ღირსი ლაზარე საკვირველმოქმედი, ღალისიონის მთასა შინა მმარხველი (+1053/1054 ხსენება, ასევე, 18 ივლისს) - 7 (20) ნოემბერი
ღირსი ლაზარე საკვირველმოქმედი, ღალისიონის მთასა შინა მმარხველი (+1053/1054 ხსენება, ასევე, 18 ივლისს) - 7 (20) ნოემბერი
წმინდა ლაზარე 967 (ან 968) წელს, მცირე აზიის დასავლეთით, ქალაქ მაგნისიასთან მდებარე სოფელ მეანდრში იშვა. მისი დაბადებისას ოთახი ისეთ თვალისმომჭრელ შუქს გაუნათებია, იქ მყოფი ქალები შეშინებულები გაქცეულან.

რომ შემობრუნდნენ, თურმე ახალშობილი გულზე ხელებგადაჯვარედინებული, მლოცველის პოზაში, აღმოსავლეთით სახემიქცეული იხილეს.
ყრმას ნათლობის სახელად ლეონი ეწოდა, ექვსი წელი რომ შეუსრულდა, მშობლებმა წმინდა წერილის საფუძველთა შესასწავლად მღვდელ ლეონტის მიაბარეს, სამი წელი კი მონასტერში, მწერალ გიორგის მიაბარეს, რის შემდგომაც კალაფის მონასტრის იღუმენ ბიძამისთან, ილიასთან გადავიდა, რომელმაც მისი საეკლესიო ცოდნა სრულქმნა.

უპოვარნი ისე ეწყალვოდა, მოძღვართა მთელ თანხას მათხოვართ უნაწილებდა, რის გამოც ხშირად ისჯებოდა ხოლმე.

გული მისი წმინდა ადგილთა მოლოცვის სურვილით იწვოდა, რის გამოც მონასტერს უჩუმრად ტოვებდა ხოლმე, ბიძამისი კი უკან აბრუნებდა, ორი წლის შემდგომ კი სტროვილის მონასტერს წარგზავნა, სადაც ლეონმა სამართალი და სანოტარო საქმე შეისწავლა.

სამი წლის შემდგომ კვლავ დააპირა წმინდა მიწაზე გაპარვა, თუმცა, კვლავ დაეწივნენ და დააბრუნეს.

გავიდა ათი თვე და ლეონმა მახლობლად მოღვაწე მესვეტე მამისგან წმინდა მიწის მოლოცვისთვის კურთხევა მიიღო და გზას დაადგა, თუმცა, ერთ წმინდა მოღვაწესთან შეხვედრის შემდეგ, რომელმაც დაარწმუნა, - ამ სახიფათო მოგზაურობაზე უარი თქვი და ატალიას მდებარე მონასტერს შეეფარეო, განაზრახზე უარი თქვა, სავანეს მიაშურა და იქვე აღიკვეცა.

იმ დღიდან თავი სრულებით უძღვნა უფალს, უმკაცრესად მარხულობდა და გამუდმებით მღვიძარებდა, რის შედეგადაც სულიერად გამუდმებით სრულ იქმნებოდა.

მისი სიქველე და მოძღვრის და იღუმენისადმი მორჩილება იქაურ მამებს მაგალითად ექცათ.

სავანის იღუმენის გარდაცვალების შემდგომ ლაზარემ ახალი იღუმენისაგან ახლო მდებარე მღვიმეში გადასვლის კურთხევა მიიღო.

ნეტარმა იქ 7 წელს იღვაწა, დაახლოებით 991 წელს კი - იერუსალიმს მიაშურა.

მაცხოვრის საფლავსა და სხვა სიწმინდეებთან მიახლების შემდეგ წმინდა საბას სავანეს შეერთო. თუმცა, მისმა სწრაფვამ განმარტოებისკენ და ღვაწლის სიმკაცრემ იქაურ ძმებთან ურთიერთობაში ხელი შეუშალა, რის გამოც მონასტრის დატოვება მოუწია და წმინდა ექვთიმეს სავანეში გადავიდა.

