ღირსი ლუკა ტავრომენიელი (+800-820) - 06 (19) ნოემბერი
ღირსი ლუკა ტავრომენიელი (+800-820) - 06 (19) ნოემბერი
წმინდა ლუკა VIII საუკუნის ბოლოსა და IX საუკუნის დასაწყისში ცხოვრობდა და ტომით სიცილიიდან, ქალაქ ტავრომენიდან გახლდათ.

ღვთის ტაძრებს ბავშვობიდანვე ოდენ ღვთისმსახურების მოსასმენად კი არა, სახარებისეული სულით დასაპურებლადაც აკითხავდა.

თვრამეტი წელი რომ შეუსრულდა, მშობლებმა მისი დაქორწინება განიზრახეს, ლუკამ კი, ვისი გულიც ოდენ უფალს ეკუთვნოდა, ერთ ღამეს ფარულად განერიდა მშობლიურ სახლს.

ორმოცი დღე-ღამე ველურ მხეცთა შორის გაატარა სრულიად უსმელ-უჭმელმა, შემდგომ კი ღვთის ანგელოზისგან ეუწყა, თუ რა გზას უნდა დასდგომოდა, მითითებულ სავანეს მიაშურა და იქ აღიკვეცა ბერად.

ღირსმა ლუკამ თავს უმძიმესი ასკეტური ღვაწლი იდო, - წელიწად-ნახევრის მანძილზე მცირეოდენი პურითა და წყლით თუ ინუგეშებდა სამ-ოთხ დღეში ერთხელ სხეულს, გარკვეული დროის შემდგომ კი სავანის ერთ-ერთ მონაზონთან ერთად ეტნას მთაზე აღვიდა, სადაც ოდენ ნედლი ბალახით საზრდოობდა, ძილს კი - რამდენიმე წამით თუ მისცემდა თავს.

ნებისმიერ ამინდში ერთადერთი, დაბებკილი კაბით, ფეხშიშველი იარებოდა და მანამ არ გადააბიჯებდა სენაკის კარს, სანამ მთელ ფსალმუნს არ ჩაიკითხავდა, რასაც დღის სამ საათამდე მოათავებდა ხოლმე, 6 საათამდე დროს შრომაში განლევდა და მხოლოდ ამის შემდეგღა თუ იგემებდა მცირეოდენ ბალახეულს.

ღვთისგან ამ ღვაწლის ნაყოფად დიდი მადლი მიიღო, რომლის წყალობითაც წმინდა წერილის ყველაზე რთულ ადგილთა განმარტება შეეძლო.
გამოუთქმელი გახლდათ მისი სიყვარული ყოველი დაბადებულისადმი და ღვთისადმი მორჩილება.

საღვთო გამოცხადების შემდგომ იქაურობაც დატოვა და ნაკლებად უკაცურ ადგილას ოცი მოწაფე შემოიკრიბა, სავანის მოსაწყობად და იქაურ მონასტერთა გასაცნობად კონსტანტინოპოლს ეწვია, სადაც არაერთ წმინდა ხუცესს შეხვდა, შინ მომავალი კი კორინთოში, ერთ მცირე სავანეში შეჩერდა, სადაც 7 თვის შემდგომ, 40 წლის ასაკში, გარდაიცვალა.

მოკლე ხანში სავანეში მრავალი სასწაული აღსრულდა, მისი სამარიდან კი საკვირველი სურნელება ამოიფრქვა.

ბეჭდვა
1კ1