ღირსი ვულფილაიხ ტრირელი (+დაახლ. 594) - 17 (30) ნოემბერი
ღირსი ვულფილაიხ ტრირელი (+დაახლ. 594) - 17 (30) ნოემბერი
იგი წარმოშობით ლონგობარდი იყო. ჯერ კიდევ ყრმამ გაიცნო წმინდა მარტინ ტურელი და მისგან ისწავლა ლოცვა და მოწყალების გაცემა. როცა მოიზარდა მოშურნედ შეუდგა მეცნიერებების შესწავლას, შემდეგ კი იღუმენ არედიუსთან სწავლობდა. თავის მოძღვართან ერთად მოილოცა წმინდა მარტინის ბაზილიკა და აღფრთოვანდა უკან დაბრუნებისას წმინდა მარტინის საფლავიდან წამოღებული ქვიშის სასწაულებრივი გამრავლებით.

დაახლოებით 585 წელს ვულფილაიხი ქალაქ ტრირის ოლქში მდებარე არდენის მთებში დასახლდა, რომელსაც ეპოსს ეძახდნენ და შემდგომში ივუა დაერქვა. აქ წმინდანი სვიმონ მესვეტეს მაგალითით სვეტზე ავიდა და მკაცრ კლიმატურ პირობებში მოღვაწეობდა, საკვებად მცირეოდენი პური და ხილი ჰქონდა და წყალსაც ზომით იღებდა. მისმა ქადაგებებმა ისე იმოქმედა ადგილობრივ წარმართებზე, რომ ისინი ქრისტესკენ მოიქცნენ და დაამხეს ქალღმერთ დიანას ქანდაკება, რომელსაც ეთაყვანებოდნენ. თავიდან შეკრებილმა ხალხმა ვერასგზით ძვრა ვერ უქნეს ქანდაკებას, შემდეგ წმინდანმა უფალს შესთხოვა და კერპიც თავისით გადმოვარდა, თოკები ოდნავ მოქაჩეს თუ არა. ბოროტმა შური იძია - იმავე ღამეს წმინდანს სხეული წყლულებით დაეფარა. მან წმინდა მარტინის ბაზილიკის ზეთი იცხო და განიკურნა.

წმინდანს განზრახული ჰქონდა სვეტზე მოსაგრეობა, მაგრამ იმ ქვეყნის ეპისკოპოსები მივიდნენ მასთან და დაარწმუნეს, ცხოვრების წესი შეეცვალა და ჩამოსულიყო და მის გარშემო შეკრებილ ძმებთან ერთად ეცხოვრა. ის დაემორჩილა მათ და აღარ აღუდგენია სვეტი, რომელიც მღვდელ¬მთავართა ბრძანებით დაანგრიეს.. წმინდა ვულფილაიხი იმ მხარეში ქადაგებდა და მთის წვერზე წმინდა მარტინის ბაზილიკა ააგო, რომელიც რვა მილით იყო დაცილებული ივუას ციხესიმაგრიდან.

ღირსი ვულფილაიხი მისსავე აშენებულ ტაძარში დაკრძალეს.

ბეჭდვა
1კ1