წმინდა კუნიბერტი, კიოლნის ეპისკოპოსი (+663) - 12 (25) ნოემბერი
წმინდა კუნიბერტი, კიოლნის ეპისკოპოსი (+663) - 12 (25) ნოემბერი
წმინდა კუნიბერტი დაახლოებით 590 (ან 600 წ.) დაიბადა ქალაქ მოზელში, ცნობილ ფრანკ არისტოკრატთა ოჯახში. ცნობისმოყვარე და გონიერი ბავშვი იყო, კარგად სწავლობდა, მას განსაკუთრებით ქრისტიანობა და მისი სიწმინდეები იზიდავდა. ამიტომაც, როცა ცხოვრების გზის არჩევის დრო მოუვიდა, უყოყმანოდ დასთანხმდა ტრირში ეკლესიის მსახური გამხდარიყო. იქ ის 627 წლამდე არქიდიაკვნის მოვალეობას ასრულებდა. 627 წელს კიოლნში გადაიყვანეს და ეპისკოპოსად აკურთხეს.

გარდამოცემით - მისი ეპისკოსად კურთხევიდან მალევე, სულიწმიდა მტრედის სახით გამოეცხადა და უჩვენა, სადაც იყო დაკრძალული წმინდა ურსულა, რომელსაც კუნიბერტი გულმოდგინედ ევედრებოდა.

მართლაც მისი მღვდელმთავრობისას ღვთის დიდი მადლი გარდამოვიდა მასზე და მის დამწყსილ ეპარქიაზე. წმინდა კუნიბერტმა ეპარქიაში რამდენიმე მონასტერი დააარსა და ყველანაირად ეხმარებოდა ქრისტიან მისიონერებს, რომლებიც ჩრდილოეთით ფრისლანდიაში და აღმოსავლეთით საქსონიაში მიდიოდნენ. ეპისკოპოსი მუდამ უხვად აძლევდა მოწყალებას ღარიბებსა და უძლურებს.

ხელისუფლება პატივისცემით უცქერდა ეკლესიის სასიკეთოდ და ადამიანთა სულების გადასარჩენად მის მიერ გაწეულ დაუცხრომელ ღვაწლს. მის სიტყვას დიდად აფასებდნენ. იგი ერთ-ერთი კონსულტანტი იყო მეფე დეგობერტ პირველისა, ხოლო პიპინის გარდაცვალების შემდეგ, ერთხანობა უმაღლესი მმართველის მოვალეობას ასრულებდა...

მღვდელმთავრის რეზიდენციის გვერდით წარმართული საკერპო იყო. კუნიბერტის ბრძანებით, ის დაანგრიეს და ძველი რომაული ქალაქის გალავანთან წმინდა კლიმენტი რომის პაპის სახელობის ტაძარი ააშენა. იქვე ძველთაგანვე სამკურნალო წყარო მოდიოდა. წმინდა კუნიბერტმა იქ აუზი გააკეთებინა. წყალმა წმინდანის ლოცვით უფრო მეტი ძალა შეიძინა და მის სამკურნალო თვისებებს შორს გაუვარდა სახელი. განსაკუთრებით ფეხმძიმე ქალები მოდიოდნენ და ბანაობდნენ, რათა ჯანმრთელი ბავშვები შესძენოდათ. მერე ხატოვან გამოთქმად გავრცელდა: კიოლნელი ბავშვები წმინდა კუნიბერტის წყაროში განბანვისას იბადებიანო. თუ სხვაგან პატარებს ეუბნებიან, რომ "ბავშვები წეროებს მოჰყავთ", კიოლნში ასე არაა. იქ ამბობენ, რომ "ბავშვები წმინდა კუნიბერტის წყაროს ფსკერიდან ამოდიან, სადაც ისინი მანამდე იკვებებიან და იზრდებიან ღვთისმშობლის გარშემო".

წმინდა კუნიბერტი 663 წლის 12 ნოემბერს გარდაიცვალა და წმინდა კლიმენტის ტაძარში დაკრძალეს, რომელსაც მას მერე წმინდა კუნიბერტის ეკლესია დაერქვა.

წმინდა კუნიბერტი გარდაცვალების შემდეგაც შეეწეოდა ქრისტიანებს. ამას მის მიერ მოხდენილი უამრავი სასწაული მოწმობს.

მეორე მსოფლიო ომის დროს, საჰაერო დაბომბვისას, ტაძარი დაინგრა, მაგრამ წმინდა კუნიბერტის საფლავი გადარჩა. 90-იან წლებში ტაძარი ძველი ნახაზების მიხედვით აღადგინეს და ახლა ნებისმიერ მომლოცველს შეუძლია წმინდა მღვდელმთავრის საფლავის მოლოცვა.

ბეჭდვა
1კ1