წმინდა ოდონ კლიუნელი (+942) - 18 (01.12) ნოემბერი
წმინდა ოდონ კლიუნელი (+942) - 18 (01.12) ნოემბერი
წმინდა ოდონი დაიბადა 778 წელს ტურში. მამამისი, რაინდი აბონ მენელი, განსწავლული კაცი იყო, აინტერესებდა ისტორია და ზეპირად იცოდა იუსტინიანეს "ნოველები", ანუ იცოდა როგორც კანონები, ისე წმინდა წერილი. მასა და მის მეუღლეს დიდხანს არ ჰყავდათ შვილი, ხოლო როცა შეეძინათ, უფროსი ვაჟი ოდონი მონასტერში მიაბარეს საეკლესიო მსახურებისთვის.

რამდენიმე წლის შემდეგ ოდონი ავად გახდა და გადაწყვიტა, ღვთისთვის მიეძღვნა თავი. ჩავიდა ტურში, წმინდა მარტინის კანონიკი გახდა და იქ ექვსი წელი გაატარა.

ტურში ბევრი არისტოკრატი ჩადიოდა. მას ყურადღება მიაქცია გრაფმა ფულკ ანჟუელმა და ახალგაზრდა ნიჭიერი კაცი არისტოკრატიულ წრეს დააკავშირა.

მიუხედავად ამისა, ოდონი სწავლას განაგრძობდა. მან გადაწყვიტა, სიცოცხლე მთლიანად ჭვრეტისთვის მიეძღვნა და წმინდა მარტინის აკლდამის სიახლოვეს, პატარა სენაკში დასახლდა. ამ პერიოდში მან ბენედიქტე ნურსიელის ტიპიკონი წაიკითხა და განიზრახა, მონასტერში წასულიყო. ტური დატოვა და ბომის მონასტერში მონაზვნად აღიკვეცა, მისი წინამძღვარი გახლდათ ბერნონი, შემდგომ კლიუნის მონასტრის პირველი იღუმენი. ამ მონასტერში მკაცრი ტიპიკონი ჰქონდათ.

909 წელს დაარსდა კლუნი, რეფორმირებული მონასტერი, სადაც წმინდა ბენედიქტეს ტიპიკონით ცხოვრობდნენ. კლუნის განვითარებაში მნიშვნელოვანი ადგილი ეკუთვნის წმინდა ოდონს. ოდონი მხარს უჭერდა წმინდა ბერნონის ორ იდეას, რომელიც მან ამ მონასტერში დანერგა: სრული უარყოფა კერძო საკუთრებისა და უარის თქმა ხორციან საჭმელზე. ოდონი სათავეში ჩაუდგა მონასტრის სკოლას, ხოლო 927 წელს წმინდა ბერნონიც შეცვალა, როგორც წინამძღვარმა. მან მეფისა და პაპისგან სიგელი მიიღო, რომლის ძალითაც კლუნის მონასტრის საქმეებში ჩარევის უფლება არავის ჰქონდა.

ოდონი მოითხოვდა მონაზვნებისგან მდუმარებას, თავშეკავებას და ბენედიქტიანელთა ტიპიკონის ზედმიწევნით ასრულებას, უბიწოების მკაცრად დაცვას და სიგლახაკეში კინოვიურ ცხოვრებას.

ოდონის გავლენა კლუნის საზღვრებს გასცდა. ფლერისა და ბურდეს ფრანგული მონასტრები უშუალოდ ოდონის მიერ იმართებოდა, იმავე დროს მის რეფორმებს პაპის გავლენით დაემორჩილა სამხრეთ აღმოსავლეთის და ცენტრალური საფრანგეთის მონასტრები. რომის გალავანს გარეთ მან რეფორმირება მოახდინა წმინდა პავლეს მონასტრისა და დიდი გავლენა იქონია მონტე კასინოს და სუბიაკოს მონასტრებზე.

სიცოცხლის ბოლოს ოდონი ძალზე გავლენიანი და პატივცემული იყო. ბევრს საუბრობდნენ მის გლახაკებისადმი გულუხვობაზე და პატიმრების მიმართ გულმოწყალებაზე. წმინდა ოდონი ტურში, წმინდა იულიანეს მონასტერში გარდაიცვალა 942 წლის 18 ნოემბერს.

ბეჭდვა
1კ1