ნეტარი იოანე (+1503) და მშობელნი მისნი: სტეფანე (+1446) და ანგელინა, სერბეთის მთავარნი (XV) - 10 (23) დეკემბერი
ნეტარი იოანე (+1503) და მშობელნი მისნი: სტეფანე (+1446) და ანგელინა, სერბეთის მთავარნი (XV) - 10 (23) დეკემბერი
1458 წელს სერბეთს მთავრად (დესპოტად) ღვთისმოყვარე და სიქველით აღვსილი სტეფანე (ხსენება 9 ოქტომბერს) მოევლინა.

არ გასულა ერთი წელი და სერბეთს თავს უბედურება დაატყდა, - თურქთა ხელში აღმოჩნდა, რის გამოც სტეფანე მეუღლით, - ანგელინათი (ხსენება 1 ივლისს) და შვილებითურთ იძულებული შეიქნა, თავი იტალიისთვის შეეფარებინა, სადაც 1476 წელს გარდაიცვალა.

გამოხდა ხანი და ანგელინა უნგრეთის ხელმწიფემ, მათემ მიიწვია. ის ორი ვაჟიშვილითურთ უნგრეთს გადავიდა, სადაც სამფლობელოდ, ძირითადად, სერბებით დასახლებული კუპინოვო მიიღო, რომლის ტაძარშიც მეუღლის სასწაულმოქმედი ნაწილნი დაასვენა.

უფროს ვაჟს, გიორგისაც (ხსენება 18 იანვარს) დიდი სამფლობელო ერგო და სერბეთის დევნილი დესპოტის სტატუსიც მიეკუთვნა, თუმცა, ათ წელიწადში დედისა და ძმისგან ფარულად მაქსიმეს სახელით შემონაზვნდა და იქაურ მონასტერს შეერთო.

შედეგად, სერბეთის დესპოტის ტიტული უმცროს ძმას, იოანეს (1496 წელი) გადაეცა, რომელიც უბრწყინვალეს დიპლომატად ჩამოყალიბდა, შეძლო, ქრისტიანულ სახელმწიფოთა ძალნი თურქთა უღლის წინააღმდეგ გაეერთიანებინა და ეკლესიაზეც დიდად ეზრუნა (მათ შორის ათონზე, დალმაციასა და ბანატში). სერბეთის უკანასკნელი დესპოტი 1502 წლის 10 დეკემბერს (ძვ. სტილით) მიიცვალა.

სამი წლის შემდგომ წმინდა ანგელინამ და ძემ მისმა, მაქსიმემ, მამისა და ძმის ნეშტნი ვალახეთს გადმოაბრძანეს და თავადაც იქ დაფუძნდნენ. გარკვეული ხნის შემდგომ მაქსიმეს ვალახეთის მიტროპოლია ჩააბარეს, რომელსაც 2 წელი წინამძღვრობდა.

1509 წელს ანგელინა და მაქსიმე სრემს დაუბრუნდნენ, სადაც იქაური ხელისუფლის ხელშეწყობით კრუშედოლის მონასტერი დააფუძნეს. ანგელინა ამ სავანეშივე აღიკვეცა და დაახლოებით 1516 წელს (ან 1520 წელს) ღვთივ განისვენა.

ბეჭდვა
1კ1