ნეტარი მაქსიმე მოსკოველი (+1434) - 11 (24) ნოემბერი
ნეტარი მაქსიმე მოსკოველი (+1434) - 11 (24) ნოემბერი
ნეტარი მაქსიმე მოსკოველი, ქრისტესთვის სულელი, მოსკოვის მკვიდრი გახლდათ. სამწუხაროდ, არც მისი დაბადების ადგილია ცნობილი და არც მშობელთა ვინაობა.

წმინდანმა სულიერი ღვაწლის ყველაზე სამძიმო, სალოსური გზა აირჩია. ზამთარ-ზაფხულ ფეხშიშველი იარებოდა და ლოცვის წყალობით დაითმენდა ხორშაკ სიცხესაც და სასტიკ ყინვასაც. მართალია, ზამთარი სასტიკია, სანაცვლოდ, სასუფეველია ტკბილიო, - იტყოდა.

რუსეთს დიდად უყვარდა თავისი ქრისტესთვის სულელი, პატივს მიაგებდა მის დიდ სიმდაბლეს, სიბრძნეს, სიყვარულს და დიდი თუ მცირე, უმდიდრესი კაცით დაწყებული, უკანასკნელი ღატაკის ჩათვლით, ყურს მიაპყრობდა.

ნეტარ მაქსიმეს რუსეთისთვის მეტად მძიმე დროებაში მოუწია მოღვაწეობამ: ცალკე თათარ-მონღოლთა ურდოები აწრიალებდა, ცალკე - გვალვა... ამ ყველაფერმა, ელვის უსწრაფესად მოდებულ ეპიდემიასთან ერთად, მუსრი გაავლო მოსახლეობის დიდ ნაწილს.

ნეტარის ბაგეთაგან ლოცვა, ნუგეში და მაკურნებელი მხილება აღმოდიოდა და ღაღადჰყოფდა, რომ ოდენ დათმენით იყო გადარჩენა შესაძლებელი.

თუმცა, როგორც ზემოთ ვთქვით, ოდენ სანუგეშოს როდი იტყოდა...

ნეტარისთვის ერთი იყო მდიდარი და უპოვარი, ამიტომ მის დაურიდებელ მხილებას ვერავინ გადაურჩებოდა - ძლიერნი ამა ქვეყნისანი კრთებოდნენ ამ წმინდა კაცის სიტყვის წინაშე...

იტყოდა, - პირჯვრის გამოსახვა ყველას ძალუძს, ლოცვა კი არა... უზენაესი ყოველივეს ჭვრეტს, მას ვერ მოატყუებო!

წმინდა მაქსიმეს ამგვარმა მხილებამ მრავალი გული მოაქცია და ღმერთს დაუბრუნა.

ნეტარი 1434 წელს, 11 ნოემბერს მიიცვალა და წმინდა მთავართა, ბორისისა და გლების სახელობის ტაძრის სიახლოვეს დაკრძალეს.

უფალმა სასწაულებით განადიდა თავისი სათნომყოფელი - მის კუბოსთან მრავალი კურნება აღესრულა...

ბეჭდვა
1კ1