წმინდა გენადი და მაქსიმე - კონსტანტინოპოლის პატრიარქები - 17 (30) ნოემბერი
წმინდა გენადი და მაქსიმე - კონსტანტინოპოლის პატრიარქები - 17 (30) ნოემბერი
წმინდა გენადი. იგი ადრე კონსტანტინოპოლის ეკლესიის მღვდელი იყო. 458 წელს პატრიარქ ანატოლის გარდაცვალების შემდეგ კონსტანტინოპოლის პატრიარქად აირჩიეს, რადგანაც ღვთისმოშიშებით და უბიწოებით გამოირჩეოდა. წმინდა გენადი ერთგული დამცველი იყო სამოციქულო გარდამოცემისა და ბრძნულად დამწყსიდა სამწყსოს. მან წესრიგი დაამყარა ეკლესიაში, რომელიც სიმონიათიც იყო დასნეულებული. მან კვირა აუცილებლად არასამუშაო დღედ გამოაცხადა და ჰარმონიული ურთიერთობა დაამყარა ეკლესიასა და საერო ხელისუფლებას შორის. იგი მოშურნედ იცავდა მართლმადიდებლურ რწმენას და თავის გავლენას იყენებდა იმპერატორზე, რათა დაესაჯათ ანტიოქიის ერეტიკოსი პატრიარქი პეტრე. წმინდა გენადი უფლისმიერი სასწაულებითაც გააძლიერებდა ეკლესიას. ერთხელ მისი ლოცვით ხელი დაუდამბლავდა ვინმე მხატვარს, რომელმაც ქრისტე წარმართული ღმერთის ზევსის სახით გამოხატა. გარდამოცემით მან სიცოცხლის ბოლოს უარი თქვა ემართა ეკლესია, რომელიც ერეტიკოს იმპერატორს ლეონ I-ს (457-474) ემორჩილებოდა, მან დატო¬ვა პატრიარქის საყდარი და უბრალო მონაზონის სამოსით წმინდა ადგილების მოსალოცად წავიდა. უკან მობრუნებული კვიპროსზე შეჩერდა წმინდა ილარიონის (21 ოქტომბერი) მონასტრის მოსალოცად. მაგრამ გზა აერია და სოფელ კისოპეტრაში მივიდა. უეცრად თოვლმა წამოუშინა, ქარი ამოვარდა, ერთი ქვრივის კარზე დააკაკუნა, მაგრამ მან არ ინება უცნობი მწირის სახლში შეშვება. მეორე დღეს ქალმა სახლის ზღურბლთან გარდაცვლილი პატრიარქის ცხედარი აღმოაჩინა.
წმინდა მაქსიმე. ზუსტად არ არის ცნობილი, კონსტანტინოპოლის პატრიარქთაგან მაქსიმეს (მაქსიმიანეს) სახელით 17 ნოემბერს რომელი მოიხსენიება. მაქსიმე II (1215) აკიმოტების მონასტრის იღუმენი, თუ მაქსიმე III (XV ს.), რომელიც განსაკუთრებული სიწმინდით გამოირჩეოდა. ევსტრატიადისის აზრით, საუბარია მაქსიმე I-ზე (V ს.) რომლის ხსენებაც ასევე 21 აპრილსაა.
კონსტანტინეპოლის წმინდა პატრიარქები
ბეჭდვა
1კ1