უფლის ხორციელი ძმის, წმინდა მოციქულ იაკობის, წმინდანთა: სვიმეონისა და ზაქარიას წმინდა ნაწილთა გადასვენება 351 წელს - 01 (14) დეკემბერი
უფლის ხორციელი ძმის, წმინდა მოციქულ იაკობის, წმინდანთა: სვიმეონისა და ზაქარიას წმინდა ნაწილთა გადასვენება 351 წელს - 01 (14) დეკემბერი
351 წელს, კედრონის ხეობაში მოღვაწე წმინდა განდეგილ ეპიფანეს ღამეულ ჩვენებაში იერუსალიმის პირველი ეპისკოპოსი, უფლის ხორციელი ძმა, წმინდა იაკობ მოციქული ეჩვენა და აუწყა:

- წარვედ მთავარეპისკოპოსთან და უთხარი, რომ ჩვენი სხეულნი წაასვენოს!

- ვინ ხარ? - დაეკითხა ეპიფანე,

- იაკობი, ძმა უფლისა, ჩემთან ერთად კი - ზაქარია და სვიმეონია, - უპასუხა და გაუჩინარდა.

ეპიფანე დაეჭვდა - ვაითუ, ეს ყოველივე ბოროტის მანქანებააო, არაფერი მოუმოქმედია, მაგრამ მომდევნო ღამეს მოციქული კვლავ ეჩვენა და იგივე აუწყა, თუმცა, განდეგილს ეჭვი არც ამჯერად განუქარვდა.

მესამე ღამეს წმინდა იაკობი კვლავ გამოეცხადა და მკაცრად უბრძანა, - თუ ამჯერადაც არ მერწმუნები, დაისჯებიო!

მაშინ კი მიაკითხა შიშნეულმა ეპიფანემ მთავარეპისკოპოსს, წმინდა კირილეს (ხსენება 18 მარტს) და ყოველივე უამბო.

მწყემსმთავარმა მაშინვე იახლა რამდენიმე კაცი, მითითებულ ადგილს მიაშურა და მისი გათხრა ინება.

სულ მალე წმინდანთა ნათლით მოსილ სხეულებს მიაგნეს, საზეიმოდ გადააბრძანეს სიონის მთაზე და პატრიარქის მიერ მითითებულ ადგილას დაკრძალეს.

მოგვიანებით იქ ერთმა წარჩინებულმა წმინდანთა პატივად ტაძარი აღაშენა.

* * *

ამავე დღეს არის ხსენება წმინდანთა: ონისიმესი (ონისიფორესი), ანანიასი და სოლოქონისა (სოლომონისა), ეფესოს მთავარეპისკოპოსთა (+870)

ბეჭდვა
1კ1