მღდელმოწამე სერაფიმე, ფანარელი ეპისკოპოსი (+1601) და ამავე დღეს ხსენებული წმინდა მოწამენი, მახვილით მოწყვეტილნი- 04 (17) დეკემბერი
მღდელმოწამე სერაფიმე, ფანარელი ეპისკოპოსი (+1601) და ამავე დღეს ხსენებული წმინდა მოწამენი, მახვილით მოწყვეტილნი- 04 (17) დეკემბერი
წმინდა სერაფიმე XVI-XVII საუკუნეთა მიჯნაზე ცხოვრობდა თესალიის მახლობლად, სოფელ ბაზილში. კეთილკრძალულ ქრისტიანთა ოჯახში აღიზარდა და ღვთისმშობლის ცივ წყაროდ წოდებულ მონასტერში შემონაზვნდა.

მრავალფერთა სათნოებათაგან განმშვენებულს მოკლე ხანში მღვდლად დაასხეს ხელი, მოგვიანებით კი - ფანარის და ნეოქორის ეპისკოპოსადაც.

1601 წელს, უშედეგო და სისხლიანი ანტითურქული ჯანყის ჟამს, რომელსაც ლარიის მღვდელმთავარმა, დიონისემ ჩაუდგა სული, სერაფიმე ძალას არ ზოგავდა, შფოთი აღეკვეთა _ ეპარქიის ყოველი სოფელი ფეხით მოიარა და თა¬ვისი ღვთივსულიერი სიტყვით უქადაგებდა სამწყსოს მშვიდობასა და ღვთის მცნებათა აღსრულების აუცილებლობას.

თუმცა, ამის მიუხედავად, მაინც ჯანყის მონაწილედ შერაცხეს და 1601 წლის 4 დეკემბერს (ძვ. სტილით) სასტიკად აწამეს.

ქრისტიანთა დასაშინებლად მისი სხეული წამების ადგილას რამდენიმე დღე გააჩერეს, შემდეგ კი თავი მოჰკვეთეს.

ღამით ვინმე ქრისტიანმა წმინდა სერაფიმეს პატიოსანი თავი გაიტაცა, თუმცა, მცველებმა შენიშნეს და იძულებული შეიქნა, სიწმინდე მდინარისთვის მიეცა.

მოკლე ხანში მებადურებმა თავი იმ ადგილას იპოვეს, სადაც წყალს ნათლის სვეტი დასდგომოდა და ღვთაებრივი გალობა მოესმათ.

ეს სიწმინდე ღვთისმშობლის ცივ წყაროდ წოდებულ სავანეში დააბრძანეს, სადაც უამრავი სასწაული აღესრულა.

..................................

ამავე დღეს არის ხსენება წმინდათა მოწამეთა: ქრისტოდულასი და ქრისტოდულესი, მახვილით განგმირულთა

ბეჭდვა
1კ1