ღირსნი: ზაქარია მეწაღე და იოანე - 17 (30) ნოემბერი
ღირსნი: ზაქარია მეწაღე და იოანე - 17 (30) ნოემბერი
მათ შესახებ მოგვითხრობენ ძველი ბერძნული სვინაქსარები, თუმცა უცნობია, რომელ საუკუნეში ცხოვრობდნენ. გარდამოცემის თანახმად, ვინმე მდიდარმა და ცნობილმა კაცმა, სახელად იოანემ, დატოვა საერო ცხოვრება და მოსაგრეობაში წარემატა. ყოველ ღამეს კონსტანტინოპოლის ერთ-ერთ ტაძარში სალოცავად მიდიოდა. ერთხელაც ეს კაცი აია სოფიას ტაძართან მივიდა, მაგრამ კარები დაკეტილი დახვდა. ამიტომაც იქვე სკამზე დაჯდა და სერობის ჩამოლოცვა დაიწყო. უეცრად უცნაური ნათელი მიუახლოვდა, დააკვირდა, ეს იყო ნათლით მოსილი კაცი. კაცი მოვიდა კარებთან, მუხლნი მოიდრიკა, ჯვრის სახედ ხელნი განაფრთხო და ტაძრის კარები თავისით გაიღო. უცნობი შიგნით შევიდა, ღვთისმშობლის ხატის წინ მუხლი მოიდრიკა და ჯვრის სახით ხელნი განართხო. მაშინ მის წინ გაიხსნა ვერცხლით მოჭედილი კარი, რომლითაც ტაძრის ნართექსში შედიოდი.

კაცმა შუა ტაძარში ილოცა და შემდეგ უკან გამობრუნდა. იოანე უცნობს გაჰყვა. კაცი წმინდა იულიანას ტაძართან მივიდა, იქ კიბეს ჩაჰყვა და ქოხის კარზე დააკაკუნა, ქალს მარიამი უწოდა, რომელიც, ეტყობა, მას ელოდებოდა. ამ დროს ნათელი, რომელიც კაცს აბრწყინებდა, ჩაქრა. ქალმა წინ სანათური დაუდგა და კაცი ტყავის კერვას შეუდგა. იოანე შიგნით შევიდა და ცრემლმორეულმა კაცს სთხოვა, არ დაემალა ვინაობა და თავისი ღვაწლი, რომლის გამოც უფალმა მასზე ასეთი წყალობა მოიღო. კაცმა უთხრა, ცოდვილი ზაქარია ვარ და არაფერი სათნოება არა მაქვსო. მაგრამ იოანეს თხოვნას ვერ გაუძლო და დააფიცა, რომ მისი საიდუმლო არ გაემჟღავებინა ვიდრე ზაქარია ცოცხალი იქნებოდა. შემდეგ კი მოუყვა, რომ არ იყო ქვეყანაზე ცოდვა, რომელიც მას არ ჩაედინა. ერთხელაც ღვთის შეეშინდა და მართალი ცხოვრება დაიწყო, მერე კი მარიამზე დაქორწინდა. თუმცა ცოლ-ქმარმა მოილაპარაკა - ქორწინების შემდეგ ქალწულობა შეინახა და სულიერად ცხოვრობდა. ზაქარია ფეხსაცმელებს კერავდა, შემოსავლის დიდ ნაწილს გლახაკებსა და შეჭირვებულებს ურიგებდა და მხოლოდ მცირე ნაწილს იტოვებდა. ეს იყო მისი მთელი ღვაწლი. იოანე უკან გამობრუნდა და მადლობდა ღმერთს, რომ ასეთ უჩვეულო ადამიანს შეხვდა.

ზაქარია მეწაღემ კი, რადგან კაცთაგან დიდება არ სურდა, დატოვა სახლი და ყველასაგან ფარულად განაგრძო მოსაგრეობა.

ბეჭდვა
1კ1