ღირსი კირილე ნოვოეზერელის (+1532) ნაწილთა აღმოყვანება 1649 წელს - 7 (20) ნოემბერი
ღირსი კირილე ნოვოეზერელის (+1532) ნაწილთა აღმოყვანება 1649 წელს - 7 (20) ნოემბერი
მამა კირილე XV საუკუნის მეორე ნახევარში შეძლებულ გალიჩელ ბოიართა ოჯახში იშვა.
თხუთმეტიოდე წლისამ მშობლიური სახლი ფარულად დატოვა და მონასტერში, წმინდა კორნელი კომელსკისთან (ხსენება 19 მაისს) მივიდა, რომლის სახელიც მშობელთაგან გაეგონა.

ჭაბუკს გზად უცნობი ხუცესი შეხვდა, რომელიც დაეკითხა, თუ საით ვიდოდა და როდესაც შეიტყო, განიხარა, გადაწყვეტილება მოუწონა და კირილესთან ერთად განაგრძო გზა.

სავანეს რომ მიუახლოვდნენ, უცნობი ხუცესი ჭაბუკს მიუბრუნდა და დამოძღვრა, შემდეგ მუხლებზე დაემხო და დიდხანს ილოცვიდა, რომ დაასრულა, ჭაბუკს სავანისკენ ამ სიტყვებით მიუთითა:

- წარვედ, შვილო, ნეტარ კორნელისთან, მე კი ღმერთს შევთხოვ, სავანეში მიგიღოს და აღკვეცოსო!

ესა თქვა, ყმაწვილს ჯვარი გარდასახა და უჩინარ იქნა...

მართლაც, მოკლე ხანში სწორედ წმინდა კორნელის ხელთაგან აღიკვეცა კირილე მონაზვნად და სამოღვაწეოდ იქვე დარჩა.

როდესაც შვიდი წლის შემდეგ სავანე მამამისმა მოილოცა და მონაზვნებს შორის ვაჟიშვილი ამოიცნო, თავადაც შემონაზვნდა ბარსანოფის სახელით.

მცირე ხანში ეს კეთილი მაგალითი დედამისმაც (აღკვეცისას მან სახელად ელენე მიიღო) გაიმეორა და აღკვეციდან სამ დღეში მიიცვალა კიდეც.

სამ წელიწადში კირილეს მამაც აღესრულა, წმინდანი კი უწინდელზე აღმატებულ ღვაწლს მიეცა.

გავიდა ათი წელიწადი და მოძღვარმა, წმინდა კორნელიმ თეთრი ზღვის სანაპიროზე დაფუძნების და განდეგილობის ნება დართო. ღირსი მამა სოკოთი და ველური მხლით საზრდოობდა და ხან მარტომყოფობასაც დაუტევებდა, რომ ნოვგოროდისა და ფსკოვის ესა თუ ის სიწმინდე მოელოცა.

შვიდი წლის შემდგომ, 1517 წელს ღირსმა კირილემ "ახალი ტბის" ნაპირას უდაბნო დააარსა და ორი ტაძარიც ააგო, რომელთაგან ერთი აღდგომის, მეორე კი - ღვთისმშობლის ხატის, ოდიგიტრიის სახელზე იკურთხა. ტაძართა აგების ადგილი ღირს მამას ჩვენებაში თვით ღვთის დედამ მიუთითა.

ამ ამბებიდან მოკლე ხანში წმინდა კირილეს მღვდელ-მონაზვნად დაასხეს ხელი, მისმა წმინდა ცხოვრებამ უამრავი ღვთისმოყვარე სული მიიზიდა და მოწაფენი განუმრავლა, რის გამოც დიდი მონასტრის დაფუძნებამ მოუწია, რომლის იღუმენადაც თავად აკურთხეს.

