წმინდა მოდესტოსი - იერუსალიმელი მთავარეპისკოპოსი (+633-634) - 18 (31) დეკემბერი
წმინდა მოდესტოსი  - იერუსალიმელი მთავარეპისკოპოსი (+633-634) - 18 (31) დეკემბერი
იერუსალიმელი მთავარეპისკოპოსი წმინდა მოდესტოსი კაბადოკიის სებასტიაში (მცირე აზია) დაიბადა, ქრისტიანთა ოჯახში. მან სიყმაწვილიდანვე იგრძნო მისწრაფება მკაცრი, ასკეტური ცხოვრებისკენ და, როცა ჟამმა უწია, ბერად აღიკვეცა. შემდგომში ნეტარი მოდესტოსი წმინდა თეოდოსი დიდის სავანის იღუმენი იყო პალესტინაში. მოდესტოსი ბრძნულად მართავდა მისთვის მინდობილ სულიერ საძმოს. 614 წელს სპარსეთის მეფე ხოსრო II-მ დაარბია სირია, პალესტინა და ჯარი იერუსალიმის კედლებს მოაყენა. პატრიარქმა ზაქარიამ ღირსი მოდესტოსი მტრის ბანაკის გავლით იერიქონში გააგზავნა დახმარების სათხოვნელად. იერუსალიმის სამკვირიანი ალყის შემდეგ ქალაქში სპარსელები შეიჭრნენ სამი დღე ძარცვავდნენ და ხოცავდნენ ხალხს. მტერმა 30-50 ათასი ქრისტიანი მოკლა და მართლმადიდებლური ტაძრები დაანგრია. სპარსელებმა უფლის ცხოველმყოფელი ჯვარი იგდეს ხელთ და მრავალ სხვა ქრისტიანთან ერთად იერუსალიმის პატრიარქი ზაქარიაც დაატყვევეს. წმინდა მოდესტოსი სიკვდილს გადაურჩა. ამის შემდეგ მას დროებით იერუსალიმის ეკლესიის განმგებლობა დაევალა. წმინდანი თავს არ ზოგავდა იერუსალიმის ნანგრევების გასაწმენდად, გარდაცვლილთა დასაკრძალად, და, რამდენადაც შესაძლებელი იყო, ბარბაროსთაგან დარბეული ეკლესია-მონასტრების აღსადგენად. მან შემოიკრიბა სიკვდილს გადარჩენილი იერუსალიმელები, ანუგეშა ისინი და გულში იმედი ჩაუსახა. ამ უზომო ძალისხმევის ფასად და ასევე ალექსანდრიის პატრიარქის, იოანე მოწყალის (ხს. 12 ნოემბერს) დახმარებით, სიცოცხლე დაუბრუნა იერუსალიმის ეკლესიას. პატივით დაკრძალა დახოცილი ბერები საბა განწმენდილის ლავრიდან. ტყვედ ჩავარდნილი იერუსალიმის პატრიარქი ზაქარია ეპისტოლეთი ამცნობდა წმინდა მოდესტოსს თავის ამბავს, ანუგეშებდა და რწმენაში სიმტკიცეს მოუწოდებდა.

თოთხმეტი წლის შემდეგ პატრიარქი ზაქარია ტყვეობიდან დაბრუნდა და თან ცხოველმყოფელი ძელიც ჩამოასვენა. მაგრამ ძალაგამოცლილი იმავე წელს გარდაიცვალა. მაშინ იერუსალიმის ეკლესიის მწყემსმთავრად წმინდა მოდესტოსი დაადგინეს. ის ხუთი წელი მართავდა იერუსალიმის ეკლესიას. მან განაბრწყინა ეკლესია თავისი სათნოებებით და სასწაულთმოქმედებით. პატრიარქი მოდესტოსი ერთი ხანობა იმპერატორთანაც კი გაემგზავრა დახმარების სათხოვნელად. სწორედ პალესტინის ქალაქ სოზში ჩასული პატრიარქი მოდესტოსი გარდაიცვალა 630 (ან 634) წლის, 17 დეკემბერს, 97 წლისა. იგი, უამრავი ადამიანის თანხლებით, იერუსალიმში, მოციქულთა ტაძარში გადაასვენეს.

საეკლესიო ისტორიაში და სვინაქსარულ ტრადიციებში ურთიერთსაწინააღმდეგო მოწმობებმა წმინდა ნიკოდიმოსი იმ დასკვნამდე მიიყვანა, რომ არსებობდა ორი სხვადასხვა წმინდანი ერთი სახელით - მოდესტოს იერუსალიმელი. პირველი - IV საუკუნის მღვდელმოწამე - ხელნაწერების მიხედვით 16 ან 18 დეკემბერს იხსენიებოდა და დღეს საბერძნეთის ეკლესია 18 დეკემბერს დღესასწაულობს, მეორე კი პატრიარქ ზაქარიას მოსაყდრე მოდესტოსის ხსენებას კი 16 დეკემბერს. იოანე ზოსიმეს კალენდარში მისი ხსენება 17 დეკემბერსაა შეტანილი. მღვდელმონაზონ მაკარი სვიმონპეტრელს ორივე მოდესტოსის ხსენება 18 დეკემბრის საკითხავში აქვს შეტანილი, ამიტომაც ჩვენც ჩვენს თვენში 18 დეკემბერს მოვიხსენიეთ.

ბეჭდვა
1კ1