წმინდა მოწამე ბონიფანტე (+290) და წმინდა აგლაიდა რომაელი (+308) - 19 (01.01) დეკემბერი
წმინდა მოწამე ბონიფანტე (+290) და წმინდა აგლაიდა რომაელი  (+308) - 19 (01.01) დეკემბერი
ოდესღაც რომში ერთი ქალი ცხოვრობდა, სახელადა აგლაიდა. მამამისი აკაკი ოდესღაც ქალაქის თავი იყო. ახალგაზრდა, ლამაზ, მდიდარ ქალს მშობლებისგან დიდი ქონება დარჩა მემკვიდროებით, კანონიერი ქმრის გარეშე თავისუფალი ცხოვრებით ცხოვრობდა, და ხორციელი ვნებებისაგან ძლეული დღეებს სიძვასა და ცოდვებში ატარებდა. მას ჰყავდა ერთი ერთგული მონა, რომელიც მისი სახლის და მიწების მმართველი იყო, ისიც ახალგაზრდა და ლამაზი გახლდათ. მას ბონიფანტეს ეძახდნენ და ის აგლაიდასთან უკანონო კავშირში იყო და იკმაყოფილებდა თავის ხორციელ სურვილებს. მათი ცხოვრება მაგალითი არის იმისა, რომ რაგინდარა მძიმე ცოდვაშიც არ უნდა ვიყოთ ჩავარდნილი, გვქონდეს ღვთისმოწყალების იმედი, ჭეშმარიტი სინანული და უფალიც შეგვინდობს. ბონიფანტე მთელი გარყვნილი ცხოვრების მანძილზე მონა იყო ცოდვისა, თუმცა ჰქონდა მას ზოგიერთი საქებარი სათნოება: იყო მოწყალე გლახაკებისადმი, მოსიყვარულე მწირებისადმი და გულისხმიერი გაჭირვებაში ჩავარდნილთათვის; ზოგს უხვად მისცემდა მოწყალებას, ზოგს სიყვარულით ანუგეშებდა, სხვებს კი თანაგრძნობით ეხმარებოდა. ბონიფანტეს მტკიცე სურვილი ჰქონდა გამოსწორებისა, ევედრებოდა ღმერთს რომ განეშორებინა ეშმაკის საფრთხისაგან და შესწეოდა, რომ თავისი სურვილების და ვნებების ბატონი გამხდარიყო. უფალმა მოხედა თავის მონას, რომ უფრო დიდ ცოდვაში არ ჩავარდნილიყო, და კეთილინება რომ მას თავისი უწმინდური საქმეები მოწამეობის სისხლით ჩამოერეცხა. ეს კი ამგვარად მოხდა.

ამ დროს საშინლად დევნიდნენ ქრისტიანებს, წარმართულ ბნელს დაეფარა აღმოსავლეთი და მრავალი მორწმუნე აწამეს და ქრისტეს სიყვარულისთვის. ქალბატონ აგლაიდას მაცხოვნებელი აზრი და დაუცხრომელი სურვილი გაუჩნდა სახლში მოწამის წმინდა ნაწილი ჰქონოდა. რადგანაც ბონიფანტეზე ერთგული მსახური არ ჰყავდა, მოუხმო მას, თავისი სურვილი გაუმხილა და ცალკე უთხრა:

- ხომ იცი, ძმაო ქრისტესმიერო, თუ რაოდენ დიდი ცოდვებით შევიბილწეთ, საერთოდ არ გვიზრუნია საუკუნო ცხოვრებასა და ცხონებაზე, როგორ წარვდგებით ღვთის საშინელი სამსჯავროს წინაშე, სადაც ჩვენი საქმეების გამო განვიკითხებით და დავისჯებით. ერთი ღვთისმოშიში კაცისგან შევიტყე, რომ თუ ვინმეს აქვს ქრისტეს მოწამეთა წმინდა ნაწილები, ისინი მას შეეწევიან ცხონებაში და მის სახლში ცოდვა აღარ გამრავლდება, ასეთმა ხალხმა შეიძლება ისეთი საუკუნო ნეტარება მოიპოვონ, როგორის ღირსნი შეიქმნენ წმინდა მოწამენი. როგორც ამბობენ, ახლა ბევრი ეწამება ქრისტესთვის. პატივი მეცი: ახლა გამოჩნდება, მართლა თუ გიყვარვარ. სასწრაფოდ წადი იმ ქვეყანაში, სადაც ქრისტიანებს დევნიან და ეცადე, ერთ-ერთი მოწამის წმინდა ნაწილი მომიტანო, რათა პატივით დავასვენო სახლში, ტაძარი ავუშენო მოწამეს და და ყოველთვის მყავდეს მფარველად, მცველად და შუამდგომელად ღვთის წინაშე.

