ღირსი ლაზარე ხატმწერი (+დაახლ. 857) - 17 (30) ნოემბერი
ღირსი ლაზარე ხატმწერი (+დაახლ. 857) - 17 (30) ნოემბერი
ღირსი ლაზარე ხატმწერი კონსტანტინოპოლელი იყო, სიყმაწვილიდანვე შეუდგა მონაზვნურ ღვაწლს. იგი მკაცრი, ასკეტური ცხოვრებით ცხოვრობდა, გამუდმებით მარხულობდა და ლოცულობდა, ამასთან, საოცარი გულმოწყალებითაც გამოირჩეოდა. ღვთივსათნო ღვაწლისა და კეთილმსახური ცხოვრებისთვის ლაზარე მღვდლად აკურთხეს. ეს იყო ბიზანტიის იმპერატორ თეოფილე I-ის დროს. სწორედ ამ იმპერატორის მეფობის ჟამს წმინდა ლაზარემ ბევრი ტანჯვა დაითმინა ხატთაყვანისცემისთვის. ლაზარემ ხატწერის ხელოვნება შეისწავლა და მოშურნედ შეუდგა ხატვას. თეოფილე კი ხატმებრძოლი იყო; თუ ყველა ხატთაყვანისმცემელს დევნიდა, ხატმწერებს კი აიძულებდა, ფეხებით დაეთქერათ სიწმინდე და შენერწყვათ. ღირსი ლაზარე შეიპყრეს, აწამეს მაგრამ ვერაფრით დაიმორჩილეს, მაშინ ის საპყრობილეში ჩააგდეს. წმინდანი დილეგშიც განაგრძობდა ხატვას.

მაშინ ჯალათის ბრძანებით მას თითები გავარვარებული რკინით დაუწვეს, რომ აღარ შეძლებოდა ხატვა. ამასთან ალბათ მოკლავდა კიდეც, რომ არა თეოდორა დედოფალი. მისი დახმარებით ძლივს გადაურჩა სიკვდილს. გათავისუფლებულმა წმინდანმა თავი იოანე ნათლისმცემლის ტაძარს შეაფარა, იქ მან დედოფალ თეოდორას დაუხატა ხატი წმინდა იოანე ნათლიმცემლისა, რომელიც მალე სასწაულთმოქმედი გახდა. თეოფილეს გარდაცვალებისა და ხატთაყვანისცემის აღდგენის შემდეგ ის სხვა აღმსარებლებთან ერთად დედაქალაქში დაბრუნდა და თავისუფლად შეუდგა ხატვას. მან დახატა მაცხოვრის დიდი ხატი, რომელიც თაყვანისცემისთვის იმპერატორის სასახლის სპილენძის კარებთან გამოფინეს. XIII საუკუნის რუსი მოგზაურის თქმით, წმინდა ლაზარეს შექმნილია მოზაიკური ხატი ღვთისმშობლისა, მისი ღმრთაებრივი ყრმისა და უფლის ორი ანგელოზისა, რომლითაც არის განმშვენებული აია სოფიას ტაძრის ქორო.

გადმოცემით, თეოფილეს სიკვდილის შემდეგ, დედოფალმა თეოდორამ სთხოვა, მეფისთვის ელოცა. ერთი ვერსიით, ლაზარემ უპასუხა: "უკვე გვიანია იმისთვის, რომ საღმრთო მართლმსაჯულება თეოფილეს სასარგებლოდ მიიდრიკოს". სხვა ვერსიით კი წმინდანის ლოცვითა და კეთილმსახური დედოფლის თეოდორას ღვთისმოსაობით თეოფილემ უფლისაგან შენდობა მიიღო.

856 წელს წმინდა ლაზარე სხვებთან ერთად იყო ელჩობაში, რომელიც იმპერატორმა მიქაელ III-მ და პატრიარქმა ეგნატემ რომში გააგზავნა, ახალარჩეულ პაპ ბენედიქტე III-სთან, რათა განეხილათ, როგორ აღდგენილიყო მშვიდობა და ერთობა რომსა და კონსტანტინოპოლის ეკლესიებს შორის. უკანა გზაზე წმინდა ლაზარე რომში გარდაიცვალა. მისი პატიოსანი ნეშტი კი კონსტანტინოპოლში გადაასვენეს და წმინდა ევანდრეს ეკლესიაში დაკრძალეს, სადაც ის მოღვაწეობდა.
........

ასევე ნახეთ:

ღირსი ლაზარე ხატმწერი
ბეჭდვა
1კ1