ღირსი იოანე კოლოვი, ეგვიპტელი (+409) - 09 (22) ნოემბერი
ღირსი იოანე კოლოვი, ეგვიპტელი (+409) - 09 (22) ნოემბერი
წმინდა იოანე ეგვიპტის უდაბნოში IV საუკუნეში იღვწოდა, მონაზვნური ცხოვრების დასაწყისში ერთ ხუცესს დაემოწაფა, სახელად - ამოის, რომელიც წარმოშობით მასავით თებაიდიდან გახლდათ.
ერთხელ ხუცესმა გამხმარი ჯოხი აღიღო, მიწაში ჩაარჭო და იოანეს უთხრა:
- იქამდე ასხი ყოველდღიურად წყალი, სანამ ნაყოფს არ გამოიღებს!
წყარო საკმაოდ შორს იყო, წყლის მოსაზიდად იოანეს უთენია უწევდა წასვლა და საღამომდე უკან ძლივს აღწევდა, თუმცა, მოძღვარს უსიტყვოდ ემორჩილებოდა.
გავიდა სამი წელი. გამხმარი ხე გაცოცხლდა და ნაყოფიც გამოიღო, ხუცესმა კი იგი ტაძარში წაიღო და ძმებს უთხრა:
- აჰა, იგემეთ ნაყოფი მორჩილებისა!
თორმეტ წელიწადს უვლიდა იოანე სნეულ ხუცესს, ის კი, სცდიდა რა მოწაფის მოთმინებას, სიტყვაც არ დასცდენია მადლობის გამოსახატად, გარდაცვალებისას კი აღმოთქვა:
- ეს ადამიანი კი არა, ანგელოზია!
მოძღვრის გარდაცვალების შემდგომ იოანე მიწისქვეშა მღვიმეში განმარტოვდა და თან ოდენ ლოცვა, სიფხიზლე და მარხვა იახლა. მის სულს ოდენ ღმერთთან საუბარი სწყუროდა, ხოლო ყოველგვარ არაწმინდებას უფლისადმი ვედრებით განაგდებდა.
მცონარებისთვის დრო რომ არ დარჩენოდა, ხელოსნობდა და კალათებს წნავდა, ხელგარჯისას კი ხან სულით ზეცად აღიტაცებოდა ხოლმე.
ცილისწამებისა და ყოველგვარი დამცირებისადმი თითქოს უგრძნობი იყო, ხოლო თუ მოჩხუბართ დაინახავდა, იქაურობას მყისვე ტოვებდა.
სახელი იმგვარად განითქვა, ერთმა მამამ წამოიძახა:
- აბა, ვინ შეემსგავსა იოანეს, თავისი სიმდაბლით მთელი უდაბნო ცერა თითზე რომ დაიკიდა?
რჩევისათვის მრავალი მონაზონი აკითხავდა, იოანე კი ყოველ მათგანს სიყვარულით იღებდა, ამასთან, არასოდეს კარგავდა შინაგან მშვიდობას.
ერთხელ ტაძრიდან რამდენიმე მონაზვნის კამათი მოესმა, სენაკში დაბრუნდა, სამგზის შემოუარა და შიგ მხოლოდ ამის შემდეგ შევიდა.
ბეჭდვა
1კ1