ღირსი არედიუსი (არედი) ლიმოჟელი (+591) - 17 (30) ნოემბერი
ღირსი არედიუსი (არედი) ლიმოჟელი (+591) - 17 (30) ნოემბერი
წმინდა არედიუსი დაახლოებით 510 წელს ქალაქ ლიმოჟში, იმ მხარეში ცნობილ ოჯახში დაიბადა. 14 წლის არედი მეფე ტეოდებერტ II-ს გადასცეს და სამეფო კარის ბავშვების ჯგუფში ჩარიცხეს, რომლებიც მეფესთან ერთად ტრირში ცხოვრობდნენ. ამ ქალაქში ცხოვრობდა წმინდა ეპისკოპოსი ნიკიტა. მან ერთხელ ყმაწვილის სახეზე მადლმოსილება შეამჩნია, თან გაიყოლა, დაიტოვა და წმინდა წერილი ასწავლა. ბერადაც წმინდა ნიკიტამ აღკვეცა.

ბერად აღკვეცის შემდეგ არედიუსი ეპისკოპოსთან დარჩა და დიდი გულმოდგინებით შეუდგა სწავლას. უფალმა ნიშ-სასწაულით გამოაჩინა ყმაწვილის მადლმოსილება. ერთხელ საეკლესიო ლოცვისას, ფსალმუნთა გალობისას ტაძარში შემოფრინდა მტრედი, ყმაწვილს შემოუფრინა და თავზე დააჯდა. ჭაბუკი ცდილობდა მტრედი მოეშორებინა, მაგრამ ფრინველი ხან მხარზე, ხან თავზე აჯდებოდა და არ ტოვებდა მრავალი დღის მანძილზე.

მამისა და ძმის გარდაცვალების შემდეგ არედიუსი შინ დაბრუნდა, რათა მარტოდ დარჩენილი დედა ენუგეშებინა, რომელსაც მის გარდა არავინ ჰყავდა. არედიუსი მარხვასა და ლოცვას მიეცა, ხოლო საოჯახო საქმეები დედას ჩააბარა. თვითონ კი შეუდგა თავიანთ მამულში ტაძრების მშენებლობას იმ წმინდანთა სახელზე, რომელთა ნაწილებიც თვითონ მოიძია. რაღაც დროის მერე ზოგიერთი თავისი მსახური ბერად აღკვეცა და დააარსა მონასტერი და ტიპიკონი განუჩინა. მისი ღვთისმოსავი დედა მონაზვნების სამოსსა და საკვებზე ზრუნავდა.

წმინდა არედიუსთან უამრავი სნეული მოდიოდა, და მათ ის ხელის დადებითა და ლოცვით კურნავდა. მის ლოცვას შეეძლო მიწიდან წყარო ამოეყვანა და ცაზე ღრუბელი გაეფანტა.

გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ის ტურში წმინდა მარტის დღესასწაულზე ჩავიდა. იქ ცოტა ხანს დარჩა, მაშინ თქვა, რომ მალე გარდაიცვლებოდა. დაბრუნდა კელიაში და ანდერძი შეადგინა, რომლის ძალითაც თავისი ქონება ეპისკოპოსებს მარტინსა და ილარის გაუნაწილა. შემდეგ კი დიზენტერიით ავად გახდა. მისი ავადმყოფობის ექვსი დღის შემდეგ ერთმა ეშმაკეულმა ქალმა, რომლის განკურნებაც წმინდანმა ვერ შეძლო, აყვირდა: "გაიქეცით ქალაქელებო, გიხაროდეთ ხალხო გამოდით და შეეგებეთ ზეცაში მცხოვრებ მოწამეებს და აღმსარებლებს, რომლებიც არედიუსის დაკრძალვაზე შეიკრიბნენ. ნახეთ აგერ ბრიუდელი იულიანე, მანდელი პრივატი, ტურელი მარტინი და მარციალი ლიმოჟელი. აქვეა სატურნი ტულუზელი, პარიზელი დიონისე". ქალმა ყვირილი დაიწყო. პატრონმა ის შეკრა, მაგრამ მაინც ვერ დააკავა. ქალმა თოკები გაწყვიტა და მონასტრისკენ გაიქცა. ამ დროს წმინდა მამამ განუტევა სული. წმინდა მამის დაკრძალვაზე, როგორც კი მიწაში ჩაასვენეს, ეს ქალი და სხვა იქ მოსული ბოროტი სულისაგან გატანჯული ადამიანები განიკურნენ. ვინმე მუნჯი ეამბორა თუ არა წმინდანის საფლავს, მეტყველების უნარი დაუბრუნდა.

შემდგომში მის მონასტერსა და სოფელს სენტ-ირი დაერქვა წმინდანის პატივსაცემად. წმინდა არედიუსის ნაწილები ჩასვენებულია ბიუსტ რელიკვარიუმში, რომელიც დგას სენტ-ირი-ლაპერშის ტაძარში.

ბეჭდვა
1კ1