ბონიფანტე სიხარულით დათანხმდა აგლაიდას. ქალბატონმა მას ბევრი ოქრო მისცა, რადგან შეუძლებელი იყო, საჩუქრებისა და ოქროს გარეშე მოწამეთა სხეული წამოეღო: უწმინდური ჯალათები ხედავდნენ რა ქრისტიანების ძლიერ სიყვარულს და გულმოდგინებას წმინდა ნაწილთა მიმართ, მათ ძვირად ყიდდნენ და ამით საკმაოდ დიდი შემოსავალი ჰქონდათ. ბონიფანტემაც თავის ქალბატონს ბევრი ოქრო გამოართვა, ზოგით წმინდა ნაწილს შეიძენდა, ზოგსაც მოწყალებად გასცემდა. შეიძინა სხვადასხვა საკმეველი, ნელსაცხებელი, სუდარა მოწამეთა სხეულების გასახვევად. ასევე თან წაიყვანა ბევრი მონა, დამხმარე და ცხენებით გზას გაუდგა. სახლიდან რომ გამოდიოდა, სიცილით უთხრა თავის ქალბატონს:

- რას იტყვი, ქალბატონო, თუ მოწამეთა სხეულს ვერ ვნახავ და ჩემს სხეულს, ქრისტესთვის წამებულს მოგიტანენ, მიიღებ მას პატივით?

აგლაიდამ გაიცინა, ლოთი და ცოდვილი უწოდა და საყვედურით უთხრა:

- ჩემო ძმაო, ახლა არა მასხარაობის, არამედ კეთილმოკრძალების დროა. სჯობს ამ მოგზაურობისას თავი შორს დაიჭირო ყოველგვარი მასხარაობისა და უწესობისგან, რადგან წმინდა საქმე პატიოსნად და კეთილწესიერად უნდა ასრულდეს. სჯობს გზაში იყო თავმდაბალი, თავშეკავებული. გახსოვდეს, რომ შენ უნდა ემსახურო წმინდა ნაწილებს, რომელთა არათუ შეხების, შეხედვის ღირსნიც არა ვართ. წარვედ მშვიდობით, ღმერთმა რომელმაც ჩვენთვის სისხლი დაანთხია, დაე გვაპატიოს ცოდვები და თავისი ანგელოზი გამოგიგზავნოს და კეთილად და მშვიდობიანად გამგზავროს.

ბონიფანტემ გულთან მიიტანა ქალბატონის ნათქვამი და გზას გაუდგა იმ ფიქრით, თუ რას უნდა შეჰხებოდა თავისი ცოდვისგან შებილწული ხელებით. გაახსენდა ცოდვები, გული შეემუსრა და გადაწყვიტა ემარხულა: არ ეჭამა ხორცი, არ დაელია ღვინო, არამედ გულმოდგინედ და ხშირად ელოცა, რათა ღვთის შიში მოსულიყო მასზე. შიში კი მამაა ყურადღებისა, ყურადღება-დედაა შინაგანი სიმშვიდისა, რომლისაგანაც წარმოიშვება დასაწყისი სინანულისა. Aმგვარად, ბონიფანტემ ჩაინერგა რა სულში სინანულის ძირი, დაიწყო ღვთის შიშით, განკრძალვით და მოუკლებელი ლოცვით, მას სრულყოფილი ცხოვრების სურვილი გაუჩნდა.