მაგრამ იქიდან კვლავ წმინდა საბას ლავრაში გამობრუნდა, სადაც დიდი სიხარულით მიიღეს.

ექვს წელს იმსახურა იქ ლაზარემ, შემდეგ, მისი ნების საწინააღმეგოდ, იერუსალიმის პატრიარქმა მღვდლად დაასხა ხელი.

პალესტინელ მამათა ძველი ტრადიციის თანახმად, ლაზარეს წესად ჰქონდა, დიდმარხვის დასაწყისში ხრიოკ და უსიცოცხლო უდაბნოს შეფარებოდა, თან არა წაეღო რა და იქ ვნების შვიდეულამდე დარჩენილიყო.

ღვთის ნებას მინდობილი უდაბნოს მწირი მცენარეებით და რამდენიმე ყლუპი წყლით საზრდოობდა.

იერუსალიმისა და მისი შემოგარენის არაბთაგან დაპყრობისა და 1009 წელს, მაცხოვრის საფლავის ტაძრის დაქცევის შემდგომ, საღვთო გამოცხადებით, ლაზარემ იქაურობა რამდენიმე თანამოღვაწესთან ერთად დატოვა და სამშობლოს დაუბრუნდა.

ოცწლიანი განშორების შემდგომ, 1011 წელს, ეფესოში დაბრუნებული წმინდანი იმ ორ განდეგილს მიადგა, წმინდა მარინეს სამრეკლოს მახლობლად რომ მოსაგრეობდნენ, სვეტი აღმართა, ჩარდახით მოჩრდილა და იქ დაეყუდა.

მალე ის ჩარდახიც მოშალა და, ჰბაძვიდა რა სვიმეონ მესვეტეს (ხსენება 1 სექტემბერს), იქიდან აღარ ჩამოსულა.

მის შესახებ მალე მრავალმა შეიტყო და ახლომახლო დასახლებებიდან ზღვად დაიძრა ხალხი მისკენ კურთხევისა თუ რჩევისათვის, უპოვარნი კი - საზრდელისათვის, რომელსაც, როგორც სჩვეოდა, უხვად გასცემდა.

ლაზარეს ორმა თანამოღვაწემ, მოძღვრის იგავმიუწვდომელმა გულმოწყალებამ რომ შეაშინა, მისი დატოვება განიზრახეს. მაშინ სხვა მოწაფეებმა სვეტის ქვეშ სენაკი მოიწყვეს და იქ დაფუძნდნენ.

შვიდ წელიწადს არ განშორებია ნეტარი სვეტს, დღეში ოდენ რამდენიმე წამით თუ მიერულებოდა და პურის რამდენიმე ლუკმით და მცირეოდენი წყლით ითქვამდა სულს, სხეულზე კი - მძიმე ჯაჭვი ჰქონდა ასხმული, რასაც სხვა წმინდა მამები არ უწონებდნენ.

თუმცა, ვერც ამით მიიღო ნანატრმა სულიერი მშვიდობა, ამიტომ ერთ ღამეს ფარულად დატოვა იქაურობა და გალისის მთის მიუდგომელ ფერდობს შეეფარა, სადაც ნახევარი წელი იღვაწა, შემდეგ კი ეფესოს მიტროპოლიტმა სხვათა დასამოძღვრად კვლავ წმინდა მარინეს სამრეკლოსკენ უხმო, თუმცა, მოკლე ხანში ხუთი მონაზონითურთ გალისის მთაზე გადავიდა და ერთ ქვაბულში მარტო დასახლდა.

ძმები კვირაში ერთხელ აწვდიდნენ დოქით წყალს და ცოტაოდენ ბოსტნეულს, განმარტოება კი ოდენ ახალ სვეტზე დასაყუდებლად გადაწყვიტა, იქვე, მახლობლად რომ აღმართა.

ერთხელ წყლიანი დოქი ხელიდან გაუვარდა, თუმცა, სვეტიდან მაინც არ ჩამოსულა, რის გამოც ლამის წყურვილისგან სული განუტევა.

