ღირსი იაკობი, როსტოვის ეპისკოპოსი (+1392) - 27 ნოემბერი (10 დეკემბერი)
ღირსი იაკობი, როსტოვის ეპისკოპოსი (+1392) - 27 ნოემბერი (10 დეკემბერი)
ღირსი იაკობი წარმოშობით როსტოვის ოლქიდან იყო. ის ადრეულ ასაკში აღიკვეცა ბერად და ღვთივსათნო ცხოვრების გამო როსტოვის ეპისკოპოსად აკურთხეს 1386 წელს. ღირსი იაკობი მღვდელმთავარი დიდხანს არ ყოფილა.

ერთი ქალი მსჯავრდადებული იყო უკანონო ქმედებების გამო და როსტოვის მთავრისა და თავადების მიერ სიკვდილით დასჯა ჰქონდა მისჯილი. ქალმა საშველად მღვდელმთავარ იაკობს მიმართა და ლოცვით ევედრებოდა სიკვდილისგან ეხსნა. იაკობმა გაიხსენა, როგორ არ განსაჯა მაცხოვარმა მასთან მიყვანილი მეძავი და არ დაანება ბოიარებს ქალის დასჯა. მღვდელმთავარმა დედაკაცს სინანულისთვის ადგილი მოუძებნა, სადაც ამ უკანასკნელმა სიცოცხლის ბოლომდე იცხოვრა. როსტოველმა თავადებმა, მთავარმა და ხალხმა არ აპატია იაკობს დამნაშავე ქალის დაცვა და მღვდელმთავრობიდან გაათავისუფლა.

იაკობმა დატოვა ქალაქი და მივიდა ნეროს ტბასთან, მოიხსნა მანტია, ჯვარი გადასახა მისით წყალს, ზედ გააფინა და ისე გადაცურა მეორე ნაპირამდე, როგორც ნავში მჯდომმა. ამ სასწაულის ხილვით და მოსმენით გაოგნებულმა ხალხმა შენდობა სთხოვა იაკობს და სთხოვა დაბრუნებოდა საეპისკოპოსო ტახტს. ღირსმა იაკობმა შეუნდო მრევლს, თუმცა მღვდელმთავრის ტიტულზე უარი განაცხადა, ტბის იმ ნაპირზე, სადაც მანტიით გაცურა, დაეყუდა და დაიწყო მოსაგრეობა. მალე ღირს მამას მოწაფეებიც გამოუჩნდნენ. მან ძმებისთვის ხის კელიები და წმინდა ანას სახელობის ეკლესია ააგო. ამ მონასტერში, რომელიც მის სახელს ატარებდა, გაატარა ნეტარმა მთელი დარჩენილი ცხოვრება. ღირსმა მამამ მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს 1392 წელს და დაკრძალეს მის მიერვე აგებული ტაძრის ჩრდილოეთით. მისი მოღვაწეობის დროს როსტოვში გამოჩნდა ხატმებრძოლი მწვალებელი მარკიანე, რომელიც აბრკოლებდა მოსახლეობას და თავადებს. მისი მხილება და ქალაქიდან განდევნა მხოლოდ ნეტარმა იაკობმა შეძლო და ასე დაიცვა როსტოვის ოლქის ქრისტიანები ხატთა თაყვანისცემის უარ-ყოფისგან.

ბეჭდვა
1კ1