მცირე აზიას მიაღწია და კილიკიის სახელგანთქმულ ქალაქ ტარსუში შევიდა. იქ დიოკლეტანესა და მისი თანამმართველის, მაქსიმიანეს დროს ქრისტიანების საშინელი დევნა იყო დაწყებული. მან მონები და მსახურები სასტუმროში დატოვა და დასვენება უბრძანა, თვითონ კი ქრისტიანთა წამების სანახავად წავიდა. ბონიფანტემ იხილა უამრავი ადამიანი, რომელიც იქ საწამებლად მიეყვანათ, ყველას ერთი ბრალდება ჰქონდათ წაყენებული: ქრისტიანობა და ღვთისმოსავი ცხოვრება. თუმცა სხვადასხვა ზომის სასჯელს ადებდნენ: ერთი თავდაყირა ეკიდა და ქვეშიდან კოცონი ჰქონდა შენთებული, მეორე ჯვრის სახით მიელურსმნათ ოთხ ძელზე, მესამე ხერხით გადახერხილი მიწაზე იწვა, სხვა ბასრი იარაღებით უსერავდნენ სხეულს, ზოგს თვალს სთხრიდნენ, ზოგს კიდურებს სხიპავდნენ, ზოგს სარზე გასვამდნენ და ეს სარი მას კისრამდე ასდიოდა. მაგრამ მიუხედავად ასეთი ენით უთქმელი სატანჯველისა, ყველას სახეზე სულიერი სიხარული ჰქონდათ აღბეჭდილი, რამეთუ ამ კაცთაგან დაუთმენელ სატანჯველს ღვთის მადლით უძლებდნენ. ნეტარი ბონიფანტე ყურადღებით უცქერდა ამ ყველაფერს, მოწამეთა სიმტკიცით გაოცებულს მოუნდა თვითონაც ამგვარივე გვირგვინით შემკობილიყო, საღმრთო შურით აღვსებული მივიდა ახალმოწამეებთან, მოეხვია მათ და ხმამაღლა, ყველას გასაგონად შესძახა:

- დიდია ქრისტიანთა ღმერთი, რამეთუ შეეწევა თავის მონებს და აძლებინებს ესეოდენ დიდ ტკივილებს!

თქვა ეს და კვლავ მოწამეებთან მივიდა, ეამბორებოდა, გულში იკრავდა, "ნეტარ ხართ თქვენ, რამეთუ მცირე ხნის სატანჯველთა დათმენით, საუკუნო სასუფევლში დაიმკვიდრებთ ადგილს", - ეუბნებოდა აღფრთოვანებული. ამ დროს ბონიფანტე გულში ლოცულობდა და ევედრებოდა ღმერთს, რომ ისიც მოწამეთა ღვაწლის თანაზიარი, მოწამეთა ამხანაგი გამხდარიყო. ყველამ თვალი მას მიაპყრო, განსაკუთრებით მსაჯულმა. იკითხა, ვინ არისო, მერე ბრძანა, სასწრაფოდ შეეპყროთ და მასთან მიეყვანათ.

- ვინ ხარ? - ჰკითხა მსაჯულმა.

- ქრისტიანი ვარ! - უპასუხა წმინდანმა.

მაგრამ მსაჯულს სახელი და წარმომავლობა აინტერესებდა. რაზეც წმინდანმა უთხრა:

- ჩემი პირველი და უსაყვარლესი სახელი - ქრისტიანია, აქ რომიდან ჩამოვედი, ხოლო თუ გსურს გაიგო მშობლების მიერ ჩემთვის დარქმეული სახელი, გეტყვი - ბონიფანტე მქვია.

- ასე რომ, ბონიფანტე, - უთხრა მსაჯულმა, - მიდი ჩვენს ღმერთებთან და მსხვერპლი შესწირე, ვიდრე შენი სხეული ასო-ასო არ ამიკუწია. მიდი ლმობიერ ჰყავ ღმერთები, თავი იხსენ მოწევნული სატანჯველისგან და ჩვენგანაც ბევრ საჩუქარს მიიღებ.

პასუხად კი წმინდა ბონიფანტემ უთხრა:

- შენ პასუხის ღირსიც კი არ ხარ, მაგრამ კვლავ გეტყვი, და კიდევ ერთხელ გაგიმეორებ: - მე ქრისტიანი ვარ და მხოლოდ ამას გაიგონებ ჩემგან, ხოლო თუ ამის მოსმენა არ გსურს, რაც გინდა, ის მიყავი!

მაშინ მსაჯულის ბრძანებით, წმინდა ბონიფანტეს ტანსაცმელი გააძრეს, ფეხებით დაჰკიდეს და ისე სასტიკად ცემეს, რომ სხეულიდან ხორცი ნაფლეთებად სცვიოდა და ძვლები გამოუჩნდა. მაგრამ წმინდანი თითქოს არ გრძნობდა ტკივილს, მზერა მოწამეებისკენ ჰქონდა მიმართული, უცქერდა მათ წამებას და მარტვილთა სიმტკიცეს მაგალითად დაისახავდა. შემდეგ ჯალათის ბრძანებით ცემა შეწყვიტეს და მან კიდევ ერთხელ სცადა მოწამის დარწმუნება კერპებისთვის მსხვერპლი შეეწირა. რაზეც წმინდანმა მიუგო.