ნელ-ნელა იქაც მიაკითხეს მოწაფეებმა, სვეტის მახლობლად სენაკები ააგეს და მაცხოვრის სახელობის ტაძარიც აღმართეს.

თორმეტი წლის შემდგომ ლაზარემ ახალი სვეტი აღმართა, ღამით კი უწინდებურად ფარულად განეშორა იმ ადგილს და განმარტოვდა.

ერთხელ ვინმე სვეტზე დაყუდებული ქალის შესახებ შეიტყო, ძალზე ვიწრო გალიაში რომ გამოკეტილიყო და მისი მიბაძვა ისურვა, თუმცა, შემდეგ მოწაფეთა და დედის რჩევით, გადაიფიქრა.

ღვთისმშობლის სახელზე აღმართული მისი სვეტის სიახლოვეს ტაძარი აღაშენეს, მყუდროებას მოწყურებული ლაზარე კი, საიმდროოდ 75 წელი რომ შესრულებოდა, სამუდამოდ დაფუძნდა მესამე სვეტზე, წინა ორის მსგავსად, სავანედ რომ იქცა და 1042 წელს ღვთის ამაღლების სახელზე ტაძარიც აიგო.
ნეტარი მამის გარდაცვალების შემდგომ ამ ადგილას ორმოცი მამა იღვწოდა, დანარჩენ ორში კი - თორმეტ-თორმეტი.

მიწასა და ზეცას შორის გამოკიდებული ლაზარე, პირისპირ რომ ეზრახვოდა ღმერთს, მოწაფეებზე მოსიყვარულე მამასავით ზრუნავდა, მისი სვეტი ტაძრის კედელს ეყრდნობოდა, საიდანაც მცირე სარკმლებით შეეძლო ეხილა და მოესმინა, თუ რაოდენი გულმოდგინებით კითხულობდნენ მამები ფსალმუნს.

ზეგარდამო ჭვრეტის მადლი მიიღო, თავისი ამაქვეყნიდან განსვლის ჟამიც უწყოდა, რაც მოწაფეთაც გაუმხილა, თუმცა, ისე ევედრნენ, მათ განსამტკიცებლად ღმერთს სიცოცხლე გაეხანგრძლივებინა, ლაზარემ კიდევ 15 წელი გამოითხოვა უფლისგან.

86 წლისამ მოახლოებული აღსასრული იგრძნო, მოწაფეს, მონაზონ ნიკოლოზს უხმო და სულიერი ანდერძი უკარნახა, ხელი კი ოდენ მომდევნო კვირას, - 1053 წლის 7 (თუ 8) ნოემბერს მოაწერა, გარდაცვალებამდე რამდენიმე წამით ადრე.

მისი წმინდა ნაწილნი სვეტის მახლობლად, უფლის აღდგომის სახელობის ტაძარში დაკრძალეს.
........................................

აქვე ნახეთ:

ღირსი ლაზარე გალისიელი (+1053) - 7 (20) ნოემბერი

.................................................

ტროპარი:

მღჳძარებითა და ლოცვითა და ცრემლთა მდინარითა სუეტი იგი შენი დაალტვე, რომელსა ზედა ჰსდეგ, და სიღრმით სულისაით სულთქუმითა ასეულად შრომანი ნაყოფიერ ჰყვენ, და იქმენ მწყემს და შემნდობელ ცოდვათა სამწყსოთა შენთათა, ღირსო მამაო ჩუენო, ლაზარე, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათჳს.

კონდაკი:
ვითარცა მთიებსა დიდსა ქრისტეს ეკლესიისასა, ყოველნი გადიდებთ შენ, ღმერთშემოსილო ლაზარე, და სიხარულით ვღაღადებთ შენდა მომართ: ევედრე ქრისტესა ღმერთსა, რაჲთა ცოდვათა შენდობაჲ მოგუანიჭოს და სულთა ჩუენთა - დიდი წყალობა.

ბეჭდვა
1კ1