ღირსი ბარლაამ კერეტელი - 06 (19) ნოემბერი
ღირსი ბარლაამ კერეტელი - 06 (19) ნოემბერი
წმინდა ბარლაამი ივანე მრისხანეს მეფობისას, არხანგელსკის მახლობლად, ქალაქ კოლაში, მღვდლად მსახურობდა, სანამ ეშმაკის ჩაგონებით, ეჭვიანობის ნიადაგზე საკუთარი ცოლი არ მოკლა.

გააცნობიერა რა ჩადენილი, დიდ სინანულს მიეცა, სამღვდელო ანაფორა გაიხადა და ცოდვათა გამოსასყიდად უმკაცრეს მოღვაწეობას შეუდგა, - სულხორციანად უფალს მინდობილი ნავში ჩაჯდა და თეთრ ზღვას მიეცა, თან გამუდმებით ფსალმუნთ გალობდა.

საცხოვრისად განგებ არჩევდა ყველაზე სახიფათო და ყრუ ადგილებს, ველური მხეცებითა და შხამიანი ქვეწარმავლებით სავსეს, რომელთა მძვინვარებასაც ლოცვით მოამდოვრებდა.

საბოლოოდ კერეტის ტბის მახლობელ მღვიმეში დაფუძნდა, რომლის გარშემოც უამრავი ნადირი დაძრწოდა. ნეტარი მამა ოდენ საკუთარი სულის ხსნას როდი ესწრაფოდა, არამედ სენაკის სიახლოვეს მკვიდრ მოსახლეობასაც განანათლებდა. მაგრამ მალე იქაურებმა მყუდროება დაურღვიეს და იძულებული შეიქნა, მღვიმე დაეტოვებინა და თეთრი ზღვის ნაპირას გადასულიყო, სადაც ანგელოზთაგან გარემოცულმა სული უფალს შეჰვედრა.

მისი წმინდა ნაწილნი კერეტს გადმოაბრძანეს და წმინდა დიდმოწამე გიორგის სახელობის ტაძარში დაკრძალეს.

გარდაცვალებიდან დიდი ხნის შემდგომ, - 1635 წელს, წმინდა ბარლაამი მხედართმთავარ ვოლინცევს გამოეცხადა და მძიმე სნებისგან განათავისუფლა.

* * *

ამავე დღეს არის ხსენება ღირსისა ლუკასი, კიევის მღვიმევის სავანის იკონომოსისა (ახლო-მღვიმელისა, XIII) 

* * *
ამავე დღეს არის ხსენება წმინდისა გერმანესი, ყაზანის მთავარეპისკოპოსისა (+1567)

* * *
ამავე დღეს არის ხსენება მღვდელმოწამეთა: ნიკიტასი (დელეკტორსკისა), ორეხოვო-ზუევის ეპისკოპოსისა, ანატოლი ბერჟიცკისა, არსენ ტროიცკისა, ნიკოლოზ პროტასოვისა, ნიკოლოზ დვორიცკისა, კონსტანტინე ლუბომუდროვისა, პრესვიტერთა; ღირსმოწამეთა: ბარლაამისა (ნიკოლსკისა), იღუმენისა, გაბრიელისა (ვლადიმიროვი) და გაბრიელისა (გური), მღვდელ-მონაზონთა; ღირსმოწამეთა: ნინოსი (შუვალოვა) და სერაფიმასი (გორშკოვა), მონაზონთა (+1937), მღვდელმოწამისა ბასილისა (კრილოვი), პრესვიტერისა (+1938) 

ბეჭდვა
1კ1