- უგუნურო, უკადრისს რატომ მეუბნები! შენი ღმერთების სახელის გაგონებაც არ მინდა და მიბრძანებ რომ მსხვერპლი შევწირო მათ!

მსაჯულის ბრძანებით წმინდანის ხელებსა და ფეხებზე, ფრჩხილებს შორის ნემსები შეურჭეს. წმინდანს თვალები ზეცისკენ ჰქონდა აპყრობილი და ტკივილს მდუმარედ ითმენდა. მაშინ მსაჯულმა ახალი სატანჯველი მოიგონა, ბრძანა, კალა გაედნოთ და მოწამისთვის ყელში ჩაესხათ. ვიდრე კალა დნებოდა, წმინდა ბონიფანტემ შეწევნა უფალს სთხოვა. ლოცვის შემდეგ იქ მყოფ მოწამეებს შეევედრა, ილოცეთ ჩემთვის, რომ საშინელი სატანჯველი დავითმინოო. მოვიდნენ ჯალათები რკინის იარაღებით პირი გაუღეს და შიგ მოთუხთუხე კალა ჩაასხეს, მაგრამ მან წმინდანს ვერაფერი ავნო. სამსჯავროს ირგვლივ შემოჯარული ხალხი აღშფოთდა, ყვირილი მორთეს:

- დიდია ქრისტიანთა ღმერთი, დიდა ქრისტე მეუფე! ჩვენ გვწამხარ, უფალო!

განრისხებულმა ხალხმა მსაჯულს ქვები დაუშინა, მან თავს გაქცევით უშველა, ხოლო ბონიფანტე საპყრობილეში ჩააგდებინა. ხალხი კი წარმართული საკერპოსკენ გაქანდა კერპების შესამუსრავად. მეორე დღეს მღელვარება რომ ჩაცხრა, მსაჯულმა მოაყვანინა ბონიფანტე და მის წინაშე ქრისტეს ლანძღვას შეუდგა. წმინდანმა უფლის შეურაცხყოფა ვერ დაითმინა და გალანძღა უსულო კერპები და ამხილა მათი თაყვანისმცემელი მსაჯულის სიბრმავე. ამით უფრო განარისხა მსაჯული. მისი ბრძანებით, ქვაბში ფისი გააცხელეს და მოწამე შიგ ჩააგდეს, ფისი გადმოღვარა ცეცხლზე და გარშემო მყოფი მოსწვა. წმინდანს კი ვერაფერი ავნო. მაშინ კი ჯალათმა ბრძანა, წმინდანისთვის თავი მოეკვეთათ. როცა დასასჯელ ადგილას გაიყვანეს, წმინდანმა ლოცვისთვის დრო ითხოვა. ნება დართეს. ბონიფანტემ მუხლი მოიდრიკა და შეჰღღადა:

- უფალო, უფალო ღმერთო ჩემო! ღირს მყავი შენი წყალობისა და შემეწიე, რადგან მტერმა ჩემს მიერ უგუნურებით ჩადენილი ცოდვის გამო, ზეცისკენ გზა არ გადამიღობოს, არამედ მშვიდობით მიიღე ჩემი სული, შემრაცხე შენს მოწამეთა თანა, რომელთაც შენთვის სიხხლი დაანთხიეს და ბოლომდე დაიმარხეს რწმენა; შენი პატიოსანი სისხლით მოსყიდილი სამწყსო, ქრისტე ღმერთო, მახლობელნი ჩემნი, განაშორე ყოველგვარი უწმინდურებისა და წარმართული ცთომილებისგან, რამეთუ კურთხეულ ხარ შენ უკუნისამდე, ამინ!

დაასრულა წმინდანმა ლოცვა და მახვილს ქედი გაუწოდა. მოჰკვეთეს თავი და იმწამსვე მისი სხეულიდან სისხლთან ერთად რძე გადმოდინდა. ვინც ამ სასწაულის მხილველი იყო, ყველა მოიქცა ქრისტეს რწმენაზე, სულ 550 კაცი. წმინდა ბონიფანტე 290 წლის 19 დეკემბერს ეწამა.

