წმინდა ვილიბრორდი, ჰოლანდიის მოციქული და უტრეხტის პირველი ეპისკოპოსი (+738-739) - 7 (20) ნოემბერი
წმინდა ვილიბრორდი, ჰოლანდიის მოციქული და უტრეხტის პირველი ეპისკოპოსი (+738-739) - 7 (20) ნოემბერი
ჩრდილოეთის ეს მოციქული 638 წელს, ინგლისის ჩრდილოეთში, ნორტუმბრიის სამეფოში იშვა.

დაბადების წინადღეს დედამისმა მანათობელი სვეტი იხილა, შვიდი წლისა განსასწავლად რიპონის სავანეს მიაბარეს, რომლის წინამძღვარიც წმინდა უილფრიდი (ხსენება 24 აპრილს) გახლდათ, იქვე აღიკვეცა ბერად, მოგვიანებით კი - მღვდლადაც.
ვილიბრორდი განსაკუთრებული გონიერებითა და მოშურნეობით გამოირჩეოდა, როდესაც წმინდა ეგბერდის (+729 წელი) შესახებ შეიტყო, მაშინვე ანგელოზთა კუნძულად წოდებულ ირლანდიას მიაშურა, სადაც 12 წელიწადს იღვაწა.

ღირს ეგბერდს ფრისლანდიის (ჩრდილოეთ ჰოლანდია) და რეინის წარმართთა მოქცევა სწყუროდა და იმით ისარგებლა, რომ ეს ადგილი ფრანკებით იყო დასახლებული და 690 წელს იქაურთა განსანათლებლად სწორედ ვილიბრორდი და კიდევ 12 მონაზონი წარგზავნა.

გამოითხოვა რა რომის პაპის, სერგი პირველისაგან კურთხევა, ვილიბრორდმა ჰოლანდია და ზელანდია ღვთის სიტყვით განანათლა, რასაც უამრავი სასწაულით განამტკიცებდა.

695 წელს, რომში მეორედ ყოფნისას ნეტარს უტრეხტის ეპისკოპოსად დაესხა ხელი და სამისიონერო ღვაწლი მღვდელმთავრად განაგრძო.

იქაური მმართველი, ჰერცოგი რადბოდი, გულანთებული წარმართი გახლდათ, თუმცა, ვილიბრორდმა მაინც შეძლო მისი მრავალი ქვეშევრდომის მოქცევა.

გარკვეული ხნის შემდგომ წმინდა მამა დანიის მოსაქცევად წარვიდა, სასტიკი და გულმესისხლე ონგენდი რომ მართავდა, იქაურთა მოქცევა კი ისე გაუჭირდა, ოდენ 30 ახალგაზრდის გაქრისტიანება მოახერხა, რომელნიც მონათლა და თან წაიყვანა.
უკანა გზაზე კუნძულ ფოსიტლანდსა ვალქერენზე შეჩერდა, სადაც უშიშრად შეერკინა წარმართულ სულს და ამით ადგილობრივი მმართველის და ქურუმთა სიძულვილი გამოიწვია.

ღვაწლმრავალი და კლდესავით მტკიცე მოღვაწე 739 წელს მიიცვალა და თავისივე დაარსებულ ექტერნატის მონასტერში დაიკრძალა, რომელსაც გარდაცვალებამდე წინამძღვრობდა.

დაკრძალვისას მისი სხეული საოცრად კეთილსურნელებდა.

ბეჭდვა
1კ1