წმინდა ხუცესი ტაძარში მუდამ ყველაზე ადრე შედიოდა და უკანასკნელი ტოვებდა, საზრდელადაც ოდენ იმდენს იხმევდა, რამდენიც სასიცოცხლოდ სჭირდებოდა, ამასთან, თავად მონაწილეობდა ყველაზე მძიმე ფიზიკურ სამუშაოებში.
ზამთარშიც კი ფეხშიშველი, მსუბუქად შემოსილი იარებოდა და შეშასაც თავად ჩეხდა და წყალსაც თავად ეზიდებოდა.

ერთხელ ქურდებმა ეკლესიის ზარები მოიპარეს და ცოდვით ბრმადქმნილებმა გზა ვეღარ გაიგნეს, - მონასტრის ტერიტორიაზე იწყეს ბოდიალი...

სავანის მამებმა ქურდები დილითვე მიუყვანეს წმინდა კირილეს, რომელმაც დაყვავებით უთხრა:

- შვილნო ჩემნო, არავინ აროდეს გამდიდრებულა სხვისი ქონებით, დაკარგვით კი ისიც დაუკარგავთ, რაც გააჩნდათ!

შემდეგ მონაზვნებს მათი დაპურება და გაშვება უბრძანა.

ნეტარმა მამამ სიჭარმაგეში ღვთისგან ჭვრეტისა და სასწაულქმედების მადლი მიიღო, - მისი ლოცვით მრავალი განიკურნა, განსაკუთრებით - ბრმადქმნილნი.

ერთხელ მისმა მოწაფემ, ათანასემ წირვისას იხილა, თუ როგორ ემსახურებოდა ნეტარ კირილეს იდუმალი დიაკონი, მსახურების დასრულებისთანავე კი - გაუჩინარდა.

წმინდა მამამ მოწაფეს მკაცრად აუკრძალა, ეს ამბავი ვინმესთვის ეამბნა.

1537 (სხვა წყაროს მოწმობით კი - 1532) წლის 4 თებერვალს წმინდა კირილემ სავანის ძმებს უხმო დამოძღვრა, წმინდა ზიარება მიიღო, უფალს მადლობა შესწირა და სული მშვიდობით შეჰვედრა.

მიუხედავად იმისა, რომ წმინდა ხუცესის ლოცვით მის სიცოცხლეშივე უამრავი სასწაული აღესრულა, საყოველთაო პატივი მოგვიანებით მიეგო.

ნეტარი კირილეს წმინდა ნაწილები მხოლოდ 1649 წელს აღმოიყვანეს, როდესაც ხის ნაცვლად ახალი, ქვის ტაძრის მშენებლობა დაიწყეს.

მისი უხრწნელი ნაწილნი იმავე ტაძარში დააბრძანეს, 1651 წელს კი - რუსულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ იგი წმინდანთა დასს შერთო.

მეოხ გვეყოს მისი წმინდა ლოცვა ღვთის წინაშე!

..............................................
. * * *
ამავე დღეს არის ხსენება მღვდელმოწამისა კირილესი (სმირნოვი), ყაზანელი მიტროპოლიტისა (+1937)

* * *
ამავე დღეს არის ხსენება მღვდელმოწამეთა: მიქაელ გუსევისა, ალექსანდრე ილინსკისა, ალექსანდრე კურმიშსკისა, მიქაელ ადამანტოვისა, ალექსანდრე კრილოვისა, ნიკოლოზ ტროიცკისა, ალექსი მოლჩანოვისა, პავლე ბორისოგლებსკისა, ბასილ კრასნოვისა, პავლინე სტაროპოლევისა, პრესვიტერთა, იოანე მოშკოვისა და ბენიამინ ვლადიმიროვსკისა, დიაკონთა, მოწამისა ნიკოლოზ ფილიპოვისა, მოწამისა ელისაბედ სიდოროვასი (+1937), მღვდელმოწამეთა: სერგი ზვერევისა, ელეცკის მთავარეპისკოპოსისა, მელიტოპოლელისა, ნიკოლოზ რომანოვსკისა, პრესვიტერისა და მოწამისა გრიგოლ იურნევისა (+1937)

ბეჭდვა
1კ1