისკოპოსი დიდ გაჭირვებაში ცხოვრობდა, რითაც თავმდაბლობის მაგალითს აძლევდა ადამიანებს. არავითარი შემოსავალი არ ჰქონდა, მხოლოდ ვენახის მოსავლით ირჩენდა თავს. ერთხელ სეტყვამ ყურძენი თითქმის მთლიანად გაანადგურა. ნეტარმა მამამ ეს რომ ნახა, ღმერთს მადლობა შესწირა. მოსავლის აღების დრო როცა მოახლოვდა, წმინდანმა ვენახში ჩვეულებისამებრ დარაჯი დააყენა. შემდეგ, თავის შვილიშვილს, ხუცეს კონსტანცის უბრძანა, ღვინის დასაყენებლად ჭურჭელი მოემზადებინა. ხუცესი დიდად გაოცდა, მაგრამ შეპასუხება ვერ გაბედა და ბრძანება შეასრულა. ნეტარმა მამამ გადარჩენილი მტევნები დაკრიფა და საწნახელში ჩაყარა. დაწურული ღვინო ჭურჭელში გადაანაწილა. იმდენად ცოტა იყო, რომ ძირი ოდნავ დაასველა. წმინდა ბონიფანტემ ღვინო აკურთხა და ხუცესს უბრძანა, ჩვეულებისამებრ ღარიბებისთვის დაერიგებინა. სასწაული ძალით ღვინო ყველასთვის საკმარისი აღმოჩნდა. მერე მარანი ჩაკეტა. სამი დღის შემდეგ ხუცესმა ნახა, რომ ყველა ჭურჭელი ღვინით ივსებოდა და მიწაზეც იღვრებოდა.

ეპისკოპოსს რომ დაჰგვიანებოდა შესვლა, იქაურობა ღვინით დაიტბორებოდა.

ერთხელ ხუცესმა კონსტანციმ ოც ოქროდ ცხენი გაყიდა, პატარა ყუთში შეინახა და საქმეზე წავიდა. ისე მოხდა, რომ ეპისკოპოსთან ბევრი მათხოვარი მივიდა მოწყალების სათხოვნელად. წმინდანი შეწუხდა, რადგან მათთვის მისაცემი არაფერი გააჩნდა, არც დახმარების გარეშე სურდა მათი გაშვება. გაახსენდა, რომ კონსტანცის ცხენში აღებული ფული ჰქონდა. ოთახში შევიდა, ყუთი გახსნა, ფული ამოიღო და ღარიბებს დაურიგა. ხუცესმა ფული რომ ვეღარ იპოვა, ძალიან გაბრაზდა და აყვირდა:

- აქ ცხოვრება შეუძლებელია!

ყვირილზე ეპისკოპოსიც მოვიდა და მის დამშვიდებას შეეცადა.

ხუცესმა უთხრა:

- ამ სახლში ყველა კარგად ცხოვრობს ჩემ გარდა. მომეცი ჩემი ფული და აქედან წავალ.

ეპისკოპოსი ეკლესიაში შევიდა, ხელები ცისკენ აღაპყრო და ღმერთს შეევედრა, იმდენი ოქრო მიეცა მისთვის, რამდენიც მათხოვრებს დაურიგა. ლოცვის დასრულებისთანავე ხელებში ოქროს მონეტები აუბრჭყვიალდა. ღმერთს მადლი შესწირა, ეკლესიიდან გამოვიდა, ოქრო ხუცესს ფეხებში მიუყარა და უთხრა:

- აიღე შენი ფული, მაგრამ იცოდე, რომ ჩემი სიკვდილის შემდეგ ამ ეკლესიის ეპისკოპოსი აღარ იქნები!

მართლაც ასე მოხდა. ხუცესი ფულს იმისთვის აგროვებდა, რომ ეპისკოპოსობა მიეღო, თუმცა, სიცოცხლე პრესვიტერად დაასრულა.
ერთხელ ეპისკოპოსის სახლს ქალაქ რავენაში მიმავალი ორი მოგზაური მიადგა. წმინდა ბონიფანტემ დიდი სიყვარულით მიიღო ისინი. წასვლა, რომ დააპირეს, გააცილა და გზად ცოტაოდენი ღვინო გაატანა.

სასწაული მოხდა და მოგზაურებს რამდენიც უნდა შეესვათ სასმელი, ჭურჭელი მაინც სავსე რჩებოდა. რამდენიმე დღეში რავენიდან რომ ბრუნდებოდნენ, გზად ეპისკოპოსის სახლში შეიარეს და გაოცებულებმა უთხრეს, რომ ჭურჭელში ღვინო არ თავდებოდა.

ქალაქის ერთი მკვიდრი კი ასეთ ამბავს იხსენებს:

- ერთხელ წმინდანს ვენახში უამრავი ბატი დახვდა. შეეძლოთ, ყველაფერი დაეზიანებინათ. ნეტარმა მამამ უთხრა მათ: "იესო ქრისტეს სახელით გიბრძანებთ, ახლავე დატოვოთ აქაურობა და აქ შემოსვლა აღარ გაბედოთ". მალე მართლაც ერთი ბატიც აღარ დარჩენილა ვენახში.

კონდაკი:
განწმედილად და უბიწოდ გიჩინა შენ თვით მნებებელობით, რომელსა ქალწულისაგან შენთვის შობაჲ ეგულების, გვირგვინშემოსილო წმინდაო ბრძენო ბონიფანტე.

ბეჭდვა
1კ1