ამასობაში ბონიფანტეს მეგობრები და აგლაიდას მონები სასტუმროში ელოდნენ მას. ღამით რომ არ მივიდა, იფიქრეს, ეგ ლოთი ალბათ დაითრო და ვინმე მეძავთან ძინავსო. მეორე ღამესაც არ დაბრუნდა, მესამე დღეს ქალაქში გამოვიდნენ მის საძებნელად. შემთხვევით, უფრო სწორად, ღვთის განგებულებით, ერთ კაცს შეხვდნენ. ჰკითხეს, უცხო კაცი ხომ არ გინახავსო. მან უთხრა:

- არ ვიცი, ვისზე ამბობთ, მაგრამ გუშინ ერთი უცხოტომელი ქრისტესთვის ეწამა და თავი მოჰკვეთეს, მითხარით, როგორი იყო შეხედულებით.
მათ ბონიფანტე აღუწერეს - შუა ტანის, ქერათმიანიაო.

- ალბათ ის არის, ვისაც ეძებთ.

მეგობრებმა ვერ დაიჯერეს, ერთმანეთში ბჭობდნენ, ნუთუ შეიძლება ლოთი და მრუში ქრისტესთვის ეწამოსო?!

ტარსელმა კაცმა უთხრა:

- სწორედ ამგვარი გარეგნობის კაცი აწამეს გუშინ. ხელს რა გიშლით, წამოდით და მისი სხეული საკუთარ თვალით იხილეთ, რამეთუ სადაც თავი მოჰკვეთეს, იქვე დააგდეს.

გაჰყვნენ და მივიდნენ წამების ადგილას, რომელსაც მეომრები დარაჯობდნენ, რათა ქრისტიანებს მოწამეთა სხეულები არ მოეტაცათ. მართლაც, წმინდა ბონიფანტეს ნეშტი ცალკე ეგდო და თავი - ცალკე. გაოცებულნი უცქერდნენ მეგობრები ბოფანტეს პატიოსან თავს, შერცხვათ, ასეთი ცუდი რამ როგორ ვიფიქრეთ და მასზე და ვილაპარაკეთო. უცქერდნენ წმინდანს. ამ დროს მათ დაინახეს, რომ წმინდანმა თვალები ოდნავ გაახილა და მოწყალედ შეხედა მეგობრებს და და გაუღიმა, თითქოს მეგობრებს შეუნდო, რაც მის წინაშე შეეცოდათ. მეგობრებმა მეომრებს 500 ოქრო მისცეს, წმინდანის სხეული გამოისყიდეს, ნელსაცხებელი სცხეს, ახალ სუდარაში გახვეული კიდობანში ჩაასვენეს და შინ წაასვენეს. რომს რომ მიუახლოვდნენ, უფლის ანგელოზი გამოეცხადა აგლაიდას დაუთხრა:

- გაემზადე მის მისაღებად, რომელიც ადრე შენი მსახური იყო, ახლა ჩვენი ძმა და თანამსახური გახდა, ის, ვინც შენი მონა იყო, ეხლა შენი ბატონი იქნება და კეთილმოკრძალებით პატივი მიაგე, რადგან იგია მფარველი შენი სულისა და მცველი შენი ცხოვრებისა.

აგლაიდას შეძრწუნებულს გაეღვიძა, მაშინვე რამდენიმე პატივცემულ სამღვდელო პირთან ერთად რომიდან წმინდა ბონიფანტეს შესახვედრად გაემართა. მიდიოდა აგლაიდა, და მადლობდა ღმერთს, რომ ბონიფანტე თავისი და მისი ცოდვების გამო კეთილსასურველ მსხვერლად შეეწირა ღმერთს. გაიხსენა ის წინასწარმეტყველება, წასვლის წინ რომ უთხრა ხუმრობით ბონიფანტემ. თავის მამულში, რომელიც რომიდან 50 სტადიონზე მდებარეობდა, აგლაიდამ წმინდა ბოიფანტეს მშვენიერი ტაძარი აუშენა და სიწმინდე შიგ დააბრძანა. წმინდა ნაწილებთან მრავალი სასწაული აღესრულებოდა. აგლაიდამ მთელი ქონება გლახაკებს განუყო, თავად კი მონასტერს მიაშურა, სადაც სინანულში გალია თვრამეტი წელი და სიცოცხლეშივე არაწმინდა სულების განსხმის ნიჭი მოიგო. წმინდა დედა ნეტარი ბონიფანტეს საფლავის მახლობლად დაკრძალეს. ეკლესიამ ისიც წმინდანად შერაცხა და მისი ხსენება ბონიფანტესთან ერთად დააწესა.

ბეჭდვა